არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მივენდოთ ჩვენს წინამძღოლს — ქრისტეს!

მივენდოთ ჩვენს წინამძღოლს — ქრისტეს!

„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათ. 23:10).

სიმღერები: 16, 14

1, 2. რა სირთულის წინაშე დადგა იესო ნავეს ძე მოსეს სიკვდილის შემდეგ?

იესო ნავეს ძეს ჯერ კიდევ ყურში ჩაესმოდა იეჰოვას სიტყვები: „მოკვდა ჩემი მსახური მოსე. ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც . . . [მათ] ვაძლევ“ (იეს. 1:1, 2). რა მოულოდნელად შეიცვალა ყველაფერი იესო ნავეს ძისთვის, რომელიც თითქმის 40 წელი მოსეს მსახური იყო!

2 ვინაიდან მოსე დიდი ხნის მანძილზე წინამძღოლობდა ისრაელს, შეიძლება იესო ნავეს ძეს აფიქრებდა, როგორ მიიღებდა ხალხი მას, როგორც წინამძღოლს (კან. 34:8, 10—12). ერთ ბიბლიურ ნაშრომში იესო ნავეს ძის 1:1, 2-თან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყნის სტაბილურობას ყველაზე მეტად მაშინ ემუქრება საფრთხე, როცა ერთ მმართველს მეორე ცვლის; ასე იყო წარსულში და ასეა დღესაც.

3, 4. საიდან ვიცით, რომ იესო ნავეს ძეს დაუფასდა ღვთისადმი ნდობა და რა კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს?

3 მართალია, შიშის მიზეზი ჰქონდა, მაგრამ იესო ნავეს ძე მაშინვე შეუდგა იეჰოვასგან დავალებული საქმის შესრულებას (იეს. 1:9—11). ის მიენდო იეჰოვას და იეჰოვამაც გაუმართლა ნდობა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ანგელოზის მეშვეობით ხელმძღვანელობდა იესო ნავეს ძესა და თავის ხალხს, ისრაელს. გონივრულია, დავასკვნათ, რომ ეს ანგელოზი ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო, რომელსაც სიტყვა ეწოდება (გამ. 23:20—23; იოან. 1:1).

4 იეჰოვას დახმარებით ისრაელ ერს გაუადვილდა ახალ წინამძღოლთან შეგუება. ჩვენც ვხდებით ისტორიული ცვლილებების მომსწრე, ამიტომ შეიძლება ვიკითხოთ: „ვინაიდან ღვთის ორგანიზაცია სწრაფად მიიწევს წინ და ბევრი ცვლილება ხდება, გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, რომ ვენდოთ ჩვენს წინამძღოლს, იესოს?“ (წაიკითხეთ მათეს 23:10). დავფიქრდეთ, როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა თავის ხალხს ცვლილებების დროს.

ვინ მიუძღოდა ღვთის ხალხს აღთქმული მიწისკენ?

5. რა უცნაური რამ შეემთხვა იესო ნავეს ძეს იერიხონთან ახლოს? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე)

5 იორდანეს გადაკვეთიდან მალევე, იესო ნავეს ძეს უცნაური რამ შეემთხვა. იერიხონთან ახლოს მას შემოხვდა კაცი, რომელსაც ხელში „შიშველი მახვილი“ ეჭირა. იესო ნავეს ძემ ჰკითხა უცნობს: „მტერი ხარ თუ მოყვარე?“. ის გაოცებული დარჩა, როცა მეომარმა ვინაობა გაუმხილა და უთხრა, რომ „იეჰოვას ლაშქრის მეთაური“ იყო და ღვთის ხალხის დასაცავად გამოვიდა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 5:13—15). მართალია, ბიბლიის სხვა მონაკვეთებიდან ისე ჩანს, თითქოს იეჰოვა უშუალოდ ელაპარაკებოდა იესო ნავეს ძეს, მაგრამ აშკარაა, ანგელოზის მეშვეობით გადასცემდა სათქმელს. ის წარსულშიც ხშირად იქცეოდა ასე (გამ. 3:2—4; იეს. 4:1, 15; 5:2, 9; საქ. 7:38; გალ. 3:19).

