არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 45

როგორ დავეხმაროთ სხვებს ქრისტეს მცნებების დაცვაში

როგორ დავეხმაროთ სხვებს ქრისტეს მცნებების დაცვაში

„წადით . . . და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათ. 28:19, 20).

სიმღერა 89 უსმინე, იყავი მორჩილი და მიიღე კურთხევები

მოკლე შინაარსი *

1. მათეს 28:18—20-ის თანახმად, რა დაავალა იესომ თავის მოწაფეებს?

მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის მოწაფეებს გალილეაში ეჩვენა, რადგან მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა მათთვის სათქმელი. ის, თუ რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს, ჩაწერილია მათეს 28:18—20-ში (წაიკითხეთ).

2. რა კითხვებს განვიხილავთ?

2 მოწაფეების მომზადების შესახებ იესოს დავალება დღეს ჩვენც გვეხება. მოდი განვიხილოთ სამი კითხვა, რომელიც იესოს ამ დავალებას უკავშირდება. ღვთის მოთხოვნებთან ერთად კიდევ რა უნდა ვასწავლოთ ბიბლიის შემსწავლელებს? როგორ შეუძლია კრებას ხელი შეუწყოს ბიბლიის შემსწავლელის სულიერ ზრდას? როგორ დავეხმაროთ არააქტიურებს, რომ კვლავაც ჩაებან მოწაფეების მომზადების საქმეში?

ასწავლეთ მათ ქრისტეს მცნებების დაცვა

3. რას მოიცავდა იესოს მითითება?

3 იესოს მითითებები ნათელი და გასაგებია, რომლებიც ხალხს უნდა ვასწავლოთ. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი მხარე. იესოს არ უთქვამს, ასწავლეთ ყველაფერი, რაც ჩემგან ისწავლეთო. მან თქვა: „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“. იესოს ეს კონკრეტული მითითება რომ გავითვალისწინოთ, ბიბლიის შემსწავლელს არა მხოლოდ თეორია უნდა ვასწავლოთ, არამედ ნასწავლის გამოყენებაშიც უნდა დავეხმაროთ (საქ. 8:31). რატომ უნდა მოვიქცეთ ასე?

4. რას ნიშნავს მცნებების დაცვა? მოიყვანეთ მაგალითი.

4 იესოსგან ნასწავლის ანუ მისი მცნებების დაცვა მათ შესრულებას ნიშნავს. უკეთ რომ გავიგოთ, რას ნიშნავს იესოს ეს მითითება, მოდი მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. წარმოიდგინეთ ავტოსკოლის ინსტრუქტორი, რომელიც მოსწავლეებს მოძრაობის წესებს უხსნის. ის ჯერ თეორიულ მეცადინეობას ატარებს. თუმცა მოსწავლეებს ამ წესების დაცვა რომ ასწავლოს, სხვა რამეც უნდა გააკეთოს. ინსტრუქტორმა საჭესთან უნდა დასვას მოსწავლე და დაეხმაროს, თეორიულად ნასწავლი პრაქტიკაში გამოიყენოს. რას ვიგებთ ამ მაგალითიდან?

5. ა) იოანეს 14:15-სა და 1 იოანეს 2:3-ის თანახმად, რა უნდა ვასწავლოთ ბიბლიის შემსწავლელს? ბ) როგორ დავეხმაროთ შემსწავლელს ბიბლიური პრინციპების გამოყენებაში?

5 როცა ვინმეს ბიბლიას ვასწავლით, სინამდვილეში მას ღვთის მოთხოვნებს ვაცნობთ. თუმცა ამაზე მეტი მოგვეთხოვება. ბიბლიის შემსწავლელს ისიც უნდა ავუხსნათ, როგორ გამოიყენოს ნასწავლი ყოველდღიურ ცხოვრებაში (წაიკითხეთ იოანეს 14:15; 1 იოანეს 2:3). ჩვენი მაგალითით უნდა დავანახვოთ შემსწავლელს, როგორ გამოიყენოს ბიბლიური პრინციპები სკოლაში, სამსახურში ან გართობისა და დასვენების დროს. შეგვიძლია მოვიხსენიოთ კონკრეტული შემთხვევა ჩვენი ცხოვრებიდან, როგორ დაგვიცვა ზიანისგან ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ და როგორ დაგვეხმარა გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. როცა შემსწავლელის თანდასწრებით ვლოცულობთ, შეგვიძლია იეჰოვას ლოცვაში წმინდა სული ვთხოვოთ, რომ მას უხელმძღვანელოს (იოან. 16:13).

6. კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვებს იესოს მცნებების დაცვა ვასწავლოთ?

6 კიდევ რა შედის იესოს მცნებების დაცვაში, რაც შემსწავლელს უნდა ვასწავლოთ? მას მოწაფეების მომზადების სურვილი უნდა გავუღვივოთ. ზოგს იმაზე ფიქრიც კი აშინებს, რომ უნდა იქადაგოს. ამიტომ მოთმინება გვჭირდება, სანამ ის ცოდნას გაიღრმავებს და გაითავისებს, შემდეგ კი მოქმედებისკენ აღიძვრება. რა მიდგომა უნდა გამოვიყენოთ ბიბლიის შემსწავლელთან, რომ მას სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილი გაუჩნდეს?

7. როგორ გავუღვივოთ შემსწავლელს სხვებთან სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილი?

7 შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელს შემდეგი კითხვები დავუსვათ: „როგორ შეცვალა უკეთესობისკენ შენი ცხოვრება სასიხარულო ცნობამ? შენი აზრით, სხვებსაც სჭირდებათ ამ ცნობის მოსმენა? რა შეგიძლია გააკეთო მათ დასახმარებლად?“ (იგავ. 3:27; მათ. 9:37, 38). აჩვენე შემსწავლელს ის ბუკლეტები, რომლებიც „სწავლებაში დამხმარე საშუალებებში“ შედის და თავად აარჩევინე ის თემა, რომელიც მის ნათესავებს, მეგობრებს ან თანამშრომლებს დააინტერესებთ. შემდეგ მიეცი ეს ბუკლეტები და პრაქტიკულად აჩვენე, როგორ შეიძლება მათი ტაქტიანად შეთავაზება. როცა შემსწავლელი მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, მსახურებაში მის გვერდით უნდა ვიყოთ, რომ ქადაგებაში დავეხმაროთ (ეკლ. 4:9, 10; ლუკ. 6:40).

როგორ ეხმარება კრება ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ წინსვლაში

8. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შემსწავლელმა ღვთისა და მოყვასის სიყვარული გაიღრმაოს? (იხილეთ ჩარჩო  „როგორ გავუღრმაოთ ბიბლიის შემსწავლელს ღვთის სიყვარული“).

8 ჩვენ ვიცით, რომ იესოს მითითების თანახმად სხვებს უნდა ვასწავლოთ ყველაფრის დაცვა, რაც მან მცნებად დაგვიდო. ამაში შედის ორი უდიდესი მცნება: გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. ორივე მცნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმესთან (მათ. 22:37—39). რა გაგებით? ღვთისა და მოყვასის სიყვარული არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვქადაგებთ. მართალია, ზოგიერთ ბიბლიის შემსწავლელს აშინებს ქადაგებაში მონაწილეობაზე ფიქრი, მაგრამ გვინდა, დავარწმუნოთ ისინი, რომ იეჰოვას დახმარებით თანდათანობით დაძლევენ კაცთმოშიშებას (ფსალმ. 18:1—3; იგავ. 29:25). თანდართულ ჩარჩოში ახსნილია, რა უნდა გავაკეთოთ, რომ შემსწავლელს უფრო მეტად შევაყვაროთ ღმერთი. ქვემოთ ვიმსჯელებთ, რა როლს ასრულებს კრება იმაში, რომ შემსწავლელმა გაიძლიეროს ღვთისა და მოყვასის სიყვარული.

9. როგორ იძენს მოსწავლე მძღოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს?

