არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 47

მტკიცე რწმენით შეხვდებით მომავალს?

მტკიცე რწმენით შეხვდებით მომავალს?

„ნუ დამწუხრდებით! ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე!“ (ᲘᲝᲐᲜ. 14:1).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 119 რწმენა უნდა გვქონდეს

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს?

 ᲮᲝᲛ არ გაშინებთ ისეთ მოვლენებზე ფიქრი, როგორებიცაა: ცრუ რელიგიის განადგურება, გოგის თავდასხმა ან არმაგედონი? გიფიქრიათ იმაზე, შეძლებთ თუ არა ერთგულების შენარჩუნებას ამ შიშის მომგვრელი მოვლენების დროს? თუ გონებაში ასეთი ფიქრები გიტრიალებთ, წამყვან მუხლში მოყვანილი იესოს სიტყვები დიდ დახმარებას გაგიწევთ. მან თავის მოწაფეებს ასეთი რამ უთხრა: „ნუ დამწუხრდებით! ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე!“ (იოან. 14:1). ძლიერი რწმენა დაგვეხმარება, მომავალს მშვიდად და გაბედულად შევხვდეთ.

2. როგორ გავიძლიეროთ რწმენა და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ის, თუ დღეს როგორ ვხვდებით რწმენის გამოცდებს, წარმოდგენას შეგვიქმნის, მომავალში როგორ შევხვდებით მსგავს განსაცდელებს. ეს იმის დანახვაშიც დაგვეხმარება, თუ რა სფეროებში გვჭირდება რწმენის გაძლიერება. ყოველი გადალახული განსაცდელი უფრო მეტად გაგვიძლიერებს რწმენას, რაც, თავის მხრივ, მომავალი სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება. ამ სტატიაში განვიხილავთ იმ ოთხ სიტუაციას, როცა იესოს მოწაფეებს საკმარისი რწმენა არ აღმოაჩნდათ. ვიმსჯელებთ იმაზეც, დღეს როგორ შევხვდეთ მსგავს განსაცდელებს და როგორ მოგვამზადებს ეს მომავლისთვის.

ᲠᲬᲛᲔᲜᲐ, ᲠᲝᲛ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲘᲖᲠᲣᲜᲔᲑᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲚᲔᲑᲔᲑᲖᲔ

შეიძლება ფინანსურად გვიჭირს, მაგრამ რწმენა დაგვეხმარება, ძირითადი ყურადღება ღვთის სამეფოზე გადავიტანოთ (იხილეთ აბზაცები 3—6).

3. მათეს 6:30, 33-ის თანახმად, რაზე გაამახვილა იესომ ყურადღება?

3 ყველა ოჯახისთავს სურს, რომ ცოლ-შვილი საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით უზრუნველყოს, რაც ამ რთულ დროში ადვილი ნამდვილად არ არის. ზოგმა ჩვენმა თანაქრისტიანმა სამსახური დაკარგა და დიდი მცდელობის მიუხედავად ახალი ვერ იშოვა. ზოგს ქრისტიანისთვის შეუფერებელ სამსახურზე მოუწია უარის თქმა. ასეთ შემთხვევებში მტკიცე რწმენაა საჭირო, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენი და ჩვენი ოჯახის მოთხოვნილებებზე. იესომ მთაზე ქადაგების დროს თავის მოწაფეებთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა (წაიკითხეთ მათეს 6:30, 33). თუ ბოლომდე ვიქნებით დარწმუნებული, რომ იეჰოვა არ მიგვატოვებს, მაშინ მთელ ყურადღებას უფრო მნიშვნელოვანზე, ანუ ღვთის სამეფოზე გადავიტანთ. როცა საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, ის უფრო რეალური ხდება ჩვენთვის და რწმენა გვიმტკიცდება.

4, 5. როგორ გაუმკლავდა ერთი ოჯახი სიდუხჭირით გამოწვეულ საწუხარს?

4 განვიხილოთ ვენესუელაში მცხოვრები კასტროების ოჯახის მაგალითი. სიდუხჭირის მიუხედავად ეს ოჯახი ყოველთვის გრძნობს იეჰოვას ხელს. ისინი თავიანთი მეურნეობით ირჩენდნენ თავს, სანამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ არ ჩამოართვა კარ-მიდამო და არ დაატოვებინა იქაურობა. ოჯახის უფროსი მიგელი ამბობს: „ახლა იჯარით აღებულ პატარა მიწის ნაკვეთს ვამუშავებთ. ყოველდღე შევთხოვ იეჰოვას, რომ იმ დღის სამყოფი არ მოგვაკლოს“. მართალია, ამ ოჯახს დღესაც ძალიან უჭირს, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ზეციერი მამა იზრუნებს მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე. ეს ოჯახი კრების შეხვედრებსაც რეგულარულად ესწრება და მსახურებაშიც აქტიურად მონაწილეობს. ვინაიდან ისინი სამეფოს პირველ ადგილზე აყენებენ, იეჰოვაც ზრუნავს მათ საჭიროებებზე.

