შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე ცვლილებების დროს
„ვამშვიდებდი და ვაწყნარებდი ჩემს სულს“ (ფსალმ. 131:2).
1, 2. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალოს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) 131-ე ფსალმუნის თანახმად, როგორი განწყობა დაგვეხმარება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში?
როდესაც ლოიდმა და ალექსანდრამ გაიგეს, რომ ბეთელში მსახურება უნდა შეეწყვიტათ, თავიდან ძალიან განიცადეს. ისინი ხომ 25 წელზე მეტხანს მსახურობდნენ ბეთელში! ლოიდი ამბობს: „იმდენად მიყვარდა ბეთელი და ის დავალება, რასაც იქ ვასრულებდი, რომ ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. გონებით მესმოდა ცვლილების მიზეზი, მაგრამ რამდენიმე კვირისა და თვის შემდეგაც კი მეუფლებოდა ისეთი გრძნობა, თითქოს უარმყვეს. მუდმივად მეცვლებოდა განწყობა — ერთ წუთს დადებითად ვფიქრობდი, მეორე წუთს კი გული მიმძიმდებოდა“.
2 როცა ჩვენი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, შეიძლება შიში დაგვეუფლოს და დავითრგუნოთ (იგავ. 12:25). შეიძლება ამ ცვლილებებთან შეგუებაც კი გაგვიჭირდეს. როგორ შეგვიძლია მსგავს სიტუაციებში დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ? (წაიკითხეთ ფსალმუნის 131:1—3). განვიხილოთ, როგორ შეინარჩუნეს ცვლილებების დროს შინაგანი სიმშვიდე იეჰოვას მსახურებმა წარსულში და როგორ ინარჩუნებენ დღეს.
როგორ გვეხმარება „ღვთის მშვიდობა“
3. რა სიტუაციაში აღმოჩნდა იოსები?
3 იოსები 17 წლისა იქნებოდა, როცა შურით აღვსილმა ძმებმა მონად გაყიდეს, რადგან მათ მამას, იაკობს, ძალიან უყვარდა ის (დაბ. 37:2—4, 23—28). საყვარელ მამას მოწყვეტილი იოსები დაახლოებით 13 წლის მანძილზე მონა და პატიმარი იყო ეგვიპტეში. რა დაეხმარა მას, რომ გული არ გასტეხოდა და არ გაბოროტებულიყო?
4. ა) რაზე ამახვილებდა ყურადღებას პატიმრობაში მყოფი იოსები? ბ) როგორ უპასუხა იეჰოვამ იოსების ლოცვებს?
4 პატიმრობით გატანჯული იოსები იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რასაც იეჰოვა მის დასახმარებლად აკეთებდა (დაბ. 39:21; ფსალმ. 105:17—19). მოზარდობის დროს ნანახი წინასწარმეტყველური სიზმრებიც დაარწმუნებდა იოსებს, რომ იეჰოვა მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო (დაბ. 37:5—11). ის, ალბათ, არაერთხელ გაუზიარებდა იეჰოვას თავის საწუხარს (ფსალმ. 145:18). გულმხურვალე ლოცვების პასუხად იეჰოვამ აგრძნობინა იოსებს, რომ მის გვერდით იქნებოდა ყველა გასაჭირში (საქ. 7:9, 10). *
5. როგორ გვეხმარება „ღვთის მშვიდობა“, რომ განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება?
5 რა რთულ ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, საკუთარ თავზე შეგვიძლია გამოვცადოთ, როგორ გვამშვიდებს „ღვთის მშვიდობა“ და როგორ იცავს ჩვენს გონებას (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7). ასე რომ, თუ იეჰოვას ლოცვით მივმართავთ, როცა საწუხარი ძალას გვაცლის, ღვთის მშვიდობა დაგვეხმარება, რომ განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება და გული არ გავიტეხოთ. განვიხილოთ ამის რამდენიმე თანამედროვე მაგალითი.
სთხოვეთ იეჰოვას, დაგიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე
6, 7. როგორ გვეხმარება კონკრეტული ლოცვები შინაგანი სიმშვიდის დაბრუნებაში? მოიყვანეთ მაგალითი.
