არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 41

რა მოგიტანთ ნამდვილ ბედნიერებას

რა მოგიტანთ ნამდვილ ბედნიერებას

„ბედნიერია იეჰოვას მოშიში, მისი გზით მავალი კაცი“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 128:1).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 110 „იეჰოვას სიხარული“

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა არის სულიერი წყურვილი და რა კავშირი აქვს მას ბედნიერებასთან?

 ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ბედნიერება არ არის წარმავალი სიხარულისა და სიამოვნების განცდა. ეს არის გრძნობა, რომელიც მდგრადობით გამოირჩევა და შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ამის თქმის საფუძველს მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმული იესოს სიტყვები გვაძლევს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათ. 5:3). იესომ იცოდა, რომ ადამიანში ჩადებულია ძლიერი სურვილი, იცნობდეს და თაყვანს სცემდეს თავის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს. სწორედ ეს იგულისხმება სულიერ წყურვილში. რახან იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“, მის თაყვანისმცემლებსაც შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები (1 ტიმ. 1:11).

„ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი“ (მათ. 5:10) (იხილეთ აბზაცები 2, 3). *

2, 3. ა) იესოს სიტყვების თანახმად, ვინ შეიძლება იყოს ბედნიერი? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში და რატომ?

2 არის ნამდვილი ბედნიერება იდეალურ გარემოზე დამოკიდებული? არა. ის, რაც იესომ მთაზე ქადაგებისას თქვა, ბევრ მის მსმენელს გააოცებდა. მან ბედნიერი უწოდა „მგლოვიარეებს“, ანუ მათ, ვინც საკუთარი ცოდვილი ბუნების ან პრობლემების გამოა გულდამძიმებული. იესომ ბედნიერი უწოდა „სიმართლისთვის დევნილებსაც“ და მათაც, ვისაც მისი მიმდევრობისთვის ლანძღავენ (მათ. 5:4, 10, 11). მაგრამ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ბედნიერი იყოს?

3 იესოს იმის თქმა სურდა, რომ ბედნიერება იდეალურ გარემოზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სულიერი წყურვილის დაკმაყოფილებასა და ღმერთთან დაახლოებაზე (იაკ. 4:8). რა დაგვეხმარება ამაში? ამ სტატიაში განვიხილავთ, რა სამი პირობა უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ ნამდვილ ბედნიერებას მივაღწიოთ.

ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲙᲕᲔᲑᲐ

4. რა არის ბედნიერების ერთ-ერთი წინაპირობა? (ფსალმუნი 1:1—3).

4 ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ: თუ გვინდა, რომ ნამდვილად ბედნიერები ვიყოთ, სულიერად უნდა ვიკვებოთ. ყველა ცოცხალ არსებას ფიზიკური საზრდო სჭირდება. მაგრამ ადამიანი იმით არის უნიკალური, რომ ფიზიკურთან ერთად სულიერი საზრდოც სჭირდება. სწორედ ამიტომ თქვა იესომ: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4). ამიტომ დღემ ისე არ უნდა ჩაიაროს, რომ ღვთის სიტყვიდან სულიერი საზრდო არ მივიღოთ. ფსალმუნმომღერალმა ბედნიერი უწოდა მას, ვისაც „იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3).

5, 6. ა) რას ვიგებთ ბიბლიიდან? ბ) რა მხრივ გვეხმარება ბიბლიის კითხვა?

5 ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა სიყვარულით გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ. მისი სიტყვიდან ვიგებთ, რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს და რა მოგვეთხოვება, რომ ცოდვები გვეპატიოს. იმასაც ვიგებთ, რა შესანიშნავ მომავალს გვპირდება ღმერთი (იერ. 29:11). ეს ყველაფერი, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ, გულს სიხარულით გვივსებს.

6 ბიბლია მრავალ პრაქტიკულ რჩევასაც გვაძლევს, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბედნიერებას უწყობს ხელს. თუ ცხოვრებისეული საწუხარი გულს გიმძიმებთ, მეტი დრო დაუთმეთ ღვთის სიტყვის კითხვასა და წაკითხულის გაანალიზებას. იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და ასრულებს მას!“ (ლუკ. 11:28).

7. რა დაგეხმარებათ, რომ ბიბლიის კითხვა ნაყოფიერ და სასიამოვნო პროცესად აქციოთ?

