არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 44

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 33 მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

როგორ მოვიქცეთ, თუ უსამართლოდ გვექცევიან?

როგორ მოვიქცეთ, თუ უსამართლოდ გვექცევიან?

„არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (ᲠᲝᲛ. 12:21).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ მოვიქცეთ, თუ უსამართლობის მსხვერპლი გავხდებით და რა უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო არ გავამწვავოთ სიტუაცია.

1, 2. რა სახის უსამართლობას შეიძლება შევხვდეთ ყველა?

 ᲔᲠᲗᲮᲔᲚ იესომ ერთი ქვრივის მაგალითი მოიყვანა, რომელიც მოსამართლეს შესთხოვდა, სამართალი გაეჩინა მისთვის. იესოს მსმენელებისთვის ეს საკმაოდ ნაცნობი სიტუაცია იყო, რადგან თავადაც ხშირად ხდებოდნენ უსამართლობის მსხვერპლი (ლუკ. 18:1–5). თუმცა ამ მაგალითს არც ჩვენს დროში დაუკარგავს აქტუალობა, რადგან დროდადრო ყველანი ვხვდებით სხვადასხვა სახის უსამართლობას.

2 თანამედროვე მსოფლიოში წინასწარშექმნილი აზრი, უთანასწორობა და სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა ჩვეულებრივი რამაა. ამიტომაც არ გვიკვირს, როცა უსამართლოდ გვეპყრობიან (ეკლ. 5:8). თუმცა ასეთ მოპყრობას თანაქრისტიანებისგან ნაკლებად ველით. და მაინც, გამორიცხული არაა, რომ უსამართლობას კრებაშიც შევხვდეთ. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ხომ არასრულყოფილები ვართ! როცა იესო დედამიწაზე იყო, ისიც ხვდებოდა უსამართლობას. მას, ძირითადად, ჭეშმარიტების მტრები უპირისპირდებოდნენ. თუმცა მან შეძლო ასეთ უსამართლობასთან გამკლავება. ცხადია, ჩვენს და-ძმებს ჭეშმარიტების მტრებს ვერ ვუწოდებთ. თუმცა ბევრ რამეს ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან. ამიტომ ამ სტატიაში იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ მივბაძოთ მას, როცა უსამართლოდ გვექცევიან, იქნება ეს კრებაში თუ კრების გარეთ. იმასაც დავინახავთ, რომ იეჰოვას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა და დახმარებასაც აღმოგვიჩენს.

3. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა?

3 იეჰოვას ძალიან შესტკივა გული, როცა მის მსახურებს უსამართლოდ ექცევიან. ის ხომ „სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმ. 37:28). იესოს სიტყვებიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა საჭირო დროს გაუჩენს სამართალს თავის მსახურებს და ამის გაკეთებას არასდროს გააჭიანურებს (ლუკ. 18:7, 8). მალე ის ყოველგვარ უსამართლობას დაუსვამს წერტილს და იმ ზიანსაც გამოასწორებს, რომელიც უსამართლობის შედეგად მოგვადგა (ფსალმ. 72:1, 2).

4. დღეს როგორ გვეხმარება იეჰოვა?

4 მართალია, იეჰოვა გვპირდება, რომ მომავალში სამართლიანობას სრულად აღადგენს, მაგრამ დღესაც არ გვტოვებს დახმარების გარეშე (2 პეტ. 3:13). მაგალითად, ის გვასწავლის, როგორ ვიმოქმედოთ გონივრულად, როცა უსამართლობის მსხვერპლი ვხდებით. იეჰოვა იესოს მაგალითითაც გვანახვებს, როგორ ავიტანოთ უსამართლობა და პრაქტიკულ რჩევებსაც გვაძლევს ასეთ სიტუაციებთან გასამკლავებლად.

ᲪᲮᲔᲚ ᲒᲣᲚᲖᲔ ᲐᲠ ᲘᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝᲗ

5. რას უნდა მოვერიდოთ?

5 უსამართლო მოპყრობამ შეიძლება უდიდესი ტკივილი მოგვაყენოს (ეკლ. 7:7). მსგავსი გრძნობები წარსულში მცხოვრებ ღვთის მსახურებსაც ჰქონდათ, მაგალითად, იობს და აბაკუმს (იობ. 6:2, 3; აბაკ. 1:1–3). ბუნებრივია, თუ ასეთი გრძნობები გვეუფლება, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცხელ გულზე არ ვიმოქმედოთ და უფრო არ გავამწვავოთ სიტუაცია.

