არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 45

როგორ გვეხმარება იეჰოვა დავალებული საქმის შესრულებაში

როგორ გვეხმარება იეჰოვა დავალებული საქმის შესრულებაში

„იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ᲔᲖᲔᲙ. 2:5).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 67 „იქადაგე სიტყვა“

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რას უნდა ველოდეთ და რისი იმედი უნდა გვქონდეს?

 ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ჩვენ ქადაგების საქმე დაგვავალა. მაგრამ კარგად გვესმის, რომ ამ საქმის შესრულებისას წინააღმდეგობას შევხვდებით, რაც დროის სვლასთან ერთად შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს (დან. 11:44; 2 ტიმ. 3:12; გამოცხ. 16:21). მაგრამ ჩვენ ამ საქმეში იეჰოვას დახმარების იმედი გვაქვს. რატომ? ღმერთი ყოველთვის ეხმარებოდა თავის ერთგულ მსახურებს თუნდაც ძალიან რთული დავალების შესრულებაში. ამის კარგი მაგალითია წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელიც ბაბილონში გადასახლებულ ებრაელებთან ქადაგებდა.

2. როგორ დაახასიათა იეჰოვამ ხალხი, რომელთანაც ეზეკიელს უნდა ექადაგა და რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (ეზეკიელი 2:3—6).

2 როგორ ხალხთან უწევდა ეზეკიელს ქადაგება? იეჰოვამ ეს ხალხი დაახასიათა, როგორც „უტიფარი“, „ჯიუტი“ და „ურჩი“. ისინი ნარ-ეკალივით იკაწრებოდნენ და მორიელივით იჩხვლიტებოდნენ. ამიტომაც უთხრა იეჰოვამ ეზეკიელს არაერთხელ, რომ არ შეშინებოდა (წაიკითხეთ ეზეკიელის 2:3—6). ეზეკიელმა დავალებული საქმე პირნათლად შეასრულა, რადგან: 1) იეჰოვას მიერ იყო გაგზავნილი, 2) წმინდა სული აძლიერებდა, 3) ღვთის სიტყვით საზრდოობდა. როგორ ეხმარებოდა ეს სამი ფაქტორი ეზეკიელს და ჩვენ როგორ დაგვეხმარება?

ᲔᲖᲔᲙᲘᲔᲚᲘ — ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲒᲐᲒᲖᲐᲕᲜᲘᲚᲘ

3. რა შემატებდა ძალას ეზეკიელს და რა დაარწმუნებდა იეჰოვას მხარდაჭერაში?

3 იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა: „მე გგზავნი“ (ეზეკ. 2:3, 4). ეჭვგარეშეა, ეს სიტყვები ეზეკიელს ძალას შემატებდა. მას გაახსენდებოდა, რომ იეჰოვამ მსგავსი სიტყვები მოსესა და ესაიასაც უთხრა, როდესაც წინასწარმეტყველებად აირჩია (გამ. 3:10; ეს. 6:8). ეზეკიელს ისიც ეცოდინებოდა, თუ როგორ დაეხმარა იეჰოვა ორივეს სირთულეების გადალახვაში. ასე რომ, როცა იეჰოვამ ეზეკიელს ორჯერ გაუმეორა, რომ გზავნიდა, ეს მის მხარდაჭერაში დაარწმუნებდა. ეზეკიელი თავის წიგნში არაერთხელ იმეორებს შემდეგ სიტყვებს: „იეჰოვას სიტყვა მეუწყა“ (ეზეკ. 3:16). ასე რომ, წინასწარმეტყველი სრულად იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვამ გაგზავნა. ის მღვდლის ოჯახში გაიზარდა, ამიტომ მამისგანაც ექნებოდა გაგონილი, თუ როგორ არწმუნებდა ღმერთი თავის წინასწარმეტყველებს მხარდაჭერაში. მაგალითად, ისაკს, იაკობსა და იერემიას იეჰოვა ასეთი სიტყვებით ამხნევებდა: „შენთანა ვარ“ (დაბ. 26:24; 28:15; იერ. 1:8).

4. კიდევ რა შემატებდა ძალებს ეზეკიელს?

