არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ვინ იყვნენ კეთილისმყოფელები, რომლებიც იესომ სიკვდილის წინა საღამოს მოიხსენია, და რატომ ანიჭებდნენ მათ ამ ტიტულს?

სიკვდილის წინა საღამოს იესომ მოციქულებს ურჩია, რომ თანაქრისტიანებს შორის გამოჩენილი მდგომარეობისკენ არ ესწრაფათ. მან უთხრა მათ: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს უწოდებენ. თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ“ (ლუკ. 22:25, 26).

ვინ იყვნენ კეთილისმყოფელები, რომლებიც იესომ მოიხსენია? არაერთი წარწერა, მონეტა და ხელნაწერი ადასტურებს, რომ ბერძნები და რომაელები გამოჩენილ ადამიანებსა და მმართველებს პატივისცემის ნიშნად ევერგეტს, ანუ კეთილისმყოფელს უწოდებდნენ. ასეთი ტიტულით მათ საზოგადოებისთვის გაკეთებული სასარგებლო საქმეებისთვის ამკობდნენ.

კეთილისმყოფელის ტიტულს არაერთი მეფე ატარებდა. მათ შორის იყვნენ ეგვიპტის მმართველები პტოლემე III ევერგეტი (დაახლ. ძვ. წ. 247—222) და პტოლემე VIII ევერგეტ II (დაახლ. ძვ. წ. 147—117). ამ ტიტულს ატარებდნენ რომაელი მმართველებიც — იულიუს კეისარი (ძვ. წ. 48—44) და ავგუსტუსი (ძვ. წ. 31 — ახ. წ. 14). ამ ტიტულით მოიხსენიებდნენ იუდეველთა მეფესაც, ჰეროდე დიდს. ჰეროდემ ეს ტიტული, სავარაუდოდ, მაშინ დაიმსახურა, როცა შიმშილობის დროს ქვეყანაში ხორბალი შეიტანა და ღარიბებს ტანსაცმელი დაურიგა.

გერმანელი ბიბლეისტის, ადოლფ დაისმანის აზრით, „კეთილისმყოფელი“ საკმაოდ გავრცელებული ტიტული იყო. როგორც თავად ამბობს, უძველეს არტეფაქტებზე ძალიან მოკლე დროში შეიძლება ამ ტიტულის აღმნიშვნელი ასზე მეტი წარწერის პოვნა.

მაშ რას გულისხმობდა იესო, როცა მოწაფეებს უთხრა: „თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ“? იმის თქმა სურდა იესოს, რომ საზოგადოებრივ საქმეებში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა და მათთვის სულერთი უნდა ყოფილიყო ხალხის კეთილდღეობა? რა თქმა უნდა, არა. როგორც ჩანს, იესოს მხედველობაში მათი გულუხვობის მიღმა მდგარი მოტივები ჰქონდა.

იესოს დროს მდიდრები კარგი სახელის მოსახვეჭად აფინანსებდნენ თეატრალურ წარმოდგენებს, არენაზე გამართულ თამაშებს, აშენებდნენ პარკებს და ტაძრებს და სხვა მსგავს საქმიანობებს უჭერდნენ მხარს. თუმცა ისინი ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ხალხის მოწონება დაემსახურებინათ და ამომრჩეველთა ხმები და პოპულარობა მოეპოვებინათ. „მართალია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სუფთა მოტივებით ავლენდნენ გულუხვობას, — ნათქვამია ერთ ნაშრომში, — მაგრამ, ძირითადად, ასეთი საქმეების მიღმა პოლიტიკური ინტერესები იდგა“. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ სწორედ ასეთ ამბიციას და ანგარებას მორიდებოდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ პავლემაც გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად აუცილებელია გულუხვობის სწორი მოტივებით გამოვლენა. მან კორინთელ თანაქრისტიანებს მისწერა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორ. 9:7).