არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასწავლეთ ჭეშმარიტება

ასწავლეთ ჭეშმარიტება

„იეჰოვა . . . შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმ. 119:159, 160).

სიმღერები: 29, 53

1, 2. ა) რა საქმეს ეკავა იესოს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი და რატომ? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატებულები ვიყოთ როგორც „ღვთის თანამშრომელნი“?

იესო ქრისტე დურგალი და მასწავლებელი იყო (მარ. 6:3; იოან. 13:13). ის ორივე საქმეს სრულყოფილად ართმევდა თავს. როგორც დურგალმა, იცოდა, როგორ გამოეყენებინა ხელსაწყოები, რათა ხე-ტყის მასალისგან საჭირო ნივთები დაემზადებინა. როგორც მასწავლებელი კი, დახელოვნებულად იყენებდა წმინდა წერილების საფუძვლიან ცოდნას, რათა ხალხს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების გაგებაში დახმარებოდა (მათ. 7:28; ლუკ. 24:32, 45). 30 წლის ასაკში იესომ დურგლის ხელსაწყოები გვერდზე გადადო და ქადაგებას შეუდგა. მას ესმოდა, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე იყო. როგორც თავად თქვა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ის დედამიწაზე გამოგზავნა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადება იყო (მათ. 20:28; ლუკ. 3:23; 4:43). მსახურებას იესოს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა და ის სხვებსაც იწვევდა ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად (მათ. 9:35—38).

2 შეიძლება დურგლები არა, მაგრამ სასიხარულო ცნობის მსახურები ნამდვილად ვართ. ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავად ღმერთი მონაწილეობს მასში, ჩვენ კი მისი „თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9; 2 კორ. 6:4). ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვას „სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმ. 119:159, 160). სწორედ ამიტომ გვსურს, რომ „სწორად . . . [გადავცეთ] ჭეშმარიტების სიტყვა“ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:15). შესაბამისად, ვცდილობთ, უფრო და უფრო დახელოვნებულად გამოვიყენოთ ბიბლია, რომელიც ჩვენი ძირითადი იარაღია. მისი მეშვეობით ხალხს ჭეშმარიტებას ვასწავლით იეჰოვას, იესოსა და ღვთის სამეფოს შესახებ. მსახურებაში წარმატებულები რომ ვიყოთ, იეჰოვას ორგანიზაციამ იზრუნა, რომ გვქონოდა სხვა საჭირო „ხელსაწყოები“, ანუ „სწავლებაში დამხმარე საშუალებები“, რომელთა გამოყენებაც კარგად უნდა ვიცოდეთ.

3. რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი მსახურების დროს და, საქმეების 13:48-ის თანახმად, როგორი ადამიანები უნდა ვეძებოთ?

3 შეიძლება ფიქრობთ, რატომ ჰქვია მას „სწავლებაში დამხმარე საშუალებები“ და არა „ქადაგებაში დამხმარე საშუალებები“. ქადაგება ნიშნავს ცნობის გაცხადებას, სწავლება კი — ამ ცნობის ადამიანის გულსა და გონებამდე მიტანას, რაც მას ნასწავლის თანახმად მოქმედებისკენ აღძრავს. ვინაიდან ქადაგებისთვის ცოტა დრო დაგვრჩა, ჩვენი მთავარი მიზანი ბიბლიის შესწავლების დაწყება და ხალხისთვის ჭეშმარიტების სწავლება უნდა იყოს. ამიტომ დიდი მონდომებით უნდა ვეძებოთ „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ ადამიანები და დავეხმაროთ მათ, გახდნენ ღვთის მსახურები (წაიკითხეთ საქმეების 13:44—48).

4. როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ და როგორ შეგვიძლია მათი პოვნა?

