არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 45

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 138 ჭაღარის სილამაზე

ყურად იღეთ მოსეს, დავითისა და იოანეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები!

ყურად იღეთ მოსეს, დავითისა და იოანეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები!

„სიბრძნე მოხუცებს აქვთ და გონიერება დღეთა სიმრავლეს მოაქვს“ (ᲘᲝᲑ. 12:12).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რომ თუ დავემორჩილებით იეჰოვას, დღესვე მოგვემართება ხელი, მომავალში კი მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით.

1. რისი გაზიარება შეუძლიათ ხანდაზმულებს ჩვენთვის?

 ᲩᲕᲔᲜ ყველას გვჭირდება რჩევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. ამ მხრივ საუკეთესო დახმარების გაწევა შეუძლიათ უხუცესებს და სხვა მოწიფულ ქრისტიანებს. თუმცა თუ ჩვენსა და მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი რჩევები არ გამოგვადგება. იეჰოვას სურვილია, რომ ხანდაზმულებისგან ბევრი რამ ვისწავლოთ. მათ ხომ წლებთან ერთად მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ გამოცდილება, გონიერება და სიბრძნე (იობ. 12:12).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ბიბლიურ დროში იეჰოვა ხშირად ხანდაზმული მსახურების მეშვეობით ამხნევებდა და ხელმძღვანელობდა თავის ხალხს. მათ შორის იყვნენ მოსე, მეფე დავითი და მოციქული იოანე. ისინი სხვადასხვა ეპოქაში და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ცხოვრობდნენ. სამივემ სიცოცხლის ბოლოს ბრძნული რჩევები მისცა ახალგაზრდებს. მათი რჩევებიდან გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისადმი მორჩილება. ასაკისდა მიუხედავად ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათი სიტყვებიდან, ამიტომ იეჰოვამ იზრუნა, რომ მათ ჩვენამდეც მოეღწია (რომ. 15:4; 2 ტიმ. 3:16). ამ სტატიაში განვიხილავთ ამ მამაკაცების ზოგიერთ რჩევას და ვნახავთ, კონკრეტულად, რისი სწავლა შეგვიძლია.

ᲓᲘᲓᲮᲐᲜᲡ ᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲑᲗ

3. რა დავალებებს ასრულებდა მოსე?

3 მოსე მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას და დიდი გამოცდილებაც დააგროვა. ის იყო წინასწარმეტყველი, მოსამართლე, მხედართმთავარი და მემატიანე. ისრაელი მან გამოიყვანა ეგვიპტიდან და იეჰოვას არაერთი სასწაულის მოწმეც გახდა. ღვთის შთაგონებით მან ბიბლიის პირველი 5 წიგნი და 90-ე ფსალმუნი დაწერა. სავარაუდოდ, მისივე დაწერილია 91-ე ფსალმუნი და წიგნი „იობი“.

4. ვის მიმართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მოსემ და რატომ?

4 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 120 წელს მიღწეულმა მოსემ მთელი ისრაელი შეკრიბა. მას სურდა, რომ სანამ ისინი აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, ბოლო შანსი გამოეყენებინა მათ გასამხნევებლად. თავიდან მოსემ მათ შეახსენა, რას აკეთებდა იეჰოვა მათთვის წლების განმავლობაში. მაგალითად, ზოგმა ახალგაზრდობაში საკუთარი თვალით იხილა იეჰოვას მიერ მოხდენილი არაერთი სასწაული და ისიც, რა დამართა მან ეგვიპტელებს (გამ. 7:3, 4). იეჰოვამ ისინი შუაზე გაყოფილ წითელ ზღვაში გაატარა და ფარაონის ჯარის განადგურებაც ახილვინა (გამ. 14:29–31). ის არც უდაბნოში ხეტიალის დროს აკლებდა მათ მფარველობასა და მზრუნველობას (კან. 8:3, 4). a

5. რაში დაარწმუნა მოსემ ისრაელები? (კანონი 30:19, 20).