6—8. ა) რატომ შეიძლებოდა იეჰოვას ზოგიერთი მითითება ადამიანური გადასახედიდან უცნაური ყოფილიყო? ბ) საიდან გამოჩნდა, რომ ღვთის მითითებები გონივრულიც იყო და დროულიც? (იხილეთ სქოლიო)

6 იესო ნავეს ძემ ნათელი მითითებები მიიღო ანგელოზისგან, თუ როგორ დაეპყრო ქალაქი იერიხონი. ერთი შეხედვით ზოგი მითითება სტრატეგიულად გაუმართლებელი ჩანდა. მაგალითად, იეჰოვამ ბრძანა, რომ ყველა მამაკაცს წინადაეცვითა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ფიზიკურად დასუსტებულები იქნებოდნენ. იყო ეს შესაფერისი დრო წინადაცვეთისთვის? (დაბ. 34:24, 25; იეს. 5:2, 8).

7 ალბათ, დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ისრაელ მეომრებს აფიქრებდათ, როგორ დაიცავდნენ თავიანთ ოჯახებს, თუ მტერი მათ ბანაკს დაესხმებოდა. თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ისრაელებმა შეიტყვეს, რომ „ჩარაზული იყო იერიხონი ისრაელის ძეების შიშით“ (იეს. 6:1). განა არ განუმტკიცებდა მათ რწმენას ის, რომ ღვთის მითითებების მიყოლის შემდეგ მოვლენები მათ სასარგებლოდ შემობრუნდა?!

8 გარდა ამისა, ისრაელებმა მითითება მიიღეს, რომ არ შეეტიათ იერიხონისთვის. მათ ექვსი დღის მანძილზე დღეში ერთხელ უნდა შემოევლოთ იერიხონის გალავნისთვის, ხოლო მეშვიდე დღეს — შვიდჯერ. ზოგ ჯარისკაცს შეიძლებოდა ეფიქრა: „რა უაზროდ ვხარჯავთ დროსა და ენერგიას!“. მაგრამ ისრაელის უხილავმა წინამძღოლმა, იეჰოვამ, ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. იეჰოვასადმი მორჩილებამ არა მხოლოდ რწმენა გაუძლიერა ისრაელებს, არამედ თავიდან აარიდა იერიხონის მამაც მეომრებთან ხელჩართული ბრძოლა (იეს. 6:2—5; ებრ. 11:30). *

9. რატომ უნდა მივყვეთ ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ ხელმძღვანელობას? (მოიყვანეთ მაგალითი)

9 რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? ზოგჯერ შეიძლება არც ჩვენ გვესმოდეს, რატომ გვთავაზობს ორგანიზაცია სხვადასხვა სიახლეს. მაგალითად, თავიდან შეიძლება გვაეჭვებდა, გაამართლებდა თუ არა პირადი შესწავლის, მსახურებისა და კრების შეხვედრების დროს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. დღეს კი კარგად გვესმის, რამდენად პრაქტიკულია ეს მოწყობილობები და შეძლებისდაგვარად ვსარგებლობთ მათით. როცა საკუთარი თვალით ვხედავთ ამა თუ იმ ცვლილების კარგ შედეგებს, ჩვენი ერთობა უფრო მტკიცდება და რწმენა გვიძლიერდება მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეიძლება სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი.

როგორ ხელმძღვანელობდა იესო პირველი საუკუნის ქრისტიანებს?

10. ვისი ხელმძღვანელობით მივიდა წინადაცვეთის საკითხი ხელმძღვანელ საბჭომდე?

