არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 46

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 49 გული გავუხაროთ იეჰოვას

ძმებო, მიზნად დაისახეთ მომსახურედ მსახურება!

ძმებო, მიზნად დაისახეთ მომსახურედ მსახურება!

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (ᲡᲐᲥ. 20:35).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიის მიზანია, ძმებს მომსახურედ მსახურების სურვილი აღუძრას და დაანახოს, რა არის საჭირო ამ პასუხისმგებლობის მისაღებად.

1. რა დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს მომსახურეების მიმართ?

 ᲙᲠᲔᲑᲐᲨᲘ მომსახურეები მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ. პირველ საუკუნეში მოციქული პავლეც აფასებდა ამ ძმებს. მაგალითად, როცა ფილიპელ ქრისტიანებს წერილი მისწერა, უხუცესებთან და სხვა და-ძმებთან ერთად კონკრეტულად მომსახურეებიც მოიკითხა (ფილ. 1:1).

2. რას ფიქრობს ერთი მომსახურე თავის პასუხისმგებლობაზე?

2 მომსახურედ სხვადასხვა ასაკის ძმები მსახურობენ და მათ ამ დავალების შესრულება დიდ სიხარულს ანიჭებთ. მაგალითად, ერთი ძმა დევანი 18 წლის ასაკში დაინიშნა მომსახურედ, კიდევ ერთი ძმა ლუისი კი 50 წელს იყო გადაცილებული, როცა ეს პასუხისმგებლობა მიიღო. აი რას ამბობს ის: „მომსახურედ მსახურება ჩემთვის უდიდესი პატივია. ეს საშუალებას მაძლევს, და-ძმების სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხო“. მის გრძნობებს უამრავი მომსახურე იზიარებს.

3. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

3 ძმებო, თუ უკვე მონათლული ხართ, შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ მომსახურედ მსახურება? რა შეგმატებთ ამ დავალების შესასრულებლად საჭირო მოტივაციას და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ? ვიდრე ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, რა დავალებას ასრულებენ მომსახურეები.

ᲠᲐ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲔᲑᲡ ᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲔᲜ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲔᲑᲘ?

4. რა დავალებებს ასრულებენ მომსახურეები? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 მომსახურეები წმინდა სულით დანიშნული ძმები არიან, რომლებიც კრებაში უხუცესებს სხვადასხვა საქმის შესრულებაში ეხმარებიან. მაგალითად, ზოგი მომსახურე უბნებზე ან ლიტერატურაზეა პასუხისმგებელი, ზოგიც დარბაზის მოვლა-პატრონობაზე ზრუნავს. ისინი კრების შეხვედრაზე მომწესრიგებლებად და აუდიო-ვიდეო აპარატურის ოპერატორებადაც მსახურობენ. მართალია, ზოგი დავალების შესასრულებლად მათ გარკვეული უნარ-ჩვევები სჭირდებათ, მაგრამ, პირველ რიგში, ისინი სულიერად მოწიფულები უნდა იყვნენ. მათ უნდა უყვარდეთ იეჰოვა, მისი ნორმები და და-ძმები (მათ. 22:37–39). რა უნდა გააკეთოს ძმამ, რომ მომსახურე გახდეს?

მომსახურეები იესოს ჰბაძავენ და სიხარულით იხარჯებიან და-ძმებისთვის (იხილეთ აბზაცი 4).


5. რა უნდა გააკეთოთ, რომ მომსახურე გახდეთ?

5 ბიბლიიდან ვიგებთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მომსახურეები (1 ტიმ. 3:8–10, 12, 13). ამიტომ კარგი იქნება, ჯერ გაეცნოთ, რა წერია ბიბლიაში, შემდეგ კი დაფიქრდეთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ შეესაბამებოდეთ ამ მოთხოვნებს. თუმცა თავდაპირველად საჭიროა, გააანალიზოთ, რატომ გსურთ მომსახურედ მსახურება.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲡᲣᲠᲗ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ?

