ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 44
განიმტკიცეთ იმედი
„იეჰოვას იმედი გქონდეს“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 27:14).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *
1. რა იმედი გვიბოძა იეჰოვამ?
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ მარადიული სიცოცხლის შესანიშნავი იმედი გვიბოძა. ზოგისთვის ეს იმედი იმას ნიშნავს, რომ უკვდავი სულიერი ქმნილება იქნება ზეცაში (1 კორ. 15:50, 53). უმეტესობა კი დედამიწაზე იცხოვრებს სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერი (გამოცხ. 21:3, 4). ჩვენთვის ეს იმედი უძვირფასესია იმისდა მიუხედავად, ზეცაში ველით ცხოვრებას თუ დედამიწაზე.
2. რას ეყრდნობა ჩვენი იმედი? ახსენით.
2 ბიბლიური გაგებით სიტყვა „იმედი“ არის რაიმე კარგის მოლოდინი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმედი არ გაგვიცრუვდება, რადგან ის იეჰოვამ ჩაგვისახა (რომ. 15:13). იეჰოვამ პირობა დაგვიდო და გვჯერა, რომ ის ამას შეასრულებს, რადგან ის არასდროს ტეხს სიტყვას (რიცხ. 23:19). ვიცით, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც, რომ განახორციელოს ყველაფერი, რაც ჩაიფიქრა. ასე რომ, ის, რისი იმედიც გვაქვს, ჩვენი ოცნება ან ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის, არამედ ფაქტებზეა დაფუძნებული.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (ფსალმ. 27:14).
3 ჩვენს ზეციერ მამას ვუყვარვართ და სურს, რომ მას ვენდობოდეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:14). თუ იმედს იეჰოვაზე ვამყარებთ, მომავალში გაბედულად შევხვდებით ნებისმიერ განსაცდელსა თუ სირთულეს და სიხარულს არ დავკარგავთ. მოდი ახლა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გვიცავს იმედი და რა გაგებით ჰგავს იმედი ღუზას და მუზარადს. აგრეთვე ვისაუბროთ, თუ როგორ განვიმტკიცოთ იმედი.
ᲘᲛᲔᲓᲘ ᲦᲣᲖᲐᲡᲐᲕᲘᲗᲐᲐ
4. რა გაგებით ჰგავს იმედი ღუზას? (ებრაელები 6:19).
4 მოციქულმა პავლემ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში იმედი ღუზას შეადარა (წაიკითხეთ ებრაელების 6:19). პავლეს გემით მოგზაურობა ხშირად უწევდა, ამიტომ კარგად იცოდა, როგორ აჩერებდნენ გემს ერთ ადგილას ღუზის საშუალებით. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ქარიშხალი ამოვარდა. წყალქვეშა კლდეებს რომ არ დაჯახებოდნენ, მეზღვაურებმა ღუზები ჩაუშვეს (საქ. 27:29, 39—41). როგორც ღუზა აკავებს გემს ერთ ადგილას, რომ დინებამ არ წაიღოს, ისე იმედი გვეხმარება, რომ ცხოვრებისეულმა ქარტეხილებმა არ წაგვიღოს და იეჰოვას არ ჩამოგვაშოროს. რთულ სიტუაციებშიც კი ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ვიცით, რომ „ქარიშხალი“ ადრე თუ გვიან ჩადგება. ქარტეხილები რომ გარდაუვალი იქნებოდა, ამის შესახებ იესომაც გაგვაფრთხილა (იოან. 15:20). ასე რომ, მომავლის იმედი გვეხმარება, რომ ჩვენი ქრისტიანული გეზიდან არ გადავუხვიოთ.
5. როგორ მისცა იმედმა იესოს ძალა, მედგრად შეხვედროდა სიკვდილს?
5 იმედმა იესოს ძალა მისცა, სასტიკ სიკვდილს მედგრად შეხვედროდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ „ფსალმუნებიდან“ მოიყვანა ციტატა, რომელიც კარგად აღწერდა იესოს განწყობას: „იმედიანად ვარ, რადგან არ დამტოვებ სამარეში და არ გაიმეტებ შენს ერთგულს გასახრწნელად . . . დიდად გავიხარებ შენ წინაშე, რადგან შენ ამავსებ სიხარულით“ (საქ. 2:25—28; ფსალმ. 16:8—11). იესომ იცოდა, რომ სიკვდილი არ ასცდებოდა, თუმცა მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვა მას მკვდრეთით აღადგენდა და ზეცაში მამასთან შეხვედრით გაიხარებდა (ებრ. 12:2, 3).