5 რა თქვა მოსემ? (წაიკითხეთ კანონის 30:19, 20). ისრაელს წინ შესანიშნავი ცხოვრება ელოდა. იეჰოვა დაჰპირდა მათ, რომ ყოველმხრივ კარგ მიწას დაამკვიდრებინებდა. აი როგორ აღწერა მოსემ აღთქმული მიწა: „მოგცემს . . . კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია, დოვლათით სავსე სახლებს, რისთვისაც არ გიშრომია, ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომლებიც შენ არ ჩაგიყრია“ (კან. 6:10, 11). თანაც ისინი შეძლებდნენ, დიდხანს გაეხარათ ამ მიწაზე ცხოვრებით.

6. რატომ ჩაუგდო ხელში იეჰოვამ ისრაელი სხვა ერებს?

6 მოსეს სიტყვები ისრაელისთვის გაფრთხილებასაც შეიცავდა. თუ მათ აღთქმულ მიწაზე დიდხანს ცხოვრება სურდათ, უნდა დამორჩილებოდნენ იეჰოვას კანონებს და არასოდეს ჩამოშორებულიყვნენ მას. თუმცა ისრაელებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება. ამიტომ იეჰოვამ ისინი ჯერ ასურელებს ჩაუგდო ხელში, შემდეგ კი – ბაბილონელებს (2 მეფ. 17:6–8, 13, 14; 2 მატ. 36:15–17, 20).

7. რას ვსწავლობთ მოსეს სიტყვებიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 რას ვსწავლობთ მოსეს სიტყვებიდან? ჩვენი სიცოცხლე მორჩილებაზეა დამოკიდებული. ჩვენც ღვთის დაპირებული ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე ვდგავართ და მალე ვიხილავთ, როგორ გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ (ეს. 35:1; ლუკ. 23:43); სატანა და დემონები ზიანს ვეღარავის მიაყენებენ (გამოცხ. 20:2, 3); აღარც ცრუ რელიგიები გაავრცელებენ სიცრუეს იეჰოვაზე (გამოცხ. 17:16); აღარც მთავრობები დაჩაგრავენ ხალხს (გამოცხ. 19:19, 20); იქ აღარ იცხოვრებენ ურჩი ადამიანები და ყველა დაემორჩილება იეჰოვას სამართლიან კანონებს, რაც მშვიდობასა და ერთობას შეუწყობს ხელს (ფსალმ. 37:10, 11); ყველას ექნება ურთიერთნდობა და სიყვარული იმეფებს (ეს. 11:9). მართლაც რა გასაოცარი მომავალი გველის წინ! თანაც იეჰოვა ასეთ პირობებში ცხოვრებას რამდენიმე ასეული წლით კი არა, მარადიულად გვპირდება. მთავარია, დავემორჩილოთ მას (ფსალმ. 37:29; იოან. 3:16).

თუ დავემორჩილებით იეჰოვას, ის მხოლოდ რამდენიმე ასეული წელი კი არა, მარადიულად გვაცხოვრებს სამოთხეში (იხილეთ აბზაცი 7).


8. როგორ დაეხმარა ერთ მისიონერს მარადიულ სიცოცხლეზე ფიქრი? (იუდა 20, 21).

8 თუ ხშირად ვიფიქრებთ, როგორ ცხოვრებას გვპირდება იეჰოვა, ეს იმის სურვილს გაგვიძლიერებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ვუერთგულოთ მას (წაიკითხეთ იუდას 20, 21). ამ დაპირებაზე ფიქრი სისუსტეებთან ბრძოლის ძალასაც შეგვმატებს. სწორედ ასე მოხდა ერთი ძმის შემთხვევაში, რომელიც აფრიკაში წლების მანძილზე მისიონერად მსახურობდა. ის ამბობს: „როცა გავიაზრე, რომ სასწორზე ჩემი მარადიული სიცოცხლე იდო, უფრო გამიძლიერდა ჩემს სისუსტესთან ბრძოლის მოტივაცია და იეჰოვასაც უფრო გულმხურვალედ შევთხოვდი დახმარებას. საბოლოოდ, მისი დახმარებით დავძლიე კიდეც ეს სისუსტე“.

ᲮᲔᲚᲘ ᲛᲝᲒᲔᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐᲗ

9. რა სირთულეებს ხვდებოდა დავითი?

