არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

იეჰოვა გვაძლიერებდა მშვიდობისა თუ ომიანობის დროს

იეჰოვა გვაძლიერებდა მშვიდობისა თუ ომიანობის დროს

პოლი: 1985 წლის ნოემბერი იყო. ჩვენ დასავლეთ აფრიკაში, ლიბერიაში, მივდიოდით, რომ მისიონერულ მსახურებას შევდგომოდით. ერთი სული გვქონდა, იქ ჩავსულიყავით. ჩვენი თვითმფრინავი ჯერ სენეგალში ჩაფრინდა. მახსოვს ენიმ მითხრა, ერთი საათიც და ლიბერიაში ვიქნებითო. თუმცა მოულოდნელად განცხადება გაკეთდა, რომ ლიბერიაში მიმავალ მგზავრებს თვითმფრინავი დაგვეტოვებინა. იქ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, რის გამოც ჩაფრენა შეუძლებელი იყო. მომდევნო 10 დღე სენეგალში დავრჩით მისიონერებთან. ახალი ამბებიდან ვიგებდით, რომ ლიბერიაში დიდი ხოცვა-ჟლეტა იყო. ამის გამო მთავრობამ კომენდანტის საათი დააწესა. ვინც ამ შეზღუდვას არღვევდა, ყველას უმოწყალოდ ხვრეტდნენ.

ენი: თავგადასავლების მოყვარულები არასდროს ვყოფილვართ. ბავშვობაში „მშიშარა ენიც“ კი დამარქვეს. გზის გადაკვეთაზეც კი ჩემი მემართება ხოლმე. ყველაფრის მიუხედავად გადაწყვეტილი გვქონდა, ლიბერიაში ჩავსულიყავით.

პოლი: ორივენი დასავლეთ ინგლისში გავიზარდეთ. ჩვენ ერთმანეთისგან არც ისე შორს ვცხოვრობდით. ოჯახში ორივეს გვახალისებდნენ პიონერული მსახურების დაწყებისკენ, ამიტომ სკოლა დავამთავრეთ თუ არა, პიონერობას შევუდექით. ენის დედა და ჩემი მშობლები ძალიან გაახარა ჩვენმა გადაწყვეტილებამ. 19 წლის რომ გავხდი, ბეთელში მიმიწვიეს, 1982 წელს კი, დაქორწინების შემდეგ, ენისთან ერთად გავაგრძელე იქ მსახურება.

სკოლა „გალაადის“ გამოსაშვებ პროგრამაზე (1985, 8 სექტემბერი)

ენი: ბეთელი ძალიან მოგვწონდა. თუმცა ყოველთვის გვინდოდა იქ გადასვლა, სადაც მქადაგებლებზე დიდი საჭიროება იყო. ამის სურვილს ბეთელში იმ და-ძმებთან ურთიერთობაც გვიძლიერებდა, რომლებიც ადრე მისიონერებად მსახურობდნენ. სამი წლის მანძილზე ყოველ ღამე ვლოცულობდით ამაზე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაგვიხარდა, როცა 1985 წელს სკოლა „გალაადის“ 79-ე კლასში მიგვიწვიეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ლიბერიაში დაგვნიშნეს.

ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲒᲕᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲓᲐ

პოლი: აღდგა თუ არა ფრენა, პირველივე რეისით ჩავფრინდით ლიბერიაში. ქვეყანაში ისევ დაძაბული მდგომარეობა იყო და კომენდანტის საათიც კვლავ მოქმედებდა. ხალხი ისეთი შეშინებული იყო, მანქანის მაყუჩის ხმაზეც კი პანიკაში ვარდებოდა. ცოტა რომ დავმშვიდებულიყავით, მე და ენი საღამოობით ფსალმუნებს ვკითხულობდით. და მაინც, იქ ყოფნა ძალიან მოგვწონდა. მე, ძირითადად, ბეთელში ვიყავი, ენი კი ქადაგებდა. საქმეს ერთ გამოცდილ მისიონერთან, ჯონ ჩარუკთან, a ერთად ვასრულებდი. მას ლიბერიაში მსახურების დიდი გამოცდილება ჰქონდა და და-ძმების კარგად ესმოდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

ენი: ლიბერია ძალიან მალე შეგვიყვარდა. იცით, რატომ? ეს იმიტომ, რომ ჩვენი და-ძმები ძალიან თბილები, გულღიები და ერთგულები იყვნენ. მალევე თავი ისე ვიგრძენით, როგორც საკუთარ ოჯახში. ისინი რჩევებსაც გვაძლევდნენ, რაც იქ მსახურებისთვის საჭირო ძალას გვმატებდა. იქ ქადაგებას ხომ საერთოდ ვერაფერი შეედრებოდა. წარმოიდგინეთ, მობინადრეები იმაზე ბრაზდებოდნენ, თუ მათთან საუბარს მალე დავასრულებდით! ქუჩაში ხშირად ხალხი ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობდა. ერთი ისღა იყო საჭირო, რომ მათთან მისულიყავი და საუბარში ჩართულიყავი. ერთადერთი „პრობლემა“ ის იყო, რომ ბიბლიის შესწავლებს ვერ ავუდიოდით. ნეტა ამაზე მეტი „პრობლემა“ არ შეექმნას ადამიანს!