6. რა თქვა ერთმა ძმამ იმედზე?
6 ბიბლიურმა იმედმა ბევრ ჩვენს და-ძმას განსაცდელების დროს მოთმინების ძალა მისცა. ამის კარგი მაგალითია ერთგული ინგლისელი ძმა ლეონარდ ჩინი. პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იგი დააპატიმრეს. მან ორი თვე გაატარა სამარტოო საკანში, რის შემდეგაც მძიმე ფიზიკური სამუშაო დააკისრეს. მოგვიანებით ის წერდა: „საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ იმედის გარეშე მოთმინება გაგვიჭირდება. იესოს, მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მაგალითები, აგრეთვე ბიბლიაში ჩაწერილი დაპირებები მომავლის იმედს გვისახავს და მოთმინების ძალას გვაძლევს“. იმედი ლეონარდისთვის ღუზასავით იყო, ის ჩვენთვისაც ასე იქნება.
7. რა განგვიმტკიცებს იმედს? (რომაელები 5:3—5; იაკობი 1:12).
7 როცა მოთმინებით გადაგვაქვს განსაცდელები და ვგრძნობთ იეჰოვას მხარდაჭერასა და მოწონებას, იმედიც გვიმტკიცდება (წაიკითხეთ რომაელების 5:3—5; იაკობის 1:12). ამგვარად, ის იმედი, რომელიც თავდაპირველად ჩაგვესახა, როცა სასიხარულო ცნობა გავიგეთ, ახლა უფრო ძლიერია. სატანას სურს, რომ განსაცდელების დროს სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდეთ, მაგრამ იეჰოვას დახმარებით ყველაფერს გავუმკლავდებით.
ᲘᲛᲔᲓᲘ ᲛᲣᲖᲐᲠᲐᲓᲘᲕᲘᲗᲐᲐ
8. რით ჰგავს იმედი მუზარადს? (1 თესალონიკელები 5:8).
8 ბიბლია იმედს მუზარადსაც ადარებს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:8). მუზარადი ჯარისკაცის თავს იცავს დარტყმებისგან. ჩვენ სულიერ ბრძოლაში ვართ ჩართული, ამიტომ ერთგვარი მუზარადი გვჭირდება, რომ სატანის „დარტყმებისგან“ დავიცვათ ჩვენი გონება. ეშმაკი სხვადასხვა მაცდუნებელი იდეით ცდილობს ჩვენი გონების გახრწნას. როგორც მუზარადი იცავს მეომრის თავს, ისე იმედი იცავს ჩვენს გონებას, რომ ღვთის ერთგულები დავრჩეთ.
9. როგორია მათი ცხოვრება, ვისაც მომავლის იმედი არა აქვს?
9 მარადიული სიცოცხლის იმედი დაგვეხმარება, რომ ბრძნულად და გონივრულად ვიმოქმედოთ. მაგრამ, თუ ჩვენი იმედი გაუფერულდა და ხორციელი აზროვნება მოგვეძალა, მარადიული სიცოცხლის მოლოდინი შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს. სწორედ ასე დაემართა ზოგიერთ ქრისტიანს ძველ კორინთში. მათ აღარ სწამდათ ღვთის ერთ-ერთი მთავარი დაპირების, კერძოდ იმის, რომ მკვდრები აღდგებიან (1 კორ. 15:12). როგორც პავლემ აღნიშნა, მას, ვისაც მომავლის იმედი არა აქვს, მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს (1 კორ. 15:32). ეს მართლაც ასეა. ვისაც არ სწამს ღვთის დაპირებების, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს. ნამდვილად არ გვინდა, მათ დავემსგავსოთ. მომავლის იმედი მუზარადივით იცავს ჩვენს გონებას და გვეხმარება, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არ ვიცხოვროთ, რაც იეჰოვასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებდა (1 კორ. 15:33, 34).
10. როგორ დაგვიცავს იმედი მცდარი აზროვნებისგან?
