არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განმტკიცდით რწმენასა და იმედში!

განმტკიცდით რწმენასა და იმედში!

„რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრ. 11:1).

სიმღერები: 81, 134

1, 2. ა) რით განსხვავდება ჭეშმარიტი ქრისტიანების იმედი სხვა ადამიანების იმედისგან? ბ) რომელ მნიშვნელოვან კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

ჭეშმარიტ ქრისტიანებს საოცარი იმედი გვაქვს! ცხებულები ვართ თუ „სხვა ცხვარი“, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ საკუთარი თვალით ვიხილავთ, როგორ შესრულდება ღვთის თავდაპირველი განზრახვა და განიწმინდება იეჰოვას სახელი (იოან. 10:16; მათ. 6:9, 10). შეუძლებელია, ადამიანს ამაზე უკეთესის მოლოდინი ჰქონდეს! ჩვენ მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიღების იმედიც გვაქვს, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე (2 პეტ. 3:13). მანამდე კი გვსურს, რომ ღვთის ხალხმა მეტად წაიწიოს წინ სულიერად.

2 იმედი სხვა ადამიანებსაც აქვთ, თუმცა მათ შეიძლება ეჭვი ეპარებათ, რომ მათი მოლოდინი გამართლდება. მაგალითად, მილიონობით ადამიანი იმედოვნებს, რომ აზარტულ თამაშებში დიდ თანხას მოიგებს, თუმცა ისინი ამაში ბოლომდე დარწმუნებულები ვერ იქნებიან. ნამდვილი რწმენა კი იმ იმედის შესრულების „საფუძვლიანი მოლოდინია“, რომელიც ქრისტიანებს გვაქვს (ებრ. 11:1). როგორ შეგიძლიათ განმტკიცდეთ თქვენს იმედში და რაში დაგეხმარებათ მტკიცე რწმენა?

3. რას ეფუძნება ქრისტიანული რწმენა?

3 ცოდვილ ადამიანს რწმენა დაბადებიდან არ ჰყვება. ის არც თავისთავად ჩნდება. ქრისტიანული რწმენა მორჩილ ადამიანზე ღვთის წმინდა სულის ზემოქმედების შედეგად ვითარდება (გალ. 5:22). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ იეჰოვას რწმენა აქვს ან სჭირდება ის. იეჰოვა ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია, ამიტომ ვერაფერი შეუშლის ხელს მისი განზრახვის შესრულებას. ჩვენი ზეციერი მამა იმდენად არის დარწმუნებული თავისი დანაპირების შესრულებაში, რომ უკვე შესრულებულად მიიჩნევს მას და ამბობს: „აღსრულდა!“ (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3—6). ქრისტიანული რწმენა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ერთგული ღმერთია და ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს (კან. 7:9).

ისწავლეთ ძველად მცხოვრებ ერთგულთა რწმენის მაგალითებიდან

4. რის იმედი ჰქონდათ ქრისტიანობამდე მცხოვრებ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?

4 ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებულია 16 კაცისა თუ ქალის სახელი, რომელთაც ძლიერი რწმენა ჰქონდათ. ღვთივშთაგონებული დამწერი მათთან ერთად მოიხსენიებს სხვებსაც, რომელთაც „რწმენით მიეცათ დამოწმება“ (ებრ. 11:39). თითოეულს ჰქონდა იმის „საფუძვლიანი მოლოდინი“, რომ ღმერთი აღთქმულ შთამომავალს მოავლენდა სატანის ამბოხების ჩასახშობად და იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად (დაბ. 3:15). ეს ერთგული ადამიანები მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე აღთქმული შთამომავალი, იესო ქრისტე, ზეციერი ცხოვრებისკენ გზას გახსნიდა (გალ. 3:16). მიუხედავად ამისა, იეჰოვას უტყუარი დაპირების წყალობით ისინი აღდგებიან სამოთხეში დედამიწაზე, რათა სრულყოფილი სიცოცხლით გაიხარონ (ფსალმ. 37:11; ეს. 26:19; ოს. 13:14).

