არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ ვიბრძვით ძველ დროში მცხოვრები ისრაელების მსგავსად?

რატომ არ ვიბრძვით ძველ დროში მცხოვრები ისრაელების მსგავსად?

„ᲗᲣ ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲛᲔ თქვენგანი უარს იტყვის საფრანგეთის ან ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ყველას დაგხოცავთ!“ — უყვირა გერმანელმა ოფიცერმა იეჰოვას მოწმეების ჯგუფს მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ მუქარამ ჩვენი ძმები ვერ გატეხა მიუხედავად იმისა, რომ იქვე შეიარაღებული ესესელები იდგნენ. გაბედულების მართლაც შესანიშნავი მაგალითია! ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს იეჰოვას მოწმეების ერთობლივ პოზიციას: ჩვენ კატეგორიულ უარს ვამბობთ ომში ჩაბმაზე. სიკვდილითაც რომ დაგვემუქრონ, კონფლიქტებში არავის მხარეს არ დავიკავებთ.

თუმცა ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, არ იზიარებს ამ პოზიციას. ბევრს მიაჩნია, რომ ქრისტიანს არათუ შეუძლია, არამედ ვალდებულიცაა, დაიცვას თავისი ქვეყანა. მათ შეიძლება ასეთი არგუმენტი მოიყვანონ: „თუ ძველად ღვთის რჩეული ერი ისრაელი იბრძოდა, ჩვენ ქრისტიანებმა რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ?!“. რას ეტყოდით ასეთ ადამიანს? თქვენ უნდა აუხსნათ მას, რომ დღევანდელი სიტუაცია მრავალმხრივ განსხვავდება ძველი ისრაელის სიტუაციისგან. ქვემოთ ვიმსჯელებთ ხუთ განსხვავებაზე.

1) ᲦᲕᲗᲘᲡ ᲮᲐᲚᲮᲘ ᲔᲠᲗ ᲔᲠᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲓᲐ

წარსულში ღვთის ხალხად მხოლოდ ერთი ერი, ისრაელი, ითვლებოდა. იეჰოვამ ისრაელს ყველა ერისგან გამორჩეული საკუთრება უწოდა (გამ. 19:5). ღმერთმა მათ დასასახლებლად კონკრეტული ტერიტორიაც გამოუყო. ასე რომ, როცა ისრაელები ღვთის ბრძანებით საომრად გადიოდნენ, მათ არასდროს უწევდათ თანამორწმუნეებთან ბრძოლა. *

დღეს ღვთის თაყვანისმცემლები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ არიან შეკრებილი (გამოცხ. 7:9). თუ ისინი ომში ჩაებმებიან, მათ თანამორწმუნეების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი დახოცვა მოუწევთ.

2) ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲔᲑᲘ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲑᲠᲫᲐᲜᲔᲑᲘᲗ ᲘᲑᲠᲫᲝᲓᲜᲔᲜ

წარსულში იეჰოვა წყვეტდა, როდის და რა მიზნით უნდა ებრძოლათ ისრაელებს. მაგალითად, იეჰოვამ თავისი განაჩენი აღასრულებინა ისრაელებს ქანაანელებზე, რომლებიც ცნობილი იყვნენ დემონიზმით, ამაზრზენი სქესობრივი აღვირახსნილობით და ბავშვთა მსხვერპლშეწირვით. იეჰოვას მითითებით, მათ უნდა მოეშორებინათ ეს ხალხი აღთქმული მიწიდან, რათა მათ გამხრწნელ გავლენაში არ მოქცეულიყვნენ (ლევ. 18:24, 25). აღთქმულ მიწაზე დამკვიდრების შემდეგ ღმერთი დროდადრო უფლებას აძლევდა ისრაელს, რომ ებრძოლა მჩაგვრელთაგან თავდასაცავად (2 სამ. 5:17—25). თუმცა იეჰოვა ნებას არ რთავდა ისრაელს, რომ თვითნებურად წამოეწყო ვინმესთან ომი. ყველა ასეთი თვითნებობა მათ ძვირად უჯდებოდათ (რიცხ. 14:41—45; 2 მატ. 35:20—24).