9 ისრაელის გამორჩეული მეფე, დავითი, მუსიკოსი, პოეტი, მეომარი და წინასწარმეტყველიც იყო. ცხოვრების მანძილზე ის არაერთ განსაცდელს შეხვდა. მაგალითად, წლები გაურბოდა მეფე საულს, მოგვიანებით კი საკუთარი ვაჟისგან, აბესალომისგან, მოუწია გაქცევა, რომელმაც მისი ტახტის ხელში ჩაგდება სცადა. თუმცა პრობლემებისა თუ შეცდომების მიუხედავად, დავითი სიცოცხლის ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა და ისიც იწონებდა მას. ასე რომ, დავითის რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს (საქ. 13:22; 1 მეფ. 15:5).

10. რატომ დაარიგა დავითმა სოლომონი?

10 სოლომონი დავითის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე იყო. სწორედ ამ ახალგაზრდას უნდა აეშენებინა ტაძარი, სადაც ხალხი იეჰოვას სცემდა თაყვანს. ფაქტია, არც ამხელა საქმის გაძღოლა და არც ქვეყნის მართვა იოლი არ იქნებოდა (1 მატ. 22:5). ამიტომ დავითმა მას მნიშვნელოვანი რჩევები მისცა.

11. რაში დაარწმუნა დავითმა სოლომონი და როგორ გამართლდა მისი სიტყვები? (1 მეფეები 2:2, 3; იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 რა თქვა დავითმა? (წაიკითხეთ 1 მეფეების 2:2, 3). მან თავის ვაჟს უთხრა, რომ თუ იეჰოვას დაემორჩილებოდა, ყველაფერში ხელი მოემართებოდა. წლების მანძილზე სოლომონი ასეც იქცეოდა – ემორჩილებოდა იეჰოვას და ხელიც ემართებოდა (1 მატ. 29:23–25). მან დიდებული ტაძარი ააგო. გარდა ამისა, ბევრი რამ, რაც დაწერა და თქვა, ბიბლიის ნაწილი გახდა. სოლომონმა სიბრძნითა და სიმდიდრითაც გაითქვა სახელი (1 მეფ. 4:34). თუმცა, როცა ასაკში შევიდა, აღარ გაითვალისწინა მამის რჩევა და ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყო. რაკი ეურჩა იეჰოვას, ისიც აღარ უმართავდა ხელს. შედეგად მან სიბრძნეც დაკარგა და ვეღარც სამართალს უჩენდა ხალხს (1 მეფ. 11:9, 10; 12:4).

სოლომონისთვის ნათქვამი დავითის ბოლო სიტყვებიდან ჩანს, რომ თუ დავემორჩილებით იეჰოვას, ის გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სიბრძნეს მოგვცემს (იხილეთ აბზაცები 11, 12). b


12. რას ვსწავლობთ დავითის სიტყვებიდან?

12 რას ვსწავლობთ დავითის სიტყვებიდან? იეჰოვა ხელს მოგვიმართავს, თუ დავემორჩილებით (ფსალმ. 1:1–3). სოლომონისგან განსხვავებით იეჰოვა ჩვენ სიმდიდრესა და დიდებას არ გვპირდება. თუმცა თუ დავემორჩილებით, ის ჩვენც მოგვცემს სიბრძნეს. მაგალითად, ღვთიური სიბრძნე გვეხმარება, გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ, როცა საქმე ეხება სამუშაოს არჩევას, განათლების მიღებას, გართობასა და მატერიალურ საკითხებს (იგავ. 2:6, 7; იაკ. 1:5). მისი რჩევები იმაშიც დაგვეხმარება, რომ კარგი მეგობრები გვყავდეს და ჩვენი ოჯახის ბედნიერებასაც შევუწყოთ ხელი. დიახ, თუ ღვთის სიბრძნით ვიხელმძღვანელებთ, ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც მასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს და მარადიულ სიცოცხლეს დაგვაკარგვინებს (იგავ. 2:10, 11).

13. რა დაეხმარა კარმენს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?

