არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხალხი უნდა გავაფრთხილოთ მოახლოებული „ქარიშხლის“ შესახებ

ღვთის განაჩენი — ყოველთვის დროულად აფრთხილებს ღმერთი ხალხს?

ღვთის განაჩენი — ყოველთვის დროულად აფრთხილებს ღმერთი ხალხს?

სინოპტიკოსი რადიოლოკაციურ გამოსახულებაზე ხედავს, რომ გამანადგურებელი ქარიშხალი სწრაფად უახლოვდება დასახლებულ პუნქტს. მას ხალხის ბედი აღელვებს, ამიტომ სანამ გვიანი არაა ყველაფერს აკეთებს მათ გასაფრთხილებლად.

მსგავსად იქცევა იეჰოვაც. ის დედამიწის მოსახლეობას ისეთი გამანადგურებელი „ქარიშხლის“ მოახლოებას ატყობინებს, რომლის შესახებაც ამინდის პროგნოზში ნამდვილად ვერ მოისმენენ. როგორ აკეთებს ღმერთი ამას? რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ის ადამიანებს საკმარის დროს აძლევს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გავიხსენოთ, როგორ აფრთხილებდა იეჰოვა ხალხს წარსულში.

ღმერთმა გააფრთხილა ისინი

ბიბლიურ დროში იეჰოვამ არაერთხელ გააფრთხილა ხალხი „ქარიშხლის“ ანუ იმ განაჩენის შესახებ, რომელიც მისი მითითებების უგულებელმყოფელთ დაატყდებოდა (იგავ. 10:25; იერ. 30:23). ღმერთი ყოველთვის წინასწარ აფრთხილებდა ურჩ ადამიანებს და ცვლილებების მოხდენისკენ მოუწოდებდა (2 მეფ. 17:12—15; ნეემ. 9:29, 30). იეჰოვა ხშირად თავის ერთგულ მსახურებს იყენებდა, რათა განაჩენი გაეცხადებინათ და ხალხისთვის დაუყოვნებლად მოქმედების აუცილებლობა დაენახვებინათ (ამოს. 3:7).

ნოე ერთ-ერთი იყო, ვისაც ღმერთმა განაჩენის გაცხადება დაავალა. ათწლეულების განმავლობაში ის უშიშრად აფრთხილებდა უზნეო და მოძალადე ხალხს მოახლოებული წარღვნის შესახებ (დაბ. 6:9—13, 17). ნოეს „სიმართლის მქადაგებელი“ ეწოდა, რადგან დიდ დროს უთმობდა ქადაგებას და ხალხს გადარჩენის გზა აჩვენებდა (2 პეტ. 2:5).

ნოეს ძალისხმევის მიუხედავად ხალხი არაფრად აგდებდა ღვთის გაფრთხილებას. ისინი ურწმუნოებას ავლენდნენ, „სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათ. 24:39; ებრ. 11:7). წარღვნის დროს ხალხი ნამდვილად ვერ იტყოდა, რომ ღმერთმა არ გააფრთხილა.

სხვა შემთხვევაში იეჰოვამ ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა ადამიანები გამოტანილი განაჩენის შესახებ. თუმცა მათ საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ ყურად ეღოთ მისი გაფრთხილება. მაგალითად, როცა ძველ ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა, თითოეულის შესახებ იეჰოვამ ხალხი წინასწარ გააფრთხილა. მეშვიდე სასჯელის დროს მან მოსე და აარონი გაგზავნა, რათა ფარაონი და მისი მსახურები გამანადგურებელი სეტყვის შესახებ გაეფრთხილებინათ. საკმარისი დრო მისცა ღმერთმა ხალხს თავშესაფრის საპოვნელად? სეტყვა ხომ მომდევნო დღეს უნდა დაწყებულიყო?! ბიბლიაში ვკითხულობთ: „ფარაონის მსახურებიდან ვისაც იეჰოვას სიტყვისა ეშინოდა, თავიანთი მსახურები და საქონელი სახლებში შეაფარეს, მაგრამ ვინც არ განაწყო თავისი გული და არაფრად ჩააგდო იეჰოვას სიტყვა, თავისი მსახურებიცა და საქონელიც მინდორში დატოვა“ (გამ. 9:18—21). აშკარაა, იეჰოვამ დროულად გააფრთხილა ისინი. ვინც გამოეხმაურა გაფრთხილებას და სწრაფად იმოქმედა, ნაკლებად იწვნია თავს დატეხილი სასჯელის შედეგები.

