არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 47

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები – ძღვენი ადამიანთა სახით

ძმებო, მიზნად დაისახეთ უხუცესად მსახურება!

ძმებო, მიზნად დაისახეთ უხუცესად მსახურება!

„თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია“ (1 ᲢᲘᲛ. 3:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ბიბლიურ მოთხოვნას, რომლებსაც ძმა უხუცესად მსახურებისთვის უნდა აკმაყოფილებდეს.

1, 2. რა საქმეს ასრულებენ უხუცესები?

 ᲗᲣ ᲒᲐᲠᲙᲕᲔᲣᲚᲘ ხანია, რაც მომსახურე ხართ, დიდი ალბათობით, უკვე შეიძინეთ ისეთი თვისებები, რომლებიც უხუცესად მსახურებისთვის გამოგადგებათ. ამიტომ კარგი იქნება, ისწრაფოთ ამ პასუხისმგებლობისკენ (1 ტიმ. 3:1).

2 რა საქმეს ასრულებენ უხუცესები? ისინი ხელმძღვანელობენ სამქადაგებლო საქმეს და თავადაც აქტიურად არიან მასში ჩაბმული. ამგვარად ეს ძმები სიტყვითა თუ საქმით განამტკიცებენ კრებას. სწორედ მძიმე შრომის გამო უწოდებს ბიბლია მათ „ძღვენს ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8).

3. რა უნდა გააკეთოს ძმამ, რომ უხუცესი გახდეს? (1 ტიმოთე 3:1–7; ტიტე 1:5–9).

3 ხშირ შემთხვევაში რაიმე სამსახურში მოსაწყობად საბაზისო პროფესიული უნარ-ჩვევების ქონაც საკმარისია. თუმცა კრებაში საქმე სხვაგვარადაა. უხუცესად მსახურებისთვის მხოლოდ ის არ კმარა, რომ კარგი მქადაგებელი და მასწავლებელი იყოთ. მაშ, კონკრეტულად რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ? ამ მოთხოვნებს ვკითხულობთ 1 ტიმოთეს 3:1–7-სა და ტიტეს 1:5–9-ში (წაიკითხეთ). ამ სტატიიდან დავინახავთ, რა არის საჭირო, რომ 1) კარგი რეპუტაცია გქონდეთ როგორც და-ძმების, ისე სხვების თვალში, 2) სამაგალითო ოჯახის თავი იყოთ და 3) კარგად იზრუნოთ კრებაზე.

ᲙᲐᲠᲒᲘ ᲠᲔᲞᲣᲢᲐᲪᲘᲐ

4. რას ნიშნავს, იყო ბრალდაუდებელი?

4 უხუცესი რომ გახდეთ, ბრალდაუდებელი უნდა იყოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ კრებაში არავის აძლევდეთ საბაბს, რაიმეში ბრალი დაგდოთ. გარდა ამისა, გარეშეებიც კარგად უნდა გახასიათებდნენ. ისინი შეიძლება გაკრიტიკებდნენ თქვენი მრწამსის გამო, მაგრამ თქვენს პატიოსნებასა და წესიერებაში არ უნდა შეჰქონდეთ ეჭვი (დან. 6:4, 5). ამიტომ ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრება, როგორი რეპუტაცია გაქვთ კრებაში თუ კრების გარეთ.

5. საიდან გამოჩნდება, რომ კარგის მოყვარული ხართ?

5 კარგის სიყვარული იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სხვებში კარგს ამჩნევდეთ და აქებდეთ მათ, მეორე მხრივ კი, სიხარულს განიჭებდეთ სიკეთის კეთება. თქვენ იმაზე მეტის გასაკეთებლადაც უნდა იყოთ მზად, ვიდრე თქვენგან მოელიან (1 თეს. 2:8). უხუცესებს და-ძმების დამწყემსვა და კრებაში სხვადასხვა დავალების შესრულება ევალებათ, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, კარგის მოყვარულები იყოთ (1 პეტ. 5:1–3). ამ შემთხვევაში თქვენთვის ეს მძიმე ტვირთი კი არ იქნება, სიხარულს მოგანიჭებთ (საქ. 20:35).