6. რა უნდა აღგძრავდეთ და-ძმების მომსახურებისკენ? (მათე 20:28; იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 საუკეთესო მაგალითს იესო გვაძლევს. მას იმდენად უყვარდა მამა და ადამიანები, რომ თავს არ ზოგავდა და არანაირ საქმეს არ თაკილობდა (წაიკითხეთ მათეს 20:28; იოან. 13:5, 14, 15). თუ თქვენი აღმძვრელი ძალაც სიყვარული იქნება, იეჰოვა ხელს მოგიმართავთ და დაგეხმარებათ, გახდეთ მომსახურე (1 კორ. 16:14; 1 პეტ. 5:5).

იესომ საკუთარი მაგალითით დაანახვა მოციქულებს, რომ თავმდაბლად უნდა მომსახურებოდნენ სხვებს და არ უნდა ჰქონოდათ ამბიციები (იხილეთ აბზაცი 6).


7. რა მოტივით არ უნდა ისწრაფოთ მომსახურეობისკენ და რატომ?

7 დღეს ქვეყნიერებაში ღირსებად ითვლება, თუ ადამიანს საკუთარი თავის წარმოჩენა შეუძლია. თუმცა იეჰოვას ხალხს შორის ასე არაა. ძმისთვის მომსახურეობა სტატუსი ან ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობა კი არ უნდა იყოს, არამედ იმის საშუალება, რომ იესოს მსგავსად სიყვარული დაუმტკიცოს იეჰოვასა და და-ძმებს. ფაქტია, თუ კრებაში პასუხისმგებლობებს ამბიციურ ადამიანს მიანდობენ, ის თავმდაბლად არ მოემსახურება იეჰოვას ძვირფას ცხვარს და ითაკილებს ზოგიერთი საქმის შესრულებას (იოან. 10:12). შეუძლებელია, იეჰოვამ ხელი მოუმართოს ამაყ და ამბიციურ ადამიანს (1 კორ. 10:24, 33; 13:4, 5).

8. რა რჩევა მისცა იესომ თავის მოციქულებს?

8 დროდადრო იესოს მოციქულებსაც კი არასწორი მოტივი ჰქონდათ. მაგალითად, ერთხელ იაკობმა და იოანემ მას განსაკუთრებული მდგომარეობა სთხოვეს ზეციერ სამეფოში. იესომ არ მოიწონა მათი ამბიცია და მხოლოდ მათ კი არა, ყველა მოციქულს ურჩია: „ვისაც თქვენ შორის უფროსობა სურს, თქვენი მსახური იყოს, და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ყველას მონა იყოს“ (მარ. 10:35–37, 43, 44). კრებაში და-ძმების დახმარებას საუკეთესოდ ისინი შეძლებენ, ვისაც სწორი მოტივი ანუ სხვების მომსახურების სურვილი აქვს (1 თეს. 2:8).

ᲠᲐ ᲨᲔᲒᲛᲐᲢᲔᲑᲗ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲢᲘᲕᲐᲪᲘᲐᲡ?

9. რა შეგმატებთ მომსახურედ მსახურების მოტივაციას?

9 ეჭვი არ გვეპარება, რომ გიყვართ იეჰოვა და სხვების მომსახურების სურვილიც გაქვთ. თუმცა შეიძლება მაინც არ გინდოდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. რა შეგმატებთ მომსახურედ მსახურების მოტივაციას? დაფიქრდით, რამხელა სიხარულს მოგანიჭებთ და-ძმების მომსახურება. იესომაც ხომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ის თავადაც ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა, რაც უდიდეს სიხარულს ანიჭებდა. გჯეროდეთ, ეს თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნება!

10. რა მეტყველებს იმაზე, რომ იესოს სხვების მომსახურება სიხარულს ანიჭებდა? (მარკოზი 6:31–34).

