არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას“

„იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას“

„იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას; იყიდე სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი“ (იგავ. 23:23).

სიმღერები: 94, 96

1, 2. ა) რა გაგვაჩნია ყველაზე ძვირფასი? ბ) რომელ საკითხებთან დაკავშირებით ვიცით ჭეშმარიტება და რატომ ვაფასებთ ამას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

რა გაგაჩნიათ ყველაზე ძვირფასი? გაცვლიდით მას ნაკლებად ღირებულ რამეზე? იეჰოვას მსახურებისთვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია, რადგან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იეჰოვასთან ურთიერთობაა და არაფერზე გავცვლით მას. გარდა ამისა, ჩვენთვის ფასეულია ბიბლიური ჭეშმარიტება, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ზეციერ მამას ვუახლოვდებით (კოლ. 1:9, 10).

2 უბრალოდ დაფიქრდით იმ ყველაფერზე, რასაც დიდებული მოძღვარი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის. ის გვიმჟღავნებს თავის მიმზიდველ თვისებებსა და სახელს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სიყვარულით გაიღო ჩვენ გამოსასყიდად თავისი ძის, იესოს სიცოცხლე. იეჰოვას წყალობით ვიცით, რომ არსებობს მესიანური სამეფო. ღმერთი სულითცხებულ ქრისტიანებს ზეცაში ცხოვრების იმედს აძლევს, „სხვა ცხვარს“ კი — დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედს (იოან. 10:16). ის გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიცით ჭეშმარიტება, რადგან ეს გვაახლოებს შემოქმედთან და ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს.

3. რას არ გულისხმობს ჭეშმარიტების ყიდვა?

3 იეჰოვა გულუხვი ღმერთია. ის არ უკავებს კარგს ჭეშმარიტების მაძიებლებს. მან საკუთარი ძეც კი სრულიად უსასყიდლოდ გაიღო ჩვენთვის და ცხადია, არც ჭეშმარიტების სანაცვლოდ მოითხოვს ფულს. პირიქით, როდესაც სიმონმა პეტრეს ფული შესთავაზა, რომ მასაც შეძლებოდა სხვებისთვის წმინდა სულის მიცემა, მოციქულმა შემდეგი სიტყვებით გაკიცხა: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან მოინდომე, ფულით დაუფლებოდი ღვთის უსასყიდლო ძღვენს“ (საქ. 8:18—20). მაშ, რას ნიშნავს ღვთივშთაგონებული მითითება: „იყიდე ჭეშმარიტება“?

რას ნიშნავს ჭეშმარიტების ყიდვა?

4. რას გავიგებთ ჭეშმარიტების შესახებ ამ სტატიიდან?

4 წაიკითხეთ იგავების 23:23. ძალისხმევის გარეშე ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას ვერ ჩავწვდებით. მზად უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი მსხვერპლი გავიღოთ მის მოსაპოვებლად. როგორც წიგნ „იგავების“ ბრძენმა დამწერმა თქვა, მას შემდეგ, რაც „ვიყიდით“ ანუ შევიძენთ ჭეშმარიტებას, აღარ უნდა „გავყიდოთ“ ანუ დავკარგოთ ის. მოდი ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს ჭეშმარიტების ყიდვა და რა „ფასად“ შეიძლება დაგვიჯდეს მისი შეძენა. ეს დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ჭეშმარიტება და მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ არასოდეს „გავყიდოთ“ ის. როგორც ამ სტატიიდან დავინახავთ, ჭეშმარიტების ყიდვა ნებისმიერ ფასად ღირს.

5, 6. ა) როგორ შეგვიძლია ვიყიდოთ ჭეშმარიტება ფულის გარეშე? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ჭეშმარიტების შეძენას?

