არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 42

რად შეიძლება გაქციოთ იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად?

რად შეიძლება გაქციოთ იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად?

„ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13).

სიმღერა 104 ღვთის ძღვენი — წმინდა სული

მოკლე შინაარსი *

1. რა შეუძლია გააკეთოს იეჰოვამ თავისი განზრახვის შესასრულებლად?

იეჰოვას შეუძლია თავისი განზრახვის შესასრულებლად იქცეს იმად, რადაც საჭიროა, მაგალითად მასწავლებლად, ნუგეშისმცემლად და მახარობლად (ეს. 48:17; 2 კორ. 7:6; გალ. 3:8). მიუხედავად ამისა, ის ხშირად თავისი ნების შესასრულებლად ადამიანებს იყენებს (მათ. 24:14; 28:19, 20; 2 კორ. 1:3, 4). იეჰოვას შეუძლია თითოეულს მოგვცეს სიბრძნე და ძალა, რათა ვიქცეთ იმად, რაც მისი ნების შესასრულებლადაა საჭირო. ზოგიერთი სწავლულის აზრით, ეს ორი მხარე სრულად გადმოსცემს ღვთის სახელის მნიშვნელობას.

2. ა) რატომ შეიძლება დავეჭვდეთ, ვართ თუ არა გამოსადეგი იეჰოვასთვის? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ყველას გვსურს, რომ იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად გამოგვიყენოს, თუმცა ზოგს შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რამდენად გამოსადეგია ღვთისთვის. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შეიძლება ასაკი, მდგომარეობა ან შესაძლებლობები გახდეს; მეორე მხრივ კი იმის განცდა, რომ საკმარისად ვიხარჯებით ღვთისთვის და მეტის კეთება არაა საჭირო. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა თითოეულს, რომ მისთვის გამოსადეგი გავხდეთ. აგრეთვე განვიხილავთ ბიბლიურ დროში მცხოვრები მამაკაცებისა და ქალების მაგალითებს, რომელთაც იეჰოვამ მსახურების სურვილიც მისცა და ძალაც. ბოლოს ვიმსჯელებთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივცეთ იეჰოვას საშუალება, რომ გამოგვიყენოს.

როგორ გვაძლევს იეჰოვა სურვილსა და ძალას?

3. ფილიპელების 2:13-ის თანახმად, როგორ შეიძლება აღგვიძრას იეჰოვამ მოქმედების სურვილი?

3 წაიკითხეთ ფილიპელების 2:13. * იეჰოვას შეუძლია ჩვენში მოქმედების სურვილი აღძრას. როგორ აკეთებს ის ამას? მაგალითად, შეიძლება გავიგოთ, რომ კრებაში რაიმე საქმეა გასაკეთებელი ან ვინმეს დახმარება სჭირდება. შესაძლოა კრებაში ფილიალიდან მიღებული წერილი წაიკითხონ, სადაც მოხალისეების საჭიროებაზე იყოს საუბარი. ამ დროს შეიძლება დავფიქრდეთ, ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია. შესაძლოა ისეთი დავალების შესრულება შემოგვთავაზონ, რომელმაც საკუთარ შესაძლებლობაში დაგვაეჭვოს. შეიძლება ბიბლიის წაკითხვის დროს დავფიქრდეთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია სხვების დასახმარებლად. მართალია, იეჰოვა არაფერს გვაიძულებს, მაგრამ, როცა ჩვენს მზადყოფნას ხედავს, მოქმედების სურვილს აღგვიძრავს.

4. როგორ შეუძლია იეჰოვას მოქმედების ძალა მოგვცეს?

4 იეჰოვას შეუძლია მოქმედების ძალაც მოგვცეს (ეს. 40:29). მას შესწევს ძალა, წმინდა სულის მეშვეობით ამა თუ იმ უნარის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს (გამ. 35:30—35). თავისი ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვა სხვადასხვა საქმეში გვახელოვნებს. თუ კონკრეტული დავალებისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევთ, ითხოვეთ დახმარება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სთხოვოთ ზეციერ მამას „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7; ლუკ. 11:13). ბიბლია იმ მამაკაცებისა და ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც იეჰოვამ თავისი ნების შესრულების სურვილიც მისცა და ძალაც. მათ შემთხვევებზე მსჯელობისას დაფიქრდით, თქვენ როგორ შეიძლება გამოგიყენოთ იეჰოვამ.