4 როგორ შეხვდებოდა ხალხი ეზეკიელის ქადაგებას? იეჰოვამ მას უთხრა: „ისრაელები არ მოგისმენენ, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა“ (ეზეკ. 3:7). ეზეკიელის უარყოფით ისინი იეჰოვასაც უარყოფდნენ. იეჰოვას სიტყვები მას იმაში დაარწმუნებდა, რომ მისი, როგორც წინასწარმეტყველის, ავკარგიანობა ხალხის რეაქციით არ განისაზღვრებოდა. ღმერთმა იმაშიც დაარწმუნა ეზეკიელი, რომ მისი სიტყვების ახდენის შემდეგ ხალხი გაიგებდა, რომ „წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 2:5; 33:33). ეჭვგარეშეა, იეჰოვას სიტყვები მას ძალებს შემატებდა თავისი დავალების შესასრულებლად.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲒᲐᲒᲖᲐᲕᲜᲘᲚᲜᲘ ᲓᲦᲔᲡ

ეზეკიელის მსგავსად შეიძლება ჩვენც შევხვდეთ გულგრილობასა და წინააღმდეგობას, მაგრამ იეჰოვა გაგვაძლიერებს (იხილეთ აბზაცები 5, 6).

5. ესაიას 44:8-ის თანახმად, რა გვმატებს ძალებს?

5 ჩვენც გვმატებს ძალებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვასგან ვართ გაგზავნილნი. მან თავისი მოწმეებიც გვიწოდა, რაც ჩვენთვის უდიდესი პატივია (ეს. 43:10). იეჰოვა ჩვენც გვეუბნება: „ნუ შეშინდებით და ნუ შეძრწუნდებით!“. მოწინააღმდეგეების არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ეზეკიელის მსგავსად ჩვენც იეჰოვასგან ვართ გაგზავნილნი და ის გვერდში გვიდგას (წაიკითხეთ ესაიას 44:8).

6. ა) როგორ გვარწმუნებს იეჰოვა თავის მხარდაჭერაში? ბ) რისი ცოდნა გვმატებს ძალებს და გვამხნევებს?

6 იეჰოვა თავის მხარდაჭერაშიც გვარწმუნებს. სანამ თავის ხალხს „მოწმეებს“ უწოდებდა, მან ასეთი რამ თქვა: „როცა წყალში შეხვალ, შენთან ვიქნები, ვერ წაგლეკავენ მდინარეები. როცა ცეცხლში გაივლი, არ დაგწვავს, ალიც ვერაფერს დაგაკლებს“ (ეს. 43:2). ზოგჯერ მსახურებაში შეიძლება ჩვენც შევხვდეთ ისეთ დაბრკოლებებსა და განსაცდელებს, რომლებიც წამლეკავ მდინარესავით და ცეცხლის ალივითაა. მაგრამ იეჰოვას დახმარებით ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ქადაგებას (ეს. 41:13). როგორც ეზეკიელის დროს, დღესაც ხალხი არ ისმენს ჭეშმარიტებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ „მოწმეებად“ არ ვვარგივართ. იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ პირნათლად ვასრულებთ დაკისრებულ საქმეს. ამის ცოდნა კი ძალას გვმატებს და გვამხნევებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8; 4:1, 2). ერთი დიდი ხნის პიონერი და ამბობს: „სიხარულს იმის ცოდნა მანიჭებს, რომ იეჰოვა ჩვენი ძალისხმევის გამო გვაჯილდოებს“.

ᲔᲖᲔᲙᲘᲔᲚᲘ — ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲣᲚᲘᲗ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲣᲚᲘ

ეზეკიელი ხილვაში ხედავს იეჰოვას ზეციერ ეტლს, რაც მას არწმუნებს, რომ იეჰოვა დაეხმარება დავალების შესრულებაში (იხილეთ აბზაცი 7).

7. როგორ იმოქმედებდა ეზეკიელზე იმის გახსენება, რაც ხილვაში ნახა? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

7 ეზეკიელი თავად დარწმუნდა ღვთის წმინდა სულის სიძლიერეში. მან ხილვაში ნახა, როგორ მოქმედებდა ეს სული სულიერ ქმნილებებზე და როგორ ატრიალებდა ზეციური ეტლის უზარმაზარ ბორბლებს (ეზეკ. 1:20, 21). როგორ იმოქმედა ამ ხილვამ ეზეკიელზე? როგორც თავად თქვა, ის შიშისგან პირქვე დაემხო (ეზეკ. 1:28). ყოველთვის, როდესაც ეს დიდებული ხილვა გაახსენდებოდა, ეზეკიელს, ალბათ, იმის რწმენა განუმტკიცდებოდა, რომ ღვთის სულის დახმარებით შეძლებდა თავისი დავალების შესრულებას.