6 როცა რაიანსა და ჯულიეტს შეატყობინეს, რომ დროებით სპეციალურ პიონერად მსახურებას აღარ გააგრძელებდნენ, ძალიან დამწუხრდნენ. „ჩვენ მაშინვე იეჰოვას მივმართეთ ლოცვით, — ამბობს რაიანი. — ვიცოდით, რომ იეჰოვასადმი ნდობის დამტკიცების განსაკუთრებული შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენს კრებაში ბევრი ახალმონათლული იყო, ამიტომ ვლოცულობდით, რომ იეჰოვა დაგვხმარებოდა, რათა მათთვის რწმენის კარგი მაგალითი მიგვეცა“.
7 როგორ უპასუხა იეჰოვამ მათ ლოცვას? რაიანი იხსენებს: „ის უარყოფითი გრძნობები და საწუხარი, რომელიც თავიდან გვქონდა, ლოცვის შემდეგ სადღაც გაქრა. ღვთის მშვიდობა იცავდა ჩვენს გულსა და გონებას. ვიცოდით, რომ იეჰოვასთვის კვლავაც გამოსადეგნი ვიქნებოდით, თუ სწორ განწყობას შევინარჩუნებდით“.
8—10. ა) როგორ გვეხმარება ღვთის სული საწუხართან გამკლავებაში? ბ) როგორ შეიძლება დაგვეხმაროს იეჰოვა, როცა სულიერი ხედვის შენარჩუნებას ვცდილობთ?
8 გარდა იმისა, რომ გვამშვიდებს, ღვთის სული გვეხმარება, ყურადღება იმ ბიბლიურ მუხლებზე გადავიტანოთ, რომლებიც გვანახვებს, რა არის ცხოვრებაში მთავარი (წაიკითხეთ იოანეს 14:26, 27). განვიხილოთ ერთი წყვილის, ფილიპისა და მერის შემთხვევა, რომლებიც თითქმის 25 წელი მსახურობდნენ ბეთელში. ოთხი თვის მანძილზე ორივეს დაეღუპა დედა და სხვა ნათესავი, თანაც უნდა ეზრუნათ მერის დემენციით დაავადებულ მამაზე.
9 ფილიპი იხსენებს: «ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ასე თუ ისე ვუმკლავდებოდი, თუმცა რაღაც მაკლდა. ერთ-ერთი „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიაში მოყვანილი იყო კოლოსელების 1:11. მივხვდი, რომ კი ვითმენდი, მაგრამ არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველაფერი ბოლომდე უნდა მომეთმინა ისე, რომ სიხარული არ დამეკარგა. ამ მუხლმა შემახსენა, რომ ჩემი სიხარული არსებულ ვითარებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად ვაძლევ ღვთის სულს ჩემზე მოქმედების საშუალებას».
10 იეჰოვამ მრავალმხრივ აკურთხა ფილიპი და მერი, რადგან სულიერი ხედვა შეინარჩუნეს. ბეთელის დატოვებიდან მალევე, ორივემ დაიწყო ბიბლიის შესწავლა სულიერს მოწყურებულ ადამიანებთან, რომლებსაც კვირაში რამდენჯერმე სურდათ შესწავლის ჩატარება. როცა წარსულს იხსენებს, მერი ამბობს: „ისინი დიდ სიხარულს გვგვრიდნენ. მათი მეშვეობით თითქოს იეჰოვა გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.
მიეცით იეჰოვას თქვენი კურთხევის მიზეზი
11, 12. ა) როგორ მისცა იოსებმა იეჰოვას კურთხევის მიზეზი? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ იოსები მოთმინებისთვის?
11 როცა მოულოდნელად იცვლება ჩვენი ცხოვრება, შეიძლება მომავალზე წუხილმა იმდენად მოგვიცვას, რომ სხვა ვეღარაფერზე ვიფიქროთ. თავისუფლად შეიძლებოდა იოსებსაც დამართოდა ასე, თუმცა აშკარაა, რომ მან საუკეთესოდ გამოიყენა შექმნილი ვითარება, რითაც იეჰოვას კურთხევის მიზეზი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში იყო, იოსები საპყრობილის ზედამხედველის ნებისმიერ დავალებას გულმოდგინედ ასრულებდა, როგორც ამას ფოტიფარის სახლში მსახურების დროს აკეთებდა (დაბ. 39:21—23).
