არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 43

განსაკუთრებულად უერთგულეთ იეჰოვას!

განსაკუთრებულად უერთგულეთ იეჰოვას!

„იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს“ (ნაუმ. 1:2).

სიმღერა 51 ღმერთს მივუძღვენით თავი

მოკლე შინაარსი *

1. რატომ იმსახურებს იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას?

იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას იმსახურებს, რადგან ის შემოქმედი და სიცოცხლის მბოძებელია (გამოცხ. 4:11). მაგრამ მისადმი ერთგულებაში შეიძლება ბევრმა რამემ შეგვიშალოს ხელი. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და პატივს მივაგებთ მას, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში სხვა რამემ დაიკავოს უმთავრესი ადგილი და განსაკუთრებულად ვეღარ ვუერთგულოთ მას. რამ შეიძლება მიგვიყვანოს აქამდე? სანამ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, გავიგოთ, რას ნიშნავს იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება.

2. გამოსვლის 20:5-ის თანახმად, როდის ვავლენთ იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას?

2 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთისადმი ერთგულებისკენ მისადმი ძლიერი სიყვარული აღგვძრავს. იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ, როცა მხოლოდ მას ვცემთ თაყვანს და არავის და არაფერს ვაძლევთ უფლებას, ჩვენს გულში მისი ადგილი დაიკავოს (წაიკითხეთ გამოსვლის 20:5).

3. რატომ არ არის იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება გაუაზრებელი?

3 ჩვენ იეჰოვასადმი ერთგულებას გაუაზრებლად არ ვავლენთ. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ კარგად ვიცნობთ ღმერთს, გვაოცებს მისი შესანიშნავი თვისებები, ვიზიარებთ მის შეხედულებას კარგსა და ცუდზე, ვიცით მისი განზრახვა კაცობრიობასთან მიმართებით და ვცხოვრობთ ბიბლიური ნორმების თანახმად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შეგვიძლია დავუმეგობრდეთ ღმერთს (ფსალმ. 25:14). რაც უფრო მეტს ვიგებთ შემოქმედის შესახებ, მით უფრო ვუახლოვდებით მას (იაკ. 4:8).

4. ა) როგორ ცდილობს სატანა, იეჰოვასადმი სიყვარული გაგვინელოს? ბ) რას გავიგებთ ამ სტატიიდან?

4 ეშმაკის მიზანია, ეს ქვეყნიერება, რომელსაც თავად მართავს, ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მაგალითად, ის ცდილობს, რომ ძირითადი ყურადღება ბუნებრივი სურვილების დაკმაყოფილებაზე გადაგვატანინოს და არასწორ მიდრეკილებებთან ბრძოლა გაგვიძნელოს (ეფეს. 2:1—3; 1 იოან. 5:19). მას სურს, იეჰოვას გარდა ჩვენს გულში სხვა რამემაც დაიკავოს ადგილი. წინამდებარე სტატიიდან გავიგებთ, რომ სატანა ამ მიზნის მისაღწევად ორ მეთოდს იყენებს: ის ცდილობს, ფულის სიყვარული განგვივითაროს და არაჯანსაღი გართობისკენ გვიბიძგოს.

თავი დაიცავით ფულის სიყვარულისგან

5. რატომ უნდა დავიცვათ თავი ფულის სიყვარულისგან?

5 ბუნებრივია, ყველას გვსურს, რომ საკმარისი საკვები, ტანსაცმელი და მყუდრო თავშესაფარი გვქონდეს. თუმცა სიფრთხილე გვმართებს, რომ ფულის სიყვარული არ განგვივითარდეს. სატანის ქვეყნიერებაში ადამიანები ფულისა და მატერიალური ნივთების მოყვარულები არიან (2 ტიმ. 3:2). იესომ იცოდა, რომ ამ ცდუნების წინაშე შეიძლებოდა მისი მიმდევრებიც დამდგარიყვნენ, ამიტომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24). როცა ქრისტიანი საჭიროზე მეტ დროსა და ძალისხმევას ახმარს ფულის შოვნას, შეიძლება ითქვას, რომ ორ ბატონს ემსახურება და იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას არ ავლენს.

რას ფიქრობდნენ ლაოდიკეელები საკუთარ თავზე; რას ფიქრობდნენ იეჰოვა და იესო მათზე (იხილეთ აბზაცი 6)

6. რას ვსწავლობთ იესოს რჩევიდან, რომელიც ლაოდიკეის კრებას მისცა?

