არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 48

ნუ დაკარგავთ საღად აზროვნების უნარს, როცა თქვენი ერთგულება იცდება!

ნუ დაკარგავთ საღად აზროვნების უნარს, როცა თქვენი ერთგულება იცდება!

„საღად იაზროვნეთ“ (1 ᲞᲔᲢ. 4:7).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა იგულისხმება საღად აზროვნებაში? (1 პეტრე 4:7).

 ᲠᲝᲪᲐ სირთულეებს ვხვდებით, შეიძლება ჩვენი ერთგულება იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი გამოიცადოს. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? საღად უნდა ვიაზროვნოთ, ვიფხიზლოთ და მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:7). საღად რომ ვიაზროვნოთ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ვეცადოთ, ცივი გონებით მივუდგეთ საკითხებს და ყველაფერს იეჰოვას თვალით შევხედოთ. ეს დაგვეხმარება, რომ ემოციებს არ ავყვეთ.

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 წინა სტატიაში ვიმსჯელეთ სამ სირთულეზე, რომლებსაც შესაძლოა ქვეყნიერებაში შევხვდეთ. ამ სტატიაში კი ვიმსჯელებთ სამ სიტუაციაზე, რომლებმაც შეიძლება იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება გამოსცადოს კრებაში: 1) როცა ვთვლით, რომ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგვექცა, 2) როცა ჩვენ მიმართ აღმზრდელობით ზომებს მიმართავენ, 3) როცა ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებთან შეგუება გვიჭირს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს, არ დავკარგოთ საღად აზროვნების უნარი და ვუერთგულოთ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას?

ᲠᲝᲪᲐ ᲕᲗᲕᲚᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲘ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲓ ᲛᲝᲒᲕᲔᲥᲪᲐ

3. რა რეაქცია შეიძლება გვქონდეს თანაქრისტიანის მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე?

3 ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როცა რომელიმე თანაქრისტიანი, შესაძლოა პასუხისმგებელი ძმა, უსამართლოდ მოგექცათ? თუ დიახ, დიდი ალბათობით, მას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია (რომ. 3:23; იაკ. 3:2). და მაინც, მისმა საქციელმა შეიძლება გული გატკინათ. ამაზე ფიქრმა შეიძლება მოსვენება დაგიკარგათ და ისიც კი გაფიქრებინათ, რომ თუ ეს მართლა ღვთის ორგანიზაციაა, ძმა ასე არ უნდა იქცეოდეს. სატანასაც სწორედ ეს უნდა, რომ გვაფიქრებინოს (2 კორ. 2:11). მსგავსმა უარყოფითმა აზრებმა შეიძლება იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ჩამოგვაშოროს. მაშ, რა დაგვეხმარება, საღად ვიაზროვნოთ და არ ავყვეთ უარყოფით ფიქრებს, როცა ვთვლით, რომ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგვექცა?

4. საიდან ჩანს, რომ იოსებს უსამართლობამ საღად აზროვნების უნარი ვერ დააკარგვინა და რისი სწავლა შეგვიძლია ჩვენ? (დაბადება 50:19—21).

4 ნუ დაიბოღმებით. ალბათ გახსოვთ, რა უსამართლოდ მოექცნენ იოსებს უფროსი ძმები. შეიძულეს და მოკვლაც კი დაუპირეს (დაბ. 37:4, 18—22). მართალია, არ მოკლეს, მაგრამ მონად გაყიდეს. შედეგად იოსები 13 წლის განმავლობაში არაერთ სერიოზულ განსაცდელს შეხვდა. ასეთ სიტუაციაში მას ადვილად შეიძლებოდა შეჰპაროდა ეჭვი იეჰოვას სიყვარულში და ეფიქრა, რომ ღმერთმა გასაჭირში მიატოვა. მაგრამ იოსები ასე არ მოქცეულა. მან სიმშვიდე შეინარჩუნა და არ დაკარგა საღად აზროვნების უნარი. იოსებს არ გამოუყენებია ძმებზე შურისძიების შესაძლებლობა და სიყვარულით აპატია მათ (დაბ. 45:4, 5). ასე იმიტომ მოიქცა, რომ საღად შეაფასა მოვლენები. მხოლოდ იმაზე კი არ ფიქრობდა, რისი გადატანა მოუწია, არამედ ხედავდა სრულ სურათს და თავის ადგილს იეჰოვას განზრახვაში (წაიკითხეთ დაბადების 50:19—21). რას გვასწავლის ეს ჩვენ? თუ უსამართლოდ მოგვექცნენ, ნუ გავუნაწყენდებით იეჰოვას და ნუ ვიფიქრებთ, რომ მან მიგვატოვა. ჯობია იმაზე ვიფიქროთ, როგორ გვეხმარება ის უსამართლობის ატანაში. ვეცადოთ, ვიყოთ მიმტევებლები და სიყვარულით გადავფაროთ სხვების შეცდომები (1 პეტ. 4:8).