5, 6. რაზე ამყარებდნენ იმედს აბრაამი და მისი სახლეულობა და როგორ ინარჩუნებდნენ ისინი ძლიერ რწმენას? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე)

5 ასეთ ერთგულ ადამიანებზე ებრაელების 11:13-ში ნათქვამია: „ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას [და] ხარობდნენ“. ერთ-ერთი მათგანი იყო აბრაამი. ინარჩუნებდა ის იმედს, რომ აღთქმული შთამომავლის მმართველობის დროს ბედნიერად იცხოვრებდა? იესომ ამ კითხვაზე ნათელი პასუხი გასცა, როცა თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა. იხილა კიდეც და გაიხარა“ (იოან. 8:56). იმავეს თქმა შეიძლება სარაზე, ისაკზე, იაკობსა და ბევრ სხვაზე, რომლებიც იმედს ამყარებდნენ მომავალ სამეფოზე, რომლის „მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:8—11).

6 როგორ ინარჩუნებდნენ აბრაამი და მისი სახლეულობა ძლიერ რწმენას? სავარაუდოდ, მათ ღვთის შესახებ გაიგეს უფროსი ასაკის ერთგული მსახურებისგან, ღვთიური გამოცხადებებიდან ან სანდო წერილობითი წყაროებიდან. რაც მთავარია, მათ არ ავიწყდებოდათ ნასწავლი; ყოველთვის ახსოვდათ ღვთის დაპირებები თუ მოთხოვნები და ფიქრობდნენ მათზე. თავიანთ იმედში დარწმუნებული ეს მამაკაცები და ქალები მზად იყვნენ, ღვთისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად ნებისმიერი განსაცდელი გადაეტანათ.

7. რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენი რწმენის გასაძლიერებლად და ჩვენ რისი გაკეთება გვმართებს?

7 რწმენის მტკიცედ შესანარჩუნებლად იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლია მოგვცა. ბედნიერები და წარმატებულები რომ ვიყოთ, შეძლებისდაგვარად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა (ფსალმ. 1:1—3; წაიკითხეთ საქმეების 17:11). ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ღვთის დანაპირებზე და დავემორჩილოთ მის მოთხოვნებს. იეჰოვა იმითაც გვაკურთხებს, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით რეგულარულად გვაწვდის უხვ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). თუ ყოველთვის ვიფიქრებთ ნასწავლზე, ძველად მცხოვრები ერთგულების მსგავსად ჩვენც გვექნება „საფუძვლიანი მოლოდინი“, რომ ღვთის სამეფო დამყარდება.

8. როგორ გვიძლიერებს ლოცვა რწმენას?

8 ქრისტიანობამდე მცხოვრებ ღვთის მსახურებს ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში ლოცვაც დაეხმარა. როცა ისინი ხედავდნენ, როგორ პასუხობდა ღმერთი მათ ლოცვებს, რწმენა უძლიერდებოდათ (ნეემ. 1:4, 11; ფსალმ. 34:4, 15, 17; დან. 9:19—21). ჩვენც შეგვიძლია ლოცვაში მივანდოთ ჩვენი საზრუნავი იეჰოვას და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მოგვისმენს და ძალას მოგვცემს, სიხარულით მოვითმინოთ ყველაფერი. როცა ვიღებთ პასუხს ჩვენს ლოცვაზე, რწმენა გვიძლიერდება (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:14, 15). რწმენა სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ, როგორც იესომ მოგვიწოდა, უნდა ვითხოვოთ ღვთის წმინდა სული (ლუკ. 11:9, 13).

9. პირადი საკითხების გარდა, კიდევ რაზე უნდა ვილოცოთ?

9 აღსანიშნავია, რომ ლოცვის დროს მხოლოდ პირადი საკითხებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ჩვენ ვერც კი დავითვლით იმ „საოცარ საქმეებს“, რისთვისაც შეგვიძლია იეჰოვას ყოველდღე ვუთხრათ მადლობა და ვადიდოთ ის! (ფსალმ. 40:5). ამასთან, ჩვენი ლოცვებიდან უნდა ჩანდეს, რომ გვახსოვს „საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი“, თითქოს ჩვენც მათთან ერთად ვიყოთ შებორკილნი. ჩვენ მსოფლიო საძმოსთვისაც უნდა ვილოცოთ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩვენ შორის „ხელმძღვანელობა აკისრია“. გულს გვიხარებს იმის დანახვა, რომ იეჰოვა პასუხობს ასეთ ლოცვებს! (ებრ. 13:3, 7).

ისინი არ წავიდნენ კომპრომისზე

10. ერთგულების რომელი მაგალითები მოიხსენია პავლემ და რამ მისცა მათ ძალა, დათმობაზე არ წასულიყვნენ?