12 ერთხელ იოსებს ორ მამაკაცზე ზრუნვა დაავალეს, რომლებსაც მანამდე ფარაონის სასახლეში მაღალი მდგომარეობა ეკავათ. იოსები იმდენად კეთილად ექცეოდა ამ პატიმრებს, რომ ორივემ გული გადაუშალა მას. მათ იოსებს თავიანთი საწუხარი და სიზმრები გაანდეს, რომელთა გამოც საგონებელში იყვნენ ჩაცვენილი (დაბ. 40:5—8). იოსები ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს საუბარი მის მომავალსაც შეცვლიდა. თუმცა მან კიდევ ორი წელი დაჰყო ციხეში. საბოლოოდ ის გაათავისუფლეს და იმ დღესვე ფარაონის შემდეგ ეგვიპტეში მეორე კაცად დანიშნეს (დაბ. 41:1, 14—16, 39—41).
13. როგორ შეგვიძლია ნებისმიერ ვითარებაში მივცეთ იეჰოვას ჩვენი კურთხევის მიზეზი?
13 იოსების მსგავსად ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა თითქმის არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. მაგრამ, თუ მოთმინებას შევინარჩუნებთ და ყველანაირად შევეცდებით, შექმნილი მდგომარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ, იეჰოვას ჩვენი კურთხევის მიზეზს მივცემთ (ფსალმ. 37:5). მართალია, შეიძლება დროდადრო საგონებელში ჩავცვივდეთ, მაგრამ როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, არასოდეს ვიქნებით გამოუვალ მდგომარეობაში (2 კორ. 4:8). ეს სიტყვები ჩვენს შემთხვევაშიც გამართლდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსახურებიდან სხვა რამეზე არ გადავიტანთ ყურადღებას.
მთელი ყურადღება კვლავაც მსახურებაზე გქონდეთ გადატანილი
14—16. საიდან ჩანს, რომ ცვლილებების მიუხედავად ფილიპეს კვლავაც მსახურებაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი?
14 მახარობელმა ფილიპემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ შეგვიძლია ცვლილებების მიუხედავად მთელი ყურადღება კვლავაც მსახურებაზე გვქონდეს გადატანილი. სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ იერუსალიმში დევნის დიდი ტალღა აგორდა. * იმ პერიოდში, ფილიპე სიამოვნებით ასრულებდა ახალ დავალებას (საქ. 6:1—6). მაგრამ, როდესაც ქრისტეს მოწაფეები სხვადასხვა მხარეში გაიფანტნენ, ფილიპეს გულმა არ მოუთმინა, რომ შორიდან ეყურებინა, რა მოხდებოდა. ის საქადაგებლად სამარიაში წავიდა, სადაც სასიხარულო ცნობა თითქმის არავის ჰქონდა მოსმენილი (მათ. 10:5; საქ. 8:1, 5).
15 ფილიპე მზად იყო, ყველგან წასულიყო, სადაც ღვთის სული მიუთითებდა. ამიტომ იეჰოვამ ის საქადაგებლად ახალ ტერიტორიებზე გაგზავნა. მისი მიუკერძოებლობა დიდად გაამხნევებდა სამარიელებს, რომლებსაც იუდეველები ზიზღით ეპყრობოდნენ. ამიტომ არ გვიკვირს, რომ „მთელი ხალხი ყურს უგდებდა“ მის ქადაგებას (საქ. 8:6—8).
16 შემდეგ ფილიპე ღვთის სულმა აშდოდსა და კესარეაში გაგზავნა, სადაც ძირითადად უცხოტომელები ცხოვრობდნენ (საქ. 8:39, 40). სამარიაში პირველად ქადაგებიდან დაახლოებით 20 წელიწადში ფილიპეს ცხოვრებაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. დაოჯახების შემდეგ ის მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ქადაგებდა, სადაც ცხოვრობდა. ცვლილების მიუხედავად, ფილიპეს კვლავაც მსახურებაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი, რის გამოც იეჰოვამ ის და მისი ოჯახი უხვად აკურთხა (საქ. 21:8, 9).
17, 18. როგორ გვეხმარება მსახურებაზე ყურადღების გადატანა ცვლილებების დროს?
17 ბევრი სრული დროით მსახური აღნიშნავს, რომ ცვლილებების დროს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში მსახურებაში აქტიური მონაწილეობა დაეხმარა. სამხრეთ აფრიკელ წყვილს, ოზბორნსა და პოლაიტს, ბეთელის დატოვება მოუწია. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მალევე იპოვიდნენ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოს და საცხოვრებელს. ოზბორნი გვიამბობს: „სამწუხაროდ, სამუშაო ისე მალე ვერ ვიშოვეთ, როგორც მოველოდით“. მისი მეუღლე კი აღნიშნავს: „სამი თვე უმუშევრები ვიყავით, თან არც დანაზოგი გვქონდა. ეს ნამდვილი განსაცდელი იყო ჩვენთვის“.