5 ის, რაც უფასოა, შეიძლება მაინც დაჯდეს რაღაცის ფასად. ებრაული სიტყვა, რომელიც იგავების 23:23-ში ყიდვად ითარგმნა, შეძენასაც ნიშნავს. ორივე სიტყვა გულისხმობს სასურველი ნივთის მისაღებად ძალისხმევის მოხმარებას ან სანაცვლოდ რაიმეს გაღებას. მაგალითად, რეკლამიდან გავიგეთ, რომ მაღაზია უფასოდ გვთავაზობს ბანანს. სასწაულებრივად აღმოჩნდება ეს ბანანი ჩვენს მაგიდაზე? რა თქმა უნდა, არა. ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, რომ წავიდეთ მაღაზიაში და წამოვიღოთ ის. მართალია, ბანანი უფასოა, მაგრამ დრო და ძალისხმევა გვჭირდება მაღაზიაში წასასვლელად. მსგავსად, ჭეშმარიტების საყიდლად ფული კი არა, ძალისხმევაა საჭირო.

6 წაიკითხეთ ესაიას 55:1—3. ესაიას წიგნში ჩაწერილი სიტყვები მეტ ნათელს ჰფენს, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტების ყიდვა. ბიბლიის ამ მონაკვეთში იეჰოვა თავის სიტყვას ადარებს წყალს, რძესა და ღვინოს. ცივი, სუფთა წყლის მსგავსად ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაც გამომაცოცხლებელია. როგორც რძე აძლიერებს და ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, ისე იეჰოვას სიტყვები გვაძლიერებს და სულიერად გვზრდის. იეჰოვას სიტყვები ღვინოსაც არის შედარებული. რა გაგებით? ბიბლიაში ღვინო მხიარულებასთან ასოცირდება (ფსალმ. 104:15). ასე რომ, სიტყვებით „აიღეთ ღვინო“ იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მისი ხელმძღვანელობის მიყოლა სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს (ფსალმ. 19:8). ამ შედარებიდან კარგად ჩანს, რომ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების სწავლასა და მის თანახმად ცხოვრებას სასიკეთო შედეგები მოაქვს! ჭეშმარიტების შესაძენად გაწეული ძალისხმევა შეგვიძლია შევადაროთ საფასურს, რომელსაც ვიხდით. ქვემოთ ვისაუბრებთ ხუთ მხარეზე, რომელთა დათმობაც შეიძლება ჭეშმარიტების საყიდლად მოგვიწიოს.

რის ფასად დაგიჯდათ ჭეშმარიტება?

7, 8. ა) რატომ უნდა გავიღოთ დრო ჭეშმარიტების საყიდლად? ბ) რა მსხვერპლის გასაღებად იყო მზად ერთი სტუდენტი და რა შედეგი მოუტანა ამან?

7 დრო. ეს საფასური ჭეშმარიტების ყველა მყიდველმა უნდა გადაიხადოს. დროა საჭირო სამეფოს ცნობის მოსასმენად, ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის წასაკითხად, პირადი შესწავლის ჩასატარებლად, კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად და მათზე დასასწრებად. ეს დრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებიდან უნდა „გამოვისყიდოთ“ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16). რამდენი დრო გვჭირდება, რომ საფუძვლიანად შევისწავლოთ ბიბლიის ძირითადი სწავლებები? ეს თავად ადამიანსა და მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იეჰოვას სიბრძნის, გზებისა და საქმეების შესახებ ცოდნის მიღება მუდმივი პროცესია (რომ. 11:33). „საგუშაგო კოშკის“ პირველ ნომერში ჭეშმარიტება შედარებული იყო „პატარა უმანკო ყვავილს“. სტატიაში ეწერა: „ნუ დაკმაყოფილდები ჭეშმარიტების ერთი ყვავილით. ერთი რომ საკმარისი ყოფილიყო, [ღმერთი] ამდენს არ მოგვცემდა. ყოველთვის აგროვე, მეტი ეძებე“. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „ჭეშმარიტების რამდენად დიდი თაიგული მაქვს?“. იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას მარადიულობის განმავლობაშიც გავაგრძელებთ. დღეს კი ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე დრო გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა ჭეშმარიტების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა შევიძინოთ. განვიხილოთ ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანის მაგალითი.

