არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ონისიმე და ჟერალდინი

როგორ აკურთხა იეჰოვამ სამშობლოში დაბრუნებული მქადაგებლები

როგორ აკურთხა იეჰოვამ სამშობლოში დაბრუნებული მქადაგებლები

მრავალი და-ძმა, რომლებიც ერთ დროს განვითარებულ ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად, სამშობლოში დაბრუნდნენ. იეჰოვასა და მოყვასის სიყვარულმა აღძრა ეს მაუწყებლები, იქ გაეგრძელებინათ მსახურება, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა (მათ. 22:37—39). რა მსხვერპლზე მოუწიათ მათ წასვლა და როგორ დაჯილდოვდა მათი მცდელობა? მოდი ვიმსჯელოთ იმ და-ძმების მაგალითებზე, რომლებიც მშობლიურ კამერუნში დაბრუნდნენ.

„ეს იდეალური ადგილია თევზჭერისთვის“

1998 წელს ერთმა ძმამ, ონისიმემ, დატოვა მშობლიური კამერუნი და 14 წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. ერთხელ კრების შეხვედრაზე მან სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ასეთი მაგალითი მოისმინა. მომხსენებელმა თქვა: „დავუშვათ ორი მეგობარი სხვადასხვა ადგილას თევზაობს. ერთი ბევრ თევზს იჭერს, მეორე კი — ვერა. ხომ არ აჯობებს ის, ვინც ცოტა თევზს იჭერს, შეუერთდეს თავის მეგობარს?!“.

ამ მაგალითის მოსმენის შემდეგ ონისიმემ კამერუნში დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი, რომ ადგილობრივ მაუწყებლებს სულიერ თევზჭერაში დახმარებოდა. თუმცა მას ერთი რამ აფიქრებდა, უცხოეთში ამდენი წლის ცხოვრების შემდეგ, როგორ შეეგუებოდა სამშობლოში ცხოვრებას. ამიტომ ონისიმე ჯერ საცდელად 6 თვით ჩავიდა კამერუნში. მოგვიანებით, 2012 წელს, ის საბოლოოდ დაბრუნდა მშობლიურ მხარეში.

ონისიმე იხსენებს: „სიცხესა და განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებს უნდა შევგუებოდი. კრების შეხვედრებზე ახლა უკვე ხმელ სკამებზე მიწევდა ჯდომა“. თუმცა ის ღიმილით დასძენს: „რაც უფრო გულისყურით ვუსმენდი პროგრამას, მით უფრო ნაკლებად ვფიქრობდი კომფორტულ სკამებზე“.

2013 წელს ონისიმე დაქორწინდა ჟერალდინზე, რომელიც 9 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და კამერუნში დაბრუნდა. როგორ აკურთხა იეჰოვამ ისინი იმისთვის, რომ სულიერი საქმეები პირველ ადგილზე დააყენეს? ონისიმე ამბობს: „დავამთავრეთ სამეფოს მახარობელთა სკოლა და ახლა ბეთელში ვმსახურობთ. სულ რაღაც ერთ წელიწადში 20 ახალმონათლული შეგვემატა კრებაში. ახლა უკვე ვხვდები, რომ ეს იდეალური ადგილია თევზჭერისთვის“ (მარ. 1:17, 18). ჟერალდინი ამბობს: „ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ იეჰოვა ასე გვაკურთხებდა“.

სულიერი შვილების შეძენით გამოწვეული სიხარული

ჯუდიტი და სემ-კასტელი

ჯუდიტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, ყოველთვის ოცნებობდა მსახურების გაფართოებაზე. ის ამბობს: „ყოველ ჯერზე, როდესაც კამერუნში ოჯახის მოსანახულებლად ჩავდიოდი, უკან თვალცრემლიანი ვბრუნდებოდი, რადგან რამდენიმე ბიბლიის შემსწავლელის დატოვება მიწევდა“. ამისდა მიუხედავად, ჯუდიტს ვერა და ვერ გადაეწყვიტა კამერუნში დაბრუნება. მას შტატებში კარგი სამსახური ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა, კამერუნში მამის მკურნალობის ხარჯები დაეფარა. მაგრამ ჯუდიტი მიენდო იეჰოვას და სამშობლოში დაბრუნდა. ის გულწრფელად აღიარებს, რომ თავიდან ცოტა გაუჭირდა არაკომფორტულ გარემოსთან შეგუება. იეჰოვას სთხოვდა დახმარებას, რომ შეგუებოდა ახალ პირობებს. იეჰოვამ ის სარაიონო ზედამხედველისა და მისი მეუღლის მეშვეობით გაამხნევა.