10 ვნახოთ, რა მეტყველებს იმაზე, რომ იესოს სიხარულს ანიჭებდა სხვების მომსახურება (წაიკითხეთ მარკოზის 6:31–34). ერთხელ იესო და მისი მოციქულები დაღლილები იყვნენ და დასვენება სჭირდებოდათ. ამიტომ განმარტოება გადაწყვიტეს. ხალხმა რომ დაინახა, საით მიდიოდნენ, გაიქცნენ და მათზე ადრე მივიდნენ იმ ადგილას, რადგან იესოს მოსმენა სურდათ. იესოს თავისუფლად შეეძლო ისინი უკან გაესტუმრებინა ან მათთან მოკლე საუბრით შემოფარგლულიყო. მას და მოციქულებს ხომ იმდენად გადატვირთული დღე ჰქონდათ, რომ საჭმელადაც ვერ მოიცალეს. თუმცა ასე არ მოქცეულა. იესო „ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“, თანაც გვიანობამდე (მარ. 6:35). რატომ გააკეთა ეს? მას „გული დაეწვა მათ გამო“. დიახ, იესოს იძულებით კი არ გაუკეთებია ეს, არამედ სიყვარულმა და მათი დახმარების სურვილმა აღძრა ამისკენ. აშკარაა, იესოს ახარებდა სხვების მომსახურება.

11. როგორ ეხმარებოდა იესო ხალხს პრაქტიკულად? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 იესომ მასთან მისული ხალხის მხოლოდ სულიერ საჭიროებებზე კი არა, ფიზიკურ საჭიროებებზეც იზრუნა. მათ დასაპურებლად სასწაული მოახდინა და მოწაფეებს სთხოვა, რომ ხალხისთვის დაერიგებინათ საჭმელი (მარ. 6:41). ერთი მხრივ, იესომ მოციქულებს დაანახვა, რომ სხვებისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა მნიშვნელოვანი იყო, მეორე მხრივ კი ასწავლა, როგორ უნდა მომსახურებოდნენ სხვებს. წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნო იქნებოდა მოციქულებისთვის ამ საქმეში წვლილის შეტანა და იმის დანახვა, რომ უკლებლივ „ყველა კარგად დანაყრდა“ (მარ. 6:42). თუმცა იესო მხოლოდ ამ ერთხელ არ მოქცეულა ასე. მან მთელი თავისი ცხოვრება სხვების მომსახურებას მიუძღვნა (მათ. 4:23; 8:16). ხალხის სულიერ თუ ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნვა იესოს უდიდეს სიხარულს ჰგვრიდა. ეს თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნება, თუ არასდროს იტყვით უარს და-ძმებისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაზე, რის კარგ შესაძლებლობასაც მომსახურედ მსახურება მოგცემთ.

თუ გეყვარებათ იეჰოვა და გექნებათ და-ძმების მომსახურების სურვილი, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს გააკეთებთ თანაქრისტიანებისთვის (იხილეთ აბზაცი 11). a


12. რატომ არ უნდა იფიქროთ, რომ ვერაფრით გამოადგებით კრებას?

12 გულს ნუ გაიტეხთ, თუ ფიქრობთ, რომ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი არ გაქვთ. წარმოუდგენელია, არ გქონდეთ ისეთი თვისებები, რომლის წყალობითაც და-ძმებს გამოადგებით. დაფიქრდით 1 კორინთელების 12:12–30-ში ჩაწერილ პავლეს სიტყვებზე და იეჰოვას სთხოვეთ დახმარება, რომ თქვენს თავს დაუკავშიროთ. როგორც პავლეს სიტყვებიდან ჩანს, იეჰოვას თითოეულ მსახურს კრებაში ღირსეული ადგილი უკავია. თუმცა თუ ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ შეესაბამებით მომსახურედ მსახურებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, ეცადეთ, რაც შეგიძლიათ ის გააკეთოთ იეჰოვასა და და-ძმებისთვის. გჯეროდეთ, უხუცესები შეამჩნევენ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და შესაფერის დავალებასაც მოგცემენ (რომ. 12:4–8).

