ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 42
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები – ძღვენი ადამიანთა სახით
დააფასეთ „ძღვენი ადამიანთა სახით“
„მაღლა ავიდა და . . . მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით“ (ᲔᲤᲔᲡ. 4:8).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დავინახავთ, რას აკეთებენ ჩვენთვის მომსახურეები, უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები, და როგორ ვაგრძნობინოთ მათ, რომ ვაფასებთ.
1. რა გააკეთა იესომ ჩვენთვის?
ᲘᲔᲡᲝᲡᲐᲕᲘᲗ ხელგაშლილ ადამიანს დედამიწაზე არასდროს უცხოვრია. ის სასწაულებს ახდენდა, რომ სხვებს დახმარებოდა (ლუკ. 9:12–17). მან ჩვენთვის ყველაზე დიდი რამ, თავისი სიცოცხლეც გაიღო (იოან. 15:13). გულუხვობას იესო ზეცად ამაღლების შემდეგაც იჩენს. მან, დაპირებისამებრ, იეჰოვას სთხოვა, თავისი მიმდევრებისთვის წმინდა სული მიეცა, რომელიც ასწავლიდა და ანუგეშებდა მათ (იოან. 14:16, 17, სქ.; 16:13). კრების შეხვედრების მეშვეობით კი გვასწავლის, როგორ მოვამზადოთ ხალხი მოწაფეებად მთელი დედამიწის ზურგზე (მათ. 28:18–20).
2. ვინ იგულისხმებიან „ძღვენში ადამიანთა სახით“? (ეფესოელები 4:7, 8).
2 კიდევ ერთ ძღვენზე, რომელიც იესომ გვიბოძა, მოციქული პავლე საუბრობს. მან დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც იესო ზეცად ამაღლდა, მოგვცა „ძღვენი ადამიანთა სახით“ და ისიც ახსნა, რატომ გააკეთა ეს – მათ მხარი უნდა დაეჭირათ კრებებისთვის (წაიკითხეთ ეფესოელების 4:7, 8; 1:22, 23; 4:11–13). დღეს ვის შეიძლება ვუწოდოთ „ძღვენი ადამიანთა სახით“? ესენი არიან მომსახურეები, უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები. a მართალია, ეს მამაკაცები არასრულყოფილები არიან და შეცდომებსაც უშვებენ, მაგრამ ჩვენი უფალი იესო ქრისტე სწორედ მათ იყენებს ჩვენ დასახმარებლად (იაკ. 3:2). მათ ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ „ძღვენი“.
3. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ დავუჭიროთ მხარი პასუხისმგებელ ძმებს.
3 იესომ კრებას იმიტომ მისცა „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომ აღეშენებინათ ის (ეფეს. 4:12). თუმცა ჩვენც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ ამ საქმეში. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: როდესაც ჩვენი დარბაზი შენდება, ზოგი შეიძლება უშუალოდ იყოს ჩართული მშენებლობის პროცესში, ზოგი კი შეიძლება მშენებლობას სხვაგვარად უჭერდეს მხარს, მაგალითად, საჭმელს ამზადებდეს მშენებლებისთვის ან სხვა საჭირო რაღაცებით ამარაგებდეს მათ. მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია სიტყვითა თუ საქმით მხარი დავუჭიროთ მომსახურეებს, უხუცესებსა თუ სარაიონო ზედამხედველებს. მოდი ვნახოთ, რას აკეთებენ ისინი ჩვენთვის და როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ როგორც მათდამი, ისე იესოსადმი, რომელმაც ასეთი ძღვენი გვიბოძა.
ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲔᲑᲡ „ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ“ ᲫᲦᲕᲔᲜᲘ ᲐᲥᲕᲗ
4. რა დავალებებს ასრულებდნენ პირველ საუკუნეში მომსახურეები?
4 პირველ საუკუნეში კრებაში ზოგი ძმა მომსახურედ მსახურობდა (1 ტიმ. 3:8). როგორც ჩანს, სწორედ მათზე დაწერა პავლემ, რომ სხვების მომსახურების ძღვენი ჰქონდათ (1 კორ. 12:28). ისინი ბევრ საქმეს აკეთებდნენ კრებაში, რათა უხუცესებს მთელი აქცენტი სხვების სწავლებასა და დამწყემსვაზე გადაეტანათ. მაგალითად, შესაძლოა ისინი მონაწილეობას იღებდნენ წმინდა წერილების გადაწერაში ან კიდევ საწერ მასალას ყიდულობდნენ.
