არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1918 — ასი წლის წინ

1918 — ასი წლის წინ

1918 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ იწყებოდა სიტყვებით: „რას მოგვიტანს 1918 წელი?“. პირველი მსოფლიო ომი ისევ მძვინვარებდა ევროპაში, მაგრამ წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენებიდან ისე ჩანდა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა როგორც ბიბლიის მკვლევრებისთვის, ისე ზოგადად მსოფლიოსთვის.

მსოფლიო მშვიდობაზე ალაპარაკდა

1918 წლის 8 იანვარს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინა 14-პუნქტიანი პროექტი, რომელიც მისი აზრით ხელს შეუწყობდა „სამართლიანობას და სტაბილურ მშვიდობას“. ის ითვალისწინებდა ერებს შორის ღია საზავო მოლაპარაკებებს, შეიარაღების შემცირებას და „ერების საყოველთაო გაერთიანებას“, რაც სიკეთეს მოუტანდა „დიდ და პატარა ქვეყნებს“. უილსონის „თოთხმეტი პუნქტი“ საფუძვლად დაედო ერთა ლიგის ჩამოყალიბებას და ვერსალის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.

მოწინააღმდეგეები დამარცხდნენ

1917 წელს * მომხდარი არეულობების მიუხედავად, მშვიდობა ბიბლიის მკვლევრებისთვისაც მოჩანდა ჰორიზონტზე, რაც ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე განვითარებული მოვლენებიდან გამოჩნდა.

1918 წლის 5 იანვარს ჩატარებულ შეხვედრაზე რამდენიმე ცნობილი მამაკაცი, რომლებიც ბეთელიდან დაითხოვეს, ორგანიზაციაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. ერთგულმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა, რიჩარდ ბარბერმა, შეხვედრა ლოცვით გახსნა. გასული წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჩატარდა დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური არჩევნები. ძმა ბარბერმა დაასახელა ჯოზეფ რუტერფორდი და ექვსი სხვა ძმა. შემდეგ იურისტმა, რომელიც მოწინააღმდეგეებს ემხრობოდა, სხვა შვიდი მამაკაცი დაასახელა, მათ შორის ისინიც, ვინც ბეთელიდან დაითხოვეს. მათი კანდიდატურა არ გავიდა. აქციონერთა დიდმა უმრავლესობამ დირექტორთა საბჭოს წევრებად ძმა რუტერფორდი და სხვა ექვსი ერთგული ძმა აირჩია.

ამ შეხვედრაზე დამსწრე ბევრმა ძმამ თქვა, რომ ეს იყო „ყველაზე კურთხეული შეხვედრა, რომელსაც ოდესმე დასწრებიან“. თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.

რა მოჰყვა „დასრულებული საიდუმლოს“ გამოცემას?

რამდენიმე თვის მანძილზე ბიბლიის მკვლევრები ავრცელებდნენ წიგნს „დასრულებული საიდუმლო“. გულწრფელი მკითხველი დადებითად გამოეხმაურა ამ წიგნში ჩაწერილ ბიბლიურ ჭეშმარიტებას.

ედუარდ კრისტმა, რომელიც კანადაში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, გვიამბო ერთი წყვილის შესახებ, რომელმაც წაიკითხა „დასრულებული საიდუმლო“ და სულ რაღაც ხუთ კვირაში გაითავისა ჭეშმარიტება! მან თქვა: „ქმარმაც და ცოლმაც მთლიანად მიუძღვნეს თავი ღვთის საქმეს და შესანიშნავი პროგრესი განიცადეს“.

ერთმა მამაკაცმა, რომელზეც ამ წიგნმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაშინვე მისცა ის წასაკითხად თავის მეგობრებს. მან თქვა: «მესამე ავენიუზე მივდიოდი [და] უცბად მხარზე რაღაც დამეცა. ვიფიქრე, რომ აგური იყო, მაგრამ წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ ყოფილა. წავიღე ის სახლში და თავიდან ბოლომდე წავიკითხე . . . მოგვიანებით გავიგე, რომ ეს წიგნი მქადაგებელს . . . უსვრია ფანჯრიდან გაბრაზებულ გულზე. . . . მჯერა, რომ ამ ერთი მოქმედებით მან იმაზე მეტ ადამიანს მისცა ცოცხალი იმედი, ვიდრე მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შეძლებდა ქადაგებითა თუ სხვა საქმით. . . . ამ მქადაგებლის რისხვის შედეგია ის, რომ ახლა ჩვენ ღმერთს განვადიდებთ».