დღეს იეჰოვა არავის აძლევს მითითებას, რომ იბრძოლოს. დღევანდელი ომები ადამიანთა ინტერესებს ემსახურება და არა ღვთისას. ადამიანები იბრძვიან ტერიტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ინტერესებისთვის. ზოგმა თავი შეიძლება იმით იმართლოს, რომ ღვთის სახელით თავისი მრწამსის დასაცავად ან ღვთის მტრების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა, სინამდვილეში, იეჰოვა თავად დაიცავს თავის თაყვანისმცემლებს და მომავალში გაანადგურებს თავის მტრებს არმაგედონის ომში (გამოცხ. 16:14, 16). ამ ომში ღვთის მიწიერ მსახურებს არ მოუწევთ ბრძოლა, რადგან მისი ზეციერი ქმნილებები იბრძოლებენ (გამოცხ. 19:11—15).

3) ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲔᲑᲘ ᲘᲜᲓᲝᲑᲓᲜᲔᲜ ᲛᲐᲗ, ᲕᲘᲜᲪ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐᲓᲛᲘ ᲠᲬᲛᲔᲜᲐᲡ ᲐᲕᲚᲔᲜᲓᲐ

ისევე ინდობენ დღევანდელი ომების დროს მორწმუნეებს, როგორც იეჰოვამ დაინდო რახაბი და მისი ოჯახი ძველად?

წარსულში ისრაელი მეომრები ხშირად იბრალებდნენ მათ, ვინც ღვთისადმი რწმენას ავლენდა და მხოლოდ მათ ხოცავდნენ, ვისაც იეჰოვა ჩათვლიდა სიკვდილის ღირსად. მოვიყვანოთ ორი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ იერიხონის განადგურება უბრძანა ისრაელებს, რახაბის რწმენის გამო მათ დაინდეს ის და მისი ოჯახი (იეს. 2:9—16; 6:16, 17). მოგვიანებით მათ გაბაონის მთელი მოსახლეობაც დაინდეს მათი ღვთისმოშიშების გამო (იეს. 9:3—9, 17—19).

დღეს ომის დროს არავინ უყურებს, ვინ მორწმუნეა და ვინ — არა. ხშირ შემთხვევაში ამ ომებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.

4) ᲝᲛᲘᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲡ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲔᲑᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲣᲓᲒᲔᲜᲓᲐ

წარსულში იეჰოვა ისრაელი მებრძოლებისგან მოითხოვდა, რომ ომის დროს მის მითითებებს მიჰყოლოდნენ. მაგალითად, ზოგჯერ მათ ზავის პირობები უნდა გამოეცხადებინათ მოწინააღმდეგე მხარისთვის (კან. 20:10). ისრაელ მებრძოლებს თავიანთ ბანაკებში ფიზიკური სისუფთავე და ზნეობრივი სიწმინდე უნდა დაეცვათ (კან. 23:9—14). გარდა ამისა, ისრაელებს ეკრძალებოდათ ტყვედ წაყვანილი ქალების გაუპატიურება, რაც სხვა ერებისთვის ჩვეულებრივი რამ იყო. ტყვე ქალის ცოლად მოყვანა რომც მოენდომებინათ, ქალაქის დაპყრობიდან ერთი თვის განმავლობაში ამის უფლება არ ჰქონდათ (კან. 21:10—13).

დღეს ქვეყნების უმეტესობას ომის წარმოების მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე აქვს ხელი მოწერილი. მართალია, ამ ხელშეკრულებების მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ომის დროს მათ ხშირად არღვევენ.

5) ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲘᲑᲠᲫᲝᲓᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡᲗᲕᲘᲡ

დღესაც ისევე იბრძვის იეჰოვა რომელიმე ერისთვის, როგორც წარსულში ისრაელისთვის იბრძოდა?

წარსულში იეჰოვა იბრძოდა ისრაელებისთვის და ხშირად სასწაულებრივად ამარჯვებინებდა მათ. მაგალითად, გავიხსენოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა ისრაელებს იერიხონის აღებაში. მისი მითითებისამებრ, ისრაელმა „დიდი საომარი ყიჟინა დასცა . . . და ჩამოიქცა გალავანი“ (იეს. 6:20). ამის შემდეგ მათ ადვილად აიღეს ქალაქი. ხოლო, როცა ისრაელები ამორეველებს ებრძოდნენ, „იეჰოვა ზეციდან მსხვილ-მსხვილ სეტყვის მარცვლებს უშენდა მათ . . . სეტყვამ უფრო მეტი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელთა მახვილმა“ (იეს. 10:6—11).

დღეს იეჰოვა არცერთ ერს არ უჭერს მხარს ბრძოლაში. მისი სამეფო, რომლის მეფეც იესოა, „ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოან. 18:36). სინამდვილეში, ყველა ადამიანური მთავრობა სატანის ძალაუფლებაშია. მსოფლიოში მიმდინარე შემზარავი ომები მის სისასტიკეზე მეტყველებს (ლუკ. 4:5, 6; 1 იოან. 5:19).

ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲘ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲡᲛᲧᲝᲤᲔᲚᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ

როგორც უკვე დავინახეთ, დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება ძველ დროში მცხოვრები ისრაელების სიტუაციისგან. თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, რატომაც ვამბობთ უარს ომში მონაწილეობაზე. მაგალითად, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში ყველა, ვინც მისგან განისწავლებოდა, აღარ ისწავლიდა ომს, რომ აღარაფერი ვთქვათ ომში მონაწილეობაზე (ეს. 2:2—4). ამასთანავე, იესომ თავის მოწაფეებზე თქვა, რომ ისინი არ იქნებოდნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ და, შესაბამისად, ისინი არ ჩაერეოდნენ კონფლიქტებში (იოან. 15:19).

თუმცა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი კონფლიქტებში ჩაურევლობაზე მეტს მოიაზრებს. იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, მოეშორებინათ ისეთი დამოკიდებულებებიც კი, რაც შუღლს აღვივებს და კონფლიქტებს უწყობს ხელს (მათ. 5:21, 22). მეტიც, მან ასწავლა თავის მიმდევრებს, რომ მშვიდობისმყოფელები ყოფილიყვნენ და ჰყვარებოდათ მტრები (მათ. 5:9, 44).

ჩვენ როგორ შეგვიძლია იესოს რჩევების გათვალისწინება? ფაქტია, ომში არცერთი ჩვენგანი არ წავა, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა მტრული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ, რაც კრებაში განხეთქილების ან დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ რაიმე მსგავსს შევნიშნავთ ჩვენში, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აღმოვფხვრათ (იაკ. 4:1, 11).

ომებში მონაწილეობის ნაცვლად ჩვენ შორის მშვიდობასა და სიყვარულს ვუწყობთ ხელს (იოან. 13:34, 35). მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნეიტრალურები დავრჩეთ და დაველოდოთ იმ დროს, როცა იეჰოვა სამუდამოდ შეწყვეტს ომებს (ფსალმ. 46:9).

^ ზოგჯერ ისრაელის ტომები ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იეჰოვა არ იწონებდა ამ ომებს (1 მეფ. 12:24). ასეთი ომების წარმოების ნებართვას იეჰოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა, როდესაც რომელიმე ტომი განუდგებოდა მას ან შემზარავ დანაშაულს ჩაიდენდა (მსაჯ. 20:3—35; 2 მატ. 13:3—18; 25:14—22; 28:1—8).