4 როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“? ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ამის ერთადერთი საშუალება დღესაც ქადაგებაა. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ იესოს რჩევა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“ (მათ. 10:11). ჩვენ არ მოველით, რომ სასიხარულო ცნობას გამოეხმაურებიან ამაყი და არაგულწრფელი ადამიანები ან ისინი, ვინც არ არიან სულიერს მოწყურებულები. პირიქით, ჩვენ ვეძებთ თავმდაბალ, გულწრფელ და სულიერს მოწყურებულ ადამიანებს. ძებნის პროცესი შეიძლება შევადაროთ დურგლის საქმიანობას, რომელიც არჩევს შესაბამის ხეს ავეჯის, კარის, უღლის და სხვა ნივთების დასამზადებლად. სწორედ ასე იქცეოდა იესოც, როცა დურგალი იყო. მასალის მოპოვების შემდეგ ის თავის უნარსა და დამხმარე ხელსაწყოებს სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად იყენებდა. მსგავსად უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ გულწრფელი ადამიანები ქრისტეს მოწაფეებად მოვამზადოთ (მათ. 28:19, 20).

5. რა უნდა ვიცოდეთ „სწავლებაში დამხმარე საშუალებებში“ შემავალ „ხელსაწყოებზე“? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ სურათი მე-11 გვერდზე)

5 ცხადია, ყველა ხელსაწყოს თავისი დანიშნულება აქვს. დავფიქრდეთ, რომელ იარაღებს გამოიყენებდა იესო. * ალბათ, მას ისეთი სამუშაო იარაღები დასჭირდებოდა, რომელთა მეშვეობითაც შეძლებდა ხე-ტყის მასალის გაზომვას, მონიშვნას, დაჭრას, გაბურღვას, გასწორებას, სიღრმის გაზომვას, ფორმის მიცემასა და ნაჭრების ერთმანეთზე მიმაგრებას. მსგავსადვე, თითოეულ „ხელსაწყოს“, რომლებიც „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“ მიეკუთვნება, თავისი დანიშნულება აქვს. ასე რომ, მოდი ჩავიხედოთ ჩვენს სამუშაო იარაღების ყუთში და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება.

საშუალებები, რომლებითაც ხალხს ღვთის ორგანიზაციას ვაცნობთ

6, 7. ა) როგორ იყენებთ საკონტაქტო ბარათებს? ბ) რა ორ მიზანს ემსახურება კრების შეხვედრაზე მოსაწვევი?

6 საკონტაქტო ბარათები. ეს არის პატარა, მაგრამ საკმაოდ კარგი საშუალება, რომ ხალხს იეჰოვას მოწმეები გავაცნოთ და ჩვენს ვებგვერდზე მივუთითოთ, საიდანაც ისინი მეტ ინფორმაციას მიიღებენ და ბიბლიის შესწავლის მოთხოვნას შეძლებენ. ვებგვერდის jw.org-ის მეშვეობით უკვე 400 000-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა და ყოველდღე მათ ასობით მსურველი უერთდება. კარგი იქნება, თუ თან რამდენიმე საკონტაქტო ბარათი გექნებათ, რათა დღის განმავლობაში ხელიდან არ გაუშვათ ქადაგების შესაძლებლობა.

7 მოსაწვევები. კრების შეხვედრაზე მოსაწვევი ორ მიზანს ემსახურება. მოსაწვევი იწყება სიტყვებით: „გულთბილად გიწვევთ შეისწავლოთ ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან“. შემდეგ კი ნათქვამია, რომ მსურველებს ბიბლიის შესწავლა შეუძლიათ „კრების შეხვედრებზე“ ან „ინდივიდუალურად“. ასე რომ, ეს „ხელსაწყო“ არა მარტო ჩვენზე უქმნის ხალხს წარმოდგენას, არამედ ბიბლიის შესასწავლად იწვევს „სულიერს მოწყურებულ“ ადამიანებს (მათ. 5:3). არა აქვს მნიშვნელობა, გვთანხმდებიან თუ არა ბიბლიის შესწავლაზე, ჩვენ ყველას გულთბილად ვიწვევთ, რომ დაესწრონ კრების შეხვედრას. სამეფო დარბაზში მოსული სტუმრები თავად დარწმუნდებიან, რომ იეჰოვას მოწმეების დახმარებით ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ბიბლიიდან.

8. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი ერთხელ მაინც დაესწროს კრების შეხვედრას? მოიყვანეთ მაგალითი.

8 ძალიან მნიშვნელოვანია, კვლავაც განვაგრძოთ ხალხის კრებაზე მოპატიჟება, რათა ისინი ერთხელ მაინც დაესწრონ ჩვენს შეხვედრას. რატომ არის ეს აუცილებელი? ისინი სულიერად მდიდარ გარემოში აღმოჩნდებიან და დაინახავენ, რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და სულიერად გაღატაკებულ დიდ ბაბილონს შორის (ეს. 65:13). შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა დაქორწინებულმა წყვილმა, რეიმ და ლინდამ, ეს განსხვავება რამდენიმე წლის წინ დაინახა. მათ ეკლესიაში სიარულის სურვილი გაუჩნდათ. ისინი მორწმუნეები და სულიერს მოწყურებულები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ქალაქის ყველა ეკლესიაში მისულიყვნენ. მათ ქალაქში არაერთი კონფესიის ეკლესია იყო. ეს წყვილი თავიდანვე შეთანხმდა იმაზე, რომ ეკლესიას, რომლის წევრობასაც გადაწყვეტდნენ, ორი პირობა უნდა დაეკმაყოფილებინა. პირველი, რელიგიური მსახურების დროს რაღაც უნდა ესწავლათ და მეორე, იმ ეკლესიის წევრების გარეგნობა ღვთის მსახურისთვის შესაფერისი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წელიწადში მათ ქალაქის ყველა ეკლესია შემოიარეს, მაგრამ საშინლად იმედგაცრუებულები დარჩნენ — ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც მრევლის გარეგნობაში დაინახეს ღვთისადმი პატივისცემა. ბოლო ეკლესიიდან გამოსული ლინდა სამსახურში წავიდა, რეი კი — სახლში. გზად რეიმ მანქანით სამეფო დარბაზს ჩაუარა და გაიფიქრა: „მოდი შევალ და ვნახავ, რა ხდება იქ“. რა თქმა უნდა, იქ ნანახმა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! სამეფო დარბაზში ერთმანეთს ყველა თბილად და მეგობრულად ეპყრობოდა და ქრისტიანებისთვის შესაფერისადაც ეცვათ. რეი წინა რიგში დაჯდა და ძალიან მოეწონა მოსმენილი. როგორც პავლე მოციქულმა თქვა, ზოგი, ვინც ქრისტიანულ შეხვედრას პირველად დაესწრებოდა, იტყოდა: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორ. 14:23—25). სწორედ ასე მოხდა რეის შემთხვევაში. თავიდან ის კვირაობით ესწრებოდა კრების შეხვედრას, შემდეგ კი შუა კვირის შეხვედრაზეც დაიწყო სიარული. მას ლინდაც შეუერთდა. ისინი უკვე 70 წელს იყვნენ გადაცილებულები, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და მოინათლნენ.

საშუალებები, რომლებიც საუბრის დაწყებაში გვეხმარება

9, 10. ა) რატომ არის ბუკლეტები ადვილად გამოსაყენებელი? ბ) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუკლეტი „რა არის ღვთის სამეფო“?

9 ბუკლეტები. ჩვენ გვაქვს რვა ადვილად გამოსაყენებელი ბუკლეტი, რომლებიც ხალხთან საუბრის წამოწყებაში გვეხმარება. ეს ბუკლეტები 2013 წელს გამოიცა. დღემდე დაბეჭდილია ამ ბუკლეტების დაახლოებით 5 მილიარდი ეგზემპლარი. მათი ხიბლი ის არის, რომ, თუ ისწავლით ერთ-ერთის გამოყენებას, ფაქტობრივად, ყველას გამოყენებას შეძლებთ, რადგან ერთი სტილით არის შედგენილი. როგორ შეგიძლიათ ბუკლეტის მეშვეობით საუბრის დაწყება?