18 რა დაეხმარა ამ წყვილს, რომ ასეთ რთულ სიტუაციას გამკლავებოდა? ოზბორნი ამბობს: „კრებასთან ერთად ქადაგება ძალიან
დაგვეხმარა, რომ სულიერზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული და დადებითზე გვეფიქრა. ნაცვლად იმისა, რომ უმოქმედოდ ვყოფილიყავით და გვენერვიულა, გადავწყვიტეთ, მთლიანად მსახურებაზე გადავრთულიყავით, რამაც დიდი სიხარული მოგვიტანა. ყველგან ვეძებდით სამუშაოს და ბოლოს ვიპოვეთ კიდეც“.მოთმინებით დაელოდეთ იეჰოვას
19—21. ა) რა დაგვეხმარება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში? ბ) რაში შეიძლება დაგვეხმაროს ცვლილებებთან შეგუება?
19 როგორც ამ შემთხვევებიდან ჩანს, შინაგან სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, თუ საუკეთესოდ გამოვიყენებთ ჩვენს მდგომარეობას და გულდაჯერებული დაველოდებით იეჰოვას (წაიკითხეთ მიქას 7:7). შეიძლება დროთა განმავლობაში გავაცნობიეროთ, რომ ამ ცვლილებებთან შეგუებამ უფრო გაგვაძლიერა სულიერად. პოლაიტი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს: „ახალმა დავალებამ მასწავლა, სინამდვილეში, რას ნიშნავს მივენდო იეჰოვას მაშინაც კი, როცა მგონია, რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა. ახლა უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან“.
20 ზემოთ მოხსენიებულ მერის დღემდე უწევს ხანდაზმულ მამაზე ზრუნვა და თან პიონერად მსახურებას აგრძელებს. ის ამბობს: „მივხვდი, რომ, როდესაც დარდი შემომაწვება, უნდა გავჩერდე, ვილოცო და ცოტა ხნით განვიტვირთო. ვისწავლე, რომ ჩემი საზრუნავი იეჰოვას მივანდო. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი გაკვეთილია, რაც ოდესმე მისწავლია, და ვიცი, რომ ასე მოქცევა განსაკუთრებით მომავალში დაგვჭირდება“.
21 დასაწყისში მოხსენიებულმა ლოიდმა და ალექსანდრამ აღიარეს, რომ ცვლილებებმა მათი რწმენა მოულოდნელი სახით გამოსცადა. თუმცა ისინი ამბობენ: „რწმენის გამოცდებმა გამოააშკარავა, გვქონდა თუ არა იმდენად ძლიერი რწმენა, რომ განსაცდელების დროს მხნეობა არ დაგვეკარგა. ამან უკეთეს ადამიანებად გვაქცია“.
22. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, თუ ვცდილობთ, საუკეთესოდ გამოვიყენოთ შექმნილი მდგომარეობა?
22 თუ თქვენს ცხოვრებაშიც მოხდება მოულოდნელი ცვლილებები, იქნება ეს თეოკრატიული დავალება, ჯანმრთელობის პრობლემა ან ახალი ოჯახური პასუხისმგებლობა, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე და საჭირო დროს დაგეხმარებათ (ებრ. 4:16; 1 პეტ. 5:6, 7). მანამდე კი შეეცადეთ, საუკეთესოდ გამოიყენოთ თქვენი მდგომარეობა — უფრო დაუახლოვდით ლოცვის მეშვეობით თქვენს ზეციერ მამას და ისწავლეთ მასზე სრულად მინდობა. ამგვარად, მოულოდნელი ცვლილებები ვერც თქვენ დაგაკარგვინებთ შინაგან სიმშვიდეს.
^ აბზ. 4 ციხიდან გათავისუფლებულ იოსებს წლების შემდეგ პირმშო შეეძინა, რომელსაც მენაშე დაარქვა და თქვა: „დამავიწყა ღმერთმა გასაჭირი“ (დაბ. 41:51, სქ.). ის აშკარად მიხვდა, რომ მისი ვაჟი ღვთის ძღვენი იყო და მისი დაბადებით იეჰოვამ მტკივნეული მოგონებები გაუქარვა.
^ აბზ. 14 იხილეთ ამავე ჟურნალში დაბეჭდილი სტატია „იცოდით თუ არა?“.