6. როგორ შეგიძლიათ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა? (ებრაელები 13:2, 16; იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 სტუმართმოყვარე ადამიანი მხოლოდ თავისი მეგობრების კი არა, ყველას მიმართ ავლენს გულუხვობას (1 პეტ. 4:9). ერთ ნაშრომში სტუმართმოყვარე კაცის შესახებ ნათქვამია: „მისი სახლის კარიც და გულისკარიც ღიაა უცხოებისთვის“. ამიტომ დაფიქრდით: მაქვს ისეთი ადამიანის რეპუტაცია, რომელიც კრებაში სტუმრებს გულთბილად ხვდება? (წაიკითხეთ ებრაელების 13:2, 16). სტუმართმოყვარე ადამიანი, ცოტა აქვს თუ ბევრი, ყველას მიმართ გულუხვია, მათ შორის სარაიონო ზედამხედველების, მოწვეული მომხსენებლების თუ გაჭირვებული და-ძმების მიმართ (დაბ. 18:2–8; იგავ. 3:27; ლუკ. 14:13, 14; საქ. 16:15; რომ. 12:13).

ერთი წყვილი სტუმართმოყვარეობას იჩენს სარაიონო ზედამხედველისა და მისი მეუღლის მიმართ (იხილეთ აბზაცი 6).


7. საიდან ჩანს, რომ ძმა არ არის ფულის მოყვარული?

7 „არ უნდა იყოს . . . ფულის მოყვარული“. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად თქვენთვის უმთავრესი ღვთის მსახურება უნდა იყოს და არა ფულისა და ქონების დაგროვება (მათ. 6:33). იეჰოვასთვის, ოჯახისთვის თუ კრებისთვის თქვენ არაფერს უნდა იშურებდეთ – არც დროს, ენერგიას თუ სახსრებს (მათ. 6:24; 1 იოან. 2:15–17). კარგი იქნება, დაფიქრდეთ: როგორი დამოკიდებულება მაქვს ფულის მიმართ? ვკმაყოფილდები აუცილებელს თუ სულ უფრო მეტის დაგროვებას ვცდილობ? (1 ტიმ. 6:6, 17–19).

8. რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ძმაზე, რომ ზომიერი და თავშეკავებულია?

8 „ზომიერი“ და „თავშეკავებული“ შეიძლება ყოველმხრივ გაწონასწორებულ ადამიანს ეწოდოს. ასეთი თვისებების გამოვლენა შეგიძლიათ, მაგალითად, როცა საქმე ჭამა-სმას, ჩაცმულობასა თუ გარეგნობას და გართობას ეხება. თქვენ არც ლოთობაში უნდა იყოთ შენიშნული და არც მსმელის რეპუტაცია უნდა გქონდეთ. გარდა ამისა, თქვენზე გავლენას არ უნდა ახდენდეს მათი არასწორი ცხოვრების წესი, ვინც არ ემსახურება იეჰოვას (ლუკ. 21:34; იაკ. 4:4). თქვენ იმასაც უნდა შეეცადოთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, როცა თქვენს პროვოცირებას ცდილობენ. დაფიქრდით: ჩანს ჩემი ცხოვრებიდან, რომ ზომიერი და თავშეკავებული ვარ?

9. რა იგულისხმება სიტყვებში: „საღად მოაზროვნე“ და „წესრიგიანი“?

9 საღად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, საკითხებს ბიბლიურ ჭრილში შეხედოს. თუ ბიბლიური პრინციპები კარგად გესმით, არ გაგიჭირდებათ სწორი დასკვნების გამოტანა და გონივრული გადაწყვეტილების მიღება. საღად მოაზროვნე ადამიანი ნაჩქარევად არ მოქმედებს. ამიტომ ეცადეთ, კარგად გაერკვეთ საკითხში (იგავ. 18:13). ამგვარად ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რომლებიც იეჰოვას აზროვნებას ირეკლავს. წესრიგიანი ადამიანის სახელი იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ ორგანიზებული, პუნქტუალური და სანდო იქნებით და ყოველთვის მიჰყვებით მითითებებს. თუ ყველანაირად ეცდებით, გაითვალისწინოთ ამ ქვესათაურში განხილული ბიბლიური მოთხოვნები, კარგ რეპუტაციას შეიქმნით. მოდი ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ სამაგალითო ოჯახისთავი იყოთ.

ᲡᲐᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲝ ᲝᲯᲐᲮᲘᲡᲗᲐᲕᲘ

10. რას ნიშნავს სიტყვები: „კარგად უნდა უძღვებოდეს ოჯახს“?

10 თუ ოჯახისთავი ხართ, გარკვეულწილად, თქვენი ოჯახის რეპუტაციაზეც იქნება დამოკიდებული, დაინიშნებით თუ არა უხუცესად. ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად უძღვებოდეთ ოჯახს. თქვენ მოსიყვარულე და პასუხისმგებლობიანი ოჯახისთავი უნდა იყოთ, რაც იმასაც მოიცავს, რომ ოჯახის სულიერებაზე იზრუნოთ – ჩაატაროთ ოჯახური შესწავლა, მათთან ერთად დაესწროთ კრების შეხვედრებს და იმსახუროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სამაგალითო იყოთ, რადგან როგორც პავლემ თქვა, „თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორღა იზრუნებს?!“ (1 ტიმ. 3:5).

