არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 46

ცდილობთ, კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ „რწმენის დიდი ფარი“?

ცდილობთ, კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ „რწმენის დიდი ფარი“?

„აიღეთ რწმენის დიდი ფარი“ (ეფეს. 6:16).

სიმღერა 119 რწმენა უნდა გვქონდეს

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) ეფესოელების 6:16-ის თანახმად, რატომ გვჭირდება „რწმენის დიდი ფარი“? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

გაქვთ „რწმენის დიდი ფარი“? (წაიკითხეთ ეფესოელების 6:16). გვჯერა, რომ ამ კითხვაზე დადებითად უპასუხებთ. დიდი ფარი მეომარს თითქმის მთლიანად ფარავდა და მთელ მის სხეულს იცავდა. ასევეა რწმენაც. ის ქვეყნიერების გამხრწნელი გავლენისგან გვიცავს, რომელიც უზნეობისკენ, ძალადობისა და ღვთისთვის მიუღებელი სხვა საქმეებისკენ გვიბიძგებს.

2 თუმცა გვესმის, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ და ჩვენი რწმენა მუდმივად იცდება (2 ტიმ. 3:1). როგორ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად კარგ მდგომარეობაშია თქვენი რწმენის ფარი? რა უნდა გააკეთოთ, რომ მტკიცედ გეჭიროთ ის? ამ კითხვებზე წინამდებარე სტატიაში ვიმსჯელებთ.

გულდასმით შეამოწმეთ თქვენი ფარი

ბრძოლის შემდეგ მეომრები ფარების შესაკეთებლად სათანადო ზომებს იღებენ (იხილეთ აბზაცი 3)

3. როგორ უვლიდნენ მეომრები ფარებს და რატომ?

3 ბიბლიურ დროში მეომრებს, ძირითადად, ტყავგადაკრული ფარები ჰქონდათ. ისინი თავიანთ ფარებს ზეთს უსვამდნენ, რათა ტყავს დიდხანს გაეძლო და მეტალი არ დაჟანგულიყო. თუ მეომარი ფარზე დაზიანებას შენიშნავდა, მის შესაკეთებლად საჭირო ზომებს იღებდა, რათა ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო. როგორ შეგიძლიათ ეს მაგალითი თქვენს რწმენას მიუსადაგოთ?

4. რატომ უნდა შეამოწმოთ თქვენი რწმენის ფარი და როგორ უნდა გააკეთოთ ეს?

4 ძველ დროში მცხოვრები მეომრების მსგავსად გამუდმებით უნდა შეამოწმოთ და კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ რწმენის ფარი, რათა ყოველთვის მზად იყოთ ბრძოლისთვის. ქრისტიანები სულიერ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი და სხვა ყველაფერთან ერთად ბოროტი სულების წინააღმდეგაც ვიბრძვით (ეფეს. 6:10—12). თქვენი რწმენის ფარს თქვენ გარდა სხვა ვერავინ გაუფრთხილდება. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ხართ თუ არა მზად რწმენის გამოცდებისთვის? თავდაპირველად ილოცეთ და ღმერთს დახმარება სთხოვეთ. შემდეგ კი შეეცადეთ, რომ ღვთის სიტყვის მეშვეობით საკუთარ თავს იეჰოვას თვალით შეხედოთ (ებრ. 4:12). ბიბლიაში ნათქვამია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავ. 3:5, 6). დაფიქრდით: მეტყველებს ბოლო დროს მიღებული თქვენი გადაწყვეტილებები, რომ ითვალისწინებთ ამ სიტყვებს? მაგალითად, თუ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, გაგახსენდათ ებრაელების 13:5-ში ჩაწერილი დაპირება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“? დაგარწმუნათ ამ სიტყვებმა, რომ იეჰოვა დაგეხმარებოდათ? თუ ასეა, გამოდის, რომ რწმენის ფარს კარგ მდგომარეობაში ინარჩუნებთ.

5. რა შეიძლება აღმოაჩინოთ საკუთარი თავის შემოწმებისას?

5 საკუთარი თავის გულდასმით შემოწმებისას შეიძლება ისეთი სისუსტეები აღმოაჩინოთ, რომლებიც არასდროს შეგინიშნავთ. მაგალითად, შეიძლება გაგაკვირვოთ იმის დანახვამ, რომ გადამეტებულ წუხილს, სიცრუესა და გულგატეხილობას თქვენს რწმენაზე თავისი კვალი დაუჩნევია. რა უნდა გააკეთოთ რწმენის შესანარჩუნებლად, თუ ზემოხსენებულ სისუსტეებს საკუთარ თავში შენიშნავთ?