5. როგორ შეინარჩუნა მიკეასმა საღად აზროვნების უნარი უსამართლო მოპყრობის მიუხედავად?

5 განვიხილოთ ერთი სამხრეთამერიკელი უხუცესის, მიკეასის, b შემთხვევა. წარსულში მას რამდენიმე უხუცესი ცუდად მოექცა. მიკეასი იხსენებს: „ასე საშინლად არასდროს მიგრძვნია თავი. ღამეები არ მეძინა და სიმწრისგან ვტიროდი“. მიუხედავად ამისა, მიკეასმა საღი აზროვნება შეინარჩუნა და ყველაფერი გააკეთა, რომ თავი ხელში აეყვანა. ხშირად ლოცულობდა და იეჰოვას წმინდა სულსა და მოთმინების ძალას სთხოვდა. პუბლიკაციებში საჭირო ინფორმაციას ეძებდა. რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? თუ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგექცათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გასაქანი არ მისცეთ უარყოფით გრძნობებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, თუ რამ უბიძგა ადამიანს ასე მოქცეულიყო. ასე რომ, იეჰოვას ლოცვაში სთხოვეთ, დაგეხმაროთ, გაუგოთ ამ ადამიანს. ეს გაგიადვილებთ მისი დანაშაულისთვის გვერდის ავლას (იგავ. 19:11). გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს და მოთმინების ძალას მოგცემთ (2 მატ. 16:9; ეკლ. 5:8).

ᲠᲝᲪᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲐᲦᲛᲖᲠᲓᲔᲚᲝᲑᲘᲗ ᲖᲝᲛᲔᲑᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲐᲕᲔᲜ

6. რატომ უნდა დავინახოთ აღმზრდელობით ზომებში იეჰოვას სიყვარული? (ებრაელები 12:5, 6, 11).

6 აღმზრდელობითი ზომები ზოგჯერ მტკივნეულია. მაგრამ თუ მხოლოდ ტკივილზე ვიფიქრებთ, შეიძლება თავი შევიცოდოთ და ჩავთვალოთ, რომ ამას არ ვიმსახურებდით და ზედმეტად მკაცრად მოგვექცნენ. ასეთ შემთხვევაში მხედველობიდან გამოგვრჩება ყველაზე მთავარი, კერძოდ ის, რომ აღმზრდელობითი ზომები იეჰოვას სიყვარულის მაჩვენებელია (წაიკითხეთ ებრაელების 12:5, 6, 11). თუ უარყოფით გრძნობებს ავყვებით, ადვილად ჩავიგდებთ თავს სატანის ხელში. მას სულაც არ უნდა, რომ გამოვსწორდეთ. მეტიც, სურს, რომ იეჰოვასა და ქრისტიანულ კრებას ჩამოვშორდეთ. მაშ, რა დაგვეხმარება ასეთ დროს, რომ საღად აზროვნების უნარი არ დავკარგოთ?

პეტრემ თავმდაბლად მიიღო შეგონება და ღვთისთვის უფრო გამოსადეგი მსახური გახდა (იხილეთ აბზაცი 7).

7. ა) როგორ დაუფასდა პეტრეს თავმდაბლობა? (იხილეთ სურათი). ბ) რას ვსწავლობთ პეტრესგან?

