არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 46

ახალდაქორწინებულებო, უმთავრესი ადგილი დაუთმეთ იეჰოვას მსახურებას!

ახალდაქორწინებულებო, უმთავრესი ადგილი დაუთმეთ იეჰოვას მსახურებას!

„იეჰოვაა ჩემი ძალა . . . გულით ვენდობი მას“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 28:7).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 131 „ვინც ღმერთმა შეაუღლა“

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1, 2. ა) რატომ უნდა მიენდონ იეჰოვას ახალდაქორწინებულები? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

 ᲓᲐᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐᲡ ხომ არ აპირებთ ან ახლახან ხომ არ დაოჯახდით? თუ ასეა, ბუნებრივია, იმის მოლოდინი გექნებათ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანთან მრავალ ბედნიერ წელს გაატარებთ. ცხადია, ოჯახის შექმნას თან ახლავს სირთულეები. გარდა ამისა, ცოლ-ქმარს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს. თქვენი ოჯახის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, რა გზას აირჩევთ სირთულეების გადასალახავად და რა გადაწყვეტილებებს მიიღებთ. თუ იეჰოვას მიენდობით, გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, თქვენი ოჯახი განმტკიცდება და უფრო ბედნიერები იქნებით. მაგრამ, თუ იეჰოვას რჩევებს არ გაითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, ისეთ პრობლემებს შეხვდებით, რომლებიც ურთიერთობასაც დაგიძაბავთ და ბევრ უსიამოვნებასაც შეგიქმნით (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:3, 4).

2 ეს სტატია ძირითადად ახალშეუღლებულებს ეხება, მაგრამ მასში განხილული პრინციპები ყველა დაქორწინებულს გამოადგება სირთულეების დროს. ამ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მამაკაცებისა და ქალების მაგალითებს და გავიგებთ, რას ვსწავლობთ მათგან. ნასწავლი შეგვიძლია ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოვიყენოთ, მათ შორის ოჯახში. გარდა ამისა, ჩვენ გარშემო არიან ისეთი წყვილები, რომელთა გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

ᲠᲐ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲡ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲨᲔᲮᲕᲓᲜᲔᲜ ᲐᲮᲐᲚᲓᲐᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ახალდაქორწინებულებს მსახურების გაფართოებაში? (იხილეთ აბზაცები 3, 4).

3, 4. რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ ახალდაქორწინებულები?

3 ხშირ შემთხვევაში ახალდაქორწინებულებს იმისკენ მოუწოდებენ, რომ აიწყონ ცხოვრება. მაგალითად, მშობლები თუ ნათესავები მოელიან, რომ ისინი მალევე იყოლიებენ შვილებს. ზოგი ახლობელი თუ ოჯახის წევრი მათ იმისკენ უბიძგებს, რომ სახლი შეიძინონ და თავიანთ გემოზე მოაწყონ.

4 თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, მათ შეიძლება ადვილად წამოიკიდონ დიდი ვალები. ასეთ შემთხვევაში ორივეს დღედაღამ მოუწევს მუშაობა ვალების დასაფარავად. ასე რომ, სამუშაომ შეიძლება ახალშეუღლებულებს აღარ დაუტოვოს დრო ბიბლიის პირადი შესწავლისთვის, ოჯახური თაყვანისცემისა და მსახურებისთვის. გარდა ამისა, მათ შეიძლება კრებებიც გაუცდეთ, რადგან გადატვირთული გრაფიკით მოუწევთ მუშაობა დამატებითი შემოსავლის მისაღებად ან სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. ამგვარად ისინი ხელიდან გაუშვებენ იეჰოვასთვის მეტის კეთების შესაძლებლობას.

5. რაში გვარწმუნებს ერთი ცოლ-ქმრის გამოცდილება?

5 გამოცდილებამ ცხადყო, რომ მატერიალურზე ორიენტირებას ბედნიერება არ მოაქვს. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ერთი წყვილი, კლაუსი და მარისაც, * დარწმუნდა. როცა დაქორწინდნენ, ორივენი სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ, რათა კომფორტული ცხოვრება ჰქონოდათ. მაგრამ გულის სიღრმეში არცერთი არ იყო კმაყოფილი. კლაუსი აღიარებს: „მატერიალური თვალსაზრისით საჭიროზე მეტი გვქონდა, მაგრამ არანაირ სულიერ მიზანს არ ვისახავდით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენი ცხოვრება მაშინ უფრო რთული და სტრესული იყო“. შეიძლება საკუთარი გამოცდილებითაც რწმუნდებით, რომ მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას კმაყოფილება არ მოაქვს. მაგრამ ამის გამო გული არ უნდა გაიტეხოთ! განვიხილოთ, როგორ დაგეხმარებათ სხვების კარგი მაგალითი საჭირო ცვლილებების მოხდენაში. თავიდან მოდი ვიმსჯელოთ, ქმრებს რისი სწავლა შეუძლიათ მეფე იეჰოშაფატისგან.