11, 12. რა გავლენას მოახდენს შვილების საქციელი იმაზე, მიიღებს თუ არა ძმა პასუხისმგებლობას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ, ისინი მთელი შეგნებით უნდა გემორჩილებოდნენ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვის მსგავსად თქვენი შვილებიც იცელქებენ, მაგრამ თქვენი, როგორც მშობლის, მოვალეობაა, სიყვარულით დაარიგოთ და ასწავლოთ. ამ შემთხვევაში ისინი დამჯერები და ზრდილობიანები იქნებიან. გარდა ამისა, ყველანაირად უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ შვილებს, იეჰოვას დაუმეგობრდნენ, ისწავლონ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება და ნათლობისკენ გადადგან ნაბიჯები.

12 „არც ურჩები არიან და არც თავაშვებულობაში ედებათ ბრალი“. რა გავლენას მოახდენს მამის რეპუტაციაზე ის, თუ მისი არასრულწლოვანი შვილი სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს? თუ ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდება, რომ მამამ სათანადოდ არ იზრუნა შვილის აღზრდაზე, მისი უხუცესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება (იხილეთ 1996 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 17, აბზ. 6, 7).

ოჯახისთავები შვილებს ეხმარებიან, იეჰოვასაც დაუახლოვდნენ და კრების საქმეშიც იყვნენ ჩართული (იხილეთ აბზაცი 11).


ᲙᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲖᲠᲣᲜᲕᲐ

13. საიდან გამოჩნდება, რომ ძმა კეთილგონიერია და არა თავნება?

13 კეთილგონიერი ადამიანი არაკონფლიქტურია და სხვებსაც ეხმარება, მშვიდობიანი ურთიერთობები ჰქონდეთ. ასეთი ადამიანის სახელი იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ მზად იქნებით განსხვავებული აზრის მოსასმენად და გასათვალისწინებლად. კეთილგონიერების წყალობით უხუცესთა საბჭოს შეხვედრებზე არ გაგიჭირდებათ უმრავლესობის აზრის მხარდაჭერა მაშინ, როცა არანაირი ბიბლიური კანონი თუ პრინციპი არ ირღვევა. რას ნიშნავს, რომ არ იყოთ თავნება? ეს იმას ნიშნავს, რომ არასდროს ეცადოთ საკუთარი აზრის გატანას. პირიქით, მზად იყოთ, რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი მოისმინოთ და მხედველობაში მიიღოთ (დაბ. 13:8, 9; იგავ. 15:22). თქვენ არც მოჩხუბარი და ფიცხი ადამიანის სახელი უნდა გქონდეთ. პირიქით, რბილი და ტაქტიანი უნდა იყოთ და არ ეკამათოთ და არ ეუხეშოთ სხვებს. თუ მშვიდობიანი იქნებით, დაძაბულ სიტუაციებშიც კი არ გაგიჭირდებათ მშვიდობის აღსადგენად პირველი ნაბიჯის გადადგმა (იაკ. 3:17, 18). ტკბილი სიტყვით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გულის მოლბობასაც კი შეძლებთ (მსაჯ. 8:1–3; იგავ. 20:3; 25:15; მათ. 5:23, 24). ასეთი ძმები ნამდვილად ძღვენი არიან კრებისთვის.

14. ა) რატომ არ უნდა იყოს ძმა ახალმოქცეული? ბ) საიდან ჩანს, რომ ძმა ერთგულია?

14 „არ უნდა იყოს ახალმოქცეული“. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძალიან დიდი ხნის მონათლული უნდა იყოთ. თუმცა ფაქტია, მოწიფულ ქრისტიანად რომ ჩამოყალიბდეთ, გარკვეული დროა საჭირო. თქვენ იესოს მსგავსად თავმდაბლები და მომთმენები უნდა იყოთ, რათა დაელოდოთ იმ დროს, როცა იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ თქვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობების მოცემას (მათ. 20:23; ფილ. 2:5–8). რისი თქმა შეიძლება ერთგულებაზე? თუ იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად იცხოვრებთ და ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს მიჰყვებით, დაამტკიცებთ, რომ ერთგული ხართ (1 ტიმ. 4:15).

15. აუცილებელია, ძმა კარგი მომხსენებელი იყოს, რომ უხუცესად დაინიშნოს? ახსენით.

