მკითხველთა შეკითხვები
მანანისა და მწყრის გარდა სხვა არაფერი უჭამიათ ისრაელებს უდაბნოში ხეტიალის დროს?
40 წლის მანძილზე ისრაელები უდაბნოში, ძირითადად, მანანას ჭამდნენ (გამ. 16:35). ორ შემთხვევაში იეჰოვამ ისინი მწყრითაც გამოკვება (გამ. 16:12, 13; რიცხ. 11:31). თუმცა ზოგჯერ ისრაელებს სხვა საკვებზეც მიუწვდებოდათ ხელი.
ზოგჯერ იეჰოვა ისეთ ადგილებში მიიყვანდა თავის ხალხს გასაჩერებლად, სადაც სხვა საკვების მოპოვებაც შეეძლოთ (რიცხ. 10:33). მაგალითად, ასეთი ადგილი იყო ელიმი, სადაც „12 წყარო და 70 პალმის ხე“ იყო, სავარაუდოდ, ფინიკი (გამ. 15:27). ერთ წიგნში ნათქვამია: „ფინიკის პალმები საკმაოდ ბევრგან ხარობს . . . უდაბნოში მილიონობით ადამიანისთვის ფინიკი ძირითადი საკვები პროდუქტია. მისი კურკისგან ზეთსაც წურავენ. გარდა ამისა, ამ ხეს თავშესაფრების მოსაწყობადაც იყენებენ“ (Plants of the Bible).
შესაძლოა ისრაელები უადი-ფეირანში მდებარე დიდ ოაზისთანაც გაჩერდნენ. „უადი-ფეირანი, რომელიც 130 კმ სიგრძისაა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი უადია სინაის ნახევარკუნძულზე“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Discovering the World of the Bible). იმავე წიგნში ვკითხულობთ: «ამ უადის შესართავიდან 45 კმ-ში არის დაახლოებით 5 კმ სიგრძის ულამაზესი ოაზისი, რომელიც ფეირანის ოაზისის სახელითაა ცნობილი და ზღვის დონიდან 610 მ-ში მდებარეობს. ის სინაის ნახევარკუნძულის „ედემის ბაღია“. უძველესი დროიდან მოყოლებული ხალხს ეს ადგილი ფინიკის პალმების კორომების გამო იზიდავს».
ეგვიპტიდან ისრაელებმა ცომი, ვარცლი და, სავარაუდოდ, ცოტაოდენი მარცვლეული და ზეთი წამოიღეს. თუმცა ფაქტია, ეს მარაგი მალე გამოელეოდათ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტიდან მათ ცხვარ-ძროხა და ურიცხვი საქონელიც წამოასხეს (გამ. 12:34—39). თუმცა რთული პირობების გამო ალბათ ბევრი მათგანი დაიხოცებოდა. ზოგსაც ისრაელები დაკლავდნენ საჭმელად თუ შესაწირავად. ზოგ შემთხვევაში ისინი საქონელს ცრუ ღვთაებებსაც კი სწირავდნენ (საქ. 7:39—43). a მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ისრაელებს უდაბნოში ყოფნის დროს სულ ჰყავდათ გარკვეული რაოდენობის ცხვარ-ძროხა. ამაზე მოწმობს ორგული ისრაელებისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვები: „თქვენი ვაჟები . . . უდაბნოში 40 წელი მწყემსები იქნებიან“ (რიცხ. 14:33). ასე რომ, შესაძლოა მათ რძე და დროდადრო ხორციც ჰქონდათ, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ 40 წლის მანძილზე 3 მილიონამდე ადამიანს ჰყოფნოდა. b
მაგრამ საინტერესოა, როგორ ახერხებდნენ ისრაელები თავიანთი პირუტყვის გამოკვებასა და დარწყულებას? c სავარაუდოდ, იმ პერიოდში უდაბნოში მეტი ნალექი იცოდა და დღევანდელობისგან განსხვავებით მცენარეულობის სიმრავლით გამოირჩეოდა. „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ნათქვამია, რომ 3 500 წლის წინ უდაბნოში, სადაც ისრაელები დადიოდნენ, ბევრად მეტი წყალი იყო, ვიდრე დღეს. ამ ტერიტორიაზე ამდენი ღრმა, მშრალი ხევის არსებობა იმაზე მოწმობს, რომ ერთ დროს იქ უხვი ნალექი იცოდა. და მაინც, უდაბნო ხრიოკი და შიშის მომგვრელი ადგილი იყო (კან. 8:14—16). იეჰოვას სასწაულებრივად რომ არ გადმოედინა წყალი, ისრაელები თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად ამოწყდებოდნენ (გამ. 15:22—25; 17:1—6; რიცხ. 20:2, 11).
მოსეს მიერ ისრაელებისთვის ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რატომ აჭმევდა იეჰოვა მათ მანანას. ღმერთს სურდა, გაეგებინებინა მათთვის, რომ „კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (კან. 8:3).
a ბიბლია მოგვითხრობს ორ შემთხვევაზე, როცა უდაბნოში ისრაელებმა იეჰოვას ცხოველური შესაწირავი შესწირეს. პირველად მაშინ, როცა აარონი და მისი ვაჟები მღვდლებად დანიშნეს, მეორედ კი, როცა პასექი აღნიშნეს. ეს ორივე მოვლენა ძვ. წ. 1512 წელს მოხდა, ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს (ლევ. 8:14—9:24; რიცხ. 9:1—5).
b 40 წლის მიწურულს, მიდიანელებთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ისრაელებმა უდაბნოში ასი-ათასობით ცხვარ-ძროხა და სხვა შინაური ცხოველები წამოასხეს (რიცხ. 31:32—34). თუმცა ისინი აღთქმულ მიწაზე შესვლამდე კვლავაც ჭამდნენ მანანას (იეს. 5:10—12).
c არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ისრაელების პირუტყვიც მანანას ჭამდა, რადგან ხალხი სულადობრივად იღებდა მას (გამ. 16:15, 16).