არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძმა რუტერფორდი 1919 წელს სიტყვით გამოდის კონგრესზე (სიდარ-პოინტი, ოჰაიო)

1919 — ასი წლის წინ

1919 — ასი წლის წინ

1919 წლისთვის დიდი ომი (მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც I მსოფლიო ომი), რომელიც ოთხ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულებული იყო. 1918 წლის მიწურულს ომში ჩაბმულმა ქვეყნებმა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტეს; 1919 წლის 18 იანვარს კი პარიზის საზავო კონფერენცია ჩატარდა. ამ კონფერენციის ერთ-ერთი მიღწევა ვერსალის საზავო ხელშეკრულების დადება იყო, რომელსაც ხელი 1919 წლის 28 ივნისს მოეწერა. ამით ოფიციალურად დასრულდა გერმანიასა და მოკავშირე ქვეყნებს შორის ომი.

ვერსალის ხელშეკრულებით ერთა ლიგაც დაარსდა. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას. ერთა ლიგას ბევრი ქრისტიანული რელიგია უჭერდა მხარს. „ქრისტეს ეკლესიების ფედერალურმა საბჭომ ამერიკაში“ განაცხადა, რომ ერთა ლიგა პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, რომელიც ღვთის სამეფოს წარმოადგენდა დედამიწაზე. საბჭომ პარიზის საზავო კონფერენციაზე დელეგატები გაგზავნა, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადა ერთა ლიგას. ერთ-ერთმა დელეგატმა აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია მსოფლიო ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი იყო.

ახალი ეპოქა ნამდვილად იწყებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ საზავო ხელშეკრულება დაიდო, არამედ იმიტომ, რომ 1919 წელს იეჰოვამ თავისი ხალხი გააძლიერა და უპრეცედენტოდ მასშტაბური სამქადაგებლო საქმისთვის მოამზადა. თუმცა მანამდე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო.

რთული გადაწყვეტილება

ჯოზეფ რუტერფორდი

ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური არჩევნები 1919 წლის 4 იანვარს, შაბათ დღეს იყო ჩანიშნული. იმ პერიოდში ჯოზეფ რუტერფორდი, რომელიც იეჰოვას ხალხს სათავეში ედგა, სხვა შვიდ ძმასთან ერთად უსამართლოდ იხდიდა სასჯელს ატლანტის ციხეში (ჯორჯია, აშშ). ამიტომ საკითხი ასე იდგა: ისევ დაპატიმრებული ძმები აერჩიათ ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირებად თუ სხვა ძმებით ჩაენაცვლებინათ ისინი.

ივანდერ კაუარდი

დაპატიმრებულ რუტერფორდს ორგანიზაციის მომავალი აფიქრებდა. მან იცოდა, რომ ზოგიერთ ძმას ახალი პრეზიდენტის არჩევა უნდოდა. ამიტომ გადაწყვიტა, ყოველწლიურ შეხვედრაზე დამსწრეთათვის წერილი მიეწერა. წერილში რუტერფორდი რეკომენდაციას ივანდერ კაუარდს უწევდა, რომელსაც მშვიდ, გონიერ და უფლის ერთგულ ძმად ახასიათებდა. თუმცა ძმების უმეტესობას არჩევნების ექვსი თვით გადავადება ერჩივნა. იურისტები, რომლებიც დაპატიმრებული ძმების უფლებებს იცავდნენ, დასთანხმდნენ მათ წინადადებას. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა.

რიჩარდ ბარბერი

მოგვიანებით რიჩარდ ბარბერმა გვიამბო, რომ ერთ-ერთი დამსწრის სიტყვებმა დაძაბულობა მთლიანად განმუხტა. ამ ძმამ იქ შეკრებილთ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე არა ვარ იურისტი, მაგრამ, თუ კანონიერებაზე მიდგება საქმე, მეც ვიცი რაღაც ერთგულების კანონზე. ღმერთი ერთგულებას მოითხოვს. ნდობას ყველაზე მეტად იმით გამოვავლენთ, თუ ძმა რუტერფორდს ხელახლა ავირჩევთ პრეზიდენტად“ (ფსალმ. 18:25).