7 თავი დაიმდაბლეთ და მოახდინეთ საჭირო ცვლილებები. იესოს არაერთხელ მოუწია პეტრესთვის სხვა მოციქულების წინაშე შენიშვნის მიცემა (მარ. 8:33; ლუკ. 22:31—34). ამის მოსმენა პეტრესთვის ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ამის გამო იესოსთვის ზურგი არ შეუქცევია. მან თავი დაიმდაბლა და გაითვალისწინა იესოს შენიშვნა. იეჰოვამაც დაუფასა პეტრეს ერთგულება და კრებაში ბევრი საპასუხისმგებლო დავალება მიანდო (იოან. 21:15—17; საქ. 10:24—33; 1 პეტ. 1:1). რას ვსწავლობთ პეტრესგან? თუ უხერხულობის გრძნობას გადავლახავთ, თავს დავიმდაბლებთ და საჭირო ცვლილებებს მოვახდენთ, ეს ჩვენც წაგვადგება და სხვებსაც. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვასაც და ჩვენს და-ძმებსაც უფრო მეტად გამოვადგებით.

8, 9. რა რეაქცია ჰქონდა ბერნარდოს პასუხისმგებლობის დაკარგვაზე და რა დაეხმარა მას, რომ სწორად შეეხედა ამ საკითხისთვის?

8 მოდი განვიხილოთ მოზამბიკელი ძმის, ბერნარდოს, მაგალითი. მას უხუცესობა ჩამოერთვა. თავიდან ის ძალიან განაწყენდა, რადგან არ ეთანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას. ისიც აფიქრებდა, კრებაში სხვები რას იფიქრებდნენ მასზე. აი, რას ამბობს ბერნარდო: „თვეები დამჭირდა, რომ სწორად შემეხედა ამ სიტუაციისთვის და იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა აღმედგინა“. რა დაეხმარა მას ამაში?

9 ბერნარდო მიხვდა, რომ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება უნდა შეეცვალა. ის ამბობს: „როცა უხუცესი ვიყავი, სხვებს ებრაელების 12:7-ით ვამხნევებდი და ვაჩვენებდი, როგორ უნდა შეეხედათ იეჰოვას აღმზრდელობითი ზომებისთვის. მერე ჩემს თავს ვუთხარი, ეს მუხლი ახლა ხომ მეც ისე მჭირდება, როგორც სხვებს-მეთქი“. ბერნარდომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობის აღსადგენად სხვა ნაბიჯებიც გადადგა. ის მეტი გულმოდგინებით შეუდგა ბიბლიის კითხვასა და წაკითხულზე ფიქრს. მართალია, ისევ ადარდებდა, რას ფიქრობდნენ და-ძმები მასზე, მაგრამ მაინც აგრძელებდა მათთან მსახურებას და კრების შეხვედრებში მონაწილეობას. მოგვიანებით ის ისევ დაინიშნა უხუცესად. ბერნარდოს მსგავსად, თუ თქვენც შეგეხოთ აღმზრდელობითი ზომები, შეეცადეთ, მოერიოთ თქვენს გრძნობებს, გაითვალისწინოთ რჩევა და მოახდინოთ სათანადო ცვლილებები c (იგავ. 8:33; 22:4). გჯეროდეთ, რომ იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს ერთგულებას მის და მისი ორგანიზაციის მიმართ.

ᲠᲝᲪᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲝᲛᲮᲓᲐᲠ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲗᲐᲜ ᲨᲔᲒᲣᲔᲑᲐ ᲒᲕᲘᲭᲘᲠᲡ

10. რომელ ცვლილებას შეიძლება გამოეცადა ზოგიერთი ებრაელი მამაკაცის რწმენა?

10 ჩვენი ერთგულება შეიძლება ორგანიზაციაში მომხდარმა ცვლილებებმაც გამოსცადოს. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, იეჰოვასაც კი შეიძლება ჩამოვშორდეთ. გავიხსენოთ, რა ცვლილებასთან მოუწიათ შეგუება ებრაელ ოჯახისთავებს მოსეს კანონის შემოღების შემდეგ. მანამდე ოჯახისთავები ასრულებდნენ მღვდლის მოვალეობას. ისინი აგებდნენ სამსხვერპლოებს და ოჯახის სახელით სწირავდნენ მსხვერპლს (დაბ. 8:20, 21; 12:7; 26:25; 35:1, 6, 7; იობ. 1:5). მაგრამ მოსეს კანონით მათ ეს პასუხისმგებლობა ჩამოერთვათ. იეჰოვამ მღვდელმსახურება აარონის საგვარეულოს დააკისრა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერი ოჯახისთავი, რომელიც აარონის საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდა, სიკვდილით დაისჯებოდა, თუ თავის თავზე აიღებდა მღვდლის მოვალეობას d (ლევ. 17:3—6, 8, 9). საინტერესოა, ეს ხომ არ გახდა მიზეზი, რატომაც აუჯანყდნენ კორახი, დათანი, აბირამი და 250 თავკაცი მოსესა და აარონს (რიცხ. 16:1—3). დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი რამ ცხადია: კორახმა და მისმა თანამოაზრეებმა არ უერთგულეს იეჰოვას. რა უნდა ქნათ, თუ ცვლილებები თქვენს ერთგულებასაც სცდის?