5 გაჭირვების მიუხედავად მიგელსა და მის მეუღლეს მთელი ყურადღება იმაზე აქვთ გადატანილი, თუ როგორ უწვდის ღმერთი მათ დახმარების ხელს. იეჰოვა თანამორწმუნეების მეშვეობით ზრუნავდა მათ ელემენტარულ საჭიროებებზე. და-ძმები მიგელს შესაფერისი სამსახურის პოვნაშიც დაეხმარნენ. დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა, რომელსაც ხელმძღვანელობას ფილიალი უწევს, არაერთხელ იზრუნა მათთვის აუცილებელი ნივთების მიწოდებაზე. იეჰოვას არასდროს მიუტოვებია ისინი. ამ ყველაფერმა მთელ ოჯახს რწმენა უფრო განუმტკიცა. მათი უფროსი ქალიშვილი, იოსელინი, კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა აშკარად იგრძნო იეჰოვას ხელი: „გული გიჩუყდება, როცა ასე აშკარად ხედავ იეჰოვას მზრუნველობას. ის ჩემთვის მეგობარივითაა, რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია დავეყრდნო. განსაცდელებმა, რომლებიც ჩემმა ოჯახმა გამოიარა, უფრო რთული განსაცდელებისთვის მოგვამზადა“.

6. როგორ შეგიძლიათ რწმენის გაძლიერება უსახსრობის დროს?

6 უსახსრობა ნამდვილად რთული ასატანია. თუ თქვენც ასეთ მდგომარეობაში ხართ, შეეცადეთ, ეს არასახარბიელო გარემოება რწმენის განსამტკიცებლად გამოიყენოთ. წაიკითხეთ მათეს 6:25—34 და დაფიქრდით ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. გაეცანით იმ შემთხვევებს, საიდანაც ჩანს, როგორ ზრუნავს იეჰოვა მათზე, ვინც აქტიურად არის ჩართული თეოკრატიულ საქმეში (1 კორ. 15:58). ეს გაგიძლიერებთ რწმენას, რომ იეჰოვა, ზეციერი მამა, თქვენზეც იზრუნებს მსგავს სიტუაციებში. მან იცის, რა გჭირდებათ და ისიც იცის, როგორ აღმოგიჩინოთ დახმარება. როცა საკუთარი თვალით ხედავთ, როგორ გიდგათ იეჰოვა მხარში, რწმენა გიმტკიცდებათ. ეს კი იმაში დაგეხმარებათ, რომ მომავალში უფრო რთულ განსაცდელებს გაუმკლავდეთ (აბაკ. 3:17, 18).

ᲠᲬᲛᲔᲜᲐ, ᲠᲝᲛ ᲒᲐᲣᲫᲚᲔᲑᲗ ᲥᲐᲠᲢᲔᲮᲘᲚᲔᲑᲡ

ძლიერი რწმენა დაგვეხმარება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ნებისმიერ ქარტეხილს გავუძლოთ (იხილეთ აბზაცები 7—11).

7. მათეს 8:23—26-ის თანახმად, როგორ გამოსცადა ქარიშხალმა მოწაფეების რწმენა?

7 იესო და მოწაფეები ნავით მიცურავდნენ, როცა მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. იესომ ეს შემთხვევა მათთვის იმის დასანახვებლად გამოიყენა, რომ რწმენის გაძლიერება სჭირდებოდათ (წაიკითხეთ მათეს 8:23—26). ზღვა ბობოქრობდა, ნავი წყლით ივსებოდა, იესოს კი ამ დროს მშვიდად ეძინა. როცა შეშინებულმა მოწაფეებმა გააღვიძეს ის და შველა სთხოვეს, მან რბილად უსაყვედურა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?!“. ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ იეჰოვა საფრთხისგან დაიცავდა იესოსაც და მასთან მყოფებსაც. ჩვენ რას გვასწავლის ეს შემთხვევა? ძლიერი რწმენა დაგვეხმარება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ნებისმიერ ქარტეხილს გავუძლოთ.