9 კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ავტოსკოლის ინსტრუქტორისა და მოსწავლის მაგალითზე. როგორ სწავლობს მოსწავლე მანქანის ტარებას, როცა ინსტრუქტორი გვერდით უზის? მისი მითითებების მოსმენითა და სხვა მძღოლებზე დაკვირვებით. მაგალითად, ინსტრუქტორმა მოსწავლეს შეიძლება ყურადღება გაუმახვილოს იმ მძღოლზე, რომელიც სხვას უთმობს გზას, ან იმ მძღოლზე, რომელიც წინა ფარებს ახლო განათებაზე რთავს, რომ თვალი არ მოსჭრას შემხვედრი მანქანის მძღოლებს. სხვებზე დაკვირვებით მოსწავლე თავადაც ისწავლის, რა უნდა გაითვალისწინოს, როგორც მძღოლმა.

10. რა დაეხმარება ბიბლიის შემსწავლელს სულიერ ზრდაში?

10 მსგავსად, ბიბლიის შემსწავლელი, რომელიც სიცოცხლის გზას ადგება, არა მხოლოდ თავისი მასწავლებლისგან სწავლობს, არამედ იეჰოვას სხვა ერთგული მსახურებისგანაც. აქედან გამომდინარე, რა დაეხმარება ბიბლიის შემსწავლელს სულიერ ზრდაში? კრების შეხვედრებზე დასწრება. კრებაზე ნასწავლი გაუღრმავებს ცოდნას, გაუძლიერებს რწმენას და უფრო მეტად შეაყვარებს ღმერთს (საქ. 15:30—32). გარდა ამისა, კრების შეხვედრებზე მასწავლებელმა შეიძლება ისეთი და-ძმები გააცნოს შემსწავლელს, რომლებთანაც შესაძლოა ბევრი რამ აღმოაჩნდეს საერთო. ამ და-ძმების მაგალითები თვალსაჩინოდ დაანახვებს მას, რა არის ქრისტიანული სიყვარული. განვიხილოთ რამდენიმე პირობითი სიტუაცია.

11. რა შეიძლება შენიშნოს შემსწავლელმა კრებაში და როგორ დაეხმარება ეს მას?

11 დავუშვათ, ბიბლიის შემსწავლელი მარტოხელა მშობელია. მან შეიძლება კრებაში გაიცნოს და, რომელიც მის მსგავს სიტუაციაშია. მას გულგრილს არ დატოვებს იმის დანახვა, როგორ ცდილობს ეს და მცირეწლოვან შვილებთან ერთად კრების შეხვედრებზე დასწრებას. თუ ბიბლიის შემსწავლელს მოწევისთვის თავის დანებება უჭირს, შეიძლება იმ მაუწყებლის გაცნობა დაეხმაროს, რომელმაც დაძლია ეს მავნე ჩვევა. ამ მაუწყებელმა შეიძლება გაუზიაროს თავისი გამოცდილება, როგორ დაეხმარა იეჰოვასადმი სიყვარულის გაღრმავება ღვთის მცნებების დაცვაში (2 კორ. 7:1; ფილ. 4:13). მისი ისტორიის მოსმენა შემსწავლელსაც შემატებს იმის რწმენას, რომ თავადაც შეძლებს დაძლიოს მავნე ჩვევა. თუ ბიბლიის შემსწავლელი ახალგაზრდა გოგონაა, მან შეიძლება კრებაში გაიცნოს თანატოლი ქრისტიანი და, რომელიც იეჰოვას სიხარულით ემსახურება. ამ დის დადებითმა განწყობამ შეიძლება ბიბლიის შემსწავლელსაც გაუჩინოს იმის გაგების სურვილი, თუ რატომ ანიჭებს ამ დას ღვთისმსახურება ბედნიერებას.

12. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ კრებაში ყველას შეაქვს წვლილი ბიბლიის შემსწავლელის სულიერ ზრდაში?

12 როცა ბიბლიის შემსწავლელი სხვადასხვა მაუწყებელს გაიცნობს, მათი მაგალითით ის უკეთესად დაინახავს, რას ნიშნავს იესოს მცნებების დაცვა, განსაკუთრებით ღვთისა და მოყვასის სიყვარული (იოან. 13:35; 1 ტიმ. 4:12). გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლიის შემსწავლელს იმ მაუწყებლების გამოცდილებაც შეიძლება დაეხმაროს, რომლებიც მისნაირ სირთულეებს შეხვდნენ. მათი მაგალითი იმაშიც დაარწმუნებს, რომ თვითონაც შეუძლია მოახდინოს საჭირო ცვლილებები და იესოს მოწაფე გახდეს (კან. 30:11). ასე რომ, კრებაში ყველას შეაქვს თავისი წვლილი ბიბლიის შემსწავლელის სულიერ ზრდაში (მათ. 5:16). პირადად თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ ბიბლიის შემსწავლელები გაამხნეოთ კრების შეხვედრებზე?