6. რას ვსწავლობთ აბესალომის მაგალითიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 დიდი ალბათობით, მდგომარეობას უფრო გავამწვავებთ, თუ ჩვენით შევეცდებით სამართლის აღდგენას და სამაგიეროს გადახდას მოვინდომებთ. ეს კარგად ჩანს აბესალომის შემთხვევიდანაც. როცა მისმა ნახევარძმამ, ამნონმა, მისი და თამარი გააუპატიურა, აბესალომი განრისხდა. მოსეს კანონის თანახმად, ამ დანაშაულისთვის ამნონი სიკვდილს იმსახურებდა (ლევ. 20:17). ამიტომ აბესალომის რეაქცია ბუნებრივი იყო. თუმცა მას შურისძიების უფლება არ ჰქონდა (2 სამ. 13:20–23, 28, 29).

აბესალომი ვერ მოერია ბრაზს, როცა მისი და თამარი უსამართლობის მსხვერპლი გახდა (იხილეთ აბზაცი 6).


7. რა გრძნობები დაეუფლა ფსალმუნმომღერალს?

7 თუ ისინი, ვინც უსამართლოდ იქცევიან, დაუსჯელები რჩებიან, შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ სწორად მოქცევას აზრი არ აქვს. მაგალითად, ფსალმუნმომღერალი ხედავდა, რომ მართლები იჩაგრებოდნენ, ბოროტებს კი არაფერი აწუხებდათ. მან ასეთი რამ თქვა: „ბოროტები მუდამ უზრუნველად ცხოვრობენ“ (ფსალმ. 73:12). უსამართლობის შემხედვარეს მას იმაშიც კი შეეპარა ეჭვი, საერთოდ ღირდა თუ არა იეჰოვას მსახურება. აი რა დაწერა მან: „ვცდილობდი, ჩავწვდომოდი ამას, მაგრამ რთული აღმოჩნდა ჩემთვის“ (ფსალმ. 73:14, 16). მან ისიც კი აღიარა, რომ კინაღამ გადაუხვია გზიდან და მოუცურდა ფეხი (ფსალმ. 73:2). მსგავსი რამ დაემართა ერთ ძმას, რომელსაც პირობითად ალბერტოს ვუწოდებთ.

8. როგორ იმოქმედა უსამართლობამ ერთ ძმაზე?

8 ალბერტო იმაში დაადანაშაულეს, რომ შემოწირულ თანხებს იპარავდა. ამის გამო მან კრებაში პასუხისმგებლობებიც დაკარგა და იმ და-ძმების პატივისცემაც, რომლებმაც ეს ამბავი გაიგეს. ალბერტო იხსენებს: „ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი“. სამწუხაროდ, ასეთი ემოციური ტკივილის გამო ის იეჰოვას ჩამოშორდა და ხუთი წელი არააქტიური იყო. ჩვენც შეიძლება მსგავსი რამ დაგვემართოს, თუ არ გავაკონტროლებთ ემოციებს.

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ

9. რა უსამართლობას შეხვდა იესო? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

9 იესომ საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა უსამართლობას ვხვდებით. მას უსამართლოდ მხოლოდ უცხო ადამიანები კი არა, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ექცეოდნენ. მაგალითად, მის ნათესავებს არ სწამდათ მისი და ამბობდნენ, ჭკუაზე შეიშალაო. რელიგიური წინამძღოლები ადანაშაულებდნენ, რომ დემონებისგან ჰქონდა მიღებული ძალა. რომაელი ჯარისკაცები კი დასცინოდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბოლოს სიკვდილითაც დასაჯეს (მარ. 3:21, 22; 14:55; 15:16–20, 35–37). თუმცა ასეთ უსამართლობას იესო არ გაუბოროტებია და არც სამაგიეროს გადახდაზე უფიქრია. რას ვსწავლობთ მისგან?

იესომ საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა უსამართლობას ვხვდებით (იხილეთ აბზაცები 9, 10).


10. როგორ იქცეოდა იესო? (1 პეტრე 2:21–23).

