არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 48

„შენი თვალები წინ იყურებოდეს“

„შენი თვალები წინ იყურებოდეს“

„შენი თვალები წინ იყურებოდეს, შენი მზერა პირდაპირ იყოს მიმართული“ (იგავ. 4:25).

სიმღერა 77 სინათლე ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში

მოკლე შინაარსი *

1, 2. როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ იგავების 4:25-ში მოცემული რჩევა? მოიყვანეთ მაგალითები.

მოვიყვანოთ სამი პირობითი სიტუაცია. 1) ასაკოვანი და იხსენებს წარსულის ტკბილ მოგონებებს. მართალია, ახალგაზრდული ჯანი აღარ მოსდევს, მაგრამ კვლავ ბოლომდე იხარჯება იეჰოვას მსახურებაში (1 კორ. 15:58). ის ყოველდღე ფიქრობს იმ დროზე, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიხარებს ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებით. 2) ერთ დას თანაქრისტიანმა გული ატკინა, მაგრამ იგი ცდილობს, წყენა გულში არ ჩაიდოს (კოლ. 3:13). 3) ძმას გააზრებული აქვს წარსულში ჩადენილი შეცდომები, თუმცა გადაწყვეტილი აქვს, რომ მეტად აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომები და იეჰოვას უერთგულოს (ფსალმ. 51:10).

2 რა აქვთ საერთო ზემოთ მოხსენიებულ სამივე ქრისტიანს? მართალია, არცერთ მათგანს წარსული არ დავიწყებია, მაგრამ ისინი არ ცხოვრობენ წარსულით. პირიქით, მათი მზერა მომავლისკენაა მიმართული (წაიკითხეთ იგავების 4:25).

3. რატომ უნდა ვიყურებოდეთ წინ, მომავლისკენ?

3 რატომ უნდა ვიყურებოდეთ წინ, მომავლისკენ? ადამიანი, რომელიც უკან იყურება, სიარულისას სისწორეს ვეღარ იცავს. თუკი გამუდმებით წარსულზე ვიფიქრებთ, ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც — იეჰოვას მსახურებაში ხელი შეგვეშლება (ლუკ. 9:62).

4. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

4 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ სამ მახეზე ანუ მიზეზზე, რომელთა გამოც შესაძლოა წარსულით ვცხოვრობდეთ: * 1) მონატრება, 2) წყენა და 3) დანაშაულის გრძნობა. თითოეული მიზეზის განხილვისას შევიხსენებთ ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც დაგვეხმარება, დავივიწყოთ ის, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფოთ იმისკენ, რაც წინაა (ფილ. 3:13).

მონატრება

რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი და აღარ ვიყუროთ წინ, მომავლისკენ? (იხილეთ აბზაცები 5, 9, 13) *

5. რა გაფრთხილებას შეიცავს ეკლესიასტეს 7:10?

5 წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:10. წაკითხული მუხლის თანახმად, ცუდი არაფერია იმაში, თუკი ვინმეს წარსული ტკბილად აგონდება. სასიამოვნო მოგონებები ხომ იეჰოვას საჩუქარია! თუმცა მუხლი ერთგვარ გაფრთხილებასაც შეიცავს: „ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ წარსულს აწმყოს ვადარებთ და ვასკვნით, რომ დღეს ყველაფერი უარესადაა.

რა შეცდომა დაუშვეს ისრაელებმა ეგვიპტის დატოვების შემდეგ? (იხილეთ აბზაცი 6)

6. რატომ არ არის გონივრული გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ წარსული აწმყოს სჯობდა? მოიყვანეთ მაგალითი.