10 იმედის მუზარადი დაგვეხმარება, თავიდან მოვიშოროთ ისეთი აზრი, თითქოს იეჰოვას ვერ ვასიამოვნებთ. ზოგი ფიქრობს, რომ, როგორც არ უნდა ეცადოს, მარადიულ სიცოცხლეს მაინც ვერასდროს დაიმსახურებს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც იობს ვაინუგეშისმცემელმა ელიფაზმა უთხრა: „რომელი მოკვდავი კაცია სუფთა?!. არ ენდობა ღმერთი თავის წმინდებს და ზეცაც კი არაა სუფთა მის თვალში“ (იობ. 15:14, 15). ეს ხომ აშკარა ტყუილია! ვისგან მოდის მსგავსი შეხედულებები თუ არა ეშმაკისგან?! მან კარგად იცის, რომ თუ ასეთ ფიქრებს ავყვებით, იმედს დავკარგავთ. ამიტომ აჯობებს იეჰოვას დანაპირებზე ვიფიქროთ და არ წამოვეგოთ სატანის ანკესს. არასდროს დავეჭვდეთ იმაში, რომ იეჰოვას სურს, მარადიულად ვიცხოვროთ და დაგვეხმარება კიდეც ამ მიზნის მიღწევაში (1 ტიმ. 2:3, 4).
ᲒᲐᲜᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔᲗ ᲘᲛᲔᲓᲘ
11. რატომ უნდა დაველოდოთ მოთმინებით ღვთის დაპირებების შესრულებას?
11 ზოგჯერ შეიძლება მოუთმენლობის გამო გაგვიჭირდეს, იმედის თვალით ვუყუროთ მომავალს და მოთმინებით დაველოდოთ ღვთის განზრახვების შესრულებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა მარადიულია და დროს ჩვენსავით არ აღიქვამს (2 პეტ. 3:8, 9). მან იცის, როდისაა საუკეთესო დრო მისი განზრახვის შესასრულებლად, თუმცა ეს შეიძლება ჩვენს მოლოდინს არ დაემთხვას. რა დაგვეხმარება, მოთმინებით დაველოდოთ ღვთის განზრახვების შესრულებას? (იაკ. 5:7, 8).
12. ებრაელების 11:1, 6-ის თანახმად, რა კავშირია იმედსა და რწმენას შორის?
12 იეჰოვა მომავლის გარანტიას გვაძლევს. ამიტომ, თუ მასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, იმედს არასდროს დავკარგავთ. ბიბლიის თანახმად, ჩვენი იმედი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმის რწმენასთან, რომ იეჰოვა არსებობს და „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:1, 6). რაც უფრო რეალურია იეჰოვა ჩვენთვის, მით უფრო მტკიცედ გვწამს, რომ ის თავის დაპირებებს შეასრულებს. როგორ განვიმტკიცოთ იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა და, შესაბამისად, იმედიც?
13. რა დაგვაახლოებს ღმერთთან?
13 ილოცეთ და იკითხეთ ღვთის სიტყვა. მართალია, ღმერთს ვერ ვხედავთ, მაგრამ მასთან დაახლოება მაინც შეგვიძლია. ერთ-ერთი, რაც ამაში გვეხმარება, ლოცვაა ანუ ღმერთთან საუბარი. უნდა გვჯეროდეს, რომ ის აუცილებლად მოგვისმენს (იერ. 29:11, 12). ღვთის მოსმენის საშუალება კი მისი სიტყვის კითხვითა და გაანალიზებით გვეძლევა. როცა ვიგებთ, როგორ იზრუნა იეჰოვამ წარსულში თავის ერთგულ მსახურებზე, იმედი უფრო გვიმტკიცდება. რაც ღვთის სიტყვაში ჩაიწერა, „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4).
14. რატომ უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ შეასრულა იეჰოვამ წარსულში თავისი დაპირებები?