ᲛᲔᲤᲔ ᲘᲔᲰᲝᲨᲐᲤᲐᲢᲘᲡ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲐᲓ ᲛᲘᲔᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

6. როგორ გაითვალისწინა მეფე იეჰოშაფატმა იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილი რჩევა განსაცდელის დროს?

6 ქმრებო, ხანდახან ხომ არ გიჭირთ დაკისრებული პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევა? თუ ასეა, მეფე იეჰოშაფატის მაგალითიდან ბევრ რამეს ისწავლით. მის პასუხისმგებლობაში მთელი ერის უსაფრთხოებაზე ზრუნვა შედიოდა. როგორ გაართვა მან თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს? ის, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა ხალხის დასაცავად. მან გაამაგრა იუდას ქალაქები და 1 160 000 მეომრისგან შემდგარი ჯარი ჩამოაყალიბა (2 მატ. 17:12—19). მაგრამ ერთხელაც დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ამონელების, მოაბელებისა და სეირის მთიან მხარეში მცხოვრები ხალხის დიდი ჯარი მისი, მისი ოჯახისა და ხალხის წინააღმდეგ გამოვიდა (2 მატ. 20:1, 2). როგორ მოიქცა იეჰოშაფატი? მან მტერთან გასამკლავებლად ძალა იეჰოვას სთხოვა, რითაც იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილი რჩევა გაითვალისწინა (წაიკითხეთ). 2 მატიანის 20:5—12-ში ჩაწერილი იეჰოშაფატის თავმდაბლური ლოცვიდან კარგად გამოჩნდა, როგორ ენდობოდა ის თავის ზეციერ მოსიყვარულე მამას. როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას?

7. როგორ უპასუხა იეჰოვამ იეჰოშაფატის ლოცვას?

7 იეჰოვა ლევიანი იახაზიელის მეშვეობით დაელაპარაკა იეჰოშაფატს და ასეთი რამ უთხრა: „გადით, დადექით და იხილეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა!“ (2 მატ. 20:13—17). ეს ბრძოლისთვის მეტად უჩვეულო სტრატეგია იყო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მითითება ადამიანისგან კი არა, იეჰოვასგან მოდიოდა. იეჰოშაფატი ბოლომდე მიენდო თავის ღმერთს და მისი სიტყვისამებრ იმოქმედა. როცა ის მტერთან შესახვედრად გავიდა, მან წინა რიგებში გამოცდილი მეომრების ნაცვლად შეუიარაღებელი მგალობლები დააყენა. იეჰოვამ იმედი არ გაუცრუა იეჰოშაფატს და მტერზე გამარჯვება მოაპოვებინა (2 მატ. 20:18—23).

ლოცვა და ღვთის სიტყვის შესწავლა დაეხმარება ახალდაქორწინებულებს, რომ იეჰოვას მსახურება პირველ ადგილზე დააყენონ (იხილეთ აბზაცები 8, 10).

8. რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს იეჰოშაფატისგან?

8 იეჰოშაფატის მაგალითი ქმრებისთვის ნამდვილად საყურადღებოა. რადგან თქვენი ოჯახის კეთილდღეობა თქვენს პასუხისმგებლობაში შედის, ალბათ, ყველაფერს აკეთებთ, რომ დაიცვათ თქვენი ოჯახი და იზრუნოთ მასზე. როცა პრობლემებს შეხვდებით, შეიძლება იფიქროთ, რომ მათ თავადაც გაუმკლავდებით. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე იყოთ დაიმედებული, აჯობებს, პირად ლოცვაში იეჰოვას სთხოვოთ დახმარება. გარდა ამისა, შეგიძლიათ მეუღლის თანდასწრებითაც გადაუშალოთ გული იეჰოვას. ღვთის ხელმძღვანელობა რომ დაინახოთ, გამოიკვლიეთ ბიბლია და პუბლიკაციები. შემდეგ კი იქ ჩაწერილი რჩევის თანახმად იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა არ მოგიწონებთ ღვთის სიტყვის კვლევის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს. მეტიც, შეიძლება სისულელეშიც კი ჩაგითვალონ. ისინი, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ფული და ყველაფერი, რისი შოვნაც ფულით შეიძლება, ოჯახის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ასეთ დროს გაიხსენეთ იეჰოშაფატის მაგალითი. ის ენდობოდა იეჰოვას და ეს საქმეებითაც დაამტკიცა. იეჰოვამ არ მიატოვა ეს ერთგული კაცი. ის არც თქვენ მიგატოვებთ (ფსალმ. 37:28; ებრ. 13:5). კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ წყვილებს ბედნიერი მომავლისთვის?