6 რატომ არ არის გონივრული გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ წარსული აწმყოს სჯობდა? როცა ნოსტალგია შემოგვაწვება და რაიმე გვენატრება, როგორც წესი, წარსულიდან მხოლოდ კარგი გვახსენდება, უსიამოვნო მოგონებები კი დროში უფერულდება. ეს კარგად ჩანს ისრაელების შემთხვევიდან. ეგვიპტის დატოვების შემდეგ მათ მალე დაავიწყდათ, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ეგვიპტეში და ისღა ახსოვდათ, რას ჭამდნენ იქ. ისინი ამბობდნენ: „რა დრო იყო, ეგვიპტეში მუქთად რომ ვჭამდით თევზს, კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს!“ (რიცხ. 11:5). მართლა „მუქთად“ ჰქონდათ ისრაელებს ეს ყოველივე? რასაკვირველია, არა! მათ ლუკმაპურის შოვნა მონური შრომის ფასად უჯდებოდათ (გამ. 1:13, 14; 3:6—9). თუმცა მათ დაავიწყდათ წარსულის მძიმე ყოფა და მხოლოდ კარგს მისტიროდნენ. ისრაელები იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რასაც იეჰოვა მათთვის აკეთებდა, არამედ იმას შენატროდნენ, რაც წარსულში დარჩა. იეჰოვა არ იწონებდა მათ ასეთ დამოკიდებულებას (რიცხ. 11:10).

7. რა დაეხმარა ერთ დას, თავიდან აერიდებინა ის საფრთხე, რაც მონატრებას ახლავს თან?

7 როგორ ავირიდოთ თავიდან ის საფრთხე, რაც მონატრებას ახლავს თან? მოდი განვიხილოთ ერთი დის მაგალითი, რომელმაც ბრუკლინის ბეთელში მსახურება 1945 წელს დაიწყო. რამდენიმე წელში ის დაქორწინდა თანაბეთელელ ძმაზე და მათ ერთად არაერთი წელი იმსახურეს ბეთელში. სამწუხაროდ, 1976 წელს მისი მეუღლე მძიმედ დაავადდა. მან სიკვდილის წინ ცოლს კარგი რჩევა მისცა, რომელიც დაქვრივების შემდეგ გამოადგა: „ჩვენ ტკბილი ოჯახი გვქონდა. მრავალს ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრება არასოდეს ჰქონია . . . წარსულით ნუ იცხოვრებ, თუმცა მოგონებებს ვერსად წაუხვალ. დრო ყველაფრის მკურნალია. ნუ გაბოროტდები; საკუთარ თავს ნუ შეიცოდებ. გაიხარე იმით, რომ არაერთი კურთხევა და ტკბილი მოგონება გაქვს . . . მოგონებები ჩვენთვის ღვთისგან ბოძებული საჩუქარია“. მართლაც ბრძნული რჩევაა!

8. როგორ დაეხმარა ერთ დას მეუღლის რჩევა, რომ წარსულით არ ეცხოვრა?

8 ამ დამ ყურად იღო მეუღლის რჩევა. ის 92 წლის ასაკში დაიღუპა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მან ასეთი რამ თქვა: „იეჰოვასთვის სრული დროით მსახურებაში 63 წლის გატარების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება განვვლე“. ამის მიზეზიც თავადვე ახსნა: „ცხოვრებას გვილამაზებს ჩვენი ძვირფასი საძმო და მათთან ერთად დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი, აგრეთვე, იმის ცოდნა, რომ მარადიულად უნდა ვემსახუროთ ჩვენს დიდებულ შემოქმედს, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვას“. * წინ, მომავლისკენ ყურების რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ამ დამ!

წყენა

9. ლევიანების 19:18-დან გამომდინარე, როდის შეიძლება გაგვიჭირდეს წყენის დავიწყება?

9 წაიკითხეთ ლევიანების 19:18. წყენის დავიწყება განსაკუთრებით მაშინ გვიჭირს, როცა გულს გვტკენს ოჯახის წევრი, მეგობარი ან თანამორწმუნე. მაგალითად, ერთ დას თანაქრისტიანმა ფულის მოპარვაში დასდო ბრალი. მართალია, მოგვიანებით მოუბოდიშა, მაგრამ დადანაშაულებულმა დამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება. თქვენც ხომ არ აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში? შეიძლება ფულის მოპარვაში არავის დაუდანაშაულებიხართ, მაგრამ გული უტკენიათ თქვენთვის და გიფიქრიათ, რომ ამ წყენას გულიდან ვერ ამოიგდებდით.