ალექსანდრე მაკმილანი

ძმა მაკმილანი, რომელიც რუტერფორდთან ერთად იხდიდა სასჯელს, იხსენებს, რომ მეორე დღეს რუტერფორდმა მას საკნის კედელზე მიუკაკუნა და უთხრა, გისოსებში ხელი გამოეყო. მან მაკმილანს ხელში ძმების მიერ გაგზავნილი ტელეგრამა ჩაუდო, სადაც არჩევნების შედეგები ეწერა. მაკმილანი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მან შეიტყო, რომ დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი ხელახლა აირჩიეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯოზეფ რუტერფორდი კვლავაც ორგანიზაციის პრეზიდენტი იქნებოდა, უილიამ ვან ამბერგი კი ხაზინადარი.

გათავისუფლება!

დაპატიმრებული ძმების გათავისუფლების მიზნით ერთგული ბიბლიის მკვლევრები ხელმოწერებს აგროვებდნენ პეტიციისთვის. ამ მამაცმა და-ძმებმა 700 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. თუმცა 1919 წლის 26 მარტს, ოთხშაბათს, პეტიციის წარდგენამდე რვავე პასუხისმგებელი ძმა გაათავისუფლეს.

მის დასახვედრად შეკრებილ და-ძმებს რუტერფორდმა ასეთი სიტყვებით მიმართა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს განსაცდელი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გამოიარა, უფრო რთული პერიოდისთვის გვამზადებს . . . თქვენი ბრძოლის მთავარი მიზანი ჩვენი გათავისუფლება კი არა, ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება იყო. ამ ბრძოლაში მონაწილე და-ძმებმა შესანიშნავი კურთხევები მიიღეს“.

სასამართლო საქმესთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ძმები დაარწმუნა, რომ სიტუაციას იეჰოვა მართავდა. 1919 წლის 14 მაისს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული ძმების გასამართლების დროს სასამართლომ მიკერძოება გამოიჩინა, რითაც მათი კანონიერი უფლება დაარღვია. ამიტომ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა. ძმებს სერიოზულ დანაშაულში ედებოდათ ბრალი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიწყალებდნენ ან პატიმრობის ვადას შეუმცირებდნენ, მათ ნასამართლეობის სტატუსი მაინც დარჩებოდათ. სასამართლომ ძმები არამცთუ დამნაშავეებად ცნო, სხვა ბრალდებებიც არ წაუყენებია მათთვის. შედეგად, მოსამართლე რუტერფორდს კვლავაც შეეძლო იურიდიული საქმიანობის გაგრძელება და შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იეჰოვას ხალხის დაცვა. ის ასეც იქცეოდა გათავისუფლების შემდეგ.

სამქადაგებლო საქმის განახლება

„არ ვაპირებდით, გულხელდაკრეფილი დავლოდებოდით, როდის წაგვიყვანდა უფალი ზეცაში. ვხვდებოდით, რომ რაღაც უნდა გვეღონა, რათა გაგვეგო, რა იყო სინამდვილეში უფლის ნება“, — იხსენებს ძმა მაკმილანი.

მთავარ სამმართველოში მომსახურე ძმები ასე მარტივად ვერ გააგრძელებდნენ წლების წინ დაწყებულ საქმეს, რადგან მათი პატიმრობის დროს მოწინააღმდეგეებმა ლიტერატურის საბეჭდი ფორმები გაანადგურეს. ამან ძალიან დაანაღვლიანა ძმები. ზოგმა ის აზრიც კი დაუშვა, რომ სამქადაგებლო საქმე დასრულდა.

კიდევ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აინტერესებდათ სამეფოს ცნობა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად რუტერფორდმა მოხსენების წაკითხვა გადაწყვიტა. ძმები აპირებდნენ, მოხსენების მოსასმენად ფართო საზოგადოება მიეწვიათ. „თუ შეხვედრაზე არავინ მოვიდოდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ სამქადაგებლო საქმე დასრულებული იყო“, — აღნიშნა ძმა მაკმილანმა.