ნუ მისცემთ გადამეტებულ წუხილს, სიცრუესა და გულგატეხილობას თქვენი რწმენის დანგრევის საშუალებას

6. როდის არის წუხილი მართებული?

6 წუხილი და ღელვა ყოველთვის ცუდი არ არის. მაგალითად, სავსებით ნორმალურია, როცა იეჰოვასა და იესოსთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ვღელავთ და ვცდილობთ, ვასიამოვნოთ მათ (1 კორ. 7:32). სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ვწუხვართ, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გავიფუჭეთ და მდგომარეობის გამოსწორებას ვცდილობთ (ფსალმ. 38:18). გარდა ამისა, გვაღელვებს ჩვენი მეუღლის, ოჯახის წევრებისა და თანაქრისტიანების კეთილდღეობა და ვცდილობთ, ვიზრუნოთ მათზე (1 კორ. 7:33; 2 კორ. 11:28).

7. იგავების 29:25-ის თანახმად, რატომ არ უნდა ვიყოთ კაცთმოშიშები?

7 გადამეტებულმა წუხილმა შეიძლება ჩვენს რწმენას საფრთხე შეუქმნას. მაგალითად, თუ გამუდმებით საჭმელსა და ჩასაცმელზე ვფიქრობთ, შეიძლება დარდის შესამსუბუქებლად მთელი ყურადღება მატერიალურზე გადავიტანოთ და ფულის სიყვარულიც კი განვივითაროთ (მათ. 6:31, 32). ასეთ შემთხვევაში იეჰოვასადმი რწმენა შეგვისუსტდება და მასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება (მარ. 4:19; 1 ტიმ. 6:10). ზედმეტი საწუხარი შეიძლება იმაზე ფიქრმაც გაგვიჩინოს, თუ როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებთ სხვებზე. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ იეჰოვას მოწონების დამსახურებაზე მეტად სხვების დამოკიდებულება გვაღელვებდეს. მაგალითად, ზედმეტად ვწუხდეთ იმაზე, რომ დევნის ობიექტები გავხდებით ან ვინმე დაგვცინებს. კაცთმოშიშების მახეში რომ არ გავებათ, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ რწმენა და გაბედულება (წაიკითხეთ იგავების 29:25; ლუკ. 17:5).

(იხილეთ აბზაცი 8) *

8. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ განდგომილები ჩვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან?

8 „სიცრუის მამა“ სატანა თავის გავლენაში მყოფ ადამიანებს იეჰოვასა და ჩვენს და-ძმებზე სიცრუის გასავრცელებლად იყენებს (იოან. 8:44). მაგალითად, განდგომილები სხვადასხვა ვებგვერდისა და მედია საშუალების მეშვეობით იეჰოვას ორგანიზაციაზე სიცრუესა და დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ეს სიცრუე ცეცხლმოკიდებული ისრებივითაა (ეფეს. 6:16). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ განდგომილები ჩვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან? ჩვენ გვწამს იეჰოვასი და ვენდობით და-ძმებს, ამიტომ არც კი უნდა მოვუსმინოთ მათ. იეჰოვას მოწმეები ნებისმიერი სახის ურთიერთობას ვერიდებით განდგომილებთან. ჩვენ არავის და არაფრის გამო არ დავიწყებთ მათთან კამათს და არც ცნობისმოყვარეობის გამო შევალთ პოლემიკაში.

9. როგორ შეიძლება გულგატეხილობამ ჩვენზე იმოქმედოს?

9 გულგატეხილობამ შეიძლება რწმენა შეგვისუსტოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ხანდახან გულგატეხილობა დაგვეუფლოს, რადგან პრობლემებისადმი უგულისყურო დამოკიდებულება ვერ გვექნება. მეტიც, ასეთი უდარდელობა ჩვენს უპასუხისმგებლობაზე იმეტყველებს. თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ პრობლემებმა მთლიანად მოგვიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს დიდებული იმედი, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს (გამოცხ. 21:3, 4). გულგატეხილობამ შეიძლება ძალა გამოგვაცალოს და ყველაფერზე ხელი ჩაგვაქნევინოს (იგავ. 24:10). ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რამ არ დაგვემართოს.

10. რაში გვარწმუნებს ერთი დის სიტყვები?