8, 9. ა) რა დაეხმარა ეზეკიელს ფეხზე წამოდგომაში? ბ) კიდევ როგორ მოამზადა იეჰოვამ ეზეკიელი რთული დავალების შესასრულებლად?

8 იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „კაცის ძეო, წამოდექი, რომ დაგელაპარაკო“. ღვთის სულით წინასწარმეტყველმა ძალა მოიკრიბა, რომ წამომდგარიყო, რაც თავად ასე აღწერა: „სულმა მომიცვა და წამომაყენა“ (ეზეკ. 2:1, 2). ეზეკიელი მთელი თავისი მსახურების განმავლობაში გრძნობდა იეჰოვას ხელს ანუ წმინდა სულის ძალას (ეზეკ. 3:22; 8:1; 33:22; 37:1; 40:1). ღვთის სულმა გააძლიერა ის, რომ ჯიუტი და შუბლმაგარი ხალხისთვის ექადაგა (ეზეკ. 3:7). იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „მათსავით ჯიუტი და შუბლმაგარი გაგხადე. შუბლი კაჟზე მეტად, ალმასივით გაგიმაგრე. ნუ შეგეშინდება მათი და ნუ დაგცემს თავზარს მათი სახეები“ (ეზეკ. 3:8, 9). სხვა სიტყვებით, ღმერთმა ეზეკიელს უთხრა: „ნუ შეგაშინებს ამ ხალხის სიჯიუტე, მე გაგამაგრებ“.

9 ამის შემდეგ, როგორც ეზეკიელი წერს, იეჰოვას სულმა მოიცვა და ხილვაში იქ გადაიყვანა, სადაც უნდა ექადაგა. წინასწარმეტყველს ერთი კვირა დასჭირდა, რომ ხალხისთვის გადასაცემი ცნობა გაეაზრებინა და გაეთავისებინა (ეზეკ. 3:14, 15). მოგვიანებით იეჰოვამ ის ველზე გაიყვანა, სადაც მასში სული შევიდა (ეზეკ. 3:23, 24). ახლა ეზეკიელი უკვე მზად იყო, რომ შესდგომოდა თავის დავალებას.

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲣᲚᲘᲗ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲣᲚᲜᲘ ᲓᲦᲔᲡ

რა დაგვეხმარება, რომ ეზეკიელის მსგავსად ჩვენც შევასრულოთ დავალებული საქმე? (იხილეთ აბზაცი 10).

10. რა გვჭირდება ჩვენთვის დავალებული საქმის შესასრულებლად და რატომ?

10 რა გვჭირდება ჩვენთვის დავალებული საქმის შესასრულებლად? ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, მოდი ისევ ეზეკიელს დავუბრუნდეთ. ის ღვთის სულმა გააძლიერა, ვიდრე ქადაგებას შეუდგებოდა. ქადაგებას ვერც ჩვენ შევძლებდით, რომ არა იეჰოვას სული, რადგან სატანა გვებრძვის და ყველანაირად ცდილობს სამქადაგებლო საქმის შეჩერებას (გამოცხ. 12:17). თუ ადამიანური თვალით შევხედავთ, ამ ბრძოლაში გამარჯვების შანსი არ გვაქვს, მაგრამ ქადაგებით ჩვენ ვიმარჯვებთ სატანაზე (გამოცხ. 12:9—11). რატომ ვამბობთ ამას? როცა ვქადაგებთ, გამოდის, რომ სატანის მუქარას არ ვუშინდებით. ყოველ ჯერზე, როცა მსახურებაში გავდივართ, ეშმაკი მარცხს განიცდის. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად სამქადაგებლო საქმიანობა არ ჩერდება? განა იმაზე არა, რომ ღვთის წმინდა სული გვიჭერს მხარს და იეჰოვა გვიწონებს ამ საქმეში მონაწილეობისთვის?! (მათ. 5:10—12; 1 პეტ. 4:14).