1919 წლის გაზეთში დაბეჭდილი განცხადება აანონსებდა, რომ ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) ძმა რუტერფორდი წარმოთქვამდა მოხსენებას „იმედი გასაჭირში მყოფი კაცობრიობისთვის“

დადგა მოხსენების დღეც, 1919 წლის 4 მაისი. სერიოზული ავადმყოფობის მიუხედავად ძმა რუტერფორდმა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) წარმოთქვა მოხსენება, სახელწოდებით „იმედი გასაჭირში მყოფი კაცობრიობისთვის“. ამ შეხვედრას, რომელიც კვირა დღეს გაიმართა, დაახლოებით 3 500 ადამიანი დაესწრო, ასობით კი უადგილობის გამო უკან გაბრუნდა. ამიტომ მომდევნო დღეს კვლავ წარმოითქვა მოხსენება, რომელიც 1 500-მა ადამიანმა მოისმინა. ძმებისთვის პასუხი ნათელი იყო — ხალხს აინტერესებდა სამეფოს ცნობა.

ამის შემდეგ ბიბლიის მკვლევრები ახალი მეთოდებითა და შემართებით შეუდგნენ სამქადაგებლო საქმეს. მათ მიერ აღებულ კურსს იეჰოვას მოწმეები დღემდე მიჰყვებიან.

მომავალი ზრდისთვის მომზადება

1919 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა, რომ სიდარ-პოინტში (ოჰაიო) დაგეგმილი იყო კონგრესი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართებოდა. „ყველა გრძნობდა, რომ ამ კონგრესს აუცილებლად უნდა დასწრებოდა“, — აღნიშნა კლარენს ბიტმა, ახალგაზრდა ბიბლიის მკვლევარმა მისურიდან. დამსწრეთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან კონგრესს 6 000-ზე მეტი და-ძმა დაესწრო. კონგრესის დროს ახლომდებარე ტბა ერიში 200-ზე მეტი ადამიანი მოინათლა, რამაც იქ შეკრებილი და-ძმები უფრო მეტად გაახარა.

„ოქროს ხანის“ პირველი ნომრის გარეკანი, რომელიც 1919 წლის 1 ოქტომბერს გამოიცა

1919 წლის 5 სექტემბერს, კონგრესის მე-5 დღეს, ძმა რუტერფორდი აუდიტორიის წინაშე წარდგა მოხსენებით „თანამშრომლებისადმი მიმართვა“. მან იქ შეკრებილთ ახალი ჟურნალის, „ოქროს ხანის“ * გამოცემა ამცნო, რომლის მიზანიც მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და მათი გამომწვევი მიზეზების ბიბლიურ ჭრილში განხილვა იყო.

ბიბლიის მკვლევრები მზად იყვნენ, გაბედულად ექადაგათ ამ ახალი პუბლიკაციით. წერილში, სადაც ქადაგების ორგანიზებაზე იყო საუბარი, ეწერა: „როგორც მიძღვნილმა [მონათლულმა] მსახურებმა, მოდი არასდროს დავივიწყოთ, რომ უდიდესი პატივი გვხვდა წილად, ვემსახუროთ ღმერთს და დღესვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა“. ამ მოწოდებას საოცარი გამოხმაურება მოჰყვა! სამეფოს მაუწყებლების გულმოდგინე ქადაგების შედეგად დეკემბრისთვის ახალ ჟურნალს 50 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

ძმები ბრუკლინში (ნიუ-იორკი) დგანან „ოქროს ხანით“ დატვირთული სატვირთო მანქანის წინ

1919 წლის ბოლოს იეჰოვას ხალხის რეორგანიზაცია და გამოცოცხლება მოხდა. გარდა ამისა, ამ პერიოდში შესრულდა ბოლო დღეებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება. მალაქიას 3:1—4-ში ნაწინასწარმეტყველები ღვთის ხალხის შემოწმებისა და განწმედის პროცესი დასრულებული იყო. ისინი „დიდი ბაბილონის“ სიმბოლური ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ამავე წელს იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ * დანიშნა (გამოცხ. 18:2, 4; მათ. 24:45). ახლა უკვე ბიბლიის მკვლევრები მზად იყვნენ იმ საქმისთვის, რომელიც იეჰოვას მათი მეშვეობით უნდა შეესრულებინა.

^ აბზ. 22 „ოქროს ხანას“ 1937 წელს ეწოდა „ნუგეში“, ხოლო 1946 წელს — „გამოიღვიძეთ!“.