დაეხმარეთ არააქტიურებს, განაახლონ მსახურება

13, 14. როგორ მოეპყრო იესო გულგატეხილ მოციქულებს?

13 ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ არააქტიურ და-ძმებს, რომ კვლავაც გამოეხმაურონ იესოს მითითებას და ჩაებან მოწაფეების მომზადების საქმეში. ამ მხრივ ბევრ რამეს გვასწავლის ის, თუ როგორ მოეპყრო იესო თავის გულგატეხილ მოციქულებს.

14 იესოს დედამიწაზე მსახურების დასასრულს, როცა მისი სიკვდილის დრო მოახლოვდა, მოციქულებმა „მიატოვეს ის და გაიქცნენ“ (მარ. 14:50; იოან. 16:32). როგორ მოეპყრო იესო თავის მოციქულებს, რომლებსაც დროებით სისუსტემ სძლია? მკვდრეთით აღდგომიდან მალევე იესო გამოეცხადა ზოგიერთ თავის მოწაფეს და უთხრა: „ნუ გეშინიათ! წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ [მკვდრეთით აღვდექი]“ (მათ. 28:10ა). მას ხელი არ ჩაუქნევია თავის მოციქულებზე. მიუხედავად იმისა, რომ მიატოვეს, იესომ მათ მაინც თავისი ძმები უწოდა. იეჰოვას მსგავსად მანაც გულმოწყალება და მიმტევებლობა გამოავლინა (2 მეფ. 13:23).

15. როგორ უნდა ვიყოთ განწყობილი მათ მიმართ, ვინც შეწყვიტა მსახურება?

15 ჩვენც გვაღელვებს მათი მდგომარეობა, ვინც შეწყვიტა მსახურება, რადგან ჩვენი და-ძმები არიან და ძალიან გვიყვარს ისინი. კარგად გვახსოვს მათი შრომა, რომელსაც სიყვარულით ეწეოდნენ იეჰოვასთვის — ზოგი ათწლეულებიც კი (ებრ. 6:10). ჩვენ ძალიან გვენატრება ეს და-ძმები! (ლუკ. 15:4—7). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და გამოვხატოთ მათ მიმართ მზრუნველობა?

16. რით ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ არააქტიურ და-ძმებზე?

16 გულთბილად დაპატიჟეთ კრების შეხვედრაზე. ერთ-ერთი, რითაც იესომ გულგატეხილი მოციქულები ანუგეშა, ისაა, რომ შეხვედრა დაუთქვა მათ (მათ. 28:10ბ; 1 კორ. 15:6). მსგავსად, შეგვიძლია არააქტიური მაუწყებლები, რომლებიც კრების შეხვედრებს არ ესწრებიან, კრებაზე დასწრებისკენ წავახალისოთ. თუმცა ისიც გვესმის, რომ შეიძლება ისინი პირველივე მოწვევაზე არ გამოგვეხმაურონ. თუ გამოგვეხმაურებიან და მოვლენ, ცხადია, მათი დანახვა ჩვენც ისევე გაგვახარებს, როგორც იესო გაახარა დათქმულ შეხვედრაზე მოწაფეების დანახვამ (შეადარეთ მათეს 28:16; ლუკას 15:6).

17. როგორ უნდა შევხვდეთ კრებაზე მოსულ არააქტიურ და-ძმებს?

17 თბილად შეხვდით. იესო გულთბილად შეხვდა მოციქულებს და თავად გამოელაპარაკა მათ (მათ. 28:18). როგორ უნდა შევხვდეთ არააქტიურ მაუწყებელს, თუ ის კრებაზე მოვა? უნდა მივიდეთ მასთან და გულთბილად მოვიკითხოთ. ზედმეტად ნუ ინერვიულებთ იმაზე, რა უთხრათ. ნუ ჩააგდებთ უხერხულ მდგომარეობაში, უბრალოდ უთხარით, როგორ გაგიხარდათ მისი დანახვა.

