1922 — ასი წლის წინ
„ᲦᲛᲔᲠᲗᲘ . . . გვამარჯვებინებს . . . იესო ქრისტეს მეშვეობით“ (1 კორ. 15:57). ეს იყო 1922 წლისთვის არჩეული მუხლი, რომელიც ბიბლიის მკვლევრებს არწმუნებდა, რომ მათი ერთგულება დაჯილდოვდებოდა. იმ წელს იეჰოვამ მართლაც დააჯილდოვა ეს გულმოდგინე მქადაგებლები. მისი დახმარებით მათ თავად დაიწყეს წიგნების ბეჭდვა და აკინძვა და რადიოს მეშვეობით სასიხარულო ცნობის გავრცელება. მათ იმავე წელს ისტორიული მნიშვნელობის კონგრესის ჩატარებაც შეძლეს სიდარ-პოინტში, ოჰაიოს შტატში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იეჰოვა აკურთხებდა თავის ხალხს. ამ კონგრესზე აღებულ კურსს იეჰოვას ორგანიზაცია დღემდე მიჰყვება.
„ᲛᲨᲕᲔᲜᲘᲔᲠᲘ ᲘᲓᲔᲐ“
სამქადაგებლო საქმიანობის ზრდასთან ერთად ლიტერატურაზე მოთხოვნაც გაიზარდა. ჟურნალებს თვითონ ძმები ბეჭდავდნენ ბრუკლინის ბეთელში, ხოლო მაგარყდიან წიგნებს კერძო სტამბებს აბეჭდვინებდნენ. ერთხელ ისე მოხდა, რომ რამდენიმე თვე წიგნების ბეჭდვა შეფერხდა, რამაც სამქადაგებლო საქმეზეც იმოქმედა. ამიტომ ძმა რუტერფორდმა სტამბის ხელმძღვანელთან, რობერტ მარტინთან, იმაზე დაიწყო მსჯელობა, შეძლებდნენ თუ არა საკუთარი ძალებით წიგნების დაბეჭდვას.
„ეს მშვენიერი იდეა იყო, რადგან ნიშნავდა სრული ასოთასაწყობი გალვანოსტეგიური საბეჭდი და ამკინძავი მანქანებით დაკომპლექტებული ახალი სტამბის გახსნას“, — იხსენებდა ძმა მარტინი. ბრუკლინში, კონკორდ-სტრიტის 18-ში, ძმებმა იჯარით აიღეს შენობა და საჭირო დანადგარებიც შეიძინეს.
ყველა სიხარულით არ შეხვედრია ამ ახალ წამოწყებას. იმ კერძო სტამბის დირექტორი, რომელიც მანამდე წიგნებს გვიბეჭდავდა, ჩვენს ახალ სტამბას ესტუმრა. მან ძმებს ასეთი რამ უთხრა: „თქვენ მაღალი კლასის საბეჭდი მოწყობილობები გაქვთ, მაგრამ არავინ გყავთ ისეთი, ვინც ამ ტექნიკაში ერკვევა. ექვს თვეში ეს ყველაფერი მწყობრიდან გამოვა და გადასაყრელი გახდება“.
„მისი სიტყვები ლოგიკურად ჟღერდა, მაგრამ მას ავიწყდებოდა, რომ უფალი ყოველთვის ჩვენთან იყო“, — იხსენებდა ძმა მარტინი. ის არ შემცდარა. მალე ჩვენს ახალ საამკინძაოში დღეში 2 000 წიგნი იკინძებოდა.
ᲠᲐᲓᲘᲝᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲤᲐᲠᲗᲝ ᲛᲐᲡᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
წიგნების ბეჭდვასთან ერთად იეჰოვას ხალხმა სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ახალ მეთოდს, რადიომაუწყებლობასაც მიმართა. 1922 წლის 26 თებერვალს, კვირა
დღეს, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთმა რადიოსადგურმა პირველად გადმოსცა რუტერფორდის მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“.ეს მოხსენება დაახლოებით 25 000-მა ადამიანმა მოისმინა. ზოგმა სამადლობელი წერილიც კი მისწერა ბეთელს. ერთ-ერთი წერილი მოვიდა კალიფორნიაში, კერძოდ, სანტა-ანაში მცხოვრები უილარდ აშფორდისგან. ის მადლობას უხდიდა ძმა რუტერფორდს საინტერესო მოხსენებისთვის. წერილში აგრეთვე ეწერა: „ჩვენი ოჯახის სამი წევრის ავადმყოფობის გამო სახლიდან ვერ გავიდოდით. რომ არა რადიო, ამ მოხსენებას ვერანაირად ვერ მოვისმენდით, თუნდაც მეზობელ კვარტალში წაგეკითხათ“.