8 ახალგაზრდა იაპონელი ქალი მარიკო * ნიუ-იორკში (აშშ) ჩავიდა სასწავლებლად. იმ დროისთვის ის მიეკუთვნებოდა რელიგიურ მიმდინარეობას, რომელმაც იაპონიაში არსებობა 1950-იან წლებში დაიწყო. ერთ დღესაც კარდაკარ მსახურების დროს მარიკოს ერთმა პიონერმა დამ მიაკითხა. როცა მან ბიბლიიდან ჭეშმარიტების სწავლა დაიწყო, იმდენად დიდი სიხარული იგრძნო, რომ პიონერ დას კვირაში ორჯერ სთხოვა შესწავლის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში საკმაოდ დატვირთული იყო და ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, მარიკომ მაშინვე დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მან აგრეთვე შეამცირა დრო, რომელსაც გართობას უთმობდა, რათა ჭეშმარიტების შესასწავლად დრო გამოესყიდა. ასეთი ძალისხმევის შედეგად ის სწრაფად გაიზარდა სულიერად და ერთ წელიწადში მოინათლა. ექვსი თვის შემდეგ კი, 2006 წელს, პიონერულ მსახურებას შეუდგა და დღემდე არ შეუწყვეტია.

9, 10. ა) როგორ გვეცვლება მატერიალურ ქონებაზე შეხედულება ჭეშმარიტების გაგების შემდეგ? ბ) რაზე თქვა უარი ახალგაზრდა ქალმა და რას ფიქრობს ის დღეს?

9 მატერიალური სახსრები. ჭეშმარიტების შესაძენად შეიძლება მაღალანაზღაურებადი სამსახურის ან კარიერის დათმობა მოგვიწიოს. როცა მეთევზეებს, პეტრესა და ანდრიას, იესომ „ადამიანთა მებადურებად“ გახდომა შესთავაზა, „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები“ (მათ. 4:18—20). რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ, ვინც დღეს ჭეშმარიტებას იგებს, სამსახური უნდა დატოვონ. ბიბლია ქრისტიანებს ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას აკისრებს (1 ტიმ. 5:8). თუმცა ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ადამიანმა მატერიალური ნივთების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და დაინახოს, რა უფრო მნიშვნელოვანია. ეს აზრი აშკარად ჩანს იესოს სიტყვებში: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე . . . მოაგროვეთ განძი ზეცაში“ (მათ. 6:19, 20). განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ქალის შემთხვევა.

10 მარია ჯერ სკოლაშიც არ დადიოდა, როცა გოლფის თამაში დაიწყო. ის დამამთავრებელ კლასებშიც ეუფლებოდა სპორტის ამ სახეობას და ბოლოს უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოიპოვა. გოლფი მისი ცხოვრება იყო და მიზნად ჰქონდა დასახული, მაღალანაზღაურებადი კარიერა შეექმნა, როგორც პროფესიონალ გოლფის მოთამაშეს. მოგვიანებით მარიამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და შეიყვარა ჭეშმარიტება. მას მოსწონდა, რომ ჭეშმარიტება ცხოვრების შეცვლაში ეხმარებოდა. მარია ამბობს: „რაც უფრო ვუსაბამებდი ჩემს შეხედულებებსა და ცხოვრების წესს ბიბლიურ ნორმებს, თავს მით უფრო ბედნიერად ვგრძნობდი“. ის მიხვდა, რომ ადვილი არ იქნებოდა, ერთდროულად მატერიალურადაც გამდიდრებულიყო და სულიერადაც (მათ. 6:24). ჭეშმარიტების „ყიდვა“ მას ბავშვობის ოცნების ფასად დაუჯდა. მან უარი თქვა, გამხდარიყო პროფესიონალი გოლფის მოთამაშე და სიმდიდრე და სახელი მოეხვეჭა. დღეს მარია პიონერად მსახურობს და თვლის, რომ მის ცხოვრებას ასეთ ბედნიერს და აზრით აღსავსეს სხვა ვერაფერი გახდიდა.