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚ ᲔᲡᲐᲘᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡ ᲪᲝᲚᲡ

9. რა შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველ ესაიასა და მის ცოლზე?

9 ესაიასა და მისი ცოლისთვის უმთავრესი ადგილი იეჰოვას მსახურებას ეკავა. თავად ესაია წინასწარმეტყველი იყო. როგორც ჩანს, მის ცოლსაც უწევდა წინასწარმეტყველება, რადგან ბიბლიაში მას „წინასწარმეტყველი ქალი“ ეწოდება (ეს. 8:1—4). აშკარაა, რომ ამ ცოლ-ქმარს იეჰოვას მსახურებისთვის ჰქონდა თავი მიძღვნილი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაქორწინებულებისთვის კარგ მაგალითს წარმოადგენენ.

10. რაში დაეხმარება ბიბლიური წინასწარმეტყველებების კვლევა ცოლ-ქმარს?

10 ესაიასა და მისი ცოლის მსგავსად დაქორწინებულებს შეუძლიათ თავიანთ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას მსახურებას დაუთმონ. ისინი იეჰოვასადმი ნდობას განიმტკიცებენ, თუ ერთად გამოიკვლევენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს და კიდევ ერთხელ შეიხსენებენ მათ უტყუარობას * (ტიტ. 1:2). მათ შეუძლიათ იმაზეც იფიქრონ, თავად რა წვლილი შეაქვთ ამ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაში. მაგალითად, მათეს 24:14-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებაში, რომელიც აღსასრულამდე მთელ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგებას ეხება. რაც უფრო მეტად დარწმუნდება წყვილი ბიბლიური წინასწარმეტყველებების უტყუარობაში, მით მეტია იმის ალბათობა, რომ სრულად დაიხარჯება იეჰოვას მსახურებაში.

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲞᲠᲘᲡᲙᲘᲚᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲙᲕᲘᲚᲐᲡ

11. რისი გაკეთება შეძლეს პრისკილამ და აკვილამ და რატომ?

11 ახალშეუღლებულებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ პრისკილასა და აკვილასგან, რომში მცხოვრები ებრაელი ცოლ-ქმრისგან. მათ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა მოისმინეს და გაქრისტიანდნენ. ისინი, როგორც ჩანს, კმაყოფილი იყვნენ თავიანთი ცხოვრებით, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა, როცა იმპერატორმა კლავდიუსმა იუდეველებს რომი დაატოვებინა. დაფიქრდით, როგორ შეცვლიდა ეს პრისკილასა და აკვილას ცხოვრებას. მათ უნდა დაეტოვებინათ ნაცნობი გარემო და ყველაფერი ახლიდან დაეწყოთ. მაგალითად, უნდა მოეძებნათ ახალი საცხოვრებელი და კარვების კერვის საქმეც განეახლებინათ. ამ ყველაფრის გამო სამეფოს საქმემ მათ ცხოვრებაში უკანა პლანზე ხომ არ გადაიწია? ყველამ კარგად ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. კორინთში აკვილა და პრისკილა აქტიურად ჩაებნენ ადგილობრივი კრების საქმიანობაში და მოციქულ პავლესთან ერთად და-ძმებს განამტკიცებდნენ. მოგვიანებით ისინი იმ ქალაქებშიც ქადაგებდნენ, სადაც ამის საჭიროება იყო (საქ. 18:18—21; რომ. 16:3—5). მათ ნამდვილად აზრიანი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ.

12. რატომ უნდა დაისახონ დაქორწინებულებმა სულიერი მიზნები?