10. რა დაგვეხმარება წყენის გულიდან ამოგდებაში?

10 რა დაგვეხმარება წყენის გულიდან ამოგდებაში? პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ხედავს ყველაფერს; იცის, რა ხდება ჩვენს თავს და რა უსამართლობას ვხვდებით (ებრ. 4:13). ის თანაგვიგრძნობს და გვპირდება, რომ აღმოფხვრის ნებისმიერ ზიანს, რომელიც უსამართლობის შედეგად მოგვადგა (ეს. 63:9; გამოცხ. 21:3, 4).

11. რატომაა ჩვენთვისვე კარგი, თუ წყენას გულში არ ვიდებთ?

11 ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი წყენას გულში არ ვიდებთ, ეს ჩვენთვისვეა კარგი. სწორედ ამას მიხვდა ფულის ქურდობაში უსამართლოდ დადანაშაულებული და. დროთა განმავლობაში მან წყენა გულიდან ამოიგდო. მან ისიც გააცნობიერა, რომ, როცა სხვებს ვპატიობთ, იეჰოვაც გვპატიობს (მათ. 6:14). მართალია, ის არ ამართლებდა თანაქრისტიანის საქციელს, მაგრამ არჩია, წყენა გულიდან ამოეგდო. შედეგად, მას სიხარული დაუბრუნდა და მთელი ყურადღება იეჰოვას მსახურებაზე გადაიტანა.

დანაშაულის გრძნობა

12. რას ვიგებთ 1 იოანეს 3:19, 20-დან?

12 წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20. დროდადრო ყველას გვეუფლება დანაშაულის გრძნობა. ზოგი თავს უღირსად იმ ცოდვების გამო გრძნობს, ჭეშმარიტების გაგებამდე რომ ჩადიოდა, ზოგსაც ნათლობის შემდეგ დაშვებული შეცდომები აღელვებს. ასეთ გრძნობებს ბევრი ქრისტიანი ებრძვის (რომ. 3:23). მართალია, ყველას გვსურს, სწორად მოვიქცეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2; რომ. 7:21—23). თუმცა ერთიცაა: დანაშაულის გრძნობა ცალსახად ცუდი არაა. თავის დადანაშაულება იმას ნიშნავს, რომ გვინდა, გამოვსწორდეთ და აღარ გავიმეოროთ შეცდომები (ებრ. 12:12, 13).

13. რატომ არ უნდა მოგვიცვას გადამეტებულმა წუხილმა წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო?

13 თუმცა ზოგი ქრისტიანი იმდენად შთანთქა დანაშაულის გრძნობამ, რომ წარსულში ჩადენილ შეცდომებს მაშინაც კი ვერ პატიობს საკუთარ თავს, თუკი უკვე მოინანია და იეჰოვამაც აპატია ისინი. ერთი რამ ცხადია: წარსულის შეცდომებზე გადამეტებული წუხილი კარგს არაფერს გვიქადის (ფსალმ. 31:10; 38:3, 4). ეს კარგად გამოჩნდა ერთი დის შემთხვევიდან, რომელიც წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო თავს გამუდმებით იდანაშაულებდა. ის ამბობს: „ვფიქრობდი, რომ იეჰოვას მსახურებაში მეტის კეთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს ვეღარაფერს შეცვლიდა“. ამ დის მსგავსად, შესაძლოა ჩვენც გვიგრძნია თავი. მაგრამ არ გვინდა, რომ ჩადენილი შეცდომების გამო გადამეტებულმა წუხილმა გვშთანთქას. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სატანის წისქვილზე დავასხამთ წყალს, თუ საკუთარ თავზე ხელს ჩავიქნევთ მაშინ, როცა იეჰოვას ხელი არ ჩაუქნევია ჩვენზე (შეადარეთ 2 კორინთელების 2:5—7, 11).

14. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვას ჩვენზე ხელი არ ჩაუქნევია?

14 და მაინც, ვინც გადამეტებულად წუხს საკუთარ დანაშაულზე, შეიძლება იკითხოს: როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ იეჰოვას ჩემზე ხელი არ ჩაუქნევია? თუკი ადამიანი ასეთ კითხვას სვამს, ის გარკვეულწილად აღიარებს, რომ ღმერთს შეუძლია მისი პატიება. ათწლეულების წინ „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა: „შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა ბევრჯერ დავუშვათ და ამან მიგვახვედროს, რომ ესა თუ ის მავნე ჩვევა ძვალსა და რბილში გვქონია გამჯდარი . . . მაგრამ გული ნუ გაგიტყდებათ! ნუ დაასკვნით, რომ მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინეთ, რადგან სატანასაც ეს უნდა, რომ გაფიქრებინოთ. შეცდომის გამო წუხილი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი დაკარგული არაა. რამდენჯერაც არ უნდა შესცოდოთ, თავმდაბლად მიმართეთ ღმერთს, სთხოვეთ პატიება, შველა და სუფთა სინდისი. როგორც ბავშვი მიმართავს ხოლმე მამას გასაჭირში, თქვენც ასე მიმართეთ ღმერთს მაშინაც კი, თუ ბევრჯერ დაუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას. იეჰოვა, რომელიც არავის უკავებს თავის წყალობას, კვლავ და კვლავ გამოგიწვდით დახმარების ხელს“. *

15, 16. რა გრძნობები დაეუფლა ზოგს, როცა შეიტყვეს, რომ იეჰოვას მათზე ხელი არ ჩაუქნევია?

15 ღვთის ბევრ მსახურს ნუგეში მოჰგვარა იმის ცოდნამ, რომ იეჰოვას არ ჩაუქნევია მათზე ხელი. მაგალითად, წლების წინ ერთი ძმა ძალიან გაამხნევა ერთმა ბიოგრაფიამ. რუბრიკაში, „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“, მოთხრობილი იყო ერთი დის შესახებ, რომელსაც თავისი წარსულის გამო უჭირდა იმის დაჯერება, რომ იეჰოვას შეეძლო მისი შეყვარება. იგი ნათლობის შემდეგაც წლების მანძილზე ებრძოდა უღირსობის გრძნობას. თუმცა ამ დას გამოსასყიდზე ფიქრი დაეხმარა, თავისი პრობლემისთვის სხვა თვალით შეეხედა. *

16 როგორ იმოქმედა ძმაზე ამ ისტორიამ? იგი გვიყვება: „მოზარდობაში პორნოგრაფიით ვიყავი გატაცებული. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამ მავნე ჩვევამ თავი შემახსენა. დახმარებისთვის კრების უხუცესებს მივმართე და მათი წყალობით გავუმკლავდი ამ პრობლემას. უხუცესებმა დამარწმუნეს ღვთის სიყვარულსა და გულმოწყალებაში, თუმცა დროდადრო თავს მახსენებს უღირსობის გრძნობა და მგონია, რომ შეუძლებელია, იეჰოვას ვუყვარდე. ამ ისტორიის წაკითხვა ნამდვილად დამეხმარა. ერთ რამეს მივხვდი: თუკი ვფიქრობ, რომ ღმერთს არ შეუძლია ჩემი პატიება, ამით ფაქტობრივად ვამბობ, რომ მისი ძის მსხვერპლი საკმარისი არაა ჩემი ცოდვების გადასაფარად. ეს ბიოგრაფია ჟურნალიდან ამოვჭერი, რათა ყოველ ჯერზე, როცა უღირსობის გრძნობა შემაწუხებს, თან მქონდეს, რომ გადავიკითხო და დავფიქრდე წაკითხულზე“.

17. რა დაეხმარა პავლე მოციქულს, თავი არ დაედანაშაულებინა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო?