როგორ გამოიყენა იეჰოვამ ზოგიერთი მამაკაცი

5. რას ვსწავლობთ მოსეს შემთხვევიდან?

5 იეჰოვამ მოსე ისრაელი ერის მხსნელად აქცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ღმერთმა ის წინამძღოლად მაშინ კი არ აირჩია, როცა „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ შეიძინა, არამედ მაშინ, როცა ღვთის დახმარებით თავმდაბლობა და რბილი ხასიათი განივითარა (საქ. 7:22—25; 30, 34—36). ღმერთმა მოსეს ძალა და გაბედულება შემატა, რათა ეგვიპტის ძლევამოსილი მმართველის წინაშე წარმდგარიყო (გამ. 9:13—19). მოსეს შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ იეჰოვა თავის ნებას იმ ადამიანების მეშვეობით ასრულებს, ვინც ჰბაძავს მას და მის ძალაზეა დაიმედებული (ფილ. 4:13).

6. რას ვსწავლობთ ბარზილაის შემთხვევიდან?

6 საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ მეფე დავითის დასახმარებლად ბარზილაი გამოიყენა. ერთხელ დავითი და მისი თანმხლები მამაკაცები, რომლებიც აბესალომს გაურბოდნენ, მშიერ-მწყურვალები და დაღლილები იყვნენ. ხანში შესულმა ბარზილაიმ და მისმა თანამოაზრეებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, რათა დავითი და მისი ხალხი საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით მოემარაგებინათ. ბარზილაის არ უფიქრია, რომ ასაკის გამო იეჰოვას ვეღარაფერში გამოადგებოდა. პირიქით, რითაც შეეძლო ხელი გაუმართა გასაჭირში მყოფ ღვთის მსახურებს (2 სამ. 17:27—29). რას ვსწავლობთ აქედან? ასაკის მიუხედავად იეჰოვას შეუძლია ადგილობრივი თუ სხვა ქვეყანაში მცხოვრები და-ძმების დასახმარებლად გამოგვიყენოს (იგავ. 3:27, 28; 19:17). მაშინაც კი, თუ უშუალოდ ვერ ვეხმარებით მათ, შეგვიძლია შესაწირავი გავიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს ამოვუდგეთ მხარში (2 კორ. 8:14, 15; 9:11).

7. როგორ გამოიყენა იეჰოვამ სიმონი და რატომ არის ამის ცოდნა ჩვენთვის გამამხნევებელი?

7 იეჰოვა იერუსალიმში მცხოვრებ ხანში შესულ სიმონს დაჰპირდა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ მესიას არ იხილავდა. ეს დაპირება დიდად გაამხნევებდა ამ ერთგულ მამაკაცს, რომელიც მესიის გამოჩენას მრავალი წლის განმავლობაში ელოდა. მისი რწმენა და მოთმინება დაჯილდოვდა. ერთ დღეს „სულით აღძრული“ სიმონი ტაძარში შევიდა, სადაც ჩვილი იესო ნახა. იეჰოვამ სწორედ სიმონის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ ეს ბავშვი ქრისტე გახდებოდა (ლუკ. 2:25—35). როგორც ჩანს, ის ვერ მოესწრო იესოს მსახურების დაწყებას, თუმცა ძალიან მადლიერი იყო იმ პატივისთვის, რაც იეჰოვამ არგუნა წილად. მას მომავალში არაერთი კურთხევა ელის. ახალ ქვეყნიერებაში ეს ერთგული მამაკაცი საკუთარი თვალით იხილავს, როგორ იკურთხება იესოს მმართველობის დროს „დედამიწის ყველა ერი“ (დაბ. 22:18). სიმონის მსგავსად ჩვენც მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ყველაფრისთვის, რის პატივსაც იეჰოვა გვარგუნებს.