18. როგორ შეგვიძლია გავამხნეოთ არააქტიური და-ძმები?

18 გაამხნევეთ. იესოს მოწაფეებს შესაძლოა აფიქრებდათ, როგორ შეძლებდნენ ექადაგათ მთელ მსოფლიოში. იესომ ისინი შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „მე ყოველდღე თქვენთან ვიქნები“ (მათ. 28:20). როგორ იმოქმედა იესოს სიტყვებმა მათზე? ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მალევე, როგორც ბიბლია ამბობს, ისინი „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:42). გამხნევება არააქტიურ მაუწყებლებსაც სჭირდებათ. მათ შეიძლება იმაზე ფიქრი აშინებთ, რამდენად შეძლებენ განაახლონ მსახურება. უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ მარტო არ მოუწევთ ამ საქმის კეთება. თუ სურვილს გამოთქვამენ, მზად უნდა ვიყოთ, მათთან ერთად ვიმსახუროთ. ისინი უეჭველად დააფასებენ ჩვენს მხარდაჭერას. როცა არააქტიურებს სხვა და-ძმებისგან არ ვასხვავებთ, ამან შეიძლება აღძრას ისინი, განაახლონ იეჰოვას მსახურება, რაც მთელ კრებას ძალიან გაახარებს.

გვინდა, დავალებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ

19. რისი სურვილი გვაქვს და რატომ?

19 როდემდე უნდა გავაგრძელოთ მოწაფეების მომზადება? ვიდრე ქვეყნიერების აღსასრული არ დადგება (მათ. 28:20; იხილეთ „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“ — „ქვეყნიერების ბოლო“). გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ იესოს დავალება პირნათლად შევასრულოთ და ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები „მარადიული სიცოცხლის მისაღებად“ განწყობილი ადამიანების მოსაძებნად გამოვიყენოთ (საქ. 13:48). ასე მივბაძავთ იესოს, რომელმაც თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება და დავასრულო მისი საქმე“ (იოან. 4:34; 17:4). ჩვენი სურვილიც ეს არის. გვინდა, რომ დავალებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ (იოან. 20:21). გაგვიხარდება, თუ ამ საქმეში სხვებიც, მათ შორის, არააქტიურებიც შემოგვიერთდებიან (მათ. 24:13).

20. ფილიპელების 4:13-ის თანახმად, რა გვარწმუნებს, რომ იესოს დავალებას თავს გავართმევთ?

20 ფაქტია, იესოს მიერ დავალებული საქმის შესრულება ადვილი არ არის. თუმცა ამ საქმის შესრულება მარტო არ გვიწევს, რადგან იესო დაგვპირდა, რომ ჩვენ გვერდით იქნებოდა. მოწაფეების მომზადების საქმეში „ქრისტესთან ერთობაში“ ვმონაწილეობთ, როგორც „ღვთის თანამშრომელნი“ (1 კორ. 3:9; 2 კორ. 2:17). ამიტომ გვჯერა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენთვის დიდი პატივია და ამავე დროს სასიხარულოც, რომ ვასრულებთ იესოს დავალებას და სხვებსაც ვეხმარებით, შემოგვიერთდნენ ამ საქმეში (წაიკითხეთ ფილიპელების 4:13).

სიმღერა 79 ასწავლეთ, რომ მტკიცედ იდგნენ

^ აბზ. 5 იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი და ესწავლებინათ მათთვის ყველაფრის დაცვა, რაც მისგან ისწავლეს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შევასრულოთ იესოს ეს მითითება. აქ მოცემული რჩევები ნაწილობრივ აღებულია 2004 წლის 1-ლი ივლისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდები 14—19.

^ აბზ. 66 სურათის აღწერა: მაუწყებელი ბიბლიის შემსწავლელს უხსნის, რა სამი რამ უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ უფრო მეტად შეიყვაროს ღმერთი. მოგვიანებით შემსწავლელი ამ რჩევებს ითვალისწინებს.