13. კიდევ რატომ უნდა ისწრაფოთ მომსახურედ მსახურებისკენ?

13 პასუხისმგებელი ძმებისთვის ბიბლიაში ჩაწერილი მოთხოვნების უმეტესობას ყველა ქრისტიანი უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უნდა ისწრაფოთ მომსახურედ მსახურებისკენ. სინამდვილეში, თითოეული ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას, სიხარულს გვანიჭებდეს სხვებისთვის სიკეთის კეთება და იეჰოვას მოსაწონად ვცხოვრობდეთ. მოდი ახლა კონკრეტულად განვიხილოთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მომსახურეები.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲗ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔ ᲒᲐᲮᲓᲔᲗ?

14. რა იგულისხმება „სერიოზულობაში“? (1 ტიმოთე 3:8–10, 12).

14 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 3:8–10, 12. მოდი განვიხილოთ აქ ჩაწერილი ზოგიერთი მოთხოვნა. დავიწყოთ იმით, რომ მომსახურე „სერიოზული უნდა იყოს“. ეს ფრაზა შეიძლება ასეც ითარგმნოს: „პატივისცემის ღირსი“, „ღირსეული“, „პასუხისმგებლობის მქონე“. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა იცინოდეთ და იუმორის გრძნობა არ გქონდეთ (ეკლ. 3:1, 4). სინამდვილეში, ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერ დავალებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ასე კრებაში და-ძმების პატივისცემასაც დაიმსახურებთ.

15. რა იგულისხმება სიტყვებში: „არ უნდა იყოს ორპირი“ და „ანგარებიანი და ფულს დახარბებული“?

15 სიტყვები, „არ უნდა იყოს ორპირი“, იმაზე მიანიშნებს, რომ არ უნდა იყოთ სიტყვის გამტეხნი, სხვებს სიმართლე ელაპარაკოთ და არავინ შეიყვანოთ შეცდომაში (იგავ. 3:32). თქვენ არც „ანგარებიანი და ფულს დახარბებული“ უნდა იყოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა საქმე ფულს და საქმიან ურთიერთობებს ეხება, ყოველმხრივ პატიოსნად მოიქცეთ და არასდროს ეცადოთ და-ძმების ხარჯზე ფულის შოვნას.

16. ა) რა იგულისხმება სიტყვებში: „არ უნდა იყოს . . . ღვინოს მიძალებული“? ბ) რას ნიშნავს სუფთა სინდისის ქონა?

16 სიტყვები, „არ უნდა იყოს . . . ღვინოს მიძალებული“, იმაზე მიანიშნებს, რომ არც ბევრს უნდა სვამდეთ და არც მსმელის რეპუტაცია გქონდეთ. სუფთა სინდისის ქონა კი იმას გულისხმობს, რომ ქრისტიანი იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრობს. მართალია, არასრულყოფილების გამო ის შეცდომებს უშვებს, მაგრამ მთლიანობაში იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა აქვს და, შესაბამისად, შინაგანი სიმშვიდეც.

17. რას ნიშნავს სიტყვები: „ჯერ უნდა გამოიცადოს“? (1 ტიმოთე 3:10, იხილეთ აგრეთვე სურათი).

17 სიტყვები, „ჯერ უნდა გამოიცადოს, გამოდგება თუ არა ამგვარი მსახურებისთვის“, იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთი ადამიანის სახელი გქონდეთ, რომელსაც თამამად მიანდობენ საქმეს. ამიტომ როცა უხუცესები რაიმეს დაგავალებენ, ზედმიწევნით მიჰყევით როგორც მათ, ისე ორგანიზაციის მითითებებს. ეს დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რისი გაკეთება მოგეთხოვებათ და როდისთვის უნდა შეასრულოთ დავალება. გახსოვდეთ, თქვენი გულმოდგინება კრებაში არავის დარჩება შეუმჩნეველი და კარგ რეპუტაციასაც შეიქმნით. თუმცა ძმა რომ გამოიცადოს, საჭიროა, უხუცესებმა მოამზადონ ის (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 3:10). უხუცესებო, დაფიქრდით: გყავთ კრებაში ისეთი მონათლული ძმები, რომლებიც უმცროსკლასელები ან მოზარდები არიან? თუ ხედავთ, რომ რეგულარულად კითხულობენ ბიბლიას, ემზადებიან კრების შეხვედრებისთვის, აკეთებენ კომენტარებს და ქადაგებენ, კარგი იქნება, თუ მათი ასაკისთვის შესაფერის დავალებებს მისცემთ. ამგვარად ისინი 17 წლის ასაკში, დიდი ალბათობით, უკვე მზად იქნებიან, იმსახურონ მომსახურედ.