10 მაგალითად, გინდათ შესთავაზოთ ბუკლეტი „რა არის ღვთის სამეფო?“. აჩვენეთ პირველ გვერდზე დასმული კითხვა და ჰკითხეთ: „გიფიქრიათ ოდესმე, რა არის ღვთის სამეფო?“. შემდეგ აჩვენეთ სამი სავარაუდო პასუხი. არა აქვს მნიშვნელობა, რას გიპასუხებენ, გადაშალეთ ბუკლეტი და წაუკითხეთ დანიელის 2:44 და ესაიას 9:6 ქვესათაურიდან „ბიბლიაში წერია“. თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, განაგრძეთ საუბარი. ბოლოს ყურადღება გაამახვილეთ ბოლო გვერდზე მოცემულ ქვესათაურზე „დაფიქრდით“, სადაც დასმულია კითხვა: „როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს?“. ასეთი სახით მომდევნო საუბარს ჩაუყრით საფუძველს. განმეორებითი მონახულების დროს შეგიძლიათ აჩვენოთ მე-7 გაკვეთილი ბროშურიდან „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“, რომელიც ბიბლიის შესწავლის დასაწყებად ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა.

დამხმარე საშუალებები, რომლებიც ინტერესს აღვივებს

11. როგორ არის შედგენილი ჩვენი ჟურნალები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

11 ჟურნალები. „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ყველაზე გავრცელებული და მრავალენოვანი ჟურნალებია. ვინაიდან ისინი თითქმის მთელ მსოფლიოში ვრცელდება, თითოეული მათგანის მთავარი თემა ისეა შერჩეული, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ხალხის ინტერესი გამოიწვიოს. ეს „ხელსაწყოები“ შეგვიძლია სხვებში ინტერესის გასაღვივებლად გამოვიყენოთ, რათა დავანახვოთ, სად შეიძლება სანდო ხელმძღვანელობის პოვნა. იმისათვის, რომ ჟურნალები საჭირო ხელში აღმოჩნდეს, კარგად უნდა გვესმოდეს, რა კატეგორიის ხალხისთვის არის გათვალისწინებული თითოეული მათგანი.

12. ა) ვისთვის არის განკუთვნილი ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ და რა მიზანს ემსახურება ის? ბ) როგორ გამოიყენეთ წარმატებით ბოლო დროს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“?

12 „გამოიღვიძეთ!“ განკუთვნილია მათთვის, ვინც ცოტა რამ ან საერთოდ არაფერი იცის ბიბლიიდან. შეიძლება მათ არაფერი იციან ქრისტიანული სწავლებებისა და იმის შესახებ, რომ ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს შეიცავს, ან ნდობა აქვთ დაკარგული რელიგიების მიმართ. „გამოიღვიძეთ!“-ის მთავარი მიზანია, მკითხველი ღვთის არსებობაში დაარწმუნოს (რომ. 1:20; ებრ. 11:6). ის აგრეთვე ეხმარება მკითხველს ირწმუნოს, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა (1 თეს. 2:13). 2018 წლის „გამოიღვიძეთ!“-ის მთავარი თემებია: „გზა ბედნიერებისკენ“, „ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო“ და „რა შეუმსუბუქებს მგლოვიარეებს მდგომარეობას“.

13. ა) ვისთვის არის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკი“ ფართო მკითხველისთვის? ბ) როგორ გამოიყენეთ წარმატებით ბოლო დროს „საგუშაგო კოშკი“ ფართო მკითხველისთვის?

13 „საგუშაგო კოშკი“ ფართო მკითხველისთვის ეთმობა სულიერ საკითხებს და მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც მეტ-ნაკლებად სწამს ღმერთი და აფასებს მის სიტყვას. შეიძლება მათ გარკვეული ცოდნა აქვთ ბიბლიიდან, მაგრამ ზუსტად არ იციან, რას ასწავლის ის (რომ. 10:2; 1 ტიმ. 2:3, 4). 2018 წლის „საგუშაგო კოშკის“ მთავარი თემები პასუხს სცემს კითხვებს: „კვლავაც გამოსადეგი წიგნია ბიბლია?“, „რას გვიქადის მომავალი?“ და „ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“.