მქადაგებლის რეაქცია გასაკვირი არ იყო, რადგან 1918 წლის 12 თებერვალს კანადის მთავრობამ ეს წიგნი ოფიციალურად აკრძალა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ის ანტიმილიტარისტულ აზრებს შეიცავდა და მკითხველს ამბოხებისკენ მოუწოდებდა. მათ კვალს მალევე მიჰყვა შეერთებული შტატების მთავრობაც. ხელისუფლების აგენტები ჩხრეკდნენ ბეთელის სახლებსა და ოფისებს ნიუ-იორკში, პენსილვანიასა და კალიფორნიაში. ისინი სამხილებს ეძებდნენ ხელმძღვანელი ძმების წინააღმდეგ. 1918 წლის 14 მარტს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ აკრძალა წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ და განაცხადა, რომ მისი ბეჭდვა და გავრცელება საფრთხეს უქმნიდა ომის მხარდამჭერ საქმეებს ანუ არღვევდა „ჯაშუშობის კანონს“.

დაპატიმრებულები

1918 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტრომ გასცა ჯოვანი დეჩეკას, ჯორჯ ფიშერის, ალექსანდრე მაკმილანის, რობერტ მარტინის, ფრედერიკ რობისონის, ჯოზეფ რუტერფორდის, უილიამ ვან ამბერგისა და კლეიტონ ვუდვორთის დაპატიმრების ორდერი. ეს ძმები დაადანაშაულეს „სუბორდინაციის უკანონოდ და განზრახ დარღვევაში, აგრეთვე შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურსა და საზღვაო ძალებში მსახურებაზე უარის თქმასა და მათდამი ორგულობაში“. სასამართლო პროცესი 1918 წლის 5 ივნისს დაიწყო. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მათ დააპატიმრებდნენ.

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა „ჯაშუშობის კანონს“, რომლის დარღვევაშიც ამ ძმებს ადანაშაულებდნენ, უწოდა „ეფექტური იარაღი პროპაგანდის წინააღმდეგ“. 1918 წლის 16 მაისს კონგრესმა უარი განაცხადა ზემოხსენებულ კანონში შესწორების შეტანაზე. სახეცვლილი კანონი დაიცავდა იმ პირებს, რომლებიც „კარგი აღძვრებიდან გამომდინარე და კანონიერი მიზნების მისაღწევად“ აქვეყნებდნენ იმას, „რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა“. წიგნ „დასრულებულ საიდუმლოს“ საკმაოდ ხშირად იყენებდნენ დებატების დროს. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების კონგრესის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამი იყო: «ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი წიგნია „დასრულებული საიდუმლო“, რომელიც ასეთი სახის პროპაგანდას ეწევა . . . ამ წიგნის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ჯარისკაცებს ჩვენ მიერ არჩეული კურსის მიმართ ეჭვი გაუჩინოს და ჯარში მსახურების წინააღმდეგ განაწყოს».

1918 წლის 20 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა რვავე ძმა დამნაშავედ ცნეს მათ მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში. მომდევნო დღეს მოსამართლემ გამოაცხადა განაჩენი. მან აღნიშნა: „რელიგიური პროპაგანდა, რომელსაც ეს ბრალდებულები აქტიურად ეწეოდნენ . . . გერმანიის ჯარის დანაყოფზე უფრო საშიშია. . . . სასჯელი მკაცრი უნდა იყოს“. ორი კვირის შემდეგ რვავე ძმა ატლანტის (ჯორჯიის შტატი) ფედერალურ ციხეში გადაიყვანეს და ათიდან ოც წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

სამქადაგებლო საქმიანობა გრძელდება

მთელი ამ ხნის მანძილზე ბიბლიის მკვლევრები მუდმივად ხვდებოდნენ წინააღმდეგობას. გამოძიების ფედერალური ბიურო (ეფ-ბი-აი) საფუძვლიანად იკვლევდა მათ საქმიანობას და ათასობით დოკუმენტს ადგენდა. ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჩვენს ძმებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, კვლავაც გაეგრძელებინათ ქადაგება.

ორლანდოს (ფლორიდის შტატი) საფოსტო განყოფილების უფროსი ეფ-ბი-აის სწერდა: „[ბიბლიის მკვლევრები] ქალაქში კარდაკარ დადიან და ამას ძირითადად ღამით აკეთებენ . . . როგორც ჩანს, ისინი სულ მცირე იმას ცდილობენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად არ შეწყვიტონ თავიანთი საქმიანობა“.