5. დღეს რა საქმეს ასრულებენ მომსახურეები?
5 მომსახურეები კრებებში დღესაც არაერთ მნიშვნელოვან დავალებას ასრულებენ (1 პეტ. 4:10). მაგალითად, მათ შეიძლება დაევალოთ კრების საფინანსო ანგარიშების წარმოება, უბნების განაწილება, ლიტერატურის შეკვეთა და და-ძმებისთვის მიწოდება, კრების აპარატურის მართვა, მომწესრიგებლად მსახურება და დარბაზში რაიმეს შეკეთება თუ მოვლა-პატრონობა. ფაქტია, თუ ეს საქმეები არ შესრულდა, კრება სრულფასოვნად ვერ იფუნქციონირებს (1 კორ. 14:40). გარდა ამისა, ზოგ მომსახურეს შეიძლება დაევალოს შუა კვირის შეხვედრაზე რომელიმე პუნქტის წარდგენა და საჯარო მოხსენების წარმოთქმა. ის შეიძლება სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველის დამხმარედაც მსახურობდეს და უხუცესებს სამწყემსო მონახულებაზეც დაყვებოდეს.
6. რატომ ვაფასებთ მომსახურეებს?
6 ვნახოთ, რატომ ემადლიერებიან ჩვენი და-ძმები მომსახურეებს. ბოლივიაში მცხოვრები ერთი და მონიკა b აღნიშნავს: „მომსახურეების წყალობით შეხვედრებზე შეგვიძლია სრულად ვიყოთ კონცენტრირებული სულიერ საზრდოზე – ვიმღეროთ, გავაკეთოთ კომენტარები, მოვისმინოთ მოხსენებები, ვნახოთ სურათები და ვუყუროთ ვიდეოებს. ისინი ზრუნავენ, რომ უსაფრთხოდ შევიკრიბოთ და მათაც შეუფერხებლად მოუსმინონ კრების შეხვედრებს, ვინც ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ერთვება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი დასუფთავების საქმესაც უძღვებიან, აწესრიგებენ კრების საფინანსო დოკუმენტაციას და გვაძლევენ ლიტერატურას. მათ უზომოდ ვემადლიერები“. კოლუმბიაში მცხოვრები ერთი უხუცესის ცოლი, ლესლი, ასეთ რამეს ამბობს: „კარგად ვხედავ, რამდენ რამეში სჭირდება ჩემს მეუღლეს მომსახურეების დახმარება. ისინი რომ არა, ძალიან გაუჭირდებოდა ამდენი საქმის გაძღოლა. ამიტომ მადლიერი ვარ, რომ ამ ძმებს ასეთი მზადყოფნის სული და ენთუზიაზმი აქვთ“. დარწმუნებული ვართ, თქვენც ეთანხმებით ამ დების სიტყვებს (1 ტიმ. 3:13).
7. როგორ შეგვიძლია მომსახურეების მიმართ მადლიერების გამოხატვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 მართალია, ყველანი ვემადლიერებით მომსახურეებს, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ უნდა გამოვხატოთ კიდეც ეს (კოლ. 3:15). ფინეთში მცხოვრები ერთი უხუცესი, კშიშტოფი, ამბობს: „მომსახურეებს ღია ბარათებს და მესიჯებს ვუგზავნი. წერილში ბიბლიურ მუხლს ვციტირებ და კონკრეტულად ვეუბნები, როგორ მამხნევებენ და რატომ ვაფასებ მათ მიერ შესრულებულ საქმეს“. ახალ კალედონიაში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი, პასკალი და ჟიელი, ხშირად ლოცულობს მომსახურეებზე. პასკალი ამბობს: „ბოლო პერიოდში ხშირად ვემადლიერებით იეჰოვას მომსახურეებისთვის და ვთხოვთ, დაეხმაროს მათ და გააძლიეროს“. იეჰოვა ასეთ ლოცვებს არასდროს ტოვებს უპასუხოდ, რაც მთელ კრებაზე დადებითად აისახება (2 კორ. 1:11).
ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲘ ᲙᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲘᲠᲯᲔᲑᲘᲐᲜ
8. რატომ თქვა პავლემ პირველი საუკუნის უხუცესებზე, რომ ირჯებოდნენ თანაქრისტიანებისთვის? (1 თესალონიკელები 5:12, 13).