8. როგორ შეიძლება იეჰოვამ ბარნაბასავით გამოგვიყენოს?

8 პირველ საუკუნეში მცხოვრებმა გულუხვმა მამაკაცმა, სახელად იოსებმა, იეჰოვას საშუალება მისცა, რომ თავისი ნების შესასრულებლად გამოეყენებინა (საქ. 4:36, 37). ვინაიდან ის სხვების ნუგეშისცემით გამოირჩეოდა, მოციქულებმა მას ბარნაბა შეარქვეს, რაც „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. მაგალითად, სავლეს გაქრისტიანების შემდეგ ბევრი ერიდებოდა მასთან ურთიერთობას, რადგან ქრისტიანების მდევნელის სახელით იყო ცნობილი. თუმცა ბარნაბა გულთბილად მოექცა მას და ანუგეშა, რისთვისაც სავლე ძალიან მადლიერი იქნებოდა (საქ. 9:21, 26—28). მოგვიანებით იერუსალიმში მყოფმა უხუცესებმა შეიტყვეს, რომ საკმაოდ შორს, სირიის ანტიოქიაში მცხოვრებ და-ძმებს გამხნევება სჭირდებოდათ. ვინ გაგზავნეს მათთან? რა თქმა უნდა, ბარნაბა! ალბათ, ძმები უკეთეს არჩევანს ვერ გააკეთებდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბარნაბა „ყველას ამხნევებდა, რომ მთელი გულით გადაეწყვიტათ, ყოველთვის უფალს მიჰყოლოდნენ“ (საქ. 11:22—24). იეჰოვას დღესაც შეუძლია, რომ „ნუგეშის ძეებად“ გვაქციოს. მან შეიძლება მგლოვიარეთა სანუგეშებლად გამოგვიყენოს ან აღგვძრას, მოვინახულოთ ან ტელეფონით გავამხნეოთ ავადმყოფები თუ დეპრესიაში მყოფი თანაქრისტიანები. მისცემთ იეჰოვას საშუალებას, ბარნაბასავით ნუგეშისმცემლად გაქციოთ? (1 თეს. 5:14).

9. რას ვსწავლობთ ვასილის შემთხვევიდან?

9 იეჰოვა ერთ ძმას, სახელად ვასილის, დაეხმარა, რომ კარგი სულიერი მწყემსი გამხდარიყო. ის უხუცესად 26 წლის ასაკში დაინიშნა და შიშობდა, რომ სულიერ დახმარებას ვერ გაუწევდა თანამორწმუნეებს, განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემებში მყოფ და-ძმებს. თუმცა მან ბევრი რამ ისწავლა გამოცდილი უხუცესებისგან. გარდა ამისა, მას ძალიან დაეხმარა „სამეფო მსახურების სკოლა“. ვასილი ბევრს შრომობდა, რომ კარგი უხუცესი გამხდარიყო. მაგალითად, მან სია შეადგინა, სადაც პატარ-პატარა მიზნები ჩამოწერა. რაც უფრო მეტ მიზანს აღწევდა, მით უფრო ემატებოდა თვითრწმენა. ის ამბობს: „რაც ადრე მაშინებდა, დღეს სიხარულს მანიჭებს. დიდ კმაყოფილებას განვიცდი, როცა იეჰოვა და-ძმების გასამხნევებლად სათანადო ბიბლიური მუხლის შერჩევაში მეხმარება“. ძმებო, თუ ვასილის მსგავსად იეჰოვას თქვენი გამოყენების საშუალებას მისცემთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის კრებისთვის მეტის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

როგორ გამოიყენა იეჰოვამ ზოგიერთი ქალი

10. რა გააკეთა აბიგაილმა და რას გასწავლით მისი მაგალითი?