7 ბიბლიის კითხვა სასიამოვნო პროცესად აქციეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისეთ ადამიანს დაემსგავსოთ, რომელიც საყვარელ საჭმელს მიირთმევს, მაგრამ სხვა რაღაცაზე ფიქრობს ან ისე ჩქარობს, რომ საჭმელს გემოს ვერ ატანს. მერეღა ხვდება, რომ ჯობდა ნელა ეჭამა და ჭამის პროცესით ესიამოვნა. მსგავსად, თუ ბიბლიას გადარბენით წაიკითხავთ, ეს თქვენთვის უხალისო და უღიმღამო პროცესად იქცევა. ამიტომ ნუ იჩქარებთ ბიბლიის კითხვისას. გონებაში გააცოცხლეთ წაკითხული სიუჟეტები და გააანალიზეთ. ბიბლიის ასეთი ხარისხიანი კითხვა სიამოვნებას და ბედნიერებას მოგანიჭებთ.

8. როგორ ასრულებს „ერთგული და გონიერი მონა“ თავის მოვალეობას? (იხილეთ სქოლიო).

8 დღეს ჩვენ მდიდარი სულიერი „მენიუ“ გვაქვს „ერთგული და გონიერი მონის“ წყალობით, რომელიც იესომ დანიშნა დროული სულიერი საზრდოს მოსაწოდებლად * (მათ. 24:45). ჩვენი სულიერი საზრდოს მთავარი „ინგრედიენტი“ ღვთის სიტყვაა (1 თეს. 2:13). სულიერი საზრდო გვეხმარება, რომ ყველაფერს იეჰოვას თვალით შევხედოთ. ამიტომაც ვკითხულობთ „საგუშაგო კოშკსა“ თუ „გამოიღვიძეთს!“ და jw.org-ზე განთავსებულ სტატიებს, ვემზადებით კრების შეხვედრებისთვის და ვუყურებთ JW მაუწყებლობის ყოველთვიურ პროგრამას. კარგი სულიერი კვება გვეხმარება, დავაკმაყოფილოთ მეორე პირობა, რომელიც ბედნიერებას უწყობს ხელს.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲜᲝᲠᲛᲔᲑᲘᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

9. კიდევ რა უწყობს ხელს ნამდვილ ბედნიერებას?

9 ᲛᲔᲝᲠᲔ: თუ გვინდა, ნამდვილად ბედნიერები ვიყოთ, იეჰოვას ნორმებით უნდა ვიცხოვროთ. ფსალმუნებში ვკითხულობთ: „ბედნიერია იეჰოვას მოშიში, მისი გზით მავალი კაცი“ (ფსალმ. 128:1). ღვთისმოშიშება მისადმი კრძალვას ნიშნავს, რაც აღგვძრავს, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც მიუღებელია მისთვის (იგავ. 16:6). მაშასადამე, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, არ გავცდეთ ღვთის სამართლიან ნორმებს (2 კორ. 7:1). ჩვენივე ბედნიერებას შევუწყობთ ხელს, თუ იმას გავაკეთებთ, რაც იეჰოვას მოსწონს და მოვერიდებით იმას, რაც მას სძულს (ფსალმ. 37:27; 97:10; რომ. 12:9).

10. რა მოგვეთხოვება გარდა იმისა, რომ ვიცოდეთ იეჰოვას ნება? (რომაელები 12:2).

10 წაიკითხეთ რომაელების 12:2. მარტო იმის აღიარება არ კმარა, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაგვიდგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. უნდა ვიცხოვროთ კიდეც ამ ნორმების თანახმად. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება აღიაროს, რომ მთავრობას აქვს უფლება, დაადგინოს მოძრაობის ნებადართული სიჩქარე, მაგრამ თავად არ სურდეს, რომ დაემორჩილოს ამ შეზღუდვას. ამიტომაც შეიძლება გადააჭარბოს სიჩქარეს. თუ გვჯერა, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება საუკეთესოა, ეს საქმეებით უნდა დავამტკიცოთ (იგავ. 12:28). დავითიც აღიარებდა, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება ყველაზე სწორი არჩევანი იყო. ამიტომაც მიმართა მან იეჰოვას ასეთი სიტყვებით: „შენ მასწავლი სიცოცხლის გზით სიარულს. დიდად ვხარობ შენ წინაშე; მარადიული ბედნიერება მოაქვს შენს მარჯვენასთან ყოფნას“ (ფსალმ. 16:11).

11, 12. ა) რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა დადარდიანებული ან გულგატეხილი ვართ? ბ) როგორ გვეხმარება ფილიპელების 4:8 გართობის არჩევისას?