ძმები რომ „გამოიცადონ“, უხუცესებმა მათ დავალებები უნდა მისცენ (იხილეთ აბზაცი 17).


18. რას ნიშნავს, იყოთ „ბრალდაუდებელი“?

18 იყოთ „ბრალდაუდებელი“, იმას ნიშნავს, რომ არავის აძლევდეთ საბაბს, ქრისტიანისთვის შეუფერებელ საქციელში დაგადანაშაულონ. ფაქტია, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, მის მსგავსად ჩვენც, მის მიმდევრებსაც, შეიძლება ცილი დაგვწამონ (იოან. 15:20). თუმცა თუ შეეცდებით, იესოსავით ყოველთვის იეჰოვას მოსაწონად მოიქცეთ, კარგ რეპუტაციას შეიძენთ (მათ. 11:19).

19. რა იგულისხმება სიტყვებში: „უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი“?

19 „უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი“. იეჰოვამ თავდაპირველად ერთი კაცი და ერთი ქალი შეაუღლა. ამიტომ ქრისტიანს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს (მათ. 19:3–9). გარდა ამისა, არასდროს უნდა უღალატოს მეუღლეს და არც რომანტიკული ინტერესი გამოიჩინოს სხვა ქალის მიმართ (იობ. 31:1; ებრ. 13:4).

20. საიდან ჩანს, რომ კაცი კარგად უძღვება ოჯახს?

20 „კარგად უძღვებოდეს შვილებსა და ოჯახს“. თუ დაოჯახებული ხართ, თქვენს პასუხისმგებლობას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულარულად ჩაატაროთ ოჯახური შესწავლა და, შეძლებისდაგვარად, ხშირად იმსახუროთ ოჯახის თითოეულ წევრთან ერთად. დაეხმარეთ ბავშვებს, რომ იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა განივითარონ (ეფეს. 6:4). ფაქტია, ვინც ოჯახს კარგად უძღვება, კრებაზეც კარგად იზრუნებს (შეადარეთ 1 ტიმოთეს 3:5).

21. ძმებო, რა ისწავლეთ ამ სტატიიდან?

21 ძმებო, თუ ჯერ არ მსახურობთ მომსახურედ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს სტატია და იეჰოვას სთხოვეთ, აქ მოცემული რჩევების გათვალისწინებაში დაგეხმაროთ. კარგად შეისწავლეთ ზემოთ განხილული მოთხოვნები და ყველაფერი გააკეთეთ, რომ შეესაბამებოდეთ მათ. იმისთვის კი, რომ უფრო გაიძლიეროთ და-ძმების მომსახურების სურვილი, მეტად შეიყვარეთ როგორც ისინი, ისე იეჰოვა (1 პეტ. 4:8, 10). თუ და-ძმებს მოემსახურებით, თქვენ დღესვე გამოცდით დიდ სიხარულს. თქვენი ძალისხმევა არც იეჰოვას დარჩება შეუმჩნეველი და დაგეხმარებათ, მიაღწიოთ მიზანს (ფილ. 2:13).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 17 მსურს

a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მარცხნივ: იესო თავმდაბლად ემსახურება მოწაფეებს; მარჯვნივ: ერთი მომსახურე ხანდაზმულ ძმასთან ერთად მსახურობს.