არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

„იეჰოვას არ დავვიწყებივარ“

„იეჰოვას არ დავვიწყებივარ“

ჩემი მშობლიური სოფელი ორეალა ინდიელებითაა დასახლებული და გაიანაში, სამხრეთ ამერიკაში, მდებარეობს. ამ 2 000-კაციან დასახლებამდე მისასვლელი გზა, ფაქტობრივად, არ არსებობს; სოფელში მოხვედრა მხოლოდ თვითმფრინავით ან ნავითაა შესაძლებელი.

დავიბადე 1983 წელს. ათ წლამდე ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ათი წლისას საშინელი ტკივილები დამეწყო. დაახლოებით თორმეტის ვიქნებოდი, როცა ერთ დილით ფეხები წამერთვა; ვცდილობდი კიდურების გამოძრავებას, მაგრამ ამაოდ. იმ დღის შემდეგ აღარ გამივლია და ზრდაც შევწყვიტე. დღეს ისევ ბავშვის სიმაღლისა ვარ.

ამ საშინელი დღიდან მოყოლებული სახლში ვიყავი გამოკეტილი. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს კარს იეჰოვას მოწმეები მოადგნენ. როგორც წესი, სტუმრებს ვემალებოდი, მაგრამ იმ დღეს კართან მოსულ ქალებს გამოველაპარაკე. სამოთხე რომ ახსენეს, გამახსენდა ის, რაც ხუთი წლისას მქონდა მოსმენილი, როცა ჩვენს სოფელს თვეში ერთხელ ერთი მისიონერი სტუმრობდა ხოლმე სურინამიდან. მას ჯეთრო ერქვა და მამას ბიბლიას ასწავლიდა. იგი ძალიან თბილად მეპყრობოდა და მეც თავი შემაყვარა. გარდა ამისა, იმ დროს პაპა-ბებიას ჩვენს სოფელში იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზეც დავყავდი. ამიტომ, როცა სტუმრად მოსულმა ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, ფლორენსმა, ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა, უარი არ მითქვამს.

ფლორენსი თავის ქმართან, ჯასტესთან, ერთად დაბრუნდა და მათ ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. როცა შენიშნეს, რომ კითხვა არ ვიცოდი, წერა-კითხვა შემასწავლეს. ცოტა ხანში უკვე ჩემით ვკითხულობდი. ერთ დღესაც ფლორენსმა და ჯასტესმა მითხრეს, რომ მსახურებისთვის სურინამში გადაინიშნენ. სამწუხაროდ, ორეალაში აღარავინ დარჩა, ჩემთვის რომ ბიბლია ესწავლებინა. თუმცა ჩემდა საბედნიეროდ, იეჰოვას არ დავვიწყებივარ.

მალე ორეალაში ერთი პიონერი ძმა ფლოიდი ჩამოვიდა და კარდაკარ მსახურების დროს ჩემს კარსაც მოადგა. როცა ბიბლიის შესწავლა ახსენა, გამეღიმა. „რატომ გაგეღიმა?“, — მკითხა მან. ვუთხარი, რომ გავლილი მქონდა ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და დაწყებული მქონდა წიგნის, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ *, შესწავლა. შემდეგ ავუხსენი მიზეზი, თუ რატომ შემიწყდა შესწავლა. ფლოიდთან ბოლომდე გავიარე წიგნი „შემეცნება“. შემდეგ ისიც სხვაგან გადანიშნეს და მე კვლავ მასწავლებლის გარეშე დავრჩი.

2004 წელს გრანვილი და ჯოშუა, ორი სპეციალური პიონერი, დაინიშნენ ორეალაში. მათაც კარდაკარ მსახურებისას შევხვდი. როცა ამ ძმებმაც შემომთავაზეს ბიბლიის შესწავლა, კვლავ გამეღიმა. ვთხოვე, რომ წიგნ „შემეცნების“ განხილვა თავიდან დაგვეწყო. მაინტერესებდა, ისინიც იმავეს მასწავლიდნენ თუ არა, რასაც ბიბლიის ძველი მასწავლებლები. გრანვილმა მითხრა, რომ ჩვენს სოფელში კრების შეხვედრები ტარდებოდა. მართალია, თითქმის ათი წელი სახლიდან არ ვიყავი გასული, მაგრამ კრებაზე დასწრება მომინდა. გრანვილმა გამომიარა და ინვალიდის სავარძლით იეჰოვას მოწმეთა დარბაზში წამიყვანა.