11 როცა დადარდიანებული ან გულგატეხილი ვართ, ბუნებრივია, გვიჩნდება სურვილი, გული გადავაყოლოთ რამეს. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც იეჰოვასთვის მიუღებელია (ეფეს. 5:10—12, 15—17).

12 ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს, იმაზე ეფიქრათ, რაც მართალი, წმინდა, სიყვარულის ღირსი და ზნეობრივი იყო (წაიკითხეთ ფილიპელების 4:8). მართალია, პავლე აქ გართობაზე არ საუბრობდა, მაგრამ ეს პრინციპი შეგვიძლია გართობასაც მივუსადაგოთ. ამიტომ დაფიქრდით: რასაც უსმენთ, კითხულობთ, უყურებთ ან თამაშობთ, არის მართალი, წმინდა, სიყვარულის ღირსი და ზნეობრივი? ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რა არის ღვთისთვის მისაღები და რა — არა. ჩვენი სურვილიც ხომ ის არის, რომ ცხოვრება იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს შევუსაბამოთ და სუფთა სინდისი შევინარჩუნოთ (ფსალმ. 119:1—3; საქ. 23:1). ახლა ვიმსჯელოთ ნამდვილი ბედნიერების კიდევ ერთ წინაპირობაზე.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲪᲔᲛᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ ᲓᲐᲧᲔᲜᲔᲑᲐ

13. კიდევ რა მოგვანიჭებს ნამდვილ ბედნიერებას? (იოანე 4:23, 24).

13 ᲛᲔᲡᲐᲛᲔ: ნამდვილ ბედნიერებას მივაღწევთ, თუ იეჰოვას თაყვანისცემას პირველ ადგილზე დავაყენებთ. სხვა ვინ იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას, თუ არა ჩვენი შემოქმედი იეჰოვა?! (გამოცხ. 4:11; 14:6, 7). ღმერთს ისე უნდა ვცეთ თაყვანი, როგორც მას სურს, ანუ „სულითა და ჭეშმარიტებით“ (წაიკითხეთ იოანეს 4:23, 24). ჩვენ უნდა მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას, რათა ჩვენი თაყვანისცემა ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას შეესაბამებოდეს. თუნდაც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია, ღვთის თაყვანისცემა ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს. დღესდღეობით 150-ზე მეტი და-ძმაა დაპატიმრებული მხოლოდ იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეა. * მიუხედავად ამისა, ისინი სიხარულს არ კარგავენ, რადგან ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, რომ ილოცონ, იკითხონ ღვთის სიტყვა და სხვებსაც ესაუბრონ ღვთისა და მისი სამეფოს შესახებ. მაშინაც კი, როცა გვლანძღავენ და გვდევნიან, შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, რადგან იეჰოვა მხარში გვიდგას და აუცილებლად დაგვაჯილდოებს (იაკ. 1:12; 1 პეტ. 4:14).

ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

14. რა შეემთხვა ახალგაზრდა ტაჯიკ ძმას და რატომ?

14 თანამედროვე მაგალითებიც ადასტურებს, რომ თუ ადამიანი აკმაყოფილებს იმ სამ პირობას, რომელზეც ვისაუბრეთ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, აუცილებლად გამოცდის ნამდვილ ბედნიერებას. განვიხილოთ ახალგაზრდა ტაჯიკი ძმის, ჯოვიდონ ბობოჯონოვის, შემთხვევა. სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 2019 წლის 4 ოქტომბერს 19 წლის ჯოვიდონი იძულებით წაიყვანეს სახლიდან, თვეების მანძილზე დაკავებული ჰყავდათ და ბოროტმოქმედივით ეპყრობოდნენ. მისმა საქმემ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. როგორც ცნობილი გახდა, მას სცემდნენ და აიძულებდნენ, ერთგულების ფიცი დაედო და სამხედრო ფორმა ჩაეცვა. ამის შემდეგ ის გაასამართლეს და დაპატიმრებული ჰყავდათ მანამ, სანამ ქვეყნის პრეზიდენტმა არ შეიწყალა და არ გაათავისუფლეს. ამ განსაცდელშიც კი ჯოვიდონი ერთგული დარჩა და სიხარული არ დაუკარგავს. როგორ შეძლო მან ეს? ის ყოველთვის იკმაყოფილებდა სულიერ წყურვილს.