კეჰათელები მზადყოფნით შეხვდნენ დავალების ცვლილებას და მსახურობდნენ მგალობლებად, კარიბჭის მცველებად და ზრუნავდნენ საწყობებზე (იხილეთ აბზაცი 11).

11. რას ვსწავლობთ კეჰათელი ლევიანებისგან?

11 ფეხი აუწყვეთ ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებს. უდაბნოში ყოფნის დროს კეჰათელები საპასუხისმგებლო დავალებას ასრულებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ბანაკი აიშლებოდა, კეჰათელები კიდობნით ხელში წინ მიუძღოდნენ ხალხს (რიცხ. 3:29, 31; 10:33; იეს. 3:2—4). მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ისრაელი აღთქმულ მიწაზე დამკვიდრდა. კიდობნის მუდმივად გადაადგილება აღარ იყო საჭირო. შესაბამისად, სოლომონის მეფობის დროს კეჰათელთაგან ზოგი მგალობელი იყო, ზოგი კარიბჭეს იცავდა, ზოგს კი საწყობები ჰქონდა ჩაბარებული (1 მატ. 6:31—33; 26:1, 24). მაგრამ ბიბლიაში ვერსად შეხვდებით იმ აზრს, რომ კეჰათელები წუწუნებდნენ ან უფრო საპატიო დავალებას ითხოვდნენ. რას გვასწავლის ეს ჩვენ? ფეხი უნდა ავუწყოთ ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებს მაშინაც კი, თუ ეს პირადად გვეხება. ნებისმიერი დავალება სიხარულით უნდა შევასრულოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ჩვენი დავალებების მიხედვით არ გვაფასებს. მისთვის მორჩილება ნებისმიერ დავალებაზე ძვირფასია (1 სამ. 15:22).

12. რა რეაქცია ჰქონდა ზაინას, როცა ბეთელში მსახურების შეწყვეტა მოუწია?

12 ვიმსჯელოთ კიდევ ერთი დის, ზაინას, შემთხვევაზე. ცვლილებები მასაც შეეხო, რის გამოც მისთვის ძვირფას დავალებაზე უარის თქმა მოუწია. ბეთელში 23-წლიანი მსახურების შემდეგ ის სპეციალურ პიონერად დაინიშნა. ზაინა ამბობს: „ეს ცვლილება ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო. თავს უსარგებლოდ ვთვლიდი და ვფიქრობდი, ნეტა რაში არ ვივარგე-მეთქი“. ამას ისიც დაემატა, რომ კრებაში ზოგმა ასეთი რამ უთხრა: „შენი საქმე კარგად რომ გაგეკეთებინა, არ გამოგიშვებდნენ“. ზაინას გული ისე ჰქონდა გატეხილი, რომ ყოველ ღამე ტიროდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, არასდროს შეჰპარვია ეჭვი იეჰოვას სიყვარულსა და მისი ორგანიზაციის გადაწყვეტილებებში. როგორ შეძლო ზაინამ საღად აზროვნების შენარჩუნება?

13. როგორ მოერია ზაინა უარყოფით გრძნობებს?

13 ზაინა მოერია თავის უარყოფით გრძნობებს. ამაში იმ სტატიების კითხვა დაეხმარა, რომლებიც მის სიტუაციას ეხებოდა, მაგალითად, 2001 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია, „შენ შეგიძლია გაუმკლავდე გულგატეხილობას!“. ამ სტატიაში მოყვანილი იყო სახარების დამწერი მარკოზის მაგალითი, რომელსაც მსგავს გრძნობებთან ჭიდილი მაშინ მოუწია, როცა დავალება შეეცვალა. ზაინა ამბობს, რომ მარკოზის მაგალითი მისთვის წამალივით იყო. გარდა ამისა, ზაინა საკუთარ თავში არ ჩაკეტილა და მეგობრების წრეში გააგრძელა ტრიალი. არც თავის შეცოდება დაუწყია. ის მიხვდა, რომ ორგანიზაციაში მიღებული გადაწყვეტილებები წმინდა სულით არის ნაკარნახევი და რომ პასუხისმგებელ ძმებსაც გულწრფელად აღელვებდათ მისი მდგომარეობა. იმასაც მიხვდა, რომ მსგავსი ცვლილებები ღვთის საქმის წინსვლას ემსახურება.