საშუალებები, რომლებიც ადამიანს ბიბლიის შესასწავლად აღძრავს

14. ა) რა მიზანს ემსახურება ოთხი ვიდეორგოლი, რომლებიც „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“ მიეკუთვნება? ბ) როგორ გამოიყენეთ წარმატებით ბოლო დროს ეს ვიდეოები?

14 ვიდეოები. იესოს დროს არ არსებობდა ელექტროხელსაწყოები, თუმცა დღეს დურგლებს საქმეს უადვილებს ისეთი იარაღები, როგორიცაა ხერხი, ბურღი, ხის ზედაპირის მოსახვეწი აპარატი, ლურსმნის დასაჭედებელი პნევმატური ჩაქუჩი და ასე შემდეგ. ბეჭდური პუბლიკაციების გარდა გვაქვს შესანიშნავი ვიდეორგოლები, რომელთაც მსახურებაში ვიყენებთ. ოთხი მათგანი „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“ მიეკუთვნება. ესენია: რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“, „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“, „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?და ვინ არიან იეჰოვას მოწმეები“. ეს ორ წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეოები არაჩვეულებრივი საშუალებაა პირველი საუბრისთვის. შედარებით ხანგრძლივი ვიდეორგოლები კი შეგვიძლია მათთან გამოვიყენოთ, ვისაც განმეორებით ვინახულებთ ან ვისაც მეტი დრო აქვს სასაუბროდ. ამ შესანიშნავ ვიდეოებს შეუძლია აღძრას ადამიანები, დაიწყონ ბიბლიის შესწავლა და დაესწრონ კრების შეხვედრებს.

15. როგორ მოქმედებს ადამიანებზე ჩვენი ვიდეორგოლების მშობლიურ ენაზე ყურება? მოიყვანეთ მაგალითები.

15 ერთი და მსახურების დროს შეხვდა მის ქვეყანაში მიკრონეზიიდან ჩასულ ქალბატონს, რომლის მშობლიური ენაც იაპისი იყო. დამ მას მშობლიურ ენაზე აყურებინა ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. როგორც კი ვიდეო დაიწყო, ქალმა თქვა: „ეს ჩემი მშობლიური ენაა! ყურებს ვერ ვუჯერებ! აქცენტზე ეტყობა, რომ ისიც ჩემი კუნძულიდანაა. ჩემს ენაზე ლაპარაკობს!“. ბოლოს ქალმა დასძინა, რომ აუცილებლად წაიკითხავდა და უყურებდა ყველაფერს, რაც jw.org-ზე მის მშობლიურ ენაზე იყო განთავსებული (შეადარეთ საქმეების 2:8, 11). განვიხილოთ კიდევ ერთი შემთხვევა. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა დამ თავის ძმისშვილს, რომელიც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს, ვიდეორგოლის „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ ბმული გაუგზავნა. ძმისშვილმა მშობლიურ ენაზე ვიდეოს ყურების შემდეგ დას მისწერა, რომ მისი ყურადღება განსაკუთრებით ვიდეოს იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მსოფლიოს ბოროტი ძალები მართავენ. მან ბიბლიის შესწავლაც კი მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს მამაკაცი ცხოვრობს, ჩვენი საქმიანობა აკრძალულია.

ჭეშმარიტების სწავლებაში დამხმარე საშუალებები

16. ახსენით თითოეული ბროშურის მიზანი: ა) „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“; ბ) „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“; გ) „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“.