ჯოვიდონი განსაცდელის დროსაც კი იღებდა სულიერ საზრდოს, ითვალისწინებდა იეჰოვას ნორმებს და მის თაყვანისცემას პირველ ადგილზე აყენებდა (იხილეთ აბზაცები 15—17).

15. როგორ ახერხებდა ჯოვიდონი სულიერი საზრდოს მიღებას ციხეში?

15 ციხეში ჯოვიდონი მაშინაც კი იკვებებოდა სულიერად, როცა არც ბიბლია ჰქონდა და არც პუბლიკაციები. როგორ ახერხებდა ის ამას? ადგილობრივი და-ძმები მას საკვებს უგზავნიდნენ და ყოველდღიურ მუხლს სურსათის ჩანთებზე უწერდნენ. ამგვარად ის ახერხებდა ბიბლიის კითხვასა და მასზე ფიქრს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის ასეთ რამეს ურჩევს ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ შეხვედრია მსგავს განსაცდელს: „დღევანდელი თავისუფლება მაქსიმალურად გამოიყენეთ იმისთვის, რომ მეტი ცოდნა შეიძინოთ იეჰოვას შესახებ, რაშიც ბიბლიისა და პუბლიკაციების კითხვა დაგეხმარებათ“.

16. რაზე ჰქონდა ჯოვიდონს ყურადღება გადატანილი?

16 ჯოვიდონი ითვალისწინებდა ღვთის ნორმებს. ის არ აჰყოლია ცუდ სურვილებს და არც უწესოდ მოქცეულა, რადგან ყურადღება იეჰოვასა და მის ნორმებზე ჰქონდა გადატანილი. იეჰოვას ქმნილებები მას გულს უხალისებდა. დილით ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებდა, ღამით კი მთვარესა და ვარსკვლავებს აკვირდებოდა. ჯოვიდონი ამბობს: „ასე მამხნევებდა იეჰოვა და სიხარულს მიახლებდა“. თუ მადლიერი ვართ იმისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენი ფიზიკური თუ სულიერი კეთილდღეობისთვის აკეთებს, სიხარულს არ ვკარგავთ. სიხარული კი თავის მხრივ, ყველაფრის ატანაში გვეხმარება.

17. როგორ ეხება 1 პეტრეს 1:6, 7 მათ, ვინც ჯოვიდონის მსგავს სიტუაციაშია?

17 ჯოვიდონი იეჰოვას თაყვანისცემას პირველ ადგილზე აყენებდა. მას კარგად ესმოდა ღვთისადმი ერთგულების მნიშვნელობა. იესომაც ხომ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (ლუკ. 4:8). სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები ჯოვიდონს აიძულებდნენ, უარი ეთქვა თავის მრწამსზე. ის კი დღედაღამ ლოცულობდა და იეჰოვას სთხოვდა, ძალები მიეცა მისთვის, რომ კომპრომისზე არ წასულიყო. სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, ჯოვიდონი დარჩა თავის პოზიციაზე. მართალია, ის იძულებით წაიყვანეს სახლიდან, სცემეს და დააპატიმრეს, მაგრამ ახლა ძალიან გახარებულია, რომ შეიძინა ის, რაც მანამდე არ ჰქონდა — „გამონაცადი რწმენა“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:6, 7).

18. რა დაგვეხმარება, რომ სირთულეების მიუხედავადაც კი ბედნიერები ვიყოთ?

18 იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისთვის. თუ ზემოხსენებულ სამ პირობას დავაკმაყოფილებთ, სირთულეების მიუხედავადაც კი ბედნიერები ვიქნებით და თამამად ვიტყვით: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 89 უსმინეთ, იყავით მორჩილნი და მიიღეთ კურთხევები

^ დღეს ბევრი არ არის ბედნიერი, რადგან ბედნიერებას ხორციელ სიამეებში, სიმდიდრეში, სახელისა და ძალაუფლების მოხვეჭაში ეძებს. თუმცა იესომ ახსნა, რა მოგვიტანდა ნამდვილ ბედნიერებას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რა სამი უმთავრესი პირობა უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ ნამდვილად ბედნიერები ვიყოთ.

^ იხილეთ 2014 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, სტატია „დროულად იღებთ სულიერ საზრდოს?“.

^ დამატებითი ინფორმაციისთვის ვებგვერდზე jw.org იხილეთ „რწმენის გამო დაპატიმრებულები“.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: სასამართლოსთან მდგომი და-ძმები ამხნევებენ ძმას, რომელიც სასამართლოში შეჰყავთ.