11. რაში დაგვეხმარება ღვთის წმინდა სული და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოგვაკლდეს ის?

11 კიდევ რაში გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ეზეკიელი, ასე ვთქვათ, ჯიუტი და შუბლმაგარი გახადა? ღვთის სული ჩვენც ისე გაგვამაგრებს, რომ მსახურებაში ნებისმიერ სირთულეს გადავლახავთ (2 კორ. 4:7—9). ჩვენი მხრივ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სული არ მოგვაკლდეს? გამუდმებით უნდა ვილოცოთ და გვჯეროდეს, რომ იეჰოვა შეისმენს ჩვენს ლოცვებს. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „ითხოვეთ . . . ეძებეთ . . . აკაკუნეთ“. პასუხად იეჰოვა მისცემს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:9, 13; საქ. 1:14; 2:4).

ᲔᲖᲔᲙᲘᲔᲚᲘ — ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲜᲐᲡᲐᲖᲠᲓᲝᲔᲑᲘ

12. საიდან მოვიდა გრაგნილი და რა ეწერა მასში? (ეზეკიელი 2:9—3:3).

12 ეზეკიელი მხოლოდ ღვთის სულმა კი არა, მისმა სიტყვებმაც გააძლიერა. მაგალითად, ერთხელ მან ხილვაში ნახა მისკენ გამოწვდილი ხელი, რომელშიც გრაგნილი იყო (წაიკითხეთ ეზეკიელის 2:9—3:3). საიდან მოვიდა ეს გრაგნილი? რა ეწერა მასში? როგორ გააძლიერა ამან ეზეკიელი? სავარაუდოდ, წინასწარმეტყველს ეს გრაგნილი იმ ოთხი ანგელოზიდან ერთ-ერთმა მიაწოდა, რომლებიც მანამდე იეჰოვას ტახტთან იხილა (ეზეკ. 1:8; 10:7, 20). გრაგნილში ჩაწერილი იყო ღვთის სიტყვები, კერძოდ, განაჩენი, რომელიც ეზეკიელს უნდა გაეცხადებინა გადასახლებაში მყოფი ურჩი ებრაელებისთვის (ეზეკ. 2:7). განაჩენი გრაგნილს ორივე მხრიდან ეწერა.

13. რა უნდა გაეკეთებინა ეზეკიელს იეჰოვას ბრძანებით და რატომ ეტკბო მას გრაგნილი?

13 იეჰოვას ბრძანებით ეზეკიელს უნდა შეეჭამა გრაგნილი და გაეძღო მუცელი. მანაც მთელი გრაგნილი შეჭამა. რა დატვირთვა ჰქონდა ამას? ეზეკიელს ბოლომდე უნდა გაეთავისებინა ის ცნობა, რომლის გაცხადებაც მოუწევდა. ეს მას ამ ცნობის გაცხადებისკენ აღძრავდა. საინტერესოა, რომ ეს გრაგნილი ეზეკიელს თაფლივით ეტკბო (ეზეკ. 3:3). რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურება მისთვის სასიამოვნო იყო (ფსალმ. 19:8—11). ის მადლიერი იყო იეჰოვასი, რომ თავის წინასწარმეტყველად აირჩია.

14. რა დაეხმარა ეზეკიელს, რომ შესდგომოდა თავისი დავალების შესრულებას?

14 შემდეგ იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა ეზეკიელს: „მომისმინე და გულისყურით მოეკიდე ყველაფერს, რასაც გეუბნები“ (ეზეკ. 3:10). ეს იმას ნიშნავდა, რომ ეზეკიელს უნდა დაემახსოვრებინა გრაგნილზე დაწერილი სიტყვები და ეფიქრა მათზე, რაც მას რწმენას განუმტკიცებდა. გარდა ამისა, იმისთვისაც იქნებოდა მზად, რომ გრაგნილზე დაწერილი ცნობა ხალხისთვის გადაეცა (ეზეკ. 3:11). რახან მას ღვთის სიტყვა უკვე გულშიც ჰქონდა და ბაგეზეც, ის მზად იყო, რომ წარმატებით შეესრულებინა თავისი დავალება (შეადარეთ ფსალმუნის 19:14).