12 პრისკილასა და აკვილას მსგავსად წყვილებს დღესაც შეუძლიათ, სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დააყენონ. აჯობებს, თუ წყვილი საერთო მიზნებზე დაქორწინებამდე ისაუბრებს. როცა ისინი ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ და ისწრაფვიან სულიერი მიზნებისკენ, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, დაინახონ იეჰოვას ხელი თავიანთ ცხოვრებაში (ეკლ. 4:9, 12). განვიხილოთ რასელისა და ელიზაბეთის მაგალითი. რასელი ამბობს: „გაცნობის პერიოდში კონკრეტულად ვსაუბრობდით, რა სულიერი მიზნები შეიძლებოდა დაგვესახა“. ელიზაბეთი კი ამბობს: „ვინაიდან ამ ყველაფერზე წინასწარ გვქონდა ნამსჯელი, როცა რაიმე გადაწყვეტილების წინაშე ვდგებოდით, ისეთ არჩევანს არ ვაკეთებდით, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში შეგვიშლიდა ხელს“. ვინაიდან რასელსა და ელიზაბეთს მდგომარეობა ხელს უწყობდა, მათ გადაწყვიტეს მიკრონეზიაში გადასულიყვნენ, იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.

სულიერი მიზნების დასახვა დაეხმარება ახალდაქორწინებულებს, რომ იეჰოვას მსახურება პირველ ადგილზე დააყენონ (იხილეთ აბზაცი 13).

13. ფსალმუნის 28:7-ის თანახმად, რა იქნება შედეგი, თუ მივენდობით იეჰოვას?

13 რასელისა და ელიზაბეთის მსგავსად ბევრმა წყვილმა გადაწყვიტა, გაემარტივებინა ცხოვრება და ძირითადი დრო ქადაგებისა და სწავლების საქმისთვის დაეთმო. როცა წყვილი ღირებულ მიზნებს ისახავს იეჰოვას მსახურებაში და ერთად ცდილობს დასახული მიზნების მიღწევას, მათ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ ხდება. ისინი ხედავენ იეჰოვას მზრუნველობას, მისადმი ნდობას იმტკიცებენ და ნამდვილ ბედნიერებას გრძნობენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 28:7).

ᲛᲝᲪᲘᲥᲣᲚᲘ ᲞᲔᲢᲠᲔᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲪᲝᲚᲘᲡ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲐᲓ ᲔᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲐᲞᲘᲠᲔᲑᲔᲑᲡ

14. საიდან გამოჩნდა, რომ პეტრე მოციქული და მისი ცოლი ენდობოდნენ იეჰოვას დაპირებას, რომლის შესახებაც მათეს 6:25, 31—34-ში ვკითხულობთ?

14 დაქორწინებულებისთვის მოციქული პეტრე და მისი მეუღლეც კარგ მაგალითს წარმოადგენენ. იესოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ექვსი თვიდან ერთ წლამდე იყო გასული, როცა პეტრე სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დადგა. ის ოჯახს მებადურობით არჩენდა. ამიტომ, როცა იესომ თავისი მიმდევრობა შესთავაზა, პეტრეს მოუწევდა, ანგარიში გაეწია ოჯახისთვის (ლუკ. 5:1—11). ის სწორად მოიქცა, როცა იესოს მიმდევრობა არჩია. აშკარაა, რომ პეტრეს ამ გადაწყვეტილებას მისი ცოლიც უჭერდა მხარს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესოს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ის არაერთხელ ახლდა თან თავის ქმარს ქრისტიანული დავალებების შესრულებისას (1 კორ. 9:5). უდავოა, თავისი ცოლის კარგმა მაგალითმა პეტრეს იმის სითამამე შესძინა, რომ მოგვიანებით ღვთის შთაგონებით რჩევები მიეცა ქრისტიანი ქმრებისა და ცოლებისთვის (1 პეტ. 3:1—7). აშკარაა, პეტრესაც და მის მეუღლესაც სწამდათ, რომ იეჰოვა თავისი დაპირებისამებრ იზრუნებდა მათზე, თუ მისადმი მსახურებას უმთავრეს ადგილს დაუთმობდნენ (წაიკითხეთ მათეს 6:25, 31—34).

15. რას ვსწავლობთ ტიაგუსა და ესთერის შემთხვევიდან?

15 თუნდაც ახალდაქორწინებულები არ იყოთ, რა მოგცემთ იმის სტიმულს, რომ მსახურება გააფართოოთ? ამაში სხვა წყვილების მაგალითები დაგეხმარებათ. გაეცანით სხვადასხვა შემთხვევებს რუბრიკიდან „მათ მზადყოფნა გამოავლინეს“. სწორედ ამ სტატიების კითხვამ გაუღვიძა ერთ ბრაზილიელ ცოლ-ქმარს ტიაგუსა და ესთერს მსახურების გაფართოების სურვილი. ტიაგუ ამბობს: „როცა ვკითხულობდით, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის მსახურებს, უფრო მეტად გვიჩნდებოდა იმის სურვილი, რომ თავადაც გამოგვეცადა იეჰოვას ხელმძღვანელობა და მზრუნველობა“. 2014 წლიდან ისინი პარაგვაიში პორტუგალიურ ტერიტორიაზე მსახურობენ. ესთერი ამბობს: „ორივეს ძალიან გვიყვარს ეფესოელების 3:20. მსახურებაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში“. ეფესოელებს პავლე მოციქულმა მისწერა, რომ იეჰოვა მათთვის იმაზე მეტს გააკეთებდა, ვიდრე სთხოვდნენ. ჩვენც არაერთხელ დავრწმუნებულვართ ამ სიტყვების უტყუარობაში.