10 დავითსა და მის თანმხლებ მამაკაცებს, რომლებიც მეფე საულს გაურბოდნენ, დახმარება დასჭირდათ. უდაბნოში ყოფნის დროს ისინი ერთი მდიდარი ებრაელის, ნაბალის ცხვარს იცავდნენ, ამიტომ არ მოერიდათ, მისთვის ცოტაოდენი საკვები ეთხოვათ. მაგრამ ძუნწმა და ეგოისტმა ნაბალმა ისინი უარით გაისტუმრა. განრისხებულმა დავითმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა ნაბალს და მის სახლში ყველა მამაკაცი გაეწყვიტა (1 სამ. 25:3—13, 22). თუმცა ნაბალის ცოლმა, აბიგაილმა, რომელიც არა მარტო ლამაზი, არამედ გონიერიც იყო, დიდი გაბედულება გამოიჩინა. ის ფეხებში ჩაუვარდა დავითს და სთხოვა, თავი შეეკავებინა სისხლისღვრისგან. მან ტაქტიანად ურჩია დავითს, იეჰოვასთვის მიენდო ეს საქმე. აბიგაილის თავმდაბლურმა რჩევამ და გონივრულმა საქციელმა დავითზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მიხვდა, რომ აბიგაილი მასთან იეჰოვამ გაგზავნა (1 სამ. 25:23—28, 32—34). ღვთისმოსაწონმა თვისებებმა აბიგაილი იეჰოვასთვის გამოსადეგ ადამიანად აქცია. მსგავსად, იმ ქრისტიან დებს, რომლებიც ტაქტიანობასა და გონიერებას იჩენენ, იეჰოვა ოჯახისა და თანაქრისტიანების გასამხნევებლად იყენებს (იგავ. 24:3; ტიტ. 2:3—5).

11. რას აკეთებდნენ შალუმის ასულები და ვინ ჰბაძავს მათ მაგალითს?

11 საუკუნეების შემდეგ შალუმის ასულები მათ შორის იყვნენ, რომლებიც იეჰოვამ იერუსალიმის გალავნის აღსადგენად გამოიყენა (ნეემ. 2:20; 3:12). მიუხედავად იმისა, რომ შალუმი მთავარი იყო, მისი ქალიშვილები რთული და სარისკო საქმის შესრულებას არ უკადრისობდნენ (ნეემ. 4:15—18). ისინი დიდად განსხვავდებოდნენ თეკოელი მამაკაცებისგან, რომლებიც „ქედს არ იხრიდნენ“ და მონაწილეობას არ იღებდნენ აღდგენით სამუშაოებში (ნეემ. 3:5). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა შალუმის ასულებს, რომ აღდგენითი სამუშაოები ძალიან მალე, სულ რაღაც 52 დღეში დასრულდა (ნეემ. 6:15). დღესაც მზადყოფნით და სიხარულით იღებენ დები მონაწილეობას წმინდა მსახურების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, იეჰოვასთვის მიძღვნილი შენობების აშენებასა თუ მოვლა-პატრონობაში. ასეთი უნარიანი, მონდომებული და ერთგული დები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საქმის წარმატებით შესრულებაში.

12. როგორ შეიძლება იეჰოვამ ტაბითას მსგავსად გამოგვიყენოს?

12 იეჰოვამ ტაბითაც აღძრა, რომ ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინა და მოწყალება უხვად გაეცა. ის განსაკუთრებით ქვრივებზე ზრუნავდა (საქ. 9:36). გამორჩეული გულუხვობისა და სიკეთის გამო ტაბითას სიკვდილმა ბევრს დასწყვიტა გული. ამიტომ, როცა მოციქულმა პეტრემ მკვდრეთით აღადგინა იგი, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა (საქ. 9:39—41). რას ვსწავლობთ ტაბითასგან? ყველას, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს, კაცებსა თუ ქალებს, შეგვიძლია პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ თანაქრისტიანებს (ებრ. 13:16).

13. როგორ გამოიყენა იეჰოვამ რუთი და რა დასკვნა გააკეთა მან?