ჯუდიტი წარსულს ასე იხსენებს: „სულ რაღაც სამ წელიწადში ოთხი სულიერი შვილი შევიძინე, რამაც დიდი სიხარული მომანიჭა“. მან სპეციალურ პიონერად დაიწყო მსახურება. დღეს ის მეუღლესთან, სემ-კასტელთან, ერთად სარაიონო მსახურებაშია ჩაბმული. რაც შეეხება ჯუდიტის მამას, ჯუდიტმა და მისმა ოჯახმა უცხოეთში იპოვეს საავადმყოფო, რომელმაც დააფინანსა მამამისის ოპერაციის ხარჯები. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

იეჰოვასგან მიღებული მხარდაჭერა

კაროლაინი და ვიქტორი

ერთი ძმა, ვიქტორი, საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთმა სტატიამ, რომელიც უმაღლეს განათლებას ეხებოდა, ის საკუთარ მიზნებზე დააფიქრა. მან თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას და პროფესიულ კურსებზე ჩაეწერა. ის ამბობს: „ამან საშუალება მომცა, სამსახური მალევე მეშოვა და პიონერად დამეწყო მსახურება, რაც ჩემი დიდი ხნის ნატვრა იყო“. მოგვიანებით ვიქტორი დაქორწინდა კაროლაინზე. კამერუნში სტუმრობისას მათ მოინახულეს ადგილობრივი ფილიალი, სადაც ურჩიეს, ეფიქრათ კამერუნში მსახურებაზე. ვიქტორი ამბობს: „ხელს არაფერი გვიშლიდა, რადგან ისედაც უბრალოდ ვცხოვრობდით. ამიტომ გავითვალისწინეთ მათი რჩევა“. მართალია, კაროლაინს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მათ მაინც გადაწყვიტეს კამერუნში გადასვლა.

სულიერს მოწყურებული ადამიანების დასახმარებლად ვიქტორმა და კაროლაინმა პიონერებად დაიწყეს მსახურება. რაღაც პერიოდი მათ საკუთარი დანაზოგით გაჰქონდათ თავი. როცა დანაზოგი ამოეწურათ, ისინი კანადაში დაბრუნდნენ და რამდენიმე თვე წაიმუშავეს, რათა კამერუნში დაბრუნებულიყვნენ და პიონერად გაეგრძელებინათ მსახურება. როგორ დაჯილდოვდა მათი გულმოდგინება? მათ ისწავლეს სამეფოს მახარობელთა სკოლაში, იმსახურეს სპეციალურ პიონერებად, ახლა კი თეოკრატიული შენობების მშენებლობაში იღებენ მონაწილეობას. ვიქტორი ამბობს: „მას შემდეგ, რაც დავტოვეთ ჩვენთვის კომფორტული გარემო, აშკარად ვიგრძენით იეჰოვასგან მხარდაჭერა“.

სიხარული, რომელიც სხვების დახმარებას მოაქვს

სტეფანი და ალანი

2002 წელს ძმა ალანმა, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა, წაიკითხა ბუკლეტი „ახალგაზრდებო, როგორ გამოიყენებთ ახალგაზრდობის წლებს?“. წაკითხული მას პრიორიტეტების გადაფასებაში დაეხმარა. 2006 წელს ალანი მიიწვიეს მსახურებაში დახელოვნების სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მშობლიურ კამერუნში გააგრძელა მსახურება.

კამერუნში ალანმა ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მას შესთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ, თუ ამ სამსახურს დათანხმდებოდა, მსახურებისთვის დიდი დრო აღარ დარჩებოდა. ასე რომ, როცა სპეციალურ პიონერად მსახურება შესთავაზეს, უარი არ უთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელი ალანს უფრო მაღალ ანაზღაურებას დაჰპირდა, მას გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მოგვიანებით ალანი დაქორწინდა სტეფანიზე, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. რა სირთულეებს შეხვდა სტეფანი კამერუნში დაბრუნების შემდეგ?