8, 9. რამ გამოსცადა ანელის რწმენა და რა დაეხმარა მას?

8 დავფიქრდეთ ერთი პუერტორიკოელი დაუქორწინებელი დის, ანელის, მაგალითზე, რომელსაც განსაცდელმა რწმენა გაუძლიერა. მისი განსაცდელი ქარიშხალი „მარია“ აღმოჩნდა, რომელმაც 2017 წელს სახლი დაუნგრია. სტიქიის გამო მან სამუშაოც დაკარგა. „ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი, — ამბობს, ანელი, — მაგრამ ვისწავლე, როგორ მივანდო იეჰოვას ჩემი საწუხარი და სასოწარკვეთილებას არ მივეცე“.

9 როგორც ანელი ამბობს, განსაცდელის ატანაში მას მორჩილებაც დაეხმარა. „ორგანიზაციისგან მიღებული ხელმძღვანელობის წყალობით სიმშვიდე შევინარჩუნე. იეჰოვამ სულიერადაც გამამხნევა და და-ძმების მეშვეობითაც აღმომიჩინა პრაქტიკული დახმარება“. ის დასძენს: „იეჰოვამ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა ჩემთვის, ვიდრე ვთხოვდი. ამან რწმენა დიდად განმიმტკიცა“.

10. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ცხოვრებისეული ქარტეხილები დაგატყდათ თავს?

10 თქვენც ხომ არ ებრძვით ცხოვრებისეულ ქარტეხილს? შეიძლება სტიქიური უბედურება დაგატყდათ თავს ან ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, რის გამოც გულგატეხილი ხართ და არ იცით, როგორ მოიქცეთ. დროდადრო შეიძლება დარდი მოგეძალოთ, მაგრამ ამის გამო ნუ დაკარგავთ იეჰოვასადმი ნდობას. გულწრფელი ლოცვებით დაუახლოვდით მას. გაიხსენეთ, როგორ დაგეხმარათ ის წარსულში და ასე გაიძლიერეთ რწმენა (ფსალმ. 77:11, 12). გჯეროდეთ, რომ ის არ მიგატოვებთ არც ახლა და არც მომავალში.

11. რატომ უნდა დავემორჩილოთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია?

11 კიდევ რა დაგეხმარებათ სირთულეებთან გამკლავებაში? მორჩილება, როგორც ეს ანელის სიტყვებიდანაც გამოჩნდა. ენდეთ მათ, ვისაც იეჰოვა და იესო ენდობა. ზოგჯერ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, შეიძლება ისეთი მითითებები მოგვცენ, რომლებიც არალოგიკური გვეჩვენება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა მორჩილებას აფასებს. როგორც ბიბლიიდან და ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებიდან ვიცით, მორჩილებას სიცოცხლის ხსნა შეუძლია (გამ. 14:1—4; 2 მატ. 20:17). ასეთ მაგალითებზე ფიქრი დაგეხმარებათ, მიჰყვეთ იეჰოვას ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ახლაც და მომავალშიც (ებრ. 13:17). ამგვარად ვეღარ შეგაშინებთ ქარიშხალი, რომელიც გვიახლოვდება (იგავ. 3:25).

ᲠᲬᲛᲔᲜᲐ, ᲠᲝᲛ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲐᲒᲕᲐᲢᲐᲜᲘᲜᲔᲑᲡ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲑᲐᲡ

დაჟინებული ლოცვა რწმენას განგვიმტკიცებს (იხილეთ აბზაცი 12).

12. როგორ აკავშირებს ლუკას 18:1—8 რწმენას უსამართლობის ატანასთან?

12 იესომ იცოდა, რომ უსამართლობა მოწაფეების რწმენას გამოცდიდა. უსამართლობის ატანაში რომ დახმარებოდა, ის მათ მოუყვა ერთ იგავს, რომელიც ლუკას სახარებაშია ჩაწერილი. იგავი მოგვითხრობს ქვრივზე, რომელიც დაჟინებით ითხოვდა უსამართლო მოსამართლისგან სამართლის გაჩენას. ქვრივი დარწმუნებული იყო, რომ დაჟინებული თხოვნით ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევდა. ბოლოს მოსამართლემ შეისმინა მისი თხოვნა. რას გვასწავლის ეს იგავი? უსამართლო მოსამართლისგან განსხვავებით, იეჰოვა სამართლიანია. იესომ ეს იგავი ასე შეაჯამა: „განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ?“ (წაიკითხეთ ლუკას 18:1—8). შემდეგ იესომ დასძინა: „როცა მოვა კაცის ძე, პოვებს კი ამგვარ რწმენას დედამიწაზე?“ როცა უსამართლობას ვხვდებით, მოთმინებითა და დაჟინებულობით უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ძლიერი რწმენა გვაქვს. ასეთი რწმენა იმის გულდაჯერებულობას შეგვმატებს, რომ იეჰოვა ადრე თუ გვიან ჩვენ სასარგებლოდ იმოქმედებს. გარდა ამისა, უნდა გვწამდეს, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ზოგჯერ იეჰოვამ ლოცვაზე შეიძლება ჩვენთვის მოულოდნელი სახით გვიპასუხოს.