16 ბროშურები. როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ ჭეშმარიტება მას, ვისაც კითხვა უჭირს ან ვის ენაზეც არ არსებობს ბიბლიური ლიტერატურა? ამისთვის გვაქვს დამხმარე საშუალება — ბროშურა მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. * ბიბლიის შესწავლის დასაწყებად ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ბროშურა სასიხარულო ცნობა ღვთისგან“. შეგიძლიათ ამ ბროშურის ბოლო გვერდზე მოცემული 14 თემიდან ის საკითხი აარჩევინოთ მსმენელს, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს. შემდეგ კი ბიბლიის შესწავლა ამ თემაზე მსჯელობით დაიწყეთ. გიცდიათ ამ მეთოდის გამოყენება განმეორებითი მონახულების დროს? „სწავლებაში დამხმარე საშუალებებში“ გვაქვს მესამე ბროშურაც ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“. ეს ბროშურა განკუთვნილია ბიბლიის შემსწავლელებისთვის, რათა მათ იეჰოვას ორგანიზაცია გააცნოს. იმის გასაგებად, თუ როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შემსწავლელთან ყოველ გაკვეთილზე ამ ბროშურის გამოყენება, იხილეთ 2017 წლის მარტის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“.

17. ა) რა კონკრეტული მიზანი აქვს ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილ თითოეულ წიგნს? ბ) რა მოეთხოვებათ ახლებს ნათლობის შემდეგაც კი და რატომ?

17 წიგნები. მას შემდეგ, რაც ბროშურით დაიწყებთ შესწავლას, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ წიგნით რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს დამხმარე საშუალება უფრო გაუღრმავებს მათ ცოდნას ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ. თუ ბიბლიის შემსწავლელი სულიერად წინ მიიწევს, ამ წიგნის დამთავრების შემდეგ შეგიძლიათ შესწავლა გააგრძელოთ წიგნით დარჩით ღვთის სიყვარულში“. ამ დამხმარე საშუალების მეშვეობით შემსწავლელი ბიბლიური პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას ისწავლის. გახსოვდეთ, რომ ახლებმა მონათვლის შემდეგაც კი უნდა გააგრძელონ შესწავლა, სანამ ორივე წიგნს არ დაამთავრებენ. ეს დაეხმარება მათ, მტკიცე საფუძველი ჩაუყარონ თავიანთ რწმენას (წაიკითხეთ კოლოსელების 2:6, 7).

18. ა) რის გაკეთებისკენ მოგვიწოდებს 1 ტიმოთეს 4:16, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებლებს, და რა შედეგი მოჰყვება ამას? ბ) რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, როცა „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“ ვიყენებთ?

18 როგორც იეჰოვას მსახურებს, ჩვენ მოგვენდო „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება“, რომელსაც ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის მოტანა შეუძლია (კოლ. 1:5; წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:16). ამიტომ ჩვენ გვაქვს „სწავლებაში დამხმარე საშუალებები“, რომელშიც შესულია ყველა საჭირო პუბლიკაცია თუ ვიდეორგოლი (იხილეთ ჩარჩო „ სწავლებაში დამხმარე საშუალებები“). მოდი შეძლებისდაგვარად ოსტატურად გამოვიყენოთ ისინი. თითოეულ მაუწყებელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ „ხელსაწყოს“ გამოიყენებს ამ დამხმარე საშუალებებიდან და როდის. ჩვენი მიზანი მხოლოდ ლიტერატურის გავრცელება არ არის, ამიტომ არ ვუტოვებთ პუბლიკაციებს მათ, ვინც სასიხარულო ცნობის მიმართ ინტერესს არ ავლენს. ჩვენი მიზანია, რომ ქრისტეს მოწაფეებად ვაქციოთ გულწრფელი, თავმდაბალი და სულიერს მოწყურებული ადამიანები, რომლებიც „მარადიული სიცოცხლისთვის . . . [არიან] განწყობილი“ (საქ. 13:48; მათ. 28:19, 20).

^ აბზ. 5 2010 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ იხილეთ სტატია „დურგალი“ და ჩარჩო „დურგლის სამუშაო იარაღების ყუთი“.

^ აბზ. 16 თუ ადამიანმა კითხვა არ იცის, შეგიძლიათ ასწავლოთ ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს“, რომელშიც ძირითადად ილუსტრაციებია მოცემული.