6 ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს ლაოდიკეელი ქრისტიანები იკვეხნიდნენ: „მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მჭირდებაო“. თუმცა იეჰოვასა და იესოს თვალში ისინი საწყლები, საცოდავები, ღარიბები, ბრმები და შიშვლები იყვნენ. იესომ ისინი იმიტომ კი არ შეაგონა, რომ მდიდრები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ფულის სიყვარული იეჰოვასთან მათ ურთიერთობას საფრთხეს უქმნიდა (გამოცხ. 3:14—17). თუ ვამჩნევთ, რომ ჩვენს გულში ფულის სიყვარული იდგამს ფესვს, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ და აზროვნება შევიცვალოთ (1 ტიმ. 6:7, 8). წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი გულით ვეღარ ვუერთგულებთ იეჰოვას და ჩვენი მსახურებაც მიუღებელი იქნება მისთვის. ღმერთი ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს (კან. 4:24). როგორ შეიძლება ფულმა ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავოს?

7—9. რა ისწავლეთ დეივიდის შემთხვევიდან?

7 დავფიქრდეთ შეერთებულ შტატებში მცხოვრები დეივიდის მაგალითზე, რომელიც უხუცესად მსახურობს და ბევრს ირჯება კრებისთვის. დეივიდი გვიყვება, რომ სამსახურში შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, რის გამოც დააწინაურეს კიდეც. მთელ ქვეყანაში ის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა თავის სფეროში. დეივიდი ამბობს: „ჩემს წარმატებას იეჰოვას კურთხევად ვთვლიდი“. მართლა იეჰოვას კურთხევა იყო ეს?

8 დროთა განმავლობაში დეივიდი მიხვდა, რომ სამსახური იეჰოვასთან მის ურთიერთობას საფრთხეს უქმნიდა. ის განაგრძობს: „კრების შეხვედრებზე და მსახურებაშიც კი სულ სამსახურზე ვფიქრობდი. ბევრ ფულს კი ვშოულობდი, მაგრამ ძალიან დიდ სტრესს განვიცდიდი. მეუღლესთანაც კი შემექმნა პრობლემები“.

9 დეივიდმა გააცნობიერა, რომ პრიორიტეტებისთვის უნდა გადაეხედა და რაღაც შეეცვალა. მან უფროსს ახალი გრაფიკი წარუდგინა იმ იმედით, რომ სამუშაოს ნაკლებ დროს დაუთმობდა. თუმცა უფროსს არ მოეწონა მისი შეთავაზება და სამსახურიდან დაითხოვა. როგორ მოიქცა დეივიდი? „მომდევნო დღესვე განუსაზღვრელი ვადით დამხმარე პიონერობის ბლანკი შევავსე“, — ამბობს ის. თავის სარჩენად დეივიდმა და მისმა მეუღლემ დალაგებაზე დაიწყეს მუშაობა. გარკვეული დროის შემდეგ ის პიონერულ მსახურებას შეუდგა, მოგვიანებით კი ცოლიც შეუერთდა. მათ ადგილას ბევრი ასეთ სამუშაოს არ იკადრებდა, მაგრამ ისინი თავიანთ საქმეზე დიდ ყურადღებას არ ამახვილებენ. მართალია, ახლა იმის მეათედსაც ვეღარ შოულობენ, რამდენსაც უწინ, მაგრამ ყოველთვიურად მაინც ახერხებენ ხარჯების დაფარვას. მათ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვას მზრუნველი ხელი (მათ. 6:31—33).

10. როგორ დავიცვათ გული?

10 არა აქვს მნიშვნელობა, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, გულის დაცვა ყველას გვჭირდება. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ნუ გეყვარებათ ფული და სიმდიდრე. არ დაუშვათ, რომ სამსახური თქვენთვის ღვთისმსახურებაზე მნიშვნელოვანი გახდეს. ქვემოთ მოცემულ კითხვებზე დაფიქრება დაგანახვებთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: კრების შეხვედრებისა თუ მსახურების დროს სულ სამსახურზე ხომ არ ვფიქრობ? გამუდმებით იმაზე ხომ არ ვწუხვარ, რომ მომავალში მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყო? პრობლემად ხომ არ მექცა ფულის შოვნა და მატერიალური ნივთების დაგროვება? ამის გამო მეუღლესთან ხომ არ მიფუჭდება ურთიერთობა? მზად ვარ, სხვების თვალში დამამცირებელი სამუშაო შევასრულო, თუ ეს ღვთის მსახურებისთვის მეტ დროს გამომითავისუფლებს? (1 ტიმ. 6:9—12). ამ კითხვებზე ფიქრისას უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე. ის თავის ერთგულებს ჰპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. სწორედ ამიტომ მოგვიწოდა პავლე მოციქულმა: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე“ (ებრ. 13:5, 6).

