არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

დასაჯერებელია, რომ ძველ დროში ვინმე სინამდვილეში დათესავდა სხვის მინდორში სარეველას?

იმპერატორ იუსტინიანეს დიგესტების ეს ასლი (1468 წ.) იმ მრავალ ჩანაწერთაგან ერთ-ერთია, რომლებიც ნათელს ჰფენს ძველი დროის სამართლებრივ საკითხებს

მათეს 13:24—26-ში ციტირებულია იესოს სიტყვები: „ზეციერი სამეფო ჰგავს კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის მინდორში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, სარეველამაც იჩინა თავი“. ზოგი ფიქრობს, რომ ეს მაგალითი რეალობიდან არ იყო აღებული. თუმცა ძველი რომაული იურიდიული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ასეთი რამ სინამდვილეში ხდებოდა.

„რომის კანონმდებლობის თანახმად . . . შურისძიების მიზნით სხვის მინდორში სარეველას დათესვა დანაშაული იყო. ამ საკითხის შესახებ კანონის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა“, — ნათქვამია ერთ ბიბლიურ ლექსიკონში. სამართალმცოდნე ალესტერ კერი აღნიშნავს, რომ ახ. წ. 533 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ გამოაქვეყნა თავისი დიგესტები, ანუ რომის კანონის მოკლე ვერსია და ნაწყვეტები კლასიკური იურისპრუდენციის ეპოქის იურისტების ნაშრომებიდან (დაახლ. ახ. წ. 100—250). ამ ნაშრომში იურისტმა ულპიანემ მოიხსენია საქმე, რომელიც განიხილა მეორე საუკუნეში მცხოვრებმა რომაელმა სახელმწიფო მოღვაწემ ცელსუსმა (Digest, 9.2.27.14). სარეველა დათესილი იყო სხვა ადამიანის მინდორში, რის გამოც მოსავალი განადგურდა. დიგესტებში მოხსენიებული იყო სამართლებრივი დაცვის საშუალებები მინდვრის მფლობელის ან მოიჯარის სასარგებლოდ, რათა დამნაშავეს მისთვის ზარალი აენაზღაურებინა.

ძველად რომის იმპერიაში ჩადენილი ასეთი ბოროტება იმაზე მიანიშნებს, რომ იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი სინამდვილიდან იყო აღებული.

რა უფლებებით აღჭურვა რომმა იუდეველი წინამძღოლები პირველ საუკუნეში?

პირველ საუკუნეში იუდეა რომის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. რომის წარმომადგენელი იყო გამგებელი, რომელსაც თავისი ჯარი ჰყავდა. გამგებლის მოვალეობაში შედიოდა რომისთვის გადასახადების აკრეფა და პროვინციაში მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნება. რომაელები ცდილობდნენ, აღმოეფხვრათ ყველანაირი უკანონო ქმედება და გაესამართლებინათ კანონდამრღვევები. რაც შეეხება პროვინციის ადმინისტრაციულ საკითხებს, მათ მოგვარებას ისინი ადგილობრივ წინამძღოლებს ანდობდნენ.

იუდეველთა სინედრიონის სხდომა

იუდეველთა უზენაესი სასამართლო და ადმინისტრაციული საბჭო იყო სინედრიონი, რომელიც იუდეველთა კანონებთან დაკავშირებულ საკითხებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ქვემდგომი სასამართლოები მთელ იუდეაში იყო. ბევრი სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმე, სავარაუდოდ, ამ სასამართლოებში რომაელი მმართველების ჩაურევლად განიხილებოდა. ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც იუდეველთა სასამართლოებს ჰქონდა, იყო ბოროტმოქმედთა სიკვდილით დასჯა, რის უფლებასაც რომაელები, ძირითადად, თავისთვის იტოვებდნენ. ცნობილი გამონაკლისია სინედრიონის მიერ სტეფანეს გასამართლება და ქვებით ჩაქოლვა (საქ. 6:8—15; 7:54—60).

ამგვარად, სინედრიონი დიდი უფლებამოსილებით სარგებლობდა. თუმცა მისი „უდიდესი შეზღუდვა ის იყო, რომ რომაელებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ, საქმეში ჩარეულიყვნენ და დამოუკიდებლად ეწარმოებინათ გამოძიება. ისინი ასე იქცეოდნენ მაშინ, როცა ეჭვობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დანაშაულს“, — აღნიშნავს ისტორიკოსი ემილ შიურერი. ერთ-ერთი ასეთი საქმის განხილვას ზედამხედველობდა ათასისთავი კლავდიუს ლისია, რომელმაც დააპატიმრა რომის მოქალაქე მოციქული პავლე (საქ. 23:26—30).