სამხედრო უწყების პოლკოვნიკი ეფ-ბი-აის ატყობინებდა ფრედერიკ ფრენცის საქმიანობის შესახებ, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა. პოლკოვნიკი წერდა: «ფრედერიკ ფრენცი აქტიურად მონაწილეობს „დასრულებული საიდუმლოს“ რამდენიმე ათასი ეგზემპლარის გაყიდვაში».

ჩარლზ ფეკელი, რომელიც აგრეთვე მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, დიდ წინააღმდეგობას შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის „დასრულებული საიდუმლოს“ გავრცელების გამო დააპატიმრეს და ციხეში ყოფნის დროს პირად მიმოწერას უმოწმებდნენ. ის ერთი თვით ჩასვეს ბალტიმორის ციხეში (მერილენდის შტატი) და „ავსტრიელი მტერი“ უწოდეს, რადგან ავსტრია იმ დროს მტერ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა. გამომძიებლებთან გაბედულად ქადაგების დროს მან მოიხსენია პავლეს სიტყვები: „ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორ. 9:16). *

გულმოდგინედ ქადაგების გარდა, ბიბლიის მკვლევრები აქტიურად აგროვებდნენ პეტიციისთვის ხელმოწერებს ატლანტაში დაპატიმრებული ძმების გასათავისუფლებლად. ანა გარდნერი იხსენებდა: „საქმე ყოველთვის გვქონდა. როცა ძმები ციხეში იყვნენ, ჩვენი საქმე ხელმოწერების შეგროვება იყო. დავდიოდით კარდაკარ. ათასობით ხელმოწერა შევაგროვეთ! ხალხს ვეუბნებოდით, რომ ეს მამაკაცები ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ და უსამართლოდ დააპატიმრეს“.

კონგრესები

ამ რთულ პერიოდში საძმოს სულიერად გასაძლიერებლად ხშირად ტარდებოდა კონგრესები. „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „მთელი წლის მანძილზე . . . ორმოცზე მეტი კონგრესი ჩატარდა . . . ყველა ამ კონგრესიდან გამამხნევებელი ანგარიშები მოდიოდა. ადრე კონგრესები ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში იმართებოდა, მაგრამ ახლა თვე ისე არ გავა, კონგრესი არ ჩატარდეს“.

სუფთა გულის ადამიანები კვლავაც ეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას. კლივლენდში (ოჰაიოს შტატი) გამართულ ერთ კონგრესზე, რომელსაც დაახლოებით 1 200 ადამიანი ესწრებოდა, 42 კაცი მოინათლა; მათ შორის იყო პატარა ბიჭი, რომელმაც ღვთისადმი მადლიერება გამოავლინა და თავი მიუძღვნა იეჰოვას, რითაც ბევრ ზრდასრულს აჯობა.

რა იქნება შემდეგ?

1918 წლის მიწურულს ბიბლიის მკვლევრებმა არ იცოდნენ, რა ელოდათ მომავალში. ბრუკლინის შენობებიდან ზოგიერთი გაყიდეს და მთავარი სამმართველო პიტსბურგში (პენსილვანიის შტატი) გადაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელი ძმები ისევ ციხეში ისხდნენ, აქციონერთა მომდევნო ყოველწლიური შეხვედრა 1919 წლის 4 იანვარს დაიგეგმა. რა მოხდებოდა შემდეგ?

ჩვენი ძმები არ წყვეტდნენ ქადაგებას. ისინი იმდენად იყვნენ დარწმუნებულები კარგ შედეგში, რომ 1919 წლის მუხლად აირჩიეს ესაიას 54:17: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“. ისინი მზად იყვნენ რადიკალური ცვლილებებისთვის, რომლებიც განამტკიცებდა მათ რწმენას და იმ დიდებული საქმის შესასრულებლად შემატებდა ძალას, რომელიც წინ ელოდათ.

^ აბზ. 6 იხილეთ „ასი წლის წინ — 1917“ იეჰოვას მოწმეების 2017 წლის წელიწდეულში, გვ. 172—176.

^ აბზ. 22 იხილეთ ჩარლზ ფეკელის ბიოგრაფია „კარგ საქმეში შეუპოვრობას სიხარული მოაქვს“ 1969 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.].