17 მსგავსი შემთხვევები მოციქულ პავლეს მაგალითს გვაგონებს. სანამ იესოს მიმდევარი გახდებოდა, მას არაერთი სერიოზული ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. მართალია, პავლეს ახსოვდა წარსულში ჩადენილი შეცდომები, მაგრამ გამუდმებით წარსულზე არ ფიქრობდა (1 ტიმ. 1:12—15). იგი ქრისტეს გამოსასყიდს პირადად მისდამი გამოვლენილ წყალობად თვლიდა (გალ. 2:20). ამგვარად, პავლე მოციქული გამუდმებით თავს კი არ იდანაშაულებდა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო, არამედ ყველაფერს აკეთებდა, რომ საუკეთესო გაეღო იეჰოვასთვის.

მზერა მომავლისკენ მიმართეთ!

მზერა მომავლისკენ მიმართეთ! (იხილეთ აბზაცები 18, 19) *

18. რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან?

18 რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან? 1) მართალია, სასიამოვნო მოგონებები ღვთის საჩუქარია, მაგრამ რაოდენ ტკბილიც არ უნდა იყოს წარსულის მოგონებები, უნდა გვახსოვდეს, რომ უკეთესი მომავალი გველის. 2) შესაძლოა გულს გვტკენდნენ, მაგრამ თუკი ვპატიობთ, შევძლებთ მთელი ყურადღების იეჰოვას მსახურებაზე გადატანას, და 3) თუ გამუდმებით თავს დავიდანაშაულებთ, ღვთისადმი სიხარულით მსახურებას ვეღარ შევძლებთ. ამიტომ პავლეს მსგავსად, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვამ გვაპატია წარსულში ჩადენილი შეცდომები.

19. საიდან ვიცით, რომ ახალ ქვეყნიერებაში წარსულის შავბნელი მოგონებები არ შეგვაწუხებს?

19 ჩვენ მარადიულად ცხოვრების იმედი გვაქვს. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში არ შეგვაწუხებს წარსულის შავბნელი მოგონებები. იმ დროის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება“ (ეს. 65:17). იფიქრეთ ამაზეც: შეიძლება წლებია, იეჰოვას ვემსახურებით და ამასობაში ასაკიც მოგვემატა, მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში ყველანი გავახალგაზრდავდებით (იობ. 33:25). ამიტომ წარსულით კი ნუ იცხოვრებთ, მზერა მომავლისკენ მიმართეთ!

სიმღერა 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს

^ აბზ. 5 წარსულზე ფიქრი ხანდახან სასიამოვნოც კია. თუმცა წარსულზე ფიქრმა იმდენად არ უნდა გვშთანთქას, რომ ვეღარ გავიხაროთ აწმყოთი და მომავალიც მხედველობიდან გამოგვრჩეს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ სამ მიზეზზე, რომელთა გამოც შესაძლოა დღემდე წარსულით ვცხოვრობდეთ. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ როგორც ბიბლიურ პრინციპებს, ისე ჩვენი და-ძმების მაგალითებს, რომლებიც დაგვეხმარება, რომ გადამეტებულად არ ვიფიქროთ წარსულზე.

^ აბზ. 4 განმარტება: ამ სტატიაში გამოყენებული ფრაზა „წარსულით ცხოვრება“ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მისტირის წარსულს, გამუდმებით მასზე ფიქრობს და საუბრობს.

^ აბზ. 14 იხილეთ 1954 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 123 (ინგლ.).

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: მონატრება, წყენის გულში ჩადება და წარსულის შეცდომების გამო თავის გამუდმებით დადანაშაულება მძიმე ტვირთია. თუკი ამ ტვირთს „ხელს არ გავუშვებთ“, გაგვიძნელდება სიცოცხლის გზაზე სვლა.

^ აბზ. 66 სურათის აღწერა: თუ „ხელს გავუშვებთ“ მძიმე ტვირთს, შვებასა და სიხარულს ვიგრძნობთ და ძალაც განგვიახლდება. ამ შემთხვევაში შევძლებთ, მზერა მომავლისკენ მივმართოთ.