11. როგორ შეიძლება აისახოს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე ჭეშმარიტების ყიდვა?

11 სხვებთან ურთიერთობა. როცა ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრებას ვირჩევთ, შეიძლება მეგობრებთან და ნათესავებთან უწინდებური ურთიერთობა ვეღარ გვქონდეს. იესო თავის მოწაფეებზე ლოცულობდა: „განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ამ მუხლში სიტყვა „განწმენდა“ შეიძლება გამოცალკევებასაც ნიშნავდეს. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ქვეყნიერებისგან გამოცალკევებულები ვხდებით, რადგან მათნაირად აღარ ვცხოვრობთ. ხალხს შეხედულება ეცვლება ჩვენზე, რადგან განსხვავებული ფასეულობები შევიძინეთ და ბიბლიური ნორმების თანახმად ვცხოვრობთ. მართალია, არ გვინდა, დავშორდეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, მაგრამ ახლად შეძენილი რწმენის გამო ზოგმა შეიძლება თავი შორს დაიჭიროს ჩვენგან ან შეგვეწინააღმდეგოს კიდეც. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იესომ თქვა: „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:36). თუმცა მან დაგვარწმუნა, რომ ჯილდო, რომელსაც ჭეშმარიტების ყიდვის შემდეგ ვიღებთ, გაცილებით აღემატება მისთვის გაღებულ საფასურს (წაიკითხეთ მარკოზის 10:28—30).

12. რის ფასად დაუჯდა ერთ ებრაელ მამაკაცს ჭეშმარიტების ყიდვა?

12 ებრაელ ბიზნესმენს, სახელად აარონს, ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ღვთის სახელის წარმოთქმა არ შეიძლებოდა. თუმცა მას სწყუროდა ჭეშმარიტება. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოწმეებმა აჩვენეს, რომ, თუ ღვთის სახელის აღმნიშვნელ ოთხ ებრაულ თანხმოვანს ხმოვნებს ჩაუმატებდა, წარმოთქვამდა სახელ „იეჰოვას“. გახარებული აარონი სინაგოგაში წავიდა, რათა ეს ამბავი რაბინებისთვისაც ეცნობებინა. თუმცა მათმა რეაქციამ ძალიან გააკვირვა. იმის მაგივრად, რომ გახარებოდათ ღვთის სახელის შესახებ ჭეშმარიტების გაგება, რაბინებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და სინაგოგიდან გააგდეს. აარონს ოჯახის წევრებთანაც დაეძაბა ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია იეჰოვას შესახებ მეტის გაგება და სიცოცხლის ბოლომდე გაბედულად ემსახურებოდა მას. აარონის მსგავსად ჭეშმარიტებით რომ ვიაროთ, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ფასის გადასახდელად, თუნდაც ამან ჩვენს სოციალურ სტატუსზე ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა.

13, 14. როგორ ცვლილებებს ვახდენთ აზროვნებასა და საქციელში ჭეშმარიტების გაგების შემდეგ? მოიყვანეთ მაგალითი.

13 ღვთისთვის მიუღებელი აზროვნება და საქციელი. ჭეშმარიტება რომ გავითავისოთ და ბიბლიური ნორმების თანახმად ვიცხოვროთ, აზროვნებისა და ცხოვრების წესის შესაცვლელად უნდა ვიყოთ მზად. მოციქული პეტრე წერდა: „როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ, არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით“ (1 პეტ. 1:14, 15). ზნეობრივად გახრწნილ ქალაქ კორინთში ხალხს ჭეშმარიტების ყიდვა ცხოვრებაში დიდი ცვლილებების ფასად დაუჯდა (1 კორ. 6:9—11). მსგავსად, ჭეშმარიტების გულისთვის დღესაც ბევრი ამბობს ღვთისთვის მიუღებელ საქმეებზე უარს. პეტრემ მის დროს მცხოვრებ ქრისტიანებს შეახსენა: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 პეტ. 4:3).