8 პირველ საუკუნეში მცხოვრები უხუცესები ბევრს ირჯებოდნენ კრებისთვის (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:12, 13; 1 ტიმ. 5:17). ისინი ხელმძღვანელობდნენ მას – ატარებდნენ კრების შეხვედრებს და გადაწყვეტილებებს იღებდნენ უხუცესთა საბჭოს სახელით. გარდა ამისა, და-ძმებს სიყვარულით აძლევდნენ რჩევა-დარიგებას, რათა დაეცვათ ისინი (1 თეს. 2:11, 12; 2 ტიმ. 4:2). რა თქმა უნდა, ეს ძმები თავიანთ ოჯახებსაც არჩენდნენ და მათ სულიერ კეთილდღეობაზეც ზრუნავდნენ (1 ტიმ. 3:2, 4; ტიტ. 1:6–9).
9. დღეს რა საქმეს ასრულებენ უხუცესები?
9 უხუცესები დღესაც ბევრს ირჯებიან კრებისთვის. ისინი ასრულებენ მახარობლის საქმეს, ორგანიზებას უწევენ კრების ტერიტორიაზე ქადაგებას და გვეხმარებიან, უკეთესი მქადაგებლები და მასწავლებლები გავხდეთ (2 ტიმ. 4:5). მათ გასამართლების უფლებამოსილებაც აქვთ მინიჭებული. ისინი ამ საქმეს მიუკერძოებლად ასრულებენ, თუმცა, იმავდროულად, ცდილობენ, გულმოწყალენი იყვნენ. როცა ქრისტიანი სერიოზულ ცოდვას სჩადის, ისინი ეხმარებიან მას, იეჰოვასთან ურთიერთობა აღადგინოს. თუმცა იმასაც ცდილობენ, რომ კრების სიწმინდე დაიცვან (1 კორ. 5:12, 13; გალ. 6:1). რაც ყველაზე მთავარია, უხუცესები მწყემსები არიან (1 პეტ. 5:1–3). კრების დასამწყემსად ისინი ბიბლიის დახმარებით საგულდაგულოდ ამზადებენ მოხსენებებს, უკეთ ეცნობიან კრებაში ყველა და-ძმას და სამწყემსო მონახულებებს აკეთებენ. ზოგი უხუცესი სხვა საქმეებშიც მონაწილეობს, მაგალითად, დარბაზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში, აგრეთვე კონგრესების ორგანიზებაში. ზოგიც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტში ან პაციენტთა მონახულების ჯგუფში მსახურობს. ისინი მართლაც ბევრს ირჯებიან ჩვენთვის!
10. რატომ ვაფასებთ უხუცესებს?
10 იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მზრუნველი მწყემსების წყალობით არც შეგვეშინდებოდა და არც თავზარი დაგვეცემოდა (იერ. 23:4). ფინეთში მცხოვრები ერთი და, იოჰანა, რომლის დედაც სერიოზულად დაავადდა, საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ის ამბობს: „სხვებთან ჩემს გრძნობებზე საუბარი მიჭირს. ამიტომ ძალიან ვაფასებ ერთი უხუცესის მხარდაჭერას, რომელსაც კარგადაც კი არ ვიცნობდი. როცა ჩემს გრძნობებზე დალაპარაკება შევძელი, მან ყურადღებით მომისმინა, ჩემთან ერთად ილოცა და იეჰოვას სიყვარულში დამარწმუნა. ზუსტად არ მახსოვს, რა მითხრა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ იმ მომენტში ძალიან დიდი შვება ვიგრძენი. ეჭვი არ მეპარება, რომ ის იეჰოვამ გამომიგზავნა, თანაც ზუსტად შესაფერის დროს“. ალბათ თქვენც გახსენდებათ, როგორ გამოგიწოდეს უხუცესებმა დახმარების ხელი.