ფარაონი და მისი მსახურები მეათე სასჯელის შესახებაც გააფრთხილეს (გამ. 4:22, 23). თუმცა ისინი უგუნურად მოიქცნენ და არად ჩააგდეს ეს გაფრთხილება. შედეგად, საკუთარი თვალით იხილეს თავიანთი პირმშოების სიკვდილი. რა დასანანია! (გამ. 11:4—10; 12:29). საკმარისი დრო ჰქონდათ მათ, ყურად ეღოთ გაფრთხილება? რა თქმა უნდა. მოსემ ისრაელებს დაუყოვნებლივ გადასცა იეჰოვას ცნობა და აუხსნა, როგორ უნდა დაეცვათ ოჯახები მეათე სასჯელის შედეგებისგან (გამ. 12:21—28). ვარაუდობენ, რომ მოსეს მითითება სამმა მილიონმა ადამიანმა გაითვალისწინა. ისრაელების გარდა ეგვიპტიდან „უამრავი ჭრელი ხალხიც“ გამოვიდა, მათ შორის იყვნენ ეგვიპტელები, რომლებიც გადაურჩნენ ღვთის განაჩენს (გამ. 12:38).

როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, იეჰოვა ყოველთვის საკმარის დროს აძლევდა ადამიანებს, რომ მისი გაფრთხილების თანახმად ემოქმედათ (კან. 32:4). რატომ იქცეოდა ღმერთი ასე? როგორც მოციქულმა პეტრემ თქვა, იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). დიახ, ღმერთს აღელვებდა ადამიანების მდგომარეობა და სურდა, რომ განაჩენის აღსრულებამდე მოენანიებინათ და საჭირო ცვლილებები მოეხდინათ (ეს. 48:17, 18; რომ. 2:4).

ღვთის გაფრთხილება დღეს

დღეს ყველა უნდა გამოეხმაუროს მნიშვნელოვან გაფრთხილებას, რომელიც მთელ მსოფლიოში გაისმის. დედამიწაზე მსახურების დროს იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ახლანდელი ქვეყნიერება საბოლოოდ „დიდი გასაჭირის“ დროს განადგურდებოდა (მათ. 24:21). მან დაწვრილებით ახსნა, რის მომსწრენი გახდებოდნენ მისი მიმდევრები აღსასრულამდე და რის გადატანა მოუწევდათ მათ. ამგვარად იესომ წარმოდგენა შეგვიქმნა გლობალურ მოვლენებზე, რომლებიც დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება (მათ. 24:3—12; ლუკ. 21:10—13).

ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა ყველას მოუწოდებს, მის მმართველობას დაუჭიროს მხარი. მას სურს, რომ მორჩილმა ადამიანებმა დღესვე აზრიანად იცხოვრონ, ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში კი უხვი კურთხევა მიიღონ (2 პეტ. 3:13). ბიბლიური დანაპირებისადმი რწმენის განვითარებაში იეჰოვა ხალხს სასიხარულო ცნობის მეშვეობით ეხმარება. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ამ ცნობას იქადაგებდნენ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). იეჰოვას მოწმეები ღვთის ხელმძღვანელობით დაახლოებით 240 ქვეყანაში ქადაგებენ, ანუ აცხადებენ ბიბლიურ ცნობას. იეჰოვას სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოეხმაუროს მის გაფრთხილებას და გადაურჩეს სამართლიან განაჩენს, რომელიც ქარიშხალივით დაატყდება ქვეყნიერებას (სოფ. 1:14, 15; 2:2, 3).

ფაქტები იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა ყოველთვის საკმარის დროს აძლევს ხალხს. მაგრამ საკითხავი ისაა, დროულად გამოეხმაურებიან თუ არა ადამიანები მის გაფრთხილებას. მოდი როგორც ღვთის მაცნეებმა, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ გადარჩენაში.