10 დავფიქრდეთ, როგორ ინარჩუნებს რწმენას შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და, რომელიც ავადმყოფ ქმარს უვლის. მან მთავარ სამმართველოს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ჩვენი მდგომარეობის გამო ზოგჯერ დათრგუნულები და გულგატეხილები ვართ, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავთ. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენ გასამხნევებლად და რწმენის განსამტკიცებლად აკეთებს. მისგან მომდინარე ნუგეში და რჩევები ჰაერივით გვჭირდება. ეს გვეხმარება, ფარ-ხმალი არ დავყაროთ და სატანის თავდასხმები მოვიგერიოთ“. ამ დის სიტყვები გვარწმუნებს, რომ ყველას შეგვიძლია დავძლიოთ გულგატეხილობა. რა დაგვეხმარება ამაში? ჩათვალეთ, რომ განსაცდელები სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას გაძლევთ. იეჰოვა ნუგეშის წყაროდ მიიჩნიეთ და ყოველთვის დააფასეთ მისგან მომდინარე სულიერი საზრდო.

კარგ მდგომარეობაში ინარჩუნებთ „რწმენის დიდ ფარს“? (იხილეთ აბზაცი 11) *

11. რომელ კითხვებზე დაფიქრება დაგვანახვებს, რა მდგომარეობაში გვაქვს რწმენის ფარი?

11 ხომ არ ატყობთ, რომ თქვენი რწმენის ფარი ხელის შევლებას საჭიროებს? შეძელით ბოლო პერიოდში სირთულეებს გადამეტებული წუხილის გარეშე გამკლავებოდით? გაუძელით ცდუნებას, არ მოგესმინათ განდგომილებისთვის და არ ჩაბმულიყავით მათთან კამათში? დაძლიეთ გულგატეხილობა? თუ ამ კითხვებს დადებითად უპასუხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რწმენის ფარს კარგ მდგომარეობაში ინარჩუნებთ. თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან სატანის არსენალში სხვა იარაღებიც მოიპოვება. მოდი ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბროთ.

თავი დაიცავით ფულის სიყვარულისგან

12. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ფულის სიყვარულმა?

12 ფულის სიყვარულმა შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს და ხელიდან გაგვაშვებინოს რწმენის ფარი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „არც ერთი მეომარი არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში, რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო“ (2 ტიმ. 2:4). რომაელ ჯარისკაცებს უფლება არ ჰქონდათ, სხვა საქმით დაკავებულიყვნენ. რა მოხდებოდა, თუ ჯარისკაცი არ დაემორჩილებოდა ამ შეზღუდვას?

13. რატომ არ ჰქონდათ ჯარისკაცებს უფლება, სავაჭრო საქმით დაკავებულიყვნენ?

13 წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი. დილით ჯარისკაცები საბრძოლო წვრთნას გადიან, ერთ-ერთი მათგანი კი ქალაქში ვაჭრობითაა დაკავებული. იმავე საღამოს ჯარისკაცები თავიანთ აღჭურვილობას ამოწმებენ და ხმლებს ლესავენ, ის კი თავის მაღაზიაში მომდევნო დღისთვის გასაყიდ პროდუქტს ამზადებს. მეორე დილას მათ მოულოდნელად მტერი ესხმის თავს. თქვენი აზრით, რომელი ჯარისკაცი იქნება მზად ბრძოლისთვის და რომელი დაიმსახურებს მეთაურის მოწონებას? თქვენ ვის მხარდამხარ ისურვებდით ბრძოლას — ვინც მომზადებული იყო თავდასხმისთვის თუ ვინც თავისი საქმეებით იყო გართული?

14. ჩვენთვის, როგორც ქრისტეს მეომრებისთვის, რა უნდა იყოს მთავარი მიზანი?

14 კარგი მეომრის მსგავსად ყურადღება სხვა რამეზე არ უნდა გადავიტანოთ. მთავარი მიზანი ჩვენი მეთაურების, იეჰოვას და იესოს მოწონების დამსახურება უნდა იყოს. სატანის ქვეყნიერება ამაზე ღირებულს ვერაფერს შემოგვთავაზებს. გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საკმარის დროსა და ენერგიას ვუთმობთ როგორც იეჰოვას მსახურებას, ისე ჩვენი რწმენის ფარისა თუ სხვა სულიერი აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

15. რის შესახებ გაგვაფრთხილა პავლემ და რატომ?

15 ყურადღება არასდროს უნდა მოვადუნოთ, რადგან მოციქულმა პავლემ გაგვაფრთხილა: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის . . . [ჩამოშორდება] რწმენას“ (1 ტიმ. 6:9, 10). სიტყვა „ჩამოშორება“ იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება ნელ-ნელა ყურადღება არასაჭირო ქონების დაგროვებაზე გადავიტანოთ. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ „ბევრი უგუნური და მავნებელი“ სურვილი გაგვიჩნდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა ასეთ სურვილებს ჩვენი რწმენის დასანგრევად იყენებს, ამიტომ არ უნდა მივცეთ მათ ჩვენს გულში ფესვის გადგმის საშუალება.