10 კორნელიუსის გაქრისტიანებიდან დაახლოებით 13 წლის შემდეგ ებრაელი ქრისტიანები ისევ წინადაცვეთის მომხრენი იყვნენ (საქ. 15:1, 2). როცა ანტიოქიაში ძმებს შორის დიდი უთანხმოება ჩამოვარდა, საკითხის გადასაჭრელად წმინდა სულით აღძრულმა უხუცესებმა პავლე იერუსალიმში გაგზავნეს ხელმძღვანელ საბჭოსთან. ვისგან მოდიოდა ხელმძღვანელობა? პავლე მოციქულმა თავად თქვა: „იქ იმიტომ ავედი, რომ გამოცხადება მივიღე“. აშკარაა, ქრისტემ წარმართა საქმე ისე, რომ ხელმძღვანელ საბჭოს გადაეწყვიტა ეს საკითხი (გალ. 2:1—3).

პირველ საუკუნეში ქრისტიანები აშკარად გრძნობდნენ ქრისტეს ხელმძღვანელობას (იხილეთ აბზაცები 10, 11)

11. ა) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ზოგ ებრაელ ქრისტიანს წინადაცვეთასთან დაკავშირებით? ბ) როგორ დაემორჩილა პავლე თავმდაბლად უხუცესების მითითებას? (იხილეთ სქოლიო)

11 ქრისტეს ხელმძღვანელობით ხელმძღვანელმა საბჭომ ცხადი გახადა, რომ არაიუდეველ ქრისტიანებს არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა (საქ. 15:19, 20). თუმცა ბევრი იუდეველი ქრისტიანი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან წლების შემდეგაც განაგრძობდა შვილების წინადაცვეთას. როცა იერუსალიმში მყოფმა უხუცესებმა შეიტყვეს პავლეზე გავრცელებული ხმები, რომ ის არ იცავდა მოსეს კანონს, მათ მოციქულს რამდენიმე მოულოდნელი მითითება მისცეს * (საქ. 21:20—26). პავლეს ოთხი კაცი უნდა წაეყვანა ტაძარში და შეესრულებინა განწმენდის წეს-ჩვეულება, რათა ხალხს დაენახა, რომ ის იცავდა კანონს. პავლეს შეეძლო ეჭვი შეეტანა მათი ნათქვამის გონივრულობაში და ეთქვა, რომ სინამდვილეში პრობლემა ის იყო, რომ იუდეველ ქრისტიანებს ბოლომდე არ ესმოდათ წინადაცვეთის საკითხი. თუმცა მან მხარი დაუჭირა უხუცესების გადაწყვეტილებას, რომელთაც მორწმუნეებს შორის ერთობის შენარჩუნება სურდათ, და თავმდაბლად შეასრულა მათი მითითება. შეიძლება ვიკითხოთ: „რატომ დაუშვა იესომ, რომ ეს საკითხი ამდენი ხანი მოუგვარებელი დარჩენილიყო, მაშინ როცა თავისი სიკვდილით გააუქმა მოსეს კანონი?“ (კოლ. 2:13, 14).

12. სავარაუდოდ, რატომ დაუშვა ქრისტემ, რომ წინადაცვეთის საკითხი ამ ხნის მანძილზე მოუგვარებელი ყოფილიყო?

12 ზოგს დრო სჭირდება, რომ ჩასწვდეს ამა თუ იმ საკითხის ახლებურ გაგებას. იუდეველ ქრისტიანებს საკმაო დრო დასჭირდათ, რომ შეხედულება შეეცვალათ (იოან. 16:12). ზოგიერთს გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ წინადაცვეთა არ იყო ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობის ნიშანი (დაბ. 17:9—12). სხვებს იმის შიშით არ სურდათ ამ შეხედულების გაზიარება, რომ იუდეველები დევნას დაუწყებდნენ (გალ. 6:12). თუმცა დროთა განმავლობაში ქრისტემ უფრო მეტი მითითება მისცა კრებებს პავლეს ღვთივშთაგონებული წერილების მეშვეობით (რომ. 2:28, 29; გალ. 3:23—25).

