რა დაგვეხმარება, რეგულარულად შევისწავლოთ ბიბლია?
ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ სხვადასხვა რაღაცის კეთება გვიწევს რეგულარულად. მაგალითად, ჩვენ არ გვენანება დრო, რომ ვიბანაოთ, რადგან ამის შემდეგ თავს გამოცოცხლებულად ვგრძნობთ. ბიბლიის შესწავლაც შეიძლება „წყალში განბანის“ პროცესს შევადაროთ, რის შემდეგაც თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობთ (ეფეს. 5:26). თუმცა, ფაქტია, ყოველთვის ადვილი არ არის, რეგულარულად გამოვუყოთ დრო ბიბლიის შესწავლას და ეს პროცესი სიამოვნებასაც გვანიჭებდეს. ვნახოთ, რა დაგვეხმარება ამაში:
შეადგინეთ გეგმა. ბიბლიის შესწავლას ქრისტიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს (ფილ. 1:10). ამიტომ მნიშვნელოვანია, დაგეგმილი გქონდეთ, კონკრეტულად როდის გექნებათ პირადი შესწავლა. გეგმის მიყოლა გაგიადვილდებათ, თუ ფურცელზე დაწერთ, რა დროს გექნებათ შესწავლა და გამოსაჩენ ადგილზე გააკრავთ, მაგალითად, მაცივარზე. შეგიძლიათ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაშიც ჩაინიშნოთ დრო ან მაღვიძარის ფუნქცია გამოიყენოთ, რათა შესწავლამდე ცოტა ხნით ადრე შეგახსენოთ.
გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობები. ყველაზე უკეთ თქვენ იცით, რამდენ ხანს გიადვილდებათ რაიმეზე კონცენტრირება. ამიტომ იმდენ ხანს დაგეგმეთ შესწავლა, რამდენ ხანსაც შეძლებთ მთლიანად იყოთ კონცენტრირებული მასალაზე. თუ შესწავლის დრო მოგიახლოვდათ, მაგრამ არაფრის თავი არ გაქვთ, იქნებ ღირდეს, ასე ათი წუთი მაინც დაუთმოთ შესწავლას?! ასე ცოდნასაც შეიძენთ და შესწავლაც არ ჩაგივარდებათ. თანაც შეიძლება ათი წუთის შემდეგ აღარც კი მოგინდეთ შეწყვეტა (ფილ. 2:13).
წინასწარ შეარჩიეთ შესასწავლი საკითხი. თუ უშუალოდ შესწავლის დროს დაიწყებთ საკითხის შერჩევას, შეიძლება ვერ გამოგივიდეთ დროის სათანადოდ გამოყენება (ეფეს. 5:16). ამიტომ ღირს, შესასწავლი სტატიებისა და საკითხების სია შეადგინოთ. ამ სიას შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დაამატოთ, რომელზე პასუხის მიღებაც გსურთ. შეიძლება უშუალოდ შესწავლის დროს გაგიჩნდეთ რაიმე საკითხის უფრო ღრმად გამოკვლევის სურვილი და კარგი იქნება, ასეთი საკითხებიც დაამატოთ სიას.
იყავით მოქნილი. გახსოვდეთ, მთავარი ის კი არ არის, როდის, რამდენ ხანს და რას სწავლობთ, არამედ ის, რომ ბიბლიის შესწავლას რეგულარული სახე ჰქონდეს.
თუ ბიბლიას რეგულარულად შეისწავლით, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს – უფრო დაუახლოვდებით იეჰოვას, ბრძნულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და გამოცოცხლდებით (იეს. 1:8).