13. როგორ დაეხმარა ლოცვა ერთ ოჯახს, როცა ისინი უსამართლობას შეხვდნენ?

13 განვიხილოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ერთ დას, ვეროს შეემთხვა. ის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობს. ვეროს, მის ქმარს, რომელიც არ არის იეჰოვა მოწმე და მის 15 წლის ქალიშვილს გაქცევა მოუწიათ, როცა მათ სოფელს შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა თავს. გზაზე ჯარისკაცებმა დააკავეს და მოკვლით დაემუქრნენ. როცა ვერო ატირდა, ქალიშვილი მის დაწყნარებას შეეცადა და ხმამაღლა დაიწყო ლოცვა და იეჰოვას სახელის მოხმობა. როცა ლოცვა დაასრულა, მეთაურმა ჰკითხა: „გოგონა, ვინ გასწავლა ლოცვა?“ გოგონამ მიუგო: „დედამ მასწავლა მათეს 6:9—13-ში ჩაწერილი ლოცვის ნიმუშის მიხედვით“. ამაზე მეთაურმა უთხრა: „მშვიდობით წადი შენს მშობლებთან ერთად. შენმა ღმერთმა იეჰოვამ დაგიფაროს“.

14. რამ შეიძლება გამოსცადოს ჩვენი რწმენა და რა დაგვეხმარება მოთმინებაში?

14 ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამხელა ძალა აქვს ლოცვას. ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა მაშინვე ან განსაკუთრებული სახით გვიპასუხებს ლოცვებზე. მაგრამ, თუ იესოს იგავში მოყვანილი ქვრივის მსგავსად დაჟინებით ვლოცულობთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს და ადრე თუ გვიან ამა თუ იმ სახით გვიპასუხებს ლოცვაზე. გამუდმებით სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული (ფილ. 4:13). გახსოვდეთ, მალე იეჰოვა ისე გაკურთხებთ, რომ წარსულის ტკივილი აღარც გაგახსენდებათ. თუ მისი დახმარებით ერთგულად იტანთ სირთულეებს, მომავალ განსაცდელებს მომზადებული შეხვდებით (1 პეტ. 1:6, 7).

ᲠᲬᲛᲔᲜᲐ, ᲠᲝᲛ ᲒᲐᲓᲐᲕᲚᲐᲮᲐᲕᲗ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲡ

15. როგორც მათეს 17:19, 20-დან ვიგებთ, რა დაბრკოლებებს შეხვდნენ იესოს მოწაფეები?

15 იესომ მოწაფეებს აუხსნა, რომ რწმენის წყალობით ისინი შეძლებდნენ სირთულეების გადალახვას (წაიკითხეთ მათეს 17:19, 20). ერთხელ მათ ვერ შეძლეს დემონის განდევნა, არადა სხვა დროს ეს წარმატებით გამოუვიდათ. რა იყო ამის მიზეზი? რწმენის ნაკლებობა. იესომ დაანახვა მათ, რომ, თუ სათანადო რწმენა ექნებოდათ, მთასავით დაბრკოლებებს გადალახავდნენ. ერთი შეხედვით გადაულახავ დაბრკოლებებს დღეს შეიძლება ჩვენც შევხვდეთ.

შეიძლება დიდ ტკივილს განვიცდით, მაგრამ რწმენა დაგვეხმარება, აქტიურად განვაგრძოთ იეჰოვას მსახურება (იხილეთ აბზაცი 16).

16. როგორ დაეხმარა რწმენა გეიდის მწუხარებასთან გამკლავებაში?