11. როგორ შეგვიძლია უხუცესების მიმართ მადლიერების გამოხატვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
11 იეჰოვას სურვილია, დავაფასოთ უხუცესები, რომლებიც კრებისთვის არაერთ საქმეს ასრულებენ (1 თეს. 5:12, 13). ფინეთში მცხოვრები კიდევ ერთი და, ჰენრიეტა, აღნიშნავს: „უხუცესები ყოველთვის მზად არიან ჩვენ დასახმარებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჩვენზე მეტი დრო და ენერგია აქვთ ან კიდევ სირთულეებს არ ხვდებიან. ამიტომ ზოგჯერ მათთან მივდივარ და უბრალოდ ვეუბნები: „შენ ძალიან კარგი უხუცესი ხარ და მინდოდა, რომ ეს გცოდნოდა“. თურქეთში მცხოვრები ერთი და, სერა, ამბობს: „უხუცესებს „საწვავი“ სჭირდებათ. ამიტომ შეგვიძლია მათ ბარათები დავუწეროთ, სადილად დავპატიჟოთ და მათთან ერთად ვიმსახუროთ“. ალბათ თქვენც გახსენდებათ რომელიმე უხუცესი, რომელსაც განსაკუთრებით ემადლიერებით. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მის მიმართ მადლიერების გამოხატვა (1 კორ. 16:18).
ᲡᲐᲠᲐᲘᲝᲜᲝ ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲔᲑᲘ ᲠᲬᲛᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲐᲨᲘ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲐᲜ
12. კიდევ ვისი მეშვეობით განამტკიცებდა იესო კრებებს პირველ საუკუნეში? (1 თესალონიკელები 2:7, 8).
12 პირველ საუკუნეში იესომ ზოგიერთ უხუცესს სხვა სახითაც დაავალა კრებების განმტკიცება. მისი ხელმძღვანელობით იერუსალიმელმა უხუცესებმა პავლე, ბარნაბა და სხვა ძმები მიმომსვლელ ზედამხედველებად დანიშნეს (საქ. 11:22). უხუცესებისა და მომსახურეების მსგავსად მათაც უნდა განემტკიცებინათ კრებები (საქ. 15:40, 41). და-ძმები რომ გაემხნევებინათ, ისინი დიდ მსხვერპლს იღებდნენ და ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებდნენ საფრთხეში (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8).
13. დღეს რა საქმეს ასრულებენ სარაიონო ზედამხედველები?
13 სარაიონო ზედამხედველებს მუდმივად უწევთ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. კრებების მოსანახულებლად ისინი ზოგჯერ ასობით კილომეტრსაც გადიან. ეს ძმები ყოველკვირეულად რამდენიმე მოხსენებას წარმოთქვამენ, აკეთებენ სამწყემსო მონახულებებს, ატარებენ შეხვედრებს პიონერებთან და უხუცესებთან და უძღვებიან მსახურების შეხვედრებსაც. ისინი კონგრესებისთვისაც ამზადებენ მოხსენებებს და ორგანიზებას უწევენ მათ ჩატარებას. გარდა ამისა, ატარებენ პიონერულ სკოლებს და რაიონის მასშტაბით პიონერებთან შეხვედრას გეგმავენ. თანაც ზოგჯერ ფილიალის დავალებით დამატებით სხვა სასწრაფო საქმეების შესრულებაც უწევთ.
14. რატომ ვაფასებთ სარაიონო ზედამხედველებს?
14 სარაიონო ზედამხედველები მართლაც ბევრს აკეთებენ კრებებისთვის. მაგალითად, თურქეთში მცხოვრები ერთი ძმა აღნიშნავს: „მონახულების შემდეგ ყოველთვის მიჩნდება იმის სურვილი, რომ მეტი დრო დავუთმო და-ძმებს. რამდენი სარაიონო არ გვყოლია, მაგრამ არასდროს დამრჩენია ისეთი განცდა, რომ მათ ჩემთან სასაუბროდ დრო არ ჰქონდათ ან თავს მარიდებდნენ“. ზემოხსენებული იოჰანა იხსენებს, რომ სარაიონო ზედამხედველთან ერთად მსახურების დროს მათ კარდაკარ არავინ დახვდათ. თუმცა მას ის დღე არ ავიწყდება. აი რას აღნიშნავს ის: „ჩემი დები ახალი გადასულები იყვნენ სხვაგან საცხოვრებლად და ძალიან მაკლდნენ. ამიტომ უზომოდ გამამხნევა სარაიონო ზედამხედველის სიტყვებმა. მან აღნიშნა, რომ მართალია, დღეს ოჯახის წევრებისგან შეიძლება შორს გვიწევდეს ცხოვრება, მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში არც მანძილი შეგვიშლის ხელს და არც დრო, რომ მათთან ურთიერთობით გავიხაროთ“. ჩვენ ძალიან ვაფასებთ სარაიონო ზედამხედველებს, რომლებიც ამდენს ირჯებიან ჩვენთვის (საქ. 20:37–21:1).