15 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ზედამხედველს უნდა შეეძლოს სწავლება. თუმცა ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ის გამორჩეულად კარგი მომხსენებელი უნდა იყოს. ბევრი უხუცესი შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო მომხსენებელი, მაგრამ ძალიან კარგად ართმევდეს თავს ქადაგების და დამწყემსვის საქმეს (შეადარეთ 1 კორინთელების 12:28, 29 და ეფესოელების 4:11). როგორც არ უნდა იყოს, საჭიროა, იმუშაოთ საკუთარ თავზე და დაიხვეწოთ. კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ, უკეთესი მასწავლებელი რომ გახდეთ?

16. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ უკეთესი მასწავლებელი გახდეთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 „სარწმუნო სიტყვას უნდა ეყრდნობოდეს“. კარგი მასწავლებელი იმ შემთხვევაში გახდებით, თუ თქვენს მოხსენებებს და თანაქრისტიანებისთვის პირადად მიცემულ რჩევებს ღვთის სიტყვაზე დააფუძნებთ. ამიტომ გულმოდგინედ შეისწავლეთ ბიბლია და ჩვენი პუბლიკაციები (იგავ. 15:28; 16:23). კარგად დაუკვირდით, როგორ იხსნება ესა თუ ის მუხლი, რათა სწორი პარალელები გაავლოთ. უშუალოდ სწავლების დროს კი თქვენი მიზანი უნდა იყოს, მსმენელის გულამდე მიიტანოთ სათქმელი. ამასთანავე, გამოცდილ უხუცესებსაც ჰკითხეთ რჩევები და შეეცადეთ მათ გათვალისწინებას (1 ტიმ. 5:17). უხუცესებს და-ძმების გამხნევებაც უნდა შეეძლოთ. თუმცა ზოგჯერ მათ რჩევაც უნდა მისცენ და შეაგონონ კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი რბილად უნდა მიუდგნენ და-ძმებს. თუ თქვენც ასე მოიქცევით და იმას, რასაც ასწავლით, ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დააფუძნებთ, დიდებულ მოძღვარს, იესოს, მიჰბაძავთ და უკეთესი მასწავლებელი გახდებით (მათ. 11:28–30; 2 ტიმ. 2:24).

მომსახურე გამოცდილ უხუცესთან ერთად ინახულებს თანაქრისტიანს და ბიბლიის მეშვეობით ამხნევებს. ის სარკის წინ დავალებას ამზადებს (იხილეთ აბზაცი 16).


ᲒᲐᲜᲐᲒᲠᲫᲔᲗ ᲛᲘᲖᲜᲘᲡᲙᲔᲜ ᲡᲬᲠᲐᲤᲕᲐ

17. ა) რა დაეხმარებათ მომსახურეებს, განაგრძონ მიზნისკენ სწრაფვა? ბ) რა უნდა მიიღონ უხუცესებმა მხედველობაში რეკომენდაციის გაწევის დროს? (იხილეთ ჩარჩო  „მოერიდეთ უკიდურესობებს ძმების შეფასებისას“).

17 ამ განხილვის შემდეგ შეიძლება ზოგმა მომსახურემ დაასკვნას, რომ ვერასდროს შეძლებს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ არც იეჰოვა და არც ძმები თქვენგან სრულყოფილებას არ მოელიან (1 პეტ. 2:21). მეტიც, იეჰოვა თავისი სულით გეხმარებათ ამ მიზნისკენ სწრაფვაში (ფილ. 2:13). სთხოვეთ მას დახმარება, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე კონკრეტულ თვისებაზე გაქვთ სამუშაო, შემდეგ კი კარგად გამოიკვლიეთ ეს საკითხი და უხუცესებსაც მიმართეთ რჩევისთვის.

18. რა უნდა გააკეთოს ყველა მომსახურემ?

18 ამ სტატიაში განხილული რჩევების გათვალისწინება ყველას შეგვიძლია, მათ შორის მათაც, ვინც უკვე მსახურობს უხუცესად (ფილ. 3:16). მაგრამ თუ მომსახურე ხართ, მიზნად დაისახეთ უხუცესად მსახურება და ისწრაფეთ ამ მიზნისკენ. სთხოვეთ იეჰოვას, ისეთ ადამიანად ჩამოგაყალიბოთ, რომელიც კიდევ უფრო გამოადგება როგორც მას, ისე კრებას (ეს. 64:8). გჯეროდეთ, იეჰოვა ხელს მოგიმართავთ და დაგეხმარებათ, მიაღწიოთ მიზანს!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