ქრისტე დღემდე ხელმძღვანელობს თავის კრებას

13. რა დაგვეხმარება, რომ მხარი დავუჭიროთ ქრისტეს ხელმძღვანელობას?

13 როცა ბოლომდე არ გვესმის ორგანიზაციული ცვლილებების მიზეზი, კარგი იქნება დავფიქრდეთ, როგორ ხელმძღვანელობდა ქრისტე წარსულში ღვთის ხალხს. როგორც იესო ნავეს ძის დროს, ისე პირველ საუკუნეში ის ყოველთვის ბრძნულ მითითებებს აძლევდა ღვთის მსახურებს, რათა დაეცვა, რწმენაში გაეძლიერებინა და ერთობის შენარჩუნებაში დახმარებოდა მათ (ებრ. 13:8).

14—16. როგორ მეტყველებს ერთგული და გონიერი მონის მითითებები იმაზე, რომ იესო სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე?

14 ერთგული და გონიერი მონის დროული მითითებები იმაზე მეტყველებს, რომ იესო სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე (მათ. 24:45). მარკი, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს, ამბობს: „სატანა კრების დასუსტებას ოჯახებზე იერიშის მიტანით ცდილობს. მითითება, რომ ოჯახური თაყვანისცემა ყოველკვირეულად ჩაატარონ, ოჯახისთავებისთვის იმის ნათელი მინიშნებაა, რომ დაიცვან თავიანთი ოჯახები“.

15 თუ დავაკვირდებით, როგორ გვხელმძღვანელობს იესო, დავინახავთ, რომ ის ჩვენი სულიერი კეთილდღეობითაა დაინტერესებული. პატრიკი, რომელიც უხუცესად მსახურობს, აღნიშნავს: „თავიდან ზოგს არ მოეწონა ის აზრი, რომ შაბათ-კვირას პატარა ჯგუფებად უნდა შევკრებილიყავით მსახურების შეხვედრისთვის“. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ამ ღონისძიებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იესო კრების თითოეულ წევრზე ზრუნავს. პატრიკი დასძენს: „მორიდებულმა და ნაკლებად აქტიურმა და-ძმებმა უფრო დაფასებულად და საჭიროდ იგრძნეს თავი, რამაც ისინი სულიერად გააძლიერა“.

16 სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვის გარდა ქრისტე გვეხმარება, რომ ძირითადი აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაზე გვქონდეს გადატანილი (წაიკითხეთ მარკოზის 13:10). ახლად დანიშნული უხუცესი ანდრე ყოველთვის ყურადღებით ადევნებს თვალს ღვთის ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებს. ის ამბობს: „ფილიალში მომსახურე პერსონალის შემცირებამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ დრო აღარ ითმენს და აუცილებელია, მთელი ძალ-ღონე სამქადაგებლო საქმეს მოვახმაროთ“.

ერთგულად დაუჭირეთ მხარი ქრისტეს ხელმძღვანელობას

17, 18. რატომ არის კარგი, თუ დავფიქრდებით იმ დადებით შედეგებზე, რომლებიც ბოლოდროინდელი ცვლილებების მიყოლამ მოგვიტანა?

17 ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობიდან აშკარად ჩანს, რომ ის მომავლისთვის გვამზადებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყურადღებას იმ დადებით შედეგებზე გავამახვილებთ, რომლებიც ამ ცვლილებების მიყოლამ მოგვიტანა. თქვენი ოჯახისთვის გამამხნევებელი იქნება, თუ თაყვანისცემის დროს იმსჯელებთ, როგორ დაგეხმარათ კრების შეხვედრებსა თუ მსახურებასთან დაკავშირებული ცვლილებები.