13 ერთი მოზამბიკელი და, კარმენი, ფიქრობდა, რომ წარმატების საწინდარი უმაღლესი განათლება იყო. ამიტომ მან უნივერსიტეტში არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩააბარა. აი რას ამბობს ის: „სწავლა ძალიან მომწონდა, მაგრამ მეტისმეტად დიდ დროს მართმევდა და ძალიან ვიღლებოდი. დილის რვის ნახევრიდან საღამოს ექვს საათამდე უნივერსიტეტში ვიყავი. ამის გამო ხშირად მიცდებოდა კრებები და იეჰოვასთანაც აღარ მქონდა უწინდელივით ახლო ურთიერთობა. გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ორი ბატონის მსახურებას ვცდილობდი“ (მათ. 6:24). კარმენმა გადაწყვიტა, ამ საკითხზე ელოცა და პუბლიკაციებშიც მოეძებნა რჩევები. ის დასძენს: „დედამაც და უხუცესებმაც კარგი რჩევები მომცეს. საბოლოოდ შევწყვიტე უნივერსიტეტში სწავლა და სრული დროით მსახურება დავიწყე. ამას საერთოდ არ ვნანობ. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“.

14. რა იყო მოსესა და დავითის მთავარი სათქმელი?

14 მოსესაც და დავითსაც ძალიან უყვარდათ იეჰოვა და ესმოდათ მორჩილების ფასი. ამიტომ თავიანთ გამოსამშვიდობებელ სიტყვებში სხვებსაც მოუწოდებდნენ იეჰოვას ერთგულებისკენ. გარდა ამისა, გააფრთხილეს მსმენელი, რომ თუ მიატოვებდნენ იეჰოვას, მის კეთილგანწყობასაც დაკარგავდნენ და კურთხევებსაც. ამ რჩევებს დღემდე არ დაუკარგავს ფასი. ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, საუკუნეების შემდეგ მოციქულმა იოანემ როგორ გაუსვა ხაზი ღვთისადმი ერთგულების მნიშვნელობას.

ᲒᲔᲥᲜᲔᲑᲐᲗ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ

15. რისი მოწმე გახდა მოციქული იოანე თავისი ცხოვრების მანძილზე?

15 იოანე იესოს საყვარელი მოციქული იყო (მათ. 10:2; იოან. 19:26). ის თან ახლდა იესოს მსახურების დროს და საკუთარი თვალით ხედავდა მის მოხდენილ სასწაულებს. იოანე ურთულეს დროსაც კი არ მოშორებია გვერდიდან თავის მოძღვარს. მან ნახა, როგორ აწამეს და მოკლეს ის. იმის პატივიც ხვდა წილად, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ენახა. ის იმის მოწმეც გახდა, როგორ გაიზარდა ქრისტიანული კრება პირველ საუკუნეში და როგორ ექადაგა სასიხარულო ცნობა „ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23).

16. ვისთვის იქნებოდა საყურადღებო იოანეს წერილები?

16 ხანში შესულ იოანეს პატივი ხვდა წილად, რომ ბიბლიის რამდენიმე წიგნი დაეწერა. მან დაწერა წიგნი „გამოცხადება“, თავისივე სახელით ცნობილი სახარება და სამი წერილი (გამოცხ. 1:1). მესამე წერილი მან გაიუსს მისწერა, რომელიც შვილივით უყვარდა (3 იოან. 1). იმ დროისთვის ალბათ იოანე სხვა ბევრ ქრისტიანსაც მიიჩნევდა სულიერ შვილად. თუმცა მისმა წერილებმა მხოლოდ ეს და-ძმები როდი გაამხნევა. მათში ჩაწერილი აზრები ჩვენც დღემდე გვამხნევებს.

17. რა აზრს გაუსვა ხაზი იოანემ? (3 იოანე 4).

17 რა დაწერა იოანემ? (წაიკითხეთ 3 იოანეს 4). იმ დროისთვის, როცა მოციქულმა იოანემ თავისი მესამე წერილი დაწერა, ზოგი ქრისტიანი სიცრუეს ასწავლიდა და კრებაში განხეთქილება შეჰქონდა. თუმცა ზოგი კვლავაც აგრძელებდა ჭეშმარიტების გზით სიარულს. ისინი ემორჩილებოდნენ იეჰოვას და იცავდნენ მის მცნებებს (2 იოან. 4, 6). მათი მორჩილება მხოლოდ იოანეს კი არა, იეჰოვასაც ახარებდა (იგავ. 27:11).

18. რას ვსწავლობთ იოანეს სიტყვებიდან?

