იცოდით თუ არა?
ადასტურებს ისტორია მორდოქაის არსებობას?
ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲘ კაცი, სახელად მორდოქაი, ბიბლიის წიგნ „ესთერის“ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურაა. იგი იუდეიდან იყო გადასახლებული და სპარსეთის სამეფო კარზე მსახურობდა მეფე ახაშვეროშის (მიჩნეულია, რომ ეს მეფე იყო ქსერქსე I) მმართველობის დროს ძვ. წ. მე-5 საუკუნის დასაწყისში. მორდოქაიმ მეფის მოსაკლავად გამიზნული შეთქმულება ჩაშალა. მადლიერების ნიშნად მეფემ მორდოქაის საჯაროდ მიაგო პატივი. მას შემდეგ, რაც ჰამანი, მორდოქაისა და, ზოგადად, ებრაელთა მტერი სიკვდილით დასაჯეს, მეფემ მორდოქაი სამეფოში მეორე კაცად დასვა. მაღალი რანგის წყალობით მორდოქაიმ გამოსცა ბრძანებულება და ასე იხსნა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები ებრაელები სრული განადგურებისგან (ესთ. 1:1; 2:5, 21—23; 8:1, 2; 9:16).
მე-20 საუკუნის დასაწყისში ზოგი ისტორიკოსი აცხადებდა, რომ „ესთერში“ მოთხრობილი ისტორია გამოგონილია და მორდოქაის არასდროს უარსებია. თუმცა 1941 წელს არქეოლოგების მიერ გაკეთებული ერთ-ერთი აღმოჩენა შეგვიძლია იმის მტკიცებად მივიჩნიოთ, რომ ბიბლიური მორდოქაი მართლაც არსებობდა.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სპარსულ ენაზე ლურსმული დამწერლობით შესრულებული წარწერა, რომელშიც ვინმე მარდუკა იყო ნახსენები (ქართულად მორდოქაი). მას შუშანში მაღალი თანამდებობა ეკავა, სავარაუდოდ, ის ხარჯთაღმრიცხველი იყო. აღმოსავლეთმცოდნისა და ისტორიკოსის, არტურ უნგნადის ცნობით, ეს იმ დროისთვის „ერთადერთი არაბიბლიური წყარო იყო“, რომელიც მორდოქაის არსებობას ამტკიცებდა.
მას შემდეგ მეცნიერებმა სპარსულ ენაზე შესრულებული ათასობით ლურსმული წარწერა გაშიფრეს. მათ შორისაა პერსეპოლისში, ქალაქის გალავანთან აღმოჩენილი ხაზინის ნანგრევებში ნაპოვნი თიხის ფილები, რომლებიც ქსერქსე I-ის მმართველობის პერიოდით თარიღდება. ისინი შესრულებულია ელამურ ენაზე და „ესთერში“ ნახსენებ მრავალ სახელს შეიცავს. a
პერსეპოლისში აღმოჩენილ არაერთ ფირფიტაზე ვხვდებით სახელ „მარდუკას“. ის შუშანში სამეფო კარზე გადამწერის მოვალეობას ასრულებდა ქსერქსე I-ის მეფობის დროს. ერთ-ერთ ფილაზე მარდუკა მთარგმნელად არის მოხსენიებული, რაც ბიბლიაში ჩაწერილს არ ეწინააღმდეგება. როგორც „ესთერიდან“ ვიგებთ, მორდოქაი მეფე ახაშვეროშის (იგივე ქსერქსე I) კარზე მსახურობდა და, სულ მცირე, ორ ენაზე საუბრობდა. ის ხშირად იმყოფებოდა მეფის კარიბჭესთან შუშანში (ესთ. 2:19, 21; 3:3). ეს კარიბჭე წარმოადგენდა დიდ ნაგებობას, სადაც სამეფო კარის მოხელეები მსახურობდნენ.
ბიბლიაში მოხსენიებულ მორდოქაისა და სპარსულ წარწერებში ნახსენებ მარდუკას შორის არაერთი აშკარა მსგავსებაა. ისინი ერთ ეპოქაში, ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ამ მსგავსებებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არქეოლოგების მიერ ნაპოვნ ჩანაწერებში ნახსენები მარდუკა და წიგნ „ესთერში“ მოხსენიებული მორდოქაი ერთი და იგივე პიროვნებაა.
a 1992 წელს პროფესორმა ედვინ იამაუჩიმ გამოაქვეყნა ათი სახელი, რომლებიც პერსეპოლისში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზე ეწერა და აგრეთვე მოიხსენიება ბიბლიის წიგნ „ესთერში“.