ეხმარებით ოჯახის წევრებსა და სხვა თანაქრისტიანებს, რომ ფეხი აუწყონ იეჰოვას ორგანიზაციას? (იხილეთ აბზაცები 17, 18)

18 სიახლეებს სიხარულით ავუწყობთ ფეხს, თუ დავინახავთ, რა დგას იეჰოვას ორგანიზაციისგან მომდინარე მითითებების მიღმა და საკუთარ თავზე გამოვცდით იმ დადებით შედეგებს, რაც მათ გათვალისწინებას მოჰყვება. ცხადია, მოგვწონს, რომ ბეჭდვითი პუბლიკაციების შემცირებამ და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ფულის დაზოგვა და დაზოგილი თანხების სამქადაგებლო საქმიანობისთვის გამოყენება, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს სამეფოს ცნობა. როცა ეს კარგად გვესმის, ვცდილობთ, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ელექტრონული პუბლიკაციები და აუდიო თუ ვიდეომასალა. ასეთი სახით, მხარს ვუჭერთ იესოს, რომელსაც სურს, რომ ორგანიზაციის რესურსები გონივრულად იქნეს გამოყენებული.

19. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ქრისტეს ხელმძღვანელობას?

19 როცა მთელი გულით ვუჭერთ მხარს ქრისტეს ხელმძღვანელობას, სხვებს რწმენის განმტკიცებაში ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ ერთობას. ფილიალებში ბეთელელების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ზემოხსენებული ანდრე ამბობს, რომ ყოფილი ბეთელელების დადებითი განწყობა, რომლებმაც ამ ცვლილებებს ფეხი აუწყეს, მათდამი პატივისცემითა და ქრისტესადმი ნდობით განაწყობს. ის დასძენს: „ისინი ფეხდაფეხ მიჰყვებიან იეჰოვას ზეციერ ეტლს და სიხარულით ასრულებენ ნებისმიერ დავალებას“.

გამოავლინეთ რწმენა და ნდობა ჩვენი წინამძღოლის მიმართ

20, 21. ა) რატომ შეგვიძლია ვენდოთ ჩვენს წინამძღოლს, ქრისტეს? ბ) რა იქნება მომდევნო სტატიის თემა?

20 ჩვენი წინამძღოლი იესო ქრისტე მალე სრულად დაიპყრობს და „შიშის მომგვრელ საქმეებს“ მოიმოქმედებს (გამოცხ. 6:2; ფსალმ. 45:4). მანამდე კი ის ღვთის ხალხს ახალი ქვეყნიერებისთვის ამზადებს, სადაც მკვდრეთით აღდგომის დროს თითოეული ჩვენგანი მონაწილეობას მივიღებთ გრანდიოზულ საგანმანათლებლო და სამშენებლო საქმეში.

21 თუ ნებისმიერ ვითარებაში ურყევ ნდობას გამოვავლენთ ჩვენი მეფის მიმართ, ის აუცილებლად დაგვამკვიდრებინებს ახალ ქვეყნიერებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 46:1—3). ცვლილებასთან შეგუება შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გაგვიჭირდეს, როცა ის მოულოდნელია. როგორ შეგვიძლია ამ დროს შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება და იეჰოვაზე სრულად მინდობა? სწორედ ეს იქნება მომდევნო სტატიის თემა.

^ აბზ. 8 არქეოლოგებმა იერიხონის ნანგრევებში მარცვლეულის დიდი საცავები აღმოაჩინეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქი ხანგრძლივ ალყაში არ ყოფილა და არც საკვების მარაგი გამოლევიათ. ვინაიდან ისრაელებს იერიხონის გაძარცვის უფლება არ ჰქონდათ, მოსავლის აღების პერიოდი ყველაზე კარგი დრო იყო ქალაქის დასაპყრობად, რადგან მინდვრები სავსე იყო საკვებით (იეს. 5:10—12).

^ აბზ. 11 იხილეთ 2003 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ჩარჩო „პავლე თავმდაბლად შეხვდა ერთგულების გამოცდას“, გვ. 24.