რაღაც დროის გასვლის შემდეგ გრანვილმა შემომთავაზა, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩავწერილიყავი. მან მითხრა: „მართალია, ვერ დადიხარ, მაგრამ ლაპარაკი ხომ შეგიძლია?! ერთ დღეს საჯარო მოხსენებითაც გამოხვალ. დამერწმუნე, ეს დღეც დადგება!“. მისმა იმედიანმა სიტყვებმა თავდაჯერება შემმატა.

გრანვილს მსახურებაშიც შევუერთდი. თუმცა სოფლის გზებზე ინვალიდის სავარძლით გადაადგილება არც ისე ადვილი იყო. ამიტომ მას ვთხოვე, რომ ინვალიდის სავარძლის ნაცვლად ურიკა გამოეყენებინა. ეს ბევრად მოსახერხებელი აღმოჩნდა. 2005 წლის აპრილში მოვინათლე. მალევე კრებაში დამევალა, მეზრუნა ლიტერატურასა და გახმოვანების სისტემაზე.

2007 წელს ჩვენს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა — მამა მდინარეზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამ ამბავმა თავზარი დაგვცა. მძიმე წუთებში გრანვილი ჩვენთან ერთად იყო, ლოცულობდა და ბიბლიიდან მანუგეშებელ მონაკვეთებს გვიკითხავდა. ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დაგვატყდა თავს — გრანვილი თავისი ნავიანად მდინარეში ჩაიძირა.

ჩვენი პატარა კრება დარდმა მოიცვა. კრებაში აღარ იყო უხუცესი და მხოლოდ ერთი მომსახურე გვყავდა. გრანვილის სიკვდილმა ძალიან დამანაღვლიანა, რადგან იგი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. ის წლების მანძილზე ზრუნავდა ჩემს სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე. მისი სიკვდილის შემდეგ კრების პირველ შეხვედრაზე „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისას ტექსტი უნდა წამეკითხა. პირველი ორი აბზაცი გაჭირვებით წავიკითხე, თუმცა შემდეგ ცრემლი წამსკდა და იძულებული გავხდი, სცენიდან ჩამოვსულიყავი.

თავი უკეთ ვიგრძენი, როცა ორეალაში სხვა კრებიდან ძმები გადმოვიდნენ. ამასთანავე, ფილიალმა ერთი სპეციალური პიონერი ძმა დანიშნა ჩვენს სოფელში. ჩემდა სასიხარულოდ, დედაჩემმა და ჩემმა უმცროსმა ძმამ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და მოინათლნენ. 2015 წლის მარტში მომსახურედ დავინიშნე. რაღაც დროის შემდეგ პირველი საჯარო მოხსენებაც წავიკითხე. იმ დღეს ცრემლები მომადგა და სითბოთი მომაგონდა ის სიტყვები, გრანვილმა წლების წინ რომ მითხრა: „ერთ დღეს საჯარო მოხსენებითაც გამოხვალ. დამერწმუნე, ეს დღეც დადგება!“.

ჩვენი მაუწყებლობიდან ბევრი და-ძმის შესახებ შევიტყვე, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში იმყოფებიან. შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ისინი ინარჩუნებენ სიხარულს და აზრიანად ცხოვრობენ. ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცების კეთება, ამიტომ გადავწყვიტე, მეტი გამეკეთებინა იეჰოვასთვის და პიონერად მსახურება დავიწყე. 2019 წლის სექტემბერში ჩემთვის გასაოცარი რამ მოხდა — ორეალას 40-კაციან კრებაში უხუცესად დავინიშნე!

ძალიან ვემადლიერები იმ და-ძმებს, რომლებმაც ბიბლია შემასწავლეს და რომლებიც გვერდში მედგნენ მსახურებისას. თუმცა ყველაზე მეტად იეჰოვას მადლიერი ვარ, რომელსაც არასდროს დავვიწყებივარ!

^ აბზ. 8 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.