მომდევნო კვირებში რადიოთი სხვა მოხსენებებიც გადაიცა. წლის ბოლოსთვის, როგორც „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, სულ მცირე, 300 000-მა ადამიანმა მოისმინა სასიხარულო ცნობა რადიოს მეშვეობით.
დადებითი გამოხმაურებით წახალისებულმა ბიბლიის მკვლევრებმა გადაწყვიტეს, ბრუკლინის ბეთელთან ახლოს, სტეიტენ-აილენდზე, რადიოსადგური აეგოთ. მომდევნო წლებში ისინი აქტიურად იყენებდნენ თავიანთ რადიოსადგურს, დაბლიუ-ბი-ბი-არს, სამეფოს შესახებ ცნობის გასავრცელებლად.
„ADV“
1922 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ გაკეთდა განცხადება, რომ 5—13 სექტემბერს სიდარ-პოინტში კონგრესი გაიმართებოდა. იქ შეკრებილი ბიბლიის მკვლევრები მოუთმენლად ელოდნენ კონგრესის დაწყებას.
შესავალ სიტყვაში ძმა რუტერფორდმა აუდიტორიას ასეთი სიტყვებით მიმართა: „ეჭვი არ მეპარება, რომ უფალი აკურთხებს ამ კონგრესს და ქადაგების საქმე არნახულ მასშტაბებს მიაღწევს“. სხვა მომხსენებლებმაც აქცენტი სამქადაგებლო საქმეზე გააკეთეს.
პარასკევს, 8 სექტემბერს, დაახლოებით 8 000-მა დამსწრემ მოიყარა თავი აუდიტორიაში და ყველა მოუთმენლად ელოდა ძმა რუტერფორდის მოხსენებას. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გაიგებდნენ კონგრესის მოსაწვევებზე დაბეჭდილი სამი ასოს „ADV“-ის მნიშვნელობას. აუდიტორიაში უდავოდ ყველა
შენიშნავდა დახვეულ დიდ პლაკატს, რომელიც სცენის თავზე ეკიდა. 23 წლის ართურ კლაუსი კონგრესზე ოკლაჰომიდან, ქალაქ ტალსიდან, ჩამოვიდა. ის ისეთ ადგილას მოკალათდა, საიდანაც ყველაფერს კარგად მოისმენდა. ართურს გაუმართლა, რადგან დარბაზში ხმის გამაძლიერებლები არ ჰქონდათ.„გაფაციცებით ვუსმენდით თითოეულ სიტყვას“
პროგრამის მსვლელობისთვის ხელი რომ არავის შეეშალა, თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ძმა რუტერფორდის მოხსენების დროს აუდიტორიაში არავის შემოუშვებდნენ. 9:30-ზე ძმა რუტერფორდმა თავისი მოხსენება მათეს 4:17-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებით დაიწყო: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო!“. იმაზე მსჯელობისას, თუ როგორ უნდა მოესმინა ხალხს ამ სამეფოს შესახებ, მან აღნიშნა: „იესომ თქვა, რომ თავისი მოსვლის დროს მკის საქმეს წამოიწყებდა, ანუ თავის ერთგულ და ჭეშმარიტ მიმდევრებს შემოიკრებდა“.
ამ მოხსენების შესახებ ძმა ართურ კლაუსმა აღნიშნა: „თითოეულ სიტყვას გაფაციცებით ვუსმენდით“. მოულოდნელად მან თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც დარბაზის დატოვება მოუწია. ართურმა უხალისოდ დატოვა იქაურობა, რადგან იცოდა, რომ უკან აღარ შემოუშვებდნენ.