ᲠᲝᲪᲐ ᲨᲘᲨᲘ ᲒᲕᲘᲞᲧᲠᲝᲑᲓᲐ, ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲓᲐ

ვიღებთ ლტოლვილებს ლიბერიის ფილიალში (1990).

პოლი: 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში შედარებით მშვიდობიანი პერიოდი იდგა. თუმცა 1989 წელს მოულოდნელად სამოქალაქო ომმა იფეთქა. 1990 წლის 2 ივლისს, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ბეთელი იყო, კონტროლი მეამბოხეებმა აიღეს. 3 თვის განმავლობაში სრულიად მოწყვეტილები ვიყავით გარესამყაროს – ვერც ოჯახის წევრებს ვუკავშირდებოდით და ვეღარც მთავარ სამმართველოს. სრული განუკითხაობა იყო, ქალებს აუპატიურებდნენ და ხალხს ლუკმა-პური ენატრებოდა. ასეთი არეულობა მთელ ქვეყანაში 14 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ენი: ერთმანეთს სხვადასხვა ტომის ხალხი ებრძოდა. კბილებამდე შეიარაღებული უცნაურად ჩაცმული კაცები ქუჩებში დაძრწოდნენ და ყველა შენობას ძარცვავდნენ. ადამიანის სიცოცხლეს ისე ჰქონდა ფასი დაკარგული, რომ კაცის კვლას ქათმის კვლას ადარებდნენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გროვებად ეყარა გვამები. ასეთი პუნქტები ბეთელთან ახლოსაც იყო. ამ დროს ჩვენი ძვირფასი და-ძმებიც გამოასალმეს სიცოცხლეს, მათ შორის ორი მისიონერი.

და-ძმები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ და სხვა ტომის თანაქრისტიანებს იფარებდნენ, რომ გადაერჩინათ. ასე იქცეოდნენ მისიონერებიც და ბეთელელებიც. ჩვენს ოთახშიც ჩვენთან ერთად შვიდსულიანი ოჯახი ცხოვრობდა.

პოლი: ბეთელში ყოველდღე მოდიოდნენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. უნდოდათ ენახათ, ვინმეს ხომ არ ვმალავდით. ჩვენ ჩვენებური „უსაფრთხოების დაცვის სისტემა“ გვქონდა – როცა ვინმე ჭიშკართან მოდიოდა, ორი გარეთ გადიოდა, ორი კი ფანჯრიდან იყურებოდა. თუ მათ, ვინც გარეთ გავიდოდა, ხელები წინ ჰქონდათ, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ თუ უკან წაიღებდნენ ხელებს, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მოსულები აგრესიულები იყვნენ. ამ დროს ისინი, ვინც ფანჯარასთან იდგნენ, სასწრაფოდ მალავდნენ და-ძმებს.

ენი: ერთხელ ბეთელში ერთი შეიარაღებული ჯგუფი შემოიჭრა. მე და ერთი და აბაზანაში შევვარდით. იქ ერთი კარადა იდგა, რომელსაც ორმაგი ძირი ჰქონდა და რომლის ქვეშაც სამალავი იყო გაკეთებული. ეს და სწორედ იქ ჩაიმალა. ამ დროს ოთახის კარზე ბრახუნის ხმა გაისმა. პოლი მათ შეჩერებას შეეცადა და უთხრა, რომ სააბაზანოში ვიყავი შესული. კარადაში ყველაფრის უკან შელაგება დავიწყე. ეს ხმაურიანი საქმე იყო, თან საკმაო დროც წაიღო. ისე ავნერვიულდი, რომ სულ კანკალმა ამიტანა. ასეთ მდგომარეობაში კარს ნამდვილად ვერ გავაღებდი, ამიტომ გულში ვილოცე და იეჰოვას დახმარება ვთხოვე. შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და კარი გავაღე. ერთი ავტომატიანი კაცი პირდაპირ კარადას მივარდა, თუმცა, საბედნიეროდ, სამალავს ვერ მიაგნო. საოცრად გაკვირვებული იყო, რომ იქ არავინ დახვდა. ამის შემდეგ სხვა ოთახები და სხვენიც გაჩხრიკეს, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერი იპოვეს.

ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲫᲐᲚᲐ

პოლი: თვეების მანძილზე საკვების სერიოზულ დეფიციტს განვიცდიდით. „საუზმედ“ მხოლოდ ბეთელის დილის პროგრამა გვქონდა. თუმცა სულიერი საზრდო დიდ ძალას გვმატებდა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვიყავით.

იეჰოვა იმაზეც ზრუნავდა, რომ საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი ბოლომდე არ გამოგვლეოდა. სხვა შემთხვევაში გარეთ გასვლა მოგვიწევდა და იმ და-ძმებს, რომლებსაც ვმალავდით, ნამდვილად ცუდი დღე დაადგებოდათ. იეჰოვა ყოველთვის დროულად გამოაჩენდა ხოლმე, რაც გვჭირდებოდა, თანაც წარმოუდგენელი სახით. ის იმაშიც გვეხმარებოდა, რომ შიშს არ ავეტანეთ.

რაც უფრო იძაბებოდა მდგომარეობა, ჩვენც მით უფრო მეტად ვგრძნობდით ჭეშმარიტების ძალას. სიცოცხლის გადასარჩენად და-ძმებს ხშირად უწევდათ გაქცევა, თუმცა ეს მათ რწმენას და სიმტკიცეს ვერ არყევდა. ზოგი იმასაც კი ამბობდა, რომ ომი მათ „დიდი გასაჭირისთვის“ ამზადებდა. უხუცესები და ახალგაზრდა ძმები დიდ გაბედულებას იჩენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ თანაქრისტიანების დასახმარებლად. იძულებით გადაადგილებული და-ძმები სულ ერთად იყვნენ. სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ყველგან ქადაგებდნენ და შეხვედრების ჩასატარებლად ტყეებში სახელდახელოდ „დარბაზებსაც“ აწყობდნენ. ამ საზარელ დროს სწორედ შეხვედრები და ქადაგება აძლევდა მათ ძალას და იმედს განუმტკიცებდა. როცა მათთვის დახმარება ჩაგვქონდა, გვაოცებდა იმის დანახვა, რომ ტანსაცმელს კი არა, მსახურების ჩანთებს გვთხოვდნენ. დათრგუნული და ტრავმირებული ხალხი ეშურებოდა სასიხარულო ცნობას. მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა იეჰოვას მოწმეების დადებითი განწყობა. იმ შავბნელ პერიოდში ჩვენ მართლაც მნათობებივით ვიყავით (მათ. 5:14–16). და-ძმების ენთუზიაზმის შემხედვარე მათაც კი მიიღეს ჭეშმარიტება, ვინც მანამდე დაუნდობლად ხოცავდა სხვებს.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲓᲐ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲗᲐᲜ ᲒᲐᲜᲨᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ

პოლი: ქვეყნის დატოვება რამდენჯერმე მოგვიწია – სამჯერ მცირე ხნით, ორჯერ კი მთელი წლით. ერთი მისიონერი დის სიტყვები ზუსტად გადმოსცემს იმას, რასაც ამ დროს განვიცდიდით: „გალაადში გვასწავლიდნენ, რომ მთავარი სიყვარულია. ჩვენც გავითვალისწინეთ ეს რჩევა და შევიყვარეთ აქაური და-ძმები. ამიტომ როცა რთულ სიტუაციაში მათი დატოვება მოგვიწია, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს გული ამოგვგლიჯეს“. საბედნიეროდ, ლიბერიიდან წასულები მეზობელი ქვეყნებიდან ვახერხებდით იქაური და-ძმების მხარდაჭერას.

ბედნიერები ვბრუნდებით ლიბერიაში (1997).

ენი: 1996 წლის მაისში გადავწყვიტეთ, ქალაქის მეორე მხარეს, დაახლოებით 16 კილომეტრის მოშორებით, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავსულიყავით. ფილიალის მანქანაში, რომელიც დატვირთული იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტაციით, ოთხნი ვისხედით. გზაში ვიყავით, როცა ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელებმა ჰაერში გაისროლეს, გაგვაჩერეს და მანქანიდან გადმოგვყარეს. იქ მარტო პოლი დატოვეს და წავიდნენ. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, ჩვენ კი გაოგნებულები ვიდექით და ვერ ვხვდებოდით, რა მოხდა. უცებ ჩვენკენ მომავალი პოლი დავინახეთ. მას შუბლიდან სისხლი სდიოდა. თავიდან ვიფიქრეთ, ესროლესო, მაგრამ უცბადვე მივხვდით, რომ თუ მართლა ესროდნენ, ფეხზე ნამდვილად ვერ იდგებოდა. როგორც შემდეგ გვითხრა, მისთვის ერთ თავდამსხმელს დაურტყამს, როცა მანქანიდან აგდებდა. ასე რომ, ჭრილობა საშიში არ იყო.