10 პავლე მოციქული ებრაელების მე-11 თავში აღწერს ღვთის მსახურების მიერ გადატანილ განსაცდელებს, თუმცა ამ ერთგული ადამიანების სახელებს არ იხსენიებს. მოციქულს მოჰყავს მორწმუნე ქალების მაგალითი, რომელთაც შვილები დაეღუპათ, მაგრამ მოგვიანებით მკვდრეთით აღმდგარნი დაუბრუნდათ უკან. შემდეგ ის მოიხსენიებს მათ, ვინც „უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ“ (ებრ. 11:35). დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ვინ ჰყავდა მხედველობაში პავლეს, თუმცა ვიცით, რომ ზოგი, მაგალითად ნაბოთი და ზაქარია, ღვთის მორჩილებისა და მისი ნების შესრულებისთვის ჩაქოლეს (1 მეფ. 21:3, 15; 2 მატ. 24:20, 21). თუ ერთგულებას დათმობდნენ, დანიელსა და მის მეგობრებსაც ჰქონდათ გათავისუფლების შესაძლებლობა. მაგრამ ღვთის ძალისადმი რწმენით ისინი „ლომებს პირს უკრავდნენ“ და „ცეცხლის ძალას უძლებდნენ“ (ებრ. 11:33, 34; დან. 3:16—18, 20, 28; 6:13, 16, 21—23).

11. რა განსაცდელები აიტანა ზოგიერთმა წინასწარმეტყველმა რწმენის გამო?

11 მიქაია და იერემია წინასწარმეტყველები რწმენის გამო „გამოიცადნენ დაცინვითა და . . . ბორკილებით“. ელიას მსგავსად, სხვებიც „დადიოდნენ უკაცრიელ ადგილებში, მთებში, გამოქვაბულებსა და დედამიწის ხევებში“. მათ მოითმინეს, რადგან მათი მოლოდინი საფუძვლიანი იყო (ებრ. 11:1, 36—38; 1 მეფ. 18:13; 22:24—27; იერ. 20:1, 2; 28:10, 11; 32:2).

12. ვინ დაგვიტოვა განსაცდელების მოთმინებით გადატანის უდიდესი მაგალითი და რა დაეხმარა მას?

12 გამორჩეული რწმენის მქონე მამაკაცებისა თუ ქალების მოხსენიების შემდეგ პავლემ ყურადღება გაამახვილა რწმენის უდიდეს მაგალითზე, უფალ იესო ქრისტეზე. ებრაელების 12:2-ში მან იესოზე თქვა: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იესოს რწმენაზე, რამაც მას უმძიმესი განსაცდელები გადაატანინა (წაიკითხეთ ებრაელების 12:3). იესოს მსგავსად, ადრინდელ ქრისტიანთაგან ბევრმა, მათ შორის მოწაფე ანტიპამ, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ერთგულება (გამოცხ. 2:13). ღმერთი მათ ზეციური ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგომით დააჯილდოებდა. ეს აღდგომა იმ „უკეთეს აღდგომაზე“ აღმატებული იქნებოდა, რომელსაც ძველ დროში მცხოვრები ერთგულები ელოდნენ (ებრ. 11:35). 1914 წელს ქრისტეს გამეფებიდან გარკვეული დროის შემდეგ სიკვდილის ძილით მიძინებული ერთგული ცხებულები მკვდრეთით აღდგნენ ზეცაში სულიერი ცხოვრებისთვის, რათა იესოსთან ერთად ემმართველათ კაცობრიობაზე (გამოცხ. 20:4).

რწმენის თანამედროვე მაგალითები

13, 14. რა განსაცდელებს შეხვდა რუდოლფ გრაიხენი და რა დაეხმარა მას?

13 ჩვენს დროში მილიონობით ღვთის მსახური ჰბაძავს იესოს მაგალითს — მათ ყოველთვის ახსოვთ თავიანთი იმედი და, განსაცდელების მიუხედავად, ძლიერ რწმენას ინარჩუნებენ. დაფიქრდით რუდოლფ გრაიხენის მაგალითზე, რომელიც 1925 წელს დაიბადა გერმანიაში. თავის ბიოგრაფიაში მან გაიხსენა ნახატები ბიბლიური სცენებით, რომლებიც სახლში კედლებზე ეკიდათ. ის წერდა: „ერთ სურათზე გამოსახული იყო მგელი და ბატკანი, თიკანი და ჯიქი, ხბო და ლომი. ერთმანეთს არაფერს უშავებდნენ და პატარა ბიჭი მიუძღოდათ წინ . . . ამ სურათებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“ (ეს. 11:6—9). მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის მანძილზე სასტიკად დევნიდა გესტაპო, შემდეგ კი — აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური შტაზი, რუდოლფს არ შერყევია დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების რწმენა.