რამდენიმე წუთში ართურმა თავი კარგად იგრძნო. ის კვლავ აუდიტორიისკენ გაემართა, საიდანაც მქუხარე ტაშის ხმა შემოესმა. ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა ხდებოდა შიგნით. ართურს იმდენად უნდოდა მოხსენების მოსმენა, რომ მზად იყო, სახურავზეც ასულიყო, და ასეც მოიქცა. სანათურები ღია იყო, ამიტომ დარბაზიდან ხმა შესანიშნავად ესმოდა.
აღმოჩნდა, რომ სახურავზე ართური მარტო არ იყო. მას იქ სხვა ძმებიც დახვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ფრენკ ჯონსონმა, ართურთან მიირბინა და ჰკითხა, პატარა დანა ხომ არ გაქვსო? როცა დადებითი პასუხი მიიღო, ასეთი რამ უთხრა: „შენი თავი იეჰოვამ გამოგვიგზავნა. ხომ ხედავ ამ დახვეულ პლაკატს, ლურსმნებზე რომ არის მიმაგრებული? ყურადღებით მოუსმინე მოსამართლე რუტერფორდს. * როგორც კი მეორედ იტყვის აუწყეთო, ეს ოთხი თოკი გადაჭერი“.
ასე რომ, ართური სხვა ძმებთან ერთად ხელში დანამომარჯვებული ელოდებოდა ნიშანს. ცოტა ხანში მოხსენებამ თავის კულმინაციას მიაღწია და გულანთებულმა რუტერფორდმა დასჭექა: „იყავით უფლის ერთგული და ჭეშმარიტი მოწმეები! იბრძოლეთ, ვიდრე ბაბილონის უკანასკნელი კვალი არ წაიშლება! ყველგან აუწყეთ ეს ცნობა! ქვეყნიერებამ უნდა გაიგოს, რომ იეჰოვა ღმერთია და იესო ქრისტე მეფეთა მეფე და უფალთა უფალია! ეს არის დღეთა დღე. მეფე მეფობს! თქვენ ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“.
ართურმა და სხვა ძმებმა დროულად გადაჭრეს თოკები და პლაკატი კოხტად ჩამოიშალა სცენის თავზე. ამ პლაკატზე ეწერა: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. მაშინღა გაირკვა წარწერის „ADV“-ის მნიშვნელობა. ეს იყო ინგლისური სიტყვის „ადვერთაიზ“-ის პირველი სამი ასო, რაც ნიშნავს „აუწყეთ“.
ᲣᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲔᲡᲘ ᲡᲐᲥᲛᲔ
სიდარ-პოინტში გამართული კონგრესი დაეხმარა ძმებს, რომ ყურადღება სამეფოს შესახებ ქადაგების უმნიშვნელოვანეს საქმეზე გადაეტანათ. ყველა, ვისაც გული უწევდა, სიხარულით ჩაება ამ საქმეში. ერთ-ერთი წიგნების დამტარებელი (ამჟამად ეწოდება „პიონერი“) ოკლაჰომიდან ასეთ რამეს წერდა: „ჩვენ მაღაროელთა დასახლებაში ვქადაგებთ, სადაც ხალხს ძალიან უჭირს“. როგორც ეს ძმა ამბობდა, ხშირად, როცა ჟურნალ „ოქროს ხანიდან“ ადგილობრივებს სასიხარულო ცნობას უზიარებდნენ, ისინი ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ბოლოს მან ასეთი დასკვნა გააკეთა: „ამ ხალხის ნუგეშისცემა უდიდესი კურთხევაა“.
ბიბლიის მკვლევრებს კარგად ესმოდათ, რას ნიშნავდა ლუკას 10:2-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „სამკალი ბევრია, მომკელები კი ცოტანი არიან“. 1922 წლის ბოლოს ისინი უფრო მეტად იყვნენ მოწადინებული, რომ ყველგან ეუწყებინათ სამეფოს შესახებ ცნობა.
^ ძმა რუტერფორდს ზოგჯერ „მოსამართლეს“ უწოდებდნენ, რადგან წარსულში მისურის შტატში დროდადრო მოსამართლის მოვალეობას ასრულებდა.