ის ამბობს: „მართალია, ჯანმრთელობის პატარ-პატარა პრობლემები შემექმნა, მაგრამ მკურნალობის შემდეგ გარკვეული შვება ვიგრძენი“. ამ ცოლ-ქმრის მოთმინება ნამდვილად დაჯილდოვდა. ალანი იხსენებს: „როცა შორეულ სოფელ კატეში ჩავედით საქადაგებლად, რამდენიმე ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომლებსაც ბიბლიის შესწავლა სურდათ. მათთან შესწავლას ტელეფონით ვატარებდით ხოლმე. აქედან ორი მოინათლა და იმ სოფელში პატარა ჯგუფი ჩამოყალიბდა“. სტეფანი დასძენს: „იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, როცა შენი შემსწავლელი იეჰოვას უძღვნის თავს. აქ მსახურების დროს ასეთი სიხარული არაერთხელ გამოვცადეთ“. დღეს ალანი და სტეფანი სარაიონო მსახურებაში არიან ჩაბმული.

„ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“

ლეონსი და ჟიზელი

ჟიზელი მაშინ მოინათლა, როცა იტალიაში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ცოლ-ქმრის ცხოვრების უბრალო წესმა, რომლებიც მას ბიბლიას ასწავლიდნენ. მასაც გაუჩნდა სურვილი, იეჰოვასთვის მეტი ეკეთებინა. ამიტომ ჟიზელმა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პიონერად მსახურება დაიწყო.

ჟიზელს სურდა, კამერუნში დაბრუნებულიყო და უფრო მეტი ემსახურა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა. ის ამბობს: „არ მინდოდა, დამეკარგა იტალიაში ბინადრობის უფლება, თანაც ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დატოვება მიჭირდა“. მიუხედავად ამისა, 2016 წლის მაისში ჟიზელი კამერუნში დაბრუნდა. მოგვიანებით ჟიზელი დაქორწინდა ლეონსზე. კამერუნის ფილიალმა მათ სთხოვა, გადასულიყვნენ ქალაქ აიოსში, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო.

რა პირობებში მოუწიათ მათ ცხოვრება აიოსში? ჟიზელი ამბობს: „ხშირად კვირები არ გვქონდა ელექტროენერგია, ამიტომ მობილურებს ვერ ვტენიდით, რის გამოც ტელეფონები თითქმის სულ გათიშული გვქონდა. საჭმელს შეშის ღუმელზე ვამზადებდი, გვიან ღამით კი ურიკითა და ფანრით მივდიოდით წყაროზე წყლის წამოსაღებად, რადგან ამ დროს ხალხი ცოტა იყო“. როგორ გაუმკლავდნენ ისინი ამ სიტუაციას? ჟიზელი ამბობს: „იეჰოვას სულმა, მეუღლის თანადგომამ, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხრიდან გამხნევებამ და ფინანსურმა მხარდაჭერამ გამაძლებინა“.

ხომ არ ნანობს ჟიზელი სამშობლოში დაბრუნებას? „არც ერთი წუთით! — ამბობს ის. — მართალია, თავიდან სირთულეებს შევხვდით და გულიც გაგვიტყდა, მაგრამ როცა ყველაფერი გადავლახეთ, მე და ჩემი მეუღლე მივხვდით, რომ ზუსტად ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. იეჰოვაზე მინდობა ვისწავლეთ და უფრო მეტად დავუახლოვდით მას“. ლეონსი და ჟიზელი სამეფოს მახარობელთა სკოლაში მიიწვიეს. ამჟამად ისინი დროებით სპეციალურ პიონერებად მსახურობენ.

მეთევზის მსგავსად, რომელიც ბევრი თევზის დასაჭერად სირთულეებს არ უშინდება, ისინი, ვინც სამშობლოში ბრუნდებიან, მზად არიან მსხვერპლზე წავიდნენ, რათა დახმარება აღმოუჩინონ იმ ადამიანებს, რომლებსაც სამეფოს შესახებ ცნობა აინტერესებთ. იეჰოვა ნამდვილად არ დაუვიწყებს ამ გულმოდგინე მაუწყებლებს იმ სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეს (ნეემ. 5:19; ებრ. 6:10). თუ უცხოეთში ცხოვრობთ და იცით, რომ თქვენს სამშობლოში მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მზად ხართ უკან დასაბრუნებლად?! თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, იეჰოვასგან კურთხევები არ მოგაკლდებათ! (იგავ. 10:22).