14 მას სხვა უმძიმესი განსაცდელების გადატანაც მოუწია. დედამისი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში ტიფით დაიღუპა, მამამისი კი იმდენად მოსუსტდა რწმენაში, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უარს ამბობდა იეჰოვას მოწმეობაზე. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რუდოლფი სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, მოგვიანებით კი ბიბლიური სკოლა „გალაადი“ დაამთავრა. ის ჩილეში დანიშნეს, სადაც კვლავ სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. მაგრამ რუდოლფის განსაცდელებს ბოლო არ უჩანდა. მისიონერ დაზე, პაციზე, დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მათ ახალშობილი გოგონა დაეღუპათ. მოგვიანებით მას საყვარელი მეუღლეც გამოეცალა ხელიდან, რომელიც სულ რაღაც 43 წლისა იყო. რუდოლფმა ეს განსაცდელებიც გადაიტანა. ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ის პიონერად და უხუცესად მსახურობდა 1997 წელსაც, როცა პირველი აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მისი ბიოგრაფია გამოქვეყნდა (გვერდები 20—25). [1]

15. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეები დღესაც სიხარულით იტანენ დევნას?

15 ძლიერი და ხანგრძლივი დევნის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები არ კარგავენ სიხარულსა და იმედს. მაგალითად, ერიტრეაში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ბევრი ჩვენი და-ძმა ძირითადად დაპატიმრებულია იმის გამო, რომ იესოს მითითებისამებრ ნეიტრალიტეტს იცავენ (მათ. 26:52). ამ ასობით პატიმარს შორის არიან ისააკი, ნეგედე და პაულოსი, რომლებიც 20 წელზე მეტია, რაც ერიტრეის ერთ-ერთ ციხეში იმყოფებიან. მათ არ მიეცათ დაქორწინებისა და მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვის საშუალება. სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, ისინი ერთგულები რჩებიან. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სურათიდან ჩანს, რომ ისინი სიხარულსა და ძლიერ რწმენას ინარჩუნებენ. მათ ციხის ზედამხედველების პატივისცემაც კი დაიმსახურეს!

სწავლობთ კრებაში იმ და-ძმებისგან, რომლებიც რწმენის კარგ მაგალითს იძლევიან? (იხილეთ აბზაცები 15, 16)

16. როგორ დაგიცავთ ძლიერი რწმენა?

16 იეჰოვას მსახურთა უმეტესობას სასტიკი დევნის ატანა არ უწევს. მათი რწმენა სხვანაირად იცდება. ბევრი სიღარიბეში ცხოვრობს ან სამოქალაქო ომებმა თუ სტიქიურმა უბედურებამ დააზარალა. სხვებმა მოსეს და პატრიარქების მსგავსად უარი თქვეს უზრუნველ ცხოვრებასა და ქვეყნიურ დიდებაზე. ისინი მთელი ძალით ცდილობენ, არ გაებან მატერიალიზმისა თუ ეგოიზმის მახეში. ამაში მათ ეხმარება იეჰოვას სიყვარული და მისი დანაპირებისადმი მტკიცე რწმენა, რომ ბოლოს მოუღებს უსამართლობას და თავის ერთგულ მსახურთ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:5, 7, 9, 29).

17. რის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი და რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

17 ამ სტატიიდან დავინახეთ, როგორ გვეხმარება რეგულარულად ლოცვა და ღვთის დაპირებებზე ფიქრი ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, ძლიერი რწმენა დაგვეხმარება განსაცდელების გადატანაში, თუ ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენი ქრისტიანული იმედი და დარწმუნებულნი ვიქნებით მასში. თუმცა ბიბლიის თანახმად, რწმენა უფრო მეტს მოიცავს. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.

^ [1] (აბზაცი 14) იხილეთ 2003 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში სლოვაკელი ძმის, ანდრეი ჰანაკის ბიოგრაფია „განსაცდელებმა ვერ დამიმსხვრია იმედი“.