მოწიფული თანაქრისტიანებისთვის რჩევის კითხვა დაეხმარება ახალდაქორწინებულებს, რომ იეჰოვას მსახურება პირველ ადგილზე დააყენონ (იხილეთ აბზაცი 16).

16. ვისი რჩევა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდა წყვილებმა, როცა გარკვეულ სულიერ მიზნებს ისახავენ?

16 ახალგაზრდა წყვილებს კარგ მაგალითს აძლევენ ისინი, ვინც იეჰოვაზე მინდობა ისწავლეს. ბევრმა წყვილმა ათწლეულები გაატარა სრული დროით მსახურებაში. კარგი იქნება, თუ გაანდობთ მათ თქვენს გეგმებს და რჩევას ჰკითხავთ. ასე აჩვენებთ, რომ ენდობით იეჰოვას (იგავ. 22:17, 19). უხუცესებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ახალგაზრდა წყვილებს სულიერი მიზნების დასახვასა და მიღწევაში.

17. როგორ განვითარდა მოვლენები კლაუსისა და მარისას შემთხვევაში და რას გვასწავლის ეს ჩვენ?

17 შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენი სულიერი მიზნები ჩვენი მოლოდინისამებრ არ განხორციელდეს. ასე მოხდა ამ სტატიაში მოხსენიებული კლაუსისა და მარისას შემთხვევაში. ისინი სამი წლის დაქორწინებულები იყვნენ, როცა სახლი დატოვეს და ფინეთის ფილიალში სამშენებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, როგორც გაირკვა, იქ 6 თვეზე მეტხანს ვერ დარჩებოდნენ. ამის გამო გული დასწყდათ, მაგრამ მალევე არაბული ენის შემსწავლელ კურსზე მიიწვიეს. ამჟამად ეს ცოლ-ქმარი არაბულენოვან ტერიტორიაზე მსახურობს უცხო ქვეყანაში. განვლილ წლებს მარისა ასე იხსენებს: „თავიდან, ცოტა არ იყოს, გაშინებს, რომ გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან და მთლიანად მიენდო იეჰოვას. მაგრამ იეჰოვა არაერთხელ დაგვეხმარა მოულოდნელი სახით. ამ ყველაფრის შემხედვარეს უფრო განმიმტკიცდა მისადმი ნდობა“. როგორც ეს მაგალითი ცხადყოფს, იეჰოვა ყოველთვის დააჯილდოებს თქვენს ნდობას.

18. რა დაეხმარება ცოლ-ქმარს, რომ ყოველთვის მიენდოს იეჰოვას?

18 ქორწინება იეჰოვას საჩუქარია (მათ. 19:5, 6). მას სურს, რომ წყვილებს ამ საჩუქარმა სიხარული მოუტანოს (იგავ. 5:18). ამიტომ ახალგაზრდა წყვილებო, დაფიქრდით, რა კურსი გაქვთ აღებული. ყველაფერს აკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოხატოთ მადლიერება იეჰოვასგან ბოძებული არაერთი ძღვნისთვის? ესაუბრეთ მას ლოცვაში. ღვთის სიტყვაში მოიძიეთ თქვენი სიტუაციისთვის შესაფერისი პრინციპები. შემდეგ კი ყურად იღეთ იეჰოვას რჩევები და თავად დარწმუნდებით, რამხელა კმაყოფილებასა და ბედნიერებას მოგანიჭებთ იეჰოვას მსახურების პირველ ადგილზე დაყენება.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 132 ახლა ჩვენ ერთნი ვართ

^ აბზ. 5 ზოგიერთი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა დროსა და ძალისხმევას მოვახმართ იეჰოვას მსახურებას. განსაკუთრებით ახალშეუღლებულებს უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათი ცხოვრების კურსს განსაზღვრავს. ეს სტატია დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ბედნიერი და აზრიანი ცხოვრების საწინდარია.

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 10 მაგალითად, შეგიძლიათ განიხილოთ მე-6, მე-7 და მე-19 თავები წიგნიდან „წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!“