14 წლების მანძილზე დევინი და ჟასმინი ლოთები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დევინი კარგი ბუღალტერი იყო, სასმელზე დამოკიდებულების გამო სამსახურს ვერ ინარჩუნებდა. ჟასმინი აგრესიული და მოძალადე იყო. ერთხელ ის ქუჩაში მთვრალი მიდიოდა, როცა მისიონერ წყვილს შეხვდა. ისინი ბიბლიის შესწავლაზე შეთანხმდნენ. მომდევნო კვირას სახლში რომ მიაკითხეს, მისიონერებს ცოლიც და ქმარიც ნასვამები დახვდნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მისიონერები სახლში მიაკითხავდნენ. თუმცა მომდევნო ჯერზე მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. პირველივე გაკვეთილიდან ჟასმინმა და დევინმა გულმოდგინედ დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. სამი თვეც არ იყო გასული, რომ გადაწყვიტეს, მიეტოვებინათ სმა და დაეკანონებინათ თავიანთი ქორწინება. მათმა ამბავმა, რომელიც მთელ სოფელში გავრცელდა, ბევრი აღძრა ბიბლიის შესწავლის დასაწყებად.

15. რა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფასური ჭეშმარიტების შესაძენად?

15 არაბიბლიური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ჭეშმარიტების შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფასური შეიძლება არაბიბლიურ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა იყოს. ზოგს უადვილდება ამ ყველაფრის მიტოვება, მაგრამ სხვებს უჭირთ ამის გაკეთება, რადგან ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა თუ მეგობრების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. ზოგისთვის ეს შეიძლება ემოციებთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ესა თუ ის რიტუალი გარდაცვლილთათვის პატივის მიგებას უკავშირდება (კან. 14:1). გაბედულების მაგალითებმა შეიძლება საკუთარ თავშიც გვაპოვნინოს ძალა, რომ შევძლოთ საჭირო ცვლილებების მოხდენა. განვიხილოთ პირველ საუკუნეში მომხდარი შემთხვევა, რომელიც ეფესოში მცხოვრებ ხალხს ეხება.

16. რა გაიღეს ეფესოელებმა ჭეშმარიტების საყიდლად?

16 ეფესო ცნობილი იყო ჯადოქრობით. რა საფასური გადაიხადეს ჭეშმარიტების შესაძენად ახლად მოქცეულმა ქრისტიანებმა, რომლებიც ერთ დროს ჯადოქრობას მისდევდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა. ასე იზრდებოდა და ძლიერდებოდა იეჰოვას სიტყვა“ (საქ. 19:19, 20). საკმაოდ დიდ ფასად შეძენილმა ჭეშმარიტებამ ერთგულ ქრისტიანებს შეუფასებელი კურთხევები მოუტანა.

17. ა) რის დათმობა შეიძლება მოგვიწიოს ჭეშმარიტების შესაძენად? ბ) რომელ კითხვებს გასცემს პასუხს მომდევნო სტატია?

17 თქვენ რის გაღება მოგიწიათ ჭეშმარიტებისთვის? ყველამ გავიღეთ დრო, რათა ჭეშმარიტების ყვავილები მოგვეგროვებინა. ამასთან ერთად, ზოგმა უარი თქვა გამდიდრებასა და ახლობლებთან უწინდელ ურთიერთობაზე. სხვებმა შეიცვალეს აზროვნება და საქციელი და მიატოვეს არაბიბლიური ტრადიციები თუ წეს-ჩვეულებები. როგორც უნდა ყოფილიყო, დარწმუნებულები ვართ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების შესაძენად ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს. სანაცვლოდ ვიძენთ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და ღირებულია — იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას! როცა იმ კურთხევებზე ვფიქრობთ, რომლებიც ჭეშმარიტების გაგებამ მოგვიტანა, გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვინმემ მისი „გაყიდვა“ მოისურვოს. როგორ შეიძლება მოხდეს ეს და რა დაგვეხმარება, რომ ასეთი საშინელი შეცდომა არ დავუშვათ? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გასცემს.

^ აბზ. 8 ზოგი სახელი შეცვლილია.