13 რუთი, რომელიც საკმაოდ მორცხვი იყო, მისიონერობაზე ოცნებობდა. მოზარდობის წლებში ის კარდაკარ სწრაფად ჩამოარიგებდა ხოლმე ბუკლეტებს. რუთს ძალიან მოსწონდა ეს საქმე, თუმცა უჭირდა მობინადრეებთან სამეფოს შესახებ ქადაგება. სიმორცხვის მიუხედავად 18 წლის ასაკში პიონერობა დაიწყო. 1946 წელს ის სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს. მოგვიანებით კი ჰავაისა და იაპონიაში მსახურობდა. იეჰოვამ საუკეთესოდ გამოიყენა რუთი ამ ქვეყნებში სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად. რუთმა დაახლოებით 80 წლიანი მსახურების შემდეგ ასეთი დასკვნა გააკეთა: „იეჰოვა ჩემთვის ყოველთვის ნუგეშის წყარო იყო. ის სიმორცხვის დაძლევაში დამეხმარა. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს ნებისმიერი ადამიანის გამოყენება შეუძლია, ვინც მას ენდობა“.

მიეცით იეჰოვას საშუალება, გამოგიყენოთ

14. კოლოსელების 1:29-ის თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ გამოგვიყენოს?

14 თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სხვადასხვა მხრივ იყენებდა. თქვენ რად შეიძლება გაქციოთ მან თავისი ნების შესასრულებლად? ეს დიდწილად თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული (წაიკითხეთ კოლოსელების 1:29). თუ საშუალებას მისცემთ, იეჰოვას შეუძლია გაქციოთ იმად, რაც მისი ნების შესასრულებლადაა საჭირო, მაგალითად გულმოდგინე მახარობლად, კარგ მასწავლებლად, ნუგეშისმცემლად, მზრუნველ მეგობრად ან რაიმე საქმის მცოდნედ.

15. პირველი ტიმოთეს 4:12, 15-ის თანახმად, რა უნდა სთხოვონ ახალგაზრდა ძმებმა იეჰოვას?

15 რის თქმა შეიძლება იმ ძმებზე, რომლებიც მალე სრულწლოვანებას მიაღწევენ? დიდი საჭიროებაა, რომ ახალგაზრდა ძმებმა კრებაში მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, მაგალითად მომსახურეები გახდნენ. ბევრ კრებაში უფრო მეტი უხუცესია, ვიდრე მომსახურე. მზად ხართ, ახალგაზრდა ძმებო, რომ კრებისთვის უფრო მეტი აკეთოთ? ზოგჯერ ძმებს ისიც აკმაყოფილებთ, რომ მაუწყებლები არიან. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, სთხოვეთ იეჰოვას, მომსახურედ მსახურების სურვილი აღგიძრათ და ძალა მოგცეთ, ბოლომდე დაიხარჯოთ მისთვის (ეკლ. 12:1). თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება! (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:12, 15).

16. რა უნდა ვთხოვოთ იეჰოვას და რატომ?

16 იეჰოვას შეუძლია გაქციოთ იმად, რაც მისი ნების შესასრულებლადაა საჭირო. ამიტომ სთხოვეთ ღმერთს, რომ მისადმი მსახურების სურვილიც გქონდეთ და ძალაც. ასაკის მიუხედავად თქვენი დრო, ენერგია, უნარი თუ სახსრები იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენეთ (ეკლ. 9:10). არასდროს მისცეთ შიშსა და არასრულფასოვნების გრძნობას უფლება, ხელიდან გაგაშვებინოთ იეჰოვას მსახურების უნიკალური შესაძლებლობა. რამხელა პატივია, რომ შეგვიძლია თუნდაც ჩვენი პატარა წვლილით დამსახურებული დიდება მივაგოთ მოსიყვარულე მამას!

სიმღერა 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო

^ აბზ. 5 გსურთ, რომ მდგომარეობა ღვთის საქმეში მეტის კეთების შესაძლებლობას გაძლევდეთ? ხომ არ გგონიათ, რომ იეჰოვასთვის უწინდებურად გამოსადეგი აღარ ხართ? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ იეჰოვასთვის საკმარისად იხარჯებით და მეტის კეთება საჭირო არაა? ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვაძლევს იეჰოვა სურვილსა და ძალას, რომ მისი ნების შესასრულებლად ვიქცეთ იმად, რადაც საჭიროა.

^ აბზ. 3 მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილი პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა, მისი სიტყვები ყველა ღვთის მსახურს ეხება.