15. ა) როგორ შეგვიძლია სარაიონო ზედამხედველებისადმი მადლიერების გამოხატვა? (3 იოანე 5–8). ბ) რატომ ვართ მადლიერი პასუხისმგებელი ძმების მეუღლეებისადმი და როგორ უნდა გამოვხატოთ ეს? (იხილეთ ჩარჩო „გახსოვდეთ მათი ცოლები“).
15 მოციქულმა იოანემ მოუწოდა გაიუსს, გამასპინძლებოდა სტუმრად მისულ ძმებს და ღირსეულად გაესტუმრებინა ისინი (წაიკითხეთ 3 იოანეს 5–8). ამ მითითების გათვალისწინება ჩვენც შეგვიძლია. მაგალითად, შეგვიძლია სადილად დავპატიჟოთ სარაიონო ზედამხედველი და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს დავესწროთ. ზემოთ მოხსენიებული ლესლი სხვა მხარეებსაც აღნიშნავს: „იეჰოვას ვთხოვ ხოლმე, რომ იზრუნოს მათ საჭიროებებზე. მე და ჩემი ქმარი წერილებსაც ვწერთ მათ და ვეუბნებით, როგორ დაგვეხმარა მათი მონახულება“. გახსოვდეთ, სარაიონო ზედამხედველები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დროდადრო ავადმყოფობენ, საწუხარს ხვდებიან და გულიც უტყდებათ. ასეთ დროს თქვენი თბილი სიტყვები და პატარა საჩუქარი შეიძლება მათი ლოცვის პასუხი იყოს (იგავ. 12:25).
ᲙᲠᲔᲑᲔᲑᲡ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲔᲚᲘ ᲫᲛᲔᲑᲘ
16. რა კითხვებზე უნდა დაფიქრდნენ ძმები? (იგავები 3:27).
16 მთელ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება საჭიროება პასუხისმგებელ ძმებზე. ამიტომ დაფიქრდით, ძმებო, რისი გაკეთება შეგიძლიათ, მეტად რომ მოემსახუროთ და-ძმებს (წაიკითხეთ იგავების 3:27). ხომ არ შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ, რომ მომსახურედ იმსახუროთ? თუ უკვე მომსახურე ხართ, ხომ არ შეგიძლიათ უხუცესობისკენ ისწრაფოთ? c ან თუ მდგომარეობა ხელს გიწყობთ, სამეფოს მახარობელთა სკოლის განცხადებას ხომ არ შეავსებდით? ეს სკოლა დაგეხმარებათ, იესოს კიდევ უფრო სრულად გამოადგეთ. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ გაგიჭირდებათ რომელიმე მიზნის მიღწევა, იეჰოვას მიმართეთ ლოცვით და ისიც სთხოვეთ, რომ თავისი წმინდა სულით დაგეხმაროთ თქვენთვის მონდობილი ნებისმიერი დავალების შესრულებაში (ლუკ. 11:13; საქ. 20:28).
17. რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ კრებაში პასუხისმგებელი ძმები გვყავს?
17 ის ფაქტი, რომ იესომ კრებებს მისცა „ძღვენი ადამიანთა სახით“, იმაზე მოწმობს, რომ ამ ბოლო დღეებში სწორედ ის მიუძღვის კრებას (მათ. 28:20). ალბათ უზომოდ მადლიერი ხართ, რომ ასეთი მოსიყვარულე, ხელგაშლილი და ყურადღებიანი მეფე გვყავს. ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, გამოხატოთ მადლიერება პასუხისმგებელი ძმების მიმართ. რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდეთ იეჰოვასთვის მადლობის გადახდა, რადგან „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ მისგანაა (იაკ. 1:17).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 99 უამრავი და-ძმა
a „ძღვენში ადამიანთა სახით“ იგულისხმებიან ის უხუცესებიც, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოში, მათ დამხმარეებად და ფილიალის კომიტეტებში მსახურობენ, აგრეთვე ორგანიზაციაში სხვადასხვა დავალებას ასრულებენ.
b ზოგი სახელი შეცვლილია.
c დამატებითი ინფორმაციისთვის, რა უნდა გააკეთოს ძმამ, რომ კრებაში მომსახურედ ან უხუცესად იმსახუროს, იხილეთ 2024 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატიები „ძმებო, მიზნად დაისახეთ მომსახურედ მსახურება!“ და „ძმებო, მიზნად დაისახეთ უხუცესად მსახურება!“.