ჩვენ სიახლოვეს შეშინებული ხალხით გატენილი დიდი სამხედრო მანქანა დავინახეთ. ჩვენი ადგილი იქ არ იყო, ამიტომ გარედან მოვეჭიდეთ. უცებ მძღოლმა ისე დაძრა მანქანა, რომ ლამის გადმოვვარდით. ვეხვეწებოდით, გაეჩერებინა, მაგრამ ისეთი შეშინებული იყო, ერთი სიტყვაც არ გაუგია. როგორღაც შევძელით თავის ბოლომდე შემაგრება. თუმცა მანქანა რომ გაჩერდა, დაძაბულობისა და დაჭიმულობისგან სულ ვკანკალებდით.

პოლი: ტანსაცმელი სულ დასვრილი და დაფლეთილი გვქონდა, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა. გაოგნებულები ვიყავით, რომ გადავრჩით. ღამე ღია ცის ქვეშ გვეძინა, მეორე დღეს კი დაცხრილული და დანჯღრეული ვერტმფრენით გადაგვიყვანეს სიერა-ლეონეში. გვიხაროდა, ცოცხლები რომ ვიყავით, თუმცა და-ძმების ბედი ძალიან გვადარდებდა.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲓᲐ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ

ენი: ფრიტაუნში უსაფრთხოდ ჩავედით. ბეთელში და-ძმები ყურადღებას არ გვაკლებდნენ. თუმცა მოულოდნელად ერთმა სირთულემ იჩინა თავი. გადატანილი სტრესის გამო გონებაში საშინელი კადრები ამომიტივტივდებოდა ხოლმე. დღისით მოსვენებას მიკარგავდა განგაშის შეგრძნება. გარემოს რეალურად ვერ აღვიქვამდი და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ბურუსში ვიყავი გახვეული. ღამით კანკალი მაღვიძებდა და ცივი ოფლი მასხამდა. მეგონა, რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო. სუნთქვაც კი მიჭირდა. ამ დროს პოლი მომეხვეოდა ხოლმე და ხმამაღლა ლოცულობდა. ჩვენს სიმღერებსაც ვმღეროდით მანამ, სანამ არ დავმშვიდდებოდი. მეგონა, ჭკუიდან ვიშლებოდი და იმასაც ვფიქრობდი, რომ მისიონერად მსახურებას ვეღარ შევძლებდი.

არასდროს დამავიწყდება, რაც შემდეგ მოხდა. იმავე კვირაში ორი ჟურნალი მივიღეთ: 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“ და 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“. „გამოიღვიძეთში“ დაბეჭდილი იყო სტატია პანიკურ შეტევებზე. როგორც იქნა მივხვდი, რაც მჭირდა. „საგუშაგო კოშკში“ კი მოცემული იყო ასეთი სტატია: „საიდან იღებენ ძალას?“. თანდართულ სურათზე ნაჩვენები იყო პეპელა, რომელსაც ერთი ფრთა დაზიანებული ჰქონდა და აღნიშნული იყო, რომ ასეთი დაზიანების მიუხედავად პეპელა მაინც ახერხებს ფრენას და საკვების მიღებას. წაკითხულმა დამარწმუნა, რომ როგორ ემოციურ ტკივილსაც არ უნდა განვიცდიდეთ, იეჰოვას დახმარებით მაინც შეგვიძლია, გამოსადეგი ვიყოთ სხვებისთვის. აშკარად ვიგრძენი, როგორ გამაძლიერა იეჰოვამ დროული სულიერი საზრდოს მეშვეობით (მათ. 24:45). ამ საკითხზე სხვა სტატიებიც მოვიძიე და ერთად მოვუყარე თავი. მათი წაკითხვა დიდ დახმარებას მიწევდა. დროთა განმავლობაში პოსტტრავმული სტრესის სიმპტომები იმდენად აღარ მახსენებდა თავს.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ᲫᲐᲚᲐ ᲨᲔᲒᲕᲛᲐᲢᲐ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲚᲐᲓ

პოლი: ყოველ ჯერზე, როცა ლიბერიაში ვბრუნდებოდით, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 2004 წლის მიწურულს ომიც დასრულებული იყო და ფილიალშიც მშენებლობები იგეგმებოდა. ამ დროს, ჩვენთვის მოულოდნელად, ლიბერიაში თითქმის 20-წლიანი მსახურების შემდეგ ახალი დავალება მივიღეთ. ჩვენ ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში, განაში, უნდა გაგვეგრძელებინა მსახურება.