14 გახსოვდეთ, როგორ შეასრულა იეჰოვამ წარსულში თავისი დაპირებები. მაგალითად, გავიხსენოთ, რას დაჰპირდა ის მოხუცებულ აბრაამსა და სარას. ღვთის დაპირების თანახმად, მათ ვაჟი შეეძინებოდათ (დაბ. 18:10). როგორ შეხვდა აბრაამი ამ ერთი შეხედვით არარეალურ დაპირებას? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მას „სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა“ (რომ. 4:18). აბრაამს სჯეროდა, რომ იეჰოვა მოლოდინს არ გაუცრუებდა, და ასეც მოხდა (რომ. 4:19—21). ეს თუ სხვა შემთხვევები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს.
15. რატომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა?
15 არ დაგავიწყდეთ, რაც იეჰოვას თქვენთვის გაუკეთებია. დაფიქრდით, როგორ შეგისრულათ იეჰოვამ თავის სიტყვაში ჩაწერილი დაპირებები. მაგალითად, როგორც იესომ თქვა, მამა ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფდა (მათ. 6:32, 33). იესომ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა წმინდა სულს არ დაუკავებდა მას, ვინც სთხოვდა (ლუკ. 11:13). იგი პირნათლად ასრულებს ამ დაპირებებს. შეიძლება გაგახსენდეთ, კიდევ რა მხრივ შეგისრულათ იეჰოვამ თავისი დაპირებები. მაგალითად, როგორ გაპატიათ, განუგეშათ და სულიერად გამოგკვებათ (მათ. 6:14; 24:45; 2 კორ. 1:3). როცა ფიქრობთ იმაზე, რაც იეჰოვამ უკვე გააკეთა თქვენთვის, უფრო იმედიანად უყურებთ მისი დაპირებების შესრულებას.
ᲘᲮᲐᲠᲔᲗ ᲘᲛᲔᲓᲘᲗ
16. რატომ არის იმედი უძვირფასესი საჩუქარი?
16 მარადიული სიცოცხლის იმედი უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან. ჩვენ ველით ღვთის ამ უტყუარი და შესანიშნავი დაპირების შესრულებას. ეს იმედი ჩვენთვის ღუზასავითაა, რომელიც განსაცდელებსა და დევნებს გვატანინებს და ძალას გვაძლევს, არ შევუშინდეთ სიკვდილს. ის ჩვენთვის მუზარადივითაცაა, რომელიც იცავს ჩვენს გონებას და გვეხმარება, რომ შევიძულოთ ბოროტება და შევიყვაროთ სიკეთე. ბიბლიური იმედი ღმერთთან გვაახლოებს და მის უსაზღვრო სიყვარულში გვარწმუნებს. დაე ყოველთვის გვიღვიოდეს იმედი გულში!
17. რატომ ვხარობთ იმედით?
17 პავლე მოუწოდებდა რომაელ ქრისტიანებს, რომ ეხარათ იმედით (რომ. 12:12). იგი თავადაც ხარობდა იმედით, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ერთგულების სანაცვლოდ ზეცაში მარადიულ სიცოცხლეს მიიღებდა. ჩვენც ვხარობთ იმედით, რადგან გვჯერა, რომ იეჰოვა თავის დაპირებებს შეასრულებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენზეც სრულდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ბედნიერია ის, . . ვინც იმედს თავის ღმერთ იეჰოვაზე ამყარებს, [მასზე], ვინც ყოველთვის ერთგულია“ (ფსალმ. 146:5, 6).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში
^ იეჰოვამ მომავლის შესანიშნავი იმედი გვიბოძა. ეს მხნეობას გვმატებს და განსაცდელების გადატანაში გვეხმარება. ის ძალებსაც გვიახლებს, რომ სირთულეების მიუხედავად ღვთის ერთგულები დავრჩეთ და იცავს ჩვენს გონებას დამღუპველი აზროვნებისგან. როგორც ვხედავთ, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, განვიმტკიცოთ იმედი. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ წინამდებარე სტატიაში.
^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: როგორც მუზარადი იცავს მეომრის თავს და ღუზა აკავებს გემს, ისე იმედი იცავს ჩვენს გონებას და გვეხმარება, განსაცდელებს მედგრად შევხვდეთ. ერთი და გულდაჯერებული ლოცულობს. ძმა ფიქრობს, როგორ შეუსრულა ღმერთმა დაპირებები აბრაამს. კიდევ ერთი ძმა იხსენებს იმ ყველაფერს, რაც იეჰოვამ მისთვის გააკეთა.