16 განვიხილოთ ერთი გვატემალელი დის, გეიდის, მაგალითი. მისი მეუღლე ედი მაშინ მოკლეს, როცა ისინი კრებიდან სახლში ბრუნდებოდნენ. როგორ დაეხმარა რწმენა გეიდის ამ ტრაგედიის გადატანაში? ის ამბობს: „ლოცვა მეხმარება, იეჰოვას მივანდო ჩემი ტვირთი და სიმშვიდე არ დავკარგო. ჩემი ოჯახისა და კრების მეშვეობით ვგრძნობ, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩემზე. აქტიური მსახურება ტკივილს მიყუჩებს და მეხმარება, რომ ზედმეტად არ ვიწუხო ხვალინდელ დღეზე. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდე მომავალში, იეჰოვას, იესოსა და ღვთის ორგანიზაციის დახმარებით ყველაფერს გადავლახავ“.

17. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა მთასავით დაბრკოლებებს ვხვდებით?

17 თქვენც ხომ არ გლოვობთ საყვარელ ადამიანს? თუ ასეა, კარგს იზამთ, თუ ბიბლიაში წაიკითხავთ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს და ასე გაიძლიერებთ აღდგომის რწმენას. ოჯახის წევრის გარიცხვას ხომ არ განიცდით? იკვლიეთ ბიბლია და დარწმუნდებით, რომ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს. ნებისმიერი პრობლემა თქვენი რწმენის განსამტკიცებლად გამოიყენეთ. გული გადაუშალეთ იეჰოვას. საკუთარ ნაჭუჭში კი ნუ ჩაიკეტებით, და-ძმებთან იქონიეთ ახლო ურთიერთობა (იგავ. 18:1). ისეთი საქმეებით დაკავდით, რომლებიც ტკივილის მოთმინებით ატანაში დაგეხმარებათ, თუნდაც ეს ზოგჯერ ცრემლების ფასად დაგიჯდეთ (ფსალმ. 126:5, 6). არ ჩამორჩეთ სულიერ განრიგს, დაესწარით კრების შეხვედრებს, იმსახურეთ და გამოიკვლიეთ ბიბლია. ყოველთვის გონებაში გქონდეთ ის კურთხევები, რომლებსაც იეჰოვა გიმზადებთ. როცა დაინახავთ, როგორ გეხმარებათ დღეს იეჰოვა, რწმენა კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ.

„ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲒᲐᲒᲕᲘᲫᲚᲘᲔᲠᲔ“

18. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხედავთ, რომ რწმენა გაკლიათ?

18 გულს ნუ გაიტეხთ, თუ ამჟამინდელმა თუ გადატანილმა განსაცდელებმა დაგანახვათ, რომ რწმენა გაკლიათ. ჩათვალეთ, რომ ეს რწმენის გაძლიერების შანსს გაძლევთ. იესოს მოციქულებივით ითხოვეთ: „რწმენა გაგვიძლიერე“ (ლუკ. 17:5). გარდა ამისა, დაფიქრდით სტატიაში განხილულ მაგალითებზე. მიგელისა და მისი მეუღლის მსგავსად ყოველთვის გახსოვდეთ, როგორ დაგეხმარათ იეჰოვა. ვეროს ქალიშვილისა და ანელის მსგავსად მხურვალედ ილოცეთ, განსაკუთრებით, როცა დიდ განსაცდელს ხვდებით. გეიდივით თქვენც ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ოჯახისა და თანამორწმუნეების მეშვეობით იზრუნებს თქვენზე. თუ დღეს იეჰოვას საშუალებას აძლევთ, განსაცდელები აგატანინოთ, ეჭვი არ შეგეპარებათ, რომ ის მომავალშიც გადაგალახვინებთ ნებისმიერ დაბრკოლებას.

19. რაში იყო იესო დარწმუნებული და რის საფუძველს გვაძლევს ეს ჩვენ?

19 მართალია, იესომ დაანახვა თავის მოწაფეებს, თუ რა მხრივ აკლდათ რწმენა, მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ მომავალში ისინი ნებისმიერ განსაცდელს იეჰოვას დახმარებით გადალახავდნენ (იოან. 14:1; 16:33). იესოს არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ ძლიერი რწმენა „უამრავ ხალხსაც“ გადაატანინებდა „დიდ გასაჭირს“ (გამოცხ. 7:9, 14). მათ შორის თქვენც იქნებით, თუ იეჰოვას დახმარებით ყველა შესაძლებლობას გამოიყენებთ რწმენის გასაძლიერებლად (ებრ. 10:39).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 118 „რწმენა განგვიმტკიცე“

^ აბზ. 5 ყველას ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ქვეყნიერების აღსასრული. მაგრამ ზოგჯერ გვეფიქრება: შევძლებთ კი მომავალში განვითარებულ მოვლენებს რწმენით შევხვდეთ. ამ სტატიაში განხილული რეალური შემთხვევები და რჩევები რწმენის განმტკიცებაში დაგვეხმარება.