10 წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21–23. a კონკრეტულად რას აკეთებდა იესო, როცა უსამართლობას ხვდებოდა? მან იცოდა, როდის გაჩუმებულიყო და როდის ელაპარაკა (მათ. 26:62–64). ის ხშირად უპასუხოდ ტოვებდა მისი მისამართით წარმოთქმულ ცრუ ბრალდებებს (მათ. 11:19). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პასუხის გაცემას გადაწყვეტდა, შეურაცხყოფას არ აყენებდა მდევნელებს და არც ემუქრებოდა. იესოს თავშეკავების გამოვლენას ის უადვილებდა, რომ მას „ჩააბარა თავი, ვინც სამართლიანად ასამართლებს“. მან იცოდა, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავდა და მდგომარეობას თავის დროზე გამოასწორებდა.

11. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

11 როცა უსამართლობას ვხვდებით, იესოს მსგავსად ჩვენც უნდა დავუკვირდეთ, რას და როდის ვამბობთ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საკითხი იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ არც კი ღირდეს რამის თქმა, ზოგ შემთხვევაში კი იმიტომ ვამჯობინოთ გაჩუმება, რომ უფრო არ გავამწვავოთ მდგომარეობა (ეკლ. 3:7; იაკ. 1:19, 20). თუმცა ზოგჯერ შეიძლება ხმის ამოღებაც გახდეს საჭირო. მაგალითად მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ვიღაც აშკარა უსამართლობის მსხვერპლია, ან კიდევ მაშინ, როცა საკუთარი მრწამსი გვაქვს დასაცავი (საქ. 6:1, 2). თუმცა ამ დროს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და პატივისცემით ვისაუბროთ (1 პეტ. 3:15). b

როცა უსამართლობას ვხვდებით, იესოს მსგავსად ჩვენც უნდა დავუკვირდეთ, რას და როდის ვამბობთ (იხილეთ აბზაცები 11, 12).


12. ჩვენ როგორ ჩავაბაროთ თავი მას, „ვინც სამართლიანად ასამართლებს“?

12 ჩვენ როგორ ჩავაბაროთ თავი მას, „ვინც სამართლიანად ასამართლებს“? ჩვენც დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ხედავს, რაც ჩვენს თავს ხდება, და თავის დროზე აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას. ამ შემთხვევაში უსამართლო მოპყრობის ატანაც გაგვიადვილებდა და ჩვენს გულში ვერც ბრაზი და სიძულვილი გაიდგამს ფესვს. შესაბამისად, არც ემოციების გაკონტროლება გაგვიჭირდება, არც სიხარულს დავკარგავთ და იეჰოვასთანაც არ გავიფუჭებთ ურთიერთობას (ფსალმ. 37:8).

13. რა შეგვმატებს მოთმინების ძალას?

13 ფაქტია, იესოს მიბაძვას სრულყოფილად ვერ შევძლებთ და დროდადრო ისეთ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ, რაც მოგვიანებით სანანებელი გაგვიხდება (იაკ. 3:2). ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უსამართლობის გამო მოყენებული ფიზიკური თუ ემოციური ჭრილობები ამ ქვეყნიერების ბოლომდე ვერ მოვიშუშოთ. თუ ეს თქვენ შემთხვევაშიც ასეა, არ დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვამ კარგად იცის, რასთან გიწევთ გამკლავება. თქვენ იესოც თანაგიგრძნობთ, რომელიც თავადაც უდიდესი უსამართლობის მსხვერპლი გახდა (ებრ. 4:15, 16). იეჰოვა სხვა მხრივაც გვეხმარება – თავისი სიტყვის მეშვეობით პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს. მოდი ვნახოთ ამის ორი მაგალითი რომაელებისთვის მიწერილი წერილიდან.

„ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲠᲘᲡᲮᲕᲘᲗ ᲛᲘᲐᲒᲝᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲡᲐᲖᲦᲐᲣᲠᲘ“

14. როგორ გავითვალისწინოთ რომაელების 12:19?