ამ აზრთან შეგუება არც ისე მარტივი იყო. გვაფიქრებდა, როგორ გავძლებდით ჩვენი საყვარელი ლიბერიელი და-ძმების გარეშე. მაგრამ მაინც უყოყმანოდ დავთანხმდით ამ დავალებას. ჩვენ ხომ ერთხელ უკვე გამოცდილი გვქონდა, როგორ გვაკურთხა იეჰოვამ, როცა „გალაადში“ მიგვიწვიეს და ოჯახების დატოვება მოგვიწია.

ენი: სანამ იქაურობას დავტოვებდით, ბევრი ვიტირეთ. ერთმა ხანდაზმულმა ძმამ, ფრენკმა, ჩვენდა გასაკვირად, ასეთი სიტყვები გვითხრა: „უნდა დაგვივიწყოთ!“. შემდეგ კი დასძინა: „ვიცით, რომ არასდროს დაგვივიწყებთ. მაგრამ ახლა იმის დროა, რომ იქაურ და-ძმებს გაუღოთ გულისკარი. იეჰოვა სწორედ ამას მოელის თქვენგან“. მისმა გონივრულმა რჩევამ ძალა შეგვმატა, რომ ახალ დავალებას შევდგომოდით და ახალი ცხოვრება დაგვეწყო.

პოლი: განაში ბევრი იეჰოვას მოწმე იყო. ისინიც ძალიან მალე შეგვიყვარდნენ და ჩვენთვის ოჯახის წევრებივით გახდნენ. იქაური და-ძმები დიდი რწმენით და ერთგულებით გამოირჩეოდნენ, ამიტომ მათგან ბევრს ვსწავლობდით. თუმცა წინ კიდევ ერთი ცვლილება გველოდა – განაში 13-წლიანი მსახურების შემდეგ გვთხოვეს, კენიაში, აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალში, გაგვეგრძელებინა მსახურება. კენიელ და-ძმებსაც ძალიან მალე დავუმეგობრდით. თუმცა, არც ძველი მეგობრებიც გვავიწყდებოდნენ. გვიხარია, რომ აქაც ისეთ ტერიტორიაზე ვმსახურობთ, სადაც დიდი საჭიროებაა.

ჩვენი ახალი მეგობრები (აღმოსავლეთი აფრიკა, 2023)

ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ

ენი: წლების მანძილზე არაერთხელ აღმოვჩნდი საშიშ სიტუაციაში, რამაც დიდი კვალი დატოვა ჩემზე. დღემდე, როცა სროლის ხმა მესმის, გულისრევის შეგრძნება მეწყება და ხელები მიბუჟდება. ფაქტია, იეჰოვა სასწაულებრივად არ გვარიდებს თავიდან ასეთ სირთულეებს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ის ყოველთვის გვაძლიერებს. მთავარია, მივენდოთ მას, ყოველთვის და-ძმების გვერდით ვიყოთ და სულიერ განრიგს მივყვეთ. პირადად მე, სწორედ ეს დამეხმარა, არ შემეწყვიტა მისიონერად მსახურება.

პოლი: ზოგჯერ მეკითხებიან, მომწონს თუ არა იქ მსახურება, სადაც ვარ. ფაქტია, როგორ ლამაზ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს კაცი, მდგომარეობა შეიძლება წუთში შეიცვალოს. ამიტომ ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის და-ძმები უნდა იყვნენ. კულტურული სხვაობების მიუხედავად ჩვენ იეჰოვას სიყვარული გვაერთიანებს. თანაქრისტიანებმა უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენს განმტკიცებაში, არადა თავიდან გვეგონა, რომ ჩვენ უნდა გაგვეძლიერებინა ისინი.

ყოველ ჯერზე, როცა სხვა ქვეყანაში მივდიოდით, უდიდესი სასწაულის მოწმენი ვხდებოდით – ვხედავდით, რომ ყველგან გვყავს ოჯახი. და ეს ყოველთვის ასე იქნება, მთავარია, ჩვენ არ ჩამოვშორდეთ კრებას. ბოლომდე ვართ დარწმუნებული, რომ თუ მივენდობით იეჰოვას, რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის გაგვაძლიერებს (ფილ. 4:13).

a იხილეთ 1996 წლის 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 20 [ინგლ., რუს.].