გონივრულად აირჩიეთ გართობა

11. როგორ მოქმედებს გართობა ადამიანზე?

11 იეჰოვას სურს, რომ დავტკბეთ სიცოცხლით, რაშიც გარკვეულწილად გართობაც გვეხმარება. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლ. 2:24). თუმცა დღევანდელ ქვეყნიერებაში გართობის უმეტეს სახეობას დიდი ზიანი მოაქვს, რადგან ხალხს ზნეობაზე წარმოდგენას უცვლის. საზიანო გართობა მათ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას უყალიბებს ღვთისთვის საძულველი საქმეების მიმართ. უფრო მეტიც, ასეთი საქმეები მათთვის სასურველიც კი ხდება.

ვის მიერ მომზადებულ გართობას ირჩევთ? (იხილეთ აბზაცები 11—14) *

12. პირველი კორინთელების 10:21, 22-დან გამომდინარე, რატომ გვმართებს სიფრთხილე გართობის არჩევისას?

12 გვინდა, რომ ღვთის მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენდეთ, ამიტომ „შეუძლებელია იეჰოვას სუფრიდანაც . . . [ვჭამდეთ] და დემონების სუფრიდანაც“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:21, 22). ხშირად იმ ადამიანებთან ერთად ვსადილობთ ხოლმე, ვისთანაც ვმეგობრობთ. თუ ჩვენ მიერ არჩეული გართობა ძალადობას, სპირიტიზმს, უზნეობას ან სხვა ხორციელ სურვილებსა თუ აზროვნებას უწევს პოპულარიზაციას, შეიძლება ითქვას, რომ ღვთის მტრებთან ერთად ვსადილობთ და მათ მიერ მომზადებულ საკვებს შევექცევით. ასეთ დროს, არა მხოლოდ საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს, არამედ იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობასაც ვუქმნით საფრთხეს.

13, 14. იაკობის 1:14, 15-ის თანახმად, რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე გართობის არჩევისას? მოიყვანეთ მაგალითი.

13 რა მხრივ შეიძლება შევადაროთ გართობა საჭმელს? ჭამის დროს თავად ვწყვეტთ, რომელ საკვებს მივიღებთ. თუმცა ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ ავტომატური პროცესები იწყება და მასში შემავალი საკვები ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმის ნაწილი ხდება. ჯანსაღი საკვები ჩვენს ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არაჯანსაღი საკვები კი დიდ ზიანს გვაყენებს. შეიძლება შედეგი მაშინვე ვერ დავინახოთ, თუმცა ადრე თუ გვიან ის აუცილებლად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

14 იმავეს თქმა შეიძლება გართობაზეც. ჩვენ თავად ვირჩევთ, რით ავივსებთ გონებას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების შემდეგ ავტომატური პროცესები იწყება და ვეღარ გავაკონტროლებთ, როგორ იმოქმედებს ის ჩვენს გულსა და გონებაზე. ჯანსაღი გართობა ძალას გვმატებს, არაჯანსაღი კი ზიანს გვაყენებს (წაიკითხეთ იაკობის 1:14, 15). საზიანო გართობის შედეგები შეიძლება ეგრევე არ გახდეს შესამჩნევი, თუმცა დროთა განმავლობაში ის აუცილებლად გამოაშკარავდება. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს ბიბლია: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის“ (გალ. 6:7, 8). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ნებისმიერი სახის გართობას, რომელშიც იეჰოვასთვის საძულველი საქმეებია წარმოჩენილი (ფსალმ. 97:10).

15. რა საჩუქარი გვიბოძა იეჰოვამ?

15 ბევრ ღვთის მსახურს ძალიან მოსწონს ჩვენი ინტერნეტტელევიზიის, JW მაუწყებლობის® ყურება. ერთი და, სახელად მერილინი, ამბობს: „JW მაუწყებლობა კარგ განწყობაზე მაყენებს. იმაზე არ მიწევს ფიქრი, რას შეიძლება ვუყურო და რას არა. როცა მოწყენილი ვარ ან მარტოდ ვგრძნობ თავს, გამამხნევებელი მოხსენებები და დილის თაყვანისმცემლობის პროგრამა ძალას მმატებს და იეჰოვასა და მის ორგანიზაციასთან უფრო მაახლოებს. JW მაუწყებლობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება“. თქვენც სარგებლობთ ღვთის ამ საჩუქრით? ყოველთვიური პროგრამის გარდა JW მაუწყებლობაზე უამრავი აუდიო თუ ვიდეო მასალაა ხელმისაწვდომი, რომ აღარაფერი ვთქვათ „ვიდეოარქივში“ განთავსებულ გამამხნევებელ სიმღერებზე.