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲜᲐᲡᲐᲖᲠᲓᲝᲔᲑᲜᲘ ᲓᲦᲔᲡ

15. რას უნდა მოვეკიდოთ გულისყურით, თუ გვინდა, რომ ვუერთგულოთ ჩვენს დავალებას?

15 თუ გვინდა, რომ ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს დავალებას, ჩვენც ღვთის სიტყვით უნდა ვისაზრდოოთ. გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ბიბლიაში ჩაწერილ იეჰოვას სიტყვებს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღვთის სიტყვამ კვლავაც იმოქმედოს ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებსა და მოტივებზე?

16. რისი გაკეთებაა საჭირო, რომ ღვთის სიტყვა შევისისხლხორცოთ?

16 ფიზიკური საკვები რომ შეგვერგოს, უნდა დავღეჭოთ და მოვინელოთ. სულიერი საზრდოც რომ „შეგვერგოს“, ღვთის სიტყვა უნდა ვიკვლიოთ და გავაანალიზოთ. გვახსოვდეს ხილვა გრაგნილის შესახებ. ღმერთს სურს, რომ ეზეკიელის მსგავსად, ასე ვთქვათ, ღვთის სიტყვით მუცელი გავიძღოთ ანუ გავითავისოთ ის. ამაში ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი დაგვეხმარება. თავიდან უნდა ვილოცოთ, რომ სწორი განწყობა გვქონდეს წასაკითხად. შემდეგ ბიბლიიდან რომელიმე მონაკვეთი უნდა წავიკითხოთ და გავაანალიზოთ. რაც უფრო მეტს ვფიქრობთ ღვთის სიტყვაზე და ვაანალიზებთ, მით უფრო შევისისხლხორცებთ მას.

17. რატომ უნდა ვიფიქროთ ღვთის სიტყვიდან წაკითხულზე?

17 კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი? ეს გვაძლევს ძალას, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ, მომავალში კი იმის ძალას მოგვცემს, რომ ღვთის მწარე განაჩენი გამოვუცხადოთ ხალხს. გარდა ამისა, ღვთის მიმზიდველ თვისებებზე ფიქრი მასთან ურთიერთობას განგვიმტკიცებს. შედეგად შინაგანი სიმშვიდე და კმაყოფილება დაგვეუფლება, რაც თაფლივით სასიამოვნოა (ფსალმ. 119:103).

ᲛᲝᲢᲘᲕᲘᲠᲔᲑᲣᲚᲜᲘ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲛᲘᲡᲐᲧᲕᲐᲜᲐᲓ

18. რისი აღიარება მოუწევს ხალხს და რატომ?

18 ეზეკიელისგან განსხვავებით ჩვენ წინასწარმეტყველები არ ვართ და ღვთის შთაგონებით არ ვლაპარაკობთ. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ღვთის წმინდა სულით დაწერილი ცნობა ხალხს გადავცეთ, სანამ ამას იეჰოვა გვთხოვს. ასე რომ, როცა განაჩენის აღსრულების დრო დადგება, ვერავინ იტყვის, რომ არავის გაუფრთხილებია ან ღმერთს ყურადღება არ მიუქცევია (ეზეკ. 3:19; 18:23). ყველას მოუწევს იმის აღიარება, რომ ღვთის ცნობას ვქადაგებდით.

19. რა მოგვცემს დავალებული საქმის ბოლომდე შესრულების ძალას?

19 რა მოგვცემს დავალებული საქმის ბოლომდე შესრულების ძალას? ის სამი რამ, რაც ეზეკიელს დაეხმარა. ჩვენ ვაგრძელებთ ქადაგებას, რადგან ვიცით, რომ იეჰოვამ გაგვაგზავნა, მისი წმინდა სული გვაძლიერებს და მისი სიტყვა გვასაზრდოებს. იეჰოვას დახმარებით მოტივირებულნი ვართ, რომ შევასრულოთ დავალებული საქმე და ბოლომდე მოვითმინოთ (მათ. 24:13).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 65 წინ!

a ამ სტატიაში ვიმსჯელებთ სამ ფაქტორზე, რომლებიც წინასწარმეტყველ ეზეკიელს დაეხმარა თავისი დავალების შესრულებაში. მათი განხილვა უფრო მეტად დაგვარწმუნებს, რომ ღმერთი ჩვენც დაგვეხმარება დაკისრებული დავალების შესრულებაში.