18 რას ვსწავლობთ იოანეს სიტყვებიდან? ერთგულებით როგორც საკუთარ, ისე სხვების ბედნიერებას ვუწყობთ ხელს (1 იოან. 5:3). მაგალითად, გვაბედნიერებს იმის ცოდნა, რომ გულს ვუხარებთ იეჰოვას. მას კი ძალიან ახარებს, როცა ხედავს, რომ არ ვყვებით ცდუნებას და მისი სიტყვის თანახმად ვცხოვრობთ (იგავ. 23:15). ამის დანახვა ანგელოზებსაც ახარებთ (ლუკ. 15:10). ჩვენც გვსიამოვნებს იმის დანახვა, როგორ ინარჩუნებენ ერთგულებას სხვა ქრისტიანები მაშინაც კი, როცა სირთულეებსა და ცდუნებებს ხვდებიან (2 თეს. 1:4). ხოლო მას შემდეგ, რაც სატანის ქვეყნიერება განადგურდება, წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებას მოგვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ვუერთგულეთ.

19. რა აღნიშნა ერთმა დამ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

19 სიხარულს განსაკუთრებით სხვებისთვის ჭეშმარიტების გაზიარება გვანიჭებს. დომინიკელთა რესპუბლიკაში მცხოვრები ერთი და, რეიჩელი, უდიდეს პატივად მიიჩნევს იმას, რომ შეუძლია სხვებს იეჰოვა გააცნოს. ბიბლიის შემსწავლელების შესახებ ის ასეთ რამეს აღნიშნავს: „ძალიან მახარებს, როცა ვხედავ, როგორ უყვარდება ბიბლიის შემსწავლელს იეჰოვა, როგორ უვითარდება მისადმი ნდობა და როგორ ცდილობს მის მოსაწონად ცხოვრებას. ამ სიხარულად ნამდვილად ღირს ნებისმიერი მსხვერპლი, რომელსაც ბიბლიის შემსწავლელისთვის ვიღებ“.

გვახარებს, როცა სხვებსაც ვეხმარებით, შეიყვარონ იეჰოვა და დაემორჩილონ მას (იხილეთ აბზაცი 19).


ᲧᲣᲠᲐᲓ ᲘᲦᲔᲗ ᲛᲝᲡᲔᲡ, ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲝᲐᲜᲔᲡ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ

20. რა საერთო გვაქვს მოსესთან, დავითთან და იოანესთან?

20 მართალია, დღეს სულ სხვა დროა და რადიკალურად განსხვავებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ მოსესთან, დავითთან და იოანესთან მაინც ბევრი საერთო გვაქვს. მათსავით ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით, ვლოცულობთ, მასზე ვამყარებთ იმედს და მის ხელმძღვანელობას მივყვებით. თანაც დარწმუნებული ვართ, რომ მორჩილების შემთხვევაში იეჰოვა უხვად გვაკურთხებს.

21. როგორ აკურთხებს იეჰოვა მათ, ვინც განხილულ რჩევებს გაითვალისწინებს?

21 მოდი ყველამ გავითვალისწინოთ ამ მამაკაცების სიტყვები და დავემორჩილოთ იეჰოვას. ამ შემთხვევაში, მისი დაპირებისამებრ, ყველაფერში ხელი მოგვემართება. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ასეული წელი კი არა, მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით (კან. 30:20). თანაც სიხარულს მოგვგვრის იმის ცოდნა, რომ გულს ვუხარებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა შეასრულებს ყველა ამ დაპირებას და იმაზე მეტსაც გააკეთებს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია (ეფეს. 3:20).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 129 ბოლომდე მოვითმენთ

a ისრაელების უმეტესობა, რომლებიც წითელ ზღვასთან იეჰოვას სასწაულების მოწმენი გახდნენ, აღთქმულ მიწაზე შესვლამდე დაიღუპა (რიცხ. 14:22, 23). იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ უდაბნოში მოკვდებოდა ყველა მამაკაცი 20 წლიდან ზევით (რიცხ. 14:29). თუმცა მათ, ვინც იმ დროს 20 წლამდე ასაკის იყო, აგრეთვე იესო ნავეს ძემ, ქალებ იეფუნეს ძემ და ლევიანებმა გადალახეს მდინარე იორდანე და ქანაანის მიწაზე შევიდნენ (კან. 1:24–40).

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მარცხნივ: სიცოცხლის ბოლოს დავითი სოლომონს ბრძნულ მითითებებს აძლევს. მარჯვნივ: და-ძმები პიონერული მსახურების სკოლაში სწავლობენ.