14 წაიკითხეთ რომაელების 12:19. მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს ურჩია, თავად არ ეძიათ შური. მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ღმერთია ის, ვინც საზღაური უნდა მიაგოს ყველას. ასე რომ, ჩვენ იეჰოვას უნდა ვანდოთ სამართლის აღსრულება იმაში დარწმუნებულებმა, რომ მან საუკეთესოდ იცის, როდის და როგორ გააკეთოს ეს. ერთი ძმა ჯონი, რომელიც უსამართლობის მსხვერპლი გახდა, აღნიშნავს: „საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ ჩემებურად არ აღმედგინა სამართალი და იეჰოვას დავლოდებოდი. ამაში რომაელების 12:19 დამეხმარა“.

15. რატომ ღირს, იეჰოვას მივანდოთ სამართლის აღსრულება?

15 რატომ ღირს, იეჰოვას მივანდოთ სამართლის აღსრულება? ამგვარად ზედმეტ სტრესს და გულგატეხილობას ავირიდებთ თავიდან. იეჰოვა, ფაქტობრივად, ასეთ რამეს გვეუბნება: „დამაცადე, მე მივხედავ“. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ საუკეთესოდ იცის, როგორ აღადგინოს სამართალი. ამ შემთხვევაში შედარებით იოლი იქნება, მოვერიოთ ბრაზს. აი რას ამბობს ზემოხსენებული ჯონი: „ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვა გაცილებით უკეთ მოაგვარებს ჩემს პრობლემას. ჩემი მხრიდან მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დაველოდო მას“.

„ᲡᲫᲚᲘᲔ ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲐᲡ ᲡᲘᲙᲔᲗᲘᲗ“

16, 17. როგორ გვეხმარება ლოცვა, ბოროტებას სიკეთით ვძლიოთ? (რომაელები 12:21).

16 წაიკითხეთ რომაელების 12:21. აი კიდევ რას გვირჩევს მოციქული პავლე: „სძლიე ბოროტებას სიკეთით“. მსგავსი აზრი მთაზე ქადაგების დროს იესომაც აღნიშნა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:44). საიდან ჩანს, რომ იესო თავადაც ამ სიტყვების თანახმად იქცეოდა? უბრალოდ დაფიქრდით, რამხელა ტკივილის, შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოუწია მას, როცა რომაელმა ჯარისკაცებმა ძელზე გააკრეს.

17 თუმცა იესოს ვერ სძლია ბოროტებამ. მას არ უთხოვია იეჰოვასთვის, რომ რომაელი ჯარისკაცები დაესაჯა, პირიქით, შესთხოვდა: „მამა, აპატიე, არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკ. 23:34). თუ ჩვენც ვილოცებთ მისთვის, ვინც უსამართლოდ გვექცევა, ბრაზსაც დავიოკებთ და სიმშვიდეც დაგვეუფლება. საბოლოოდ, შეიძლება ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულებაც კი შევიცვალოთ.

18. როგორ დაეხმარა ლოცვა ალბერტოს და ჯონს?

18 ვნახოთ, როგორ დაეხმარა ლოცვა ზემოხსენებულ ძმებს. აი რას ამბობს ალბერტო: „ხშირად ვლოცულობდი იმ ძმებზე, რომლებიც უსამართლოდ მომექცნენ. იეჰოვას ვთხოვდი, მომხდარის დავიწყებაში დამხმარებოდა“. დღეს ალბერტო კვლავაც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ჯონი კი აღნიშნავს: „არაერთხელ ვილოცე იმ ძმისთვის, რომელმაც გული მატკინა. ეს დამეხმარა, აღარ ვყოფილიყავი კრიტიკული და ობიექტურად შემეფასებინა ის. ლოცვის წყალობით შინაგანი სიმშვიდეც დამიბრუნდა“.

19. როგორ უნდა მოვიქცეთ? (1 პეტრეს 3:8, 9).

19 ჩვენ არ ვიცით, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე რა სახის უსამართლობას შევხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა შევწყვიტოთ იეჰოვასთვის დახმარების თხოვნა, მივბაძოთ იესოს და ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ. თუ ასე მოვიქცევით, კურთხეულნი ვიქნებით! (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8, 9).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

a თავისი პირველი წერილის მე-2 და მე-3 თავებში მოციქული პეტრე იმდროინდელი ქრისტიანებისთვის ნაცნობ სიტუაციებს აღწერს და აღნიშნავს, რომ ზოგს თავისი ბატონი ან ურწმუნო ქმარი ექცეოდა უსამართლოდ (1 პეტ. 2:18–20; 3:1–6, 8, 9).