16. მარკოზის 10:17—22-დან გამომდინარე, რომელ კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?

16 დავუშვათ, საკმარისი ფული გვაქვს საიმისოდ, რომ საკუთარ თავს არაფერზე ვუთხრათ უარი. დავაშავებთ რამეს, თუ ისეთ ნივთებს შევიძენთ, რომლებიც სინამდვილეში არ გვჭირდება? რა თქმა უნდა, არა. არასაჭირო ნივთების შეძენაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ კარგი იქნება, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: საშუალებაც რომ გვქონდეს ამა თუ იმ ნივთის შესაძენად, გვექნება საკმარისი დრო და ენერგია მის მოსავლელად და გამოსაყენებლად? ქონებაზე ხომ არ გავხდებით დამოკიდებული? იმ ახალგაზრდა მამაკაცს ხომ არ დავემსგავსებით, რომელმაც უარი თქვა იესოს შეთავაზებაზე, რომ მეტად დახარჯულიყო ღვთისთვის? (წაიკითხეთ მარკოზის 10:17—22). განა გაცილებით უკეთეს არჩევანს არ გავაკეთებთ, თუ გავიმარტივებთ ცხოვრებას და ჩვენს დროსა და ენერგიას ღვთის ნების შესრულებას მოვახმართ?!

მტკიცედ გეჭიროთ რწმენის ფარი

17. რა არ უნდა დაგვავიწყდეს?

17 არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულიერ ომში ვართ ჩაბმულნი და ყოველდღე მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის (გამოცხ. 12:17). ჩვენი რწმენის ფარი თავად უნდა ვატაროთ. ჩვენ ნაცვლად ამას და-ძმები ვერ გააკეთებენ. საკუთარი რწმენის გაძლიერებაზე თითოეულმა პირადად უნდა ვიზრუნოთ.

18. რატომ ეჭირათ მტკიცედ მეომრებს თავიანთი ფარები?

18 ძველად მეომარი ომში გამოჩენილი სიმამაცით იხვეჭდა სახელს. თუმცა ბრძოლიდან ფარის გარეშე დაბრუნება დიდ სირცხვილად ითვლებოდა. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი წერდა: „მეომრისთვის ფარის დაკარგვა უდიდესი დამცირება იყო“. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ისინი, რომ მტკიცედ სჭეროდათ თავიანთი ფარები.

ქრისტიანი და კითხულობს ღვთის სიტყვას, რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს და აქტიურად მონაწილეობს სამქადაგებლო საქმიანობაში. ეს ეხმარება მას, მტკიცედ ეჭიროს რწმენის დიდი ფარი (იხილეთ აბზაცი 19)

19. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მტკიცედ გვეჭიროს რწმენის ფარი?

19 რწმენის ფარს ხელს არ გავუშვებთ, თუ დავესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს, ვიქადაგებთ იეჰოვას სახელისა და მისი სამეფოს შესახებ, ყოველდღე წავიკითხავთ ბიბლიას და ლოცვაში ვთხოვთ იეჰოვას, წაკითხულის გათვალისწინებაში დაგვეხმაროს (ებრ. 10:23—25; 2 ტიმ. 3:16, 17). თუ ასე მოვიქცევით, სატანის ვერცერთი იარაღი ვერ მოგვაყენებს გამოუსწორებელ ზიანს, რადგან „რწმენის დიდი ფარი“ დაგვიცავს (ეს. 54:17). ჩვენ გაბედულად ვიბრძოლებთ და-ძმების მხარდამხარ და ყოველდღე გავიმარჯვებთ რწმენისთვის ბრძოლაში. რაც ყველაზე მთავარია, გვექნება პატივი, ვიდგეთ იესოს მხარეს, რომელიც სატანისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ გამართულ ომში გაიმარჯვებს (გამოცხ. 17:14; 20:10).

სიმღერა 118 „რწმენა განგვიმტკიცე“

^ აბზ. 5 ფარი მეომარს ზიანისგან იცავდა, ამიტომ ცდილობდა, ყოველთვის კარგ მდგომარეობაში ჰქონოდა ის. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა ჩვენთვის ფარივითაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ეს სტატია დაგვანახვებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ „რწმენის დიდი ფარი“ კარგ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ.

^ აბზ. 58 სურათის აღწერა: გადაცემის დაწყებისთანავე მოწმეების ოჯახი თიშავს ტელევიზორს, რათა არ მოისმინონ იეჰოვას მოწმეების შესახებ განდგომილების მიერ გავრცელებული სიცრუე.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: მოგვიანებით, ოჯახური თაყვანისცემის დროს, მამა ოჯახის წევრების რწმენის განსამტკიცებლად ბიბლიურ მონაკვეთს განიხილავს.