14. რა ცვლილებებთან მოუწია შეგუება ვლადოს და რა დაეხმარა მას?

14 73 წლის სლოვენიელ უხუცესს, ვლადოს, ძალიან გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ კრებების გაერთიანების გამო მათი დარბაზი დაიხურა. ვლადო ამბობს: „ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დახურულიყო ეს ულამაზესი დარბაზი, თანაც ახალგარემონტებული. მე თვითონ დურგალი ვარ და ამ დარბაზისთვის ახალი ავეჯიც მქონდა დამზადებული. კრებების გაერთიანებას ბევრი ცვლილება მოჰყვა. ამასთან შეგუება ჩემნაირი ასაკოვანი მაუწყებლებისთვის არ იყო ადვილი“. რა დაეხმარა ვლადოს, რომ ფეხი აეწყო ცვლილებებისთვის? ის ამბობს: „იმ ცვლილებებთან შეგუებას, რასაც იეჰოვას ორგანიზაცია ახორციელებს, ყოველთვის დადებითი შედეგი მოჰყვება და ეს მომავალი, უფრო დიდი ცვლილებებისთვის გვამზადებს“. თუ თქვენც ცდილობთ, შეეგუოთ ცვლილებებს, რომლებიც კრებების გაერთიანებას ან ახალ დავალებას მოჰყვა, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას ესმის თქვენი. თუ ფეხს აუწყობთ ცვლილებებს და მხარს დაუჭერთ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას, თქვენც გამოცდით კურთხევებს (ფსალმ. 18:25).

ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲓ ᲘᲐᲖᲠᲝᲕᲜᲔᲗ

15. როგორ შევინარჩუნოთ საღი აზროვნება მაშინ, როცა კრებაში სირთულეებს შევხვდებით?

15 რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ კრებაში სირთულეებს შევხვდებით. სირთულეებმა შეიძლება იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება გამოსცადოს. ამიტომაც გვჭირდება საღად აზროვნების უნარი. თუ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგექცევათ, გულში ბოღმას ნუ ჩაიდებთ. თუ აღმზრდელობითი ზომები შეგეხებათ, გადააბიჯეთ უხერხულობას, გაითვალისწინეთ რჩევები და შესაბამისი ცვლილებები მოახდინეთ. თუ იეჰოვას ორგანიზაციაში მომხდარი ცვლილებები თქვენც შეგეხებათ, ფეხი აუწყვეთ მათ და მიჰყევით ახალ მითითებებს.

16. რა უნდა გააკეთოთ, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა შეინარჩუნოთ?

16 თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ნდობა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ მაშინაც კი, როცა თქვენი ერთგულება იცდება. ამაში კი საღად აზროვნება დაგეხმარებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, განსაჯოთ ცივი გონებით და ყველაფერს იეჰოვას თვალით შეხედოთ. გამოიკვლიეთ იმ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები, რომლებიც მსგავს სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდნენ. იეჰოვას ლოცვაში დახმარება სთხოვეთ და ნუ გაემიჯნებით თანაქრისტიანებს. თუ ასე მოიქცევით, სატანა ვერაფრით ვერ ჩამოგაშორებთ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას (იაკ. 4:7).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 126 იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!

a იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ ჩვენი ერთგულება განსაკუთრებით მაშინ შეიძლება გამოიცადოს, როცა კრებაში სირთულეებს ვხვდებით. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ სამ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რა დაგვეხმარება, იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ვუერთგულოთ.

b ზოგი სახელი შეცვლილია.

c ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი რჩევები იხილეთ 2009 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, „შეგიძლია კვლავაც აიღო პასუხისმგებლობები?“.

d თუ ოჯახს ცხოველის დაკვლა უნდოდა საჭმელად, კანონის თანახმად დასაკლავი ცხოველი კარავში უნდა წაეყვანათ. გამონაკლისი ის ოჯახები იყვნენ, რომლებიც ძალიან შორს ცხოვრობდნენ იმ ადგილიდან, სადაც კარავი იდგა (კან. 12:21).