16, 17. რატომ უნდა ვაკონტროლოთ გართობისთვის დათმობილი დრო და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

16 ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა ვაკონტროლოთ, თუ როგორ გართობას ვირჩევთ, არამედ ისიც, თუ რამდენ დროს ვუთმობთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მსახურებაზე მეტი დრო გართობას დავუთმოთ. ინტერნეტით სარგებლობისას ბევრს დრო ისე ეპარება, რომ ვერც კი იგებს. 18 წლის აბიგაილი ამბობს: „დამღლელი დღის ბოლოს ტელევიზორის ყურება განტვირთვაში მეხმარება. მაგრამ, თუ ყურადღებით არ ვიქნები, შეიძლება საათობით ვერ მოვწყვიტო თვალი“. ახალგაზრდა სამუელი აღნიშნავს: „ზოგჯერ ინტერნეტში უამრავ პატარ-პატარა ვიდეოს ვუყურებ. ერთ ვიდეოს თუ ჩავრთავ, სამი-ოთხი საათი ისე გადის, რომ ვერც კი ვხვდები“.

17 როგორ შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი თავი? უპირველესად, დააკვირდით, რამდენ დროს უთმობთ გართობას. კარგი იქნება, თუ ერთი კვირის მანძილზე ჩანაწერებს აწარმოებთ. ჩამოწერეთ, რამდენ დროს უთმობთ ტელევიზორს, ინტერნეტს და მობილურ მოწყობილობებში ვიდეოთამაშებს. თუ აღმოაჩენთ, რომ საჭიროზე მეტი დრო გეკარგებათ ამ ყველაფერში, შეეცადეთ, გარკვეული განრიგი შეადგინოთ. თავდაპირველად მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმეთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ დრო გართობასაც დაუთმოთ. სთხოვეთ იეჰოვას, განრიგის მიყოლაში დაგეხმაროთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ დრო და ენერგია ისეთი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, როგორიცაა: პირადი შესწავლა, ოჯახური თაყვანისცემა, კრების შეხვედრები და მსახურება. ამასთანავე, გართობის დროსაც აღარ შეგაწუხებთ სინდისი, რადგან იეჰოვას საქმე პირველ ადგილზე დააყენეთ.

შეინარჩუნეთ იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება

18, 19. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ იეჰოვას მიმართ?

18 სატანის ქვეყნიერების აღსასრულსა და ახალ ქვეყნიერებაზე საუბრის შემდეგ მოციქულმა პეტრემ თქვა: „საყვარელნო, რადგან ამას ელოდებით, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტ. 3:14). როცა ვითვალისწინებთ ამ მითითებას და ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს ვინარჩუნებთ, იეჰოვას განსაკუთრებულ ერთგულებას ვუმტკიცებთ.

19 სატანა და მისი ქვეყნიერება კვლავაც შეეცდებიან, რომ ჩვენს ცხოვრებაში ღვთისმსახურებამ უკანა პლანზე გადაინაცვლოს (ლუკ. 4:13). მაგრამ სირთულეების მიუხედავად არავის და არაფერს დავრთავთ ნებას, ჩვენს გულში იეჰოვას ადგილი დაიკავოს. გვინდა, განსაკუთრებულად ვუერთგულოთ იეჰოვას, რადგან ასეთ ერთგულებას მხოლოდ ის იმსახურებს!

სიმღერა 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!

^ აბზ. 5 ჩვენ ერთგულად ვემსახურებით იეჰოვას. მაგრამ ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები ცხადყოფს, ვავლენთ თუ არა მისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას. განვიხილოთ ორი მხარე, რომელიც დაგვანახვებს, რამდენად ვავლენთ იეჰოვასადმი ერთგულებას.

^ აბზ. 53 სურათის აღწერა: არავინ ავირჩევდით ანტისანიტარიულ პირობებში მომზადებულ საკვებს. მაშ, რატომ უნდა ავირჩიოთ ისეთი გართობა, რომელშიც ძალადობა, სპირიტიზმი ან უზნეობაა წარმოჩენილი?!