არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 40

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!

იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს“

იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს“

„ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს ჭრილობებს“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 147:3).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიის მიზანია, ემოციურად ტრავმირებული ადამიანები იეჰოვას მზრუნველობაში დაარწმუნოს. ის იმასაც დაგვანახვებს, როგორ გვეხმარება იეჰოვა საწუხართან გამკლავებაში და ჩვენ როგორ ამოვუდგეთ სხვებს მხარში.

1. რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას თავისი მსახურების მიმართ?

 ᲠᲐ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ აქვს იეჰოვას თავისი მსახურების მიმართ? როცა გვაკვირდება, ის ყველა წვრილმანს ამჩნევს და იცის, გვიჭირს თუ გვილხინს (ფსალმ. 37:18). მას განსაკუთრებით სიამოვნებს, როცა ხედავს, რომ სხვადასხვა ემოციური ტრავმის მიუხედავად ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, გავიღოთ მისთვის. მეტიც, დახმარების გარეშე არ გვტოვებს და გვანუგეშებს.

2. რას აკეთებს იეჰოვა მათთვის, ვისაც ემოციური ჭრილობები აქვთ და ჩვენგან რისი გაკეთება მოითხოვება?

2 ფსალმუნის 147:3-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა გულგატეხილებს ჭრილობებს უხვევს, ანუ ის სათუთად ზრუნავს მათზე, ვისაც ემოციური ტრავმები აქვს. მაგრამ ასეთ დროს ჩვენგანაც მოითხოვება რაღაცის გაკეთება. მაგალითად, ექიმმა რაც არ უნდა გააკეთოს დაშავებული ადამიანის დასახმარებლად, ეს საკმარისი არ იქნება, თუ პაციენტი თავადაც არ მიჰყვება ექიმის დანიშნულებას. ამიტომ ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ეუბნება იეჰოვა თავისი სიტყვით მათ, ვისაც ემოციური ტრავმა აქვთ მიღებული, და იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ მივიღოთ მისგან დახმარება.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲦᲘᲠᲡᲔᲑᲘᲡ ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲡ ᲒᲕᲘᲛᲐᲦᲚᲔᲑᲡ

3. რატომ ებრძვის ზოგი უღირსობის გრძნობას?

3 დღეს მსოფლიოში სიყვარულის დეფიციტია და ამ უსიყვარულო გარემოში ბევრს უღირსობის გრძნობა ტანჯავს. აი რას ამბობს ერთი და ჰელენი a: „მშობლებს არ ვუყვარდით. მეტიც, მამა ძალადობდა ჩვენზე და ყოველდღე იმას ჩაგვჩიჩინებდა, რომ უვარგისები ვიყავით“. შეიძლება თქვენც ცუდად გექცეოდნენ, გამუდმებით შეურაცხგყოფდნენ და გამცირებდნენ. ამ შემთხვევაში შეიძლება ადვილი არ იყოს იმის დაჯერება, რომ სხვებს ნამდვილად უყვარხართ.

4. რაში გვარწმუნებს იეჰოვა? (ფსალმუნი 34:18).

4 როგორც არ უნდა გეპყრობოდნენ სხვები, ერთ რამეში დარწმუნებული უნდა იყოთ – იეჰოვას უყვარხართ და მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ! მან პირადად მიგიზიდათ, რადგან თქვენში კარგი დაინახა (იოან. 6:44). ბიბლია იმაშიც გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:18). ამიტომ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის მზად არის, ყოველთვის გამოგიწოდოთ დახმარების ხელი!

5. როგორ ექცეოდა იესო მათ, ვისაც საზოგადოება არაფრად აგდებდა, და რაზე მეტყველებს ეს?

5 დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს მხედველობიდან არასდროს რჩებოდა ისეთი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება არაფრად აგდებდა, და თანაუგრძნობდა მათ (მათ. 9:9–12). მაგალითად, როცა მძიმე სენით გატანჯული ქალი იესოს მოსასხამზე შეეხო, რომ განკურნებულიყო, იესომ ანუგეშა ის და რწმენის გამო შეაქო (მარ. 5:25–34). მსგავსი მაგალითებიდან კარგად ვხედავთ, რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ასეთი ადამიანების მიმართ, რადგან იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს (იოან. 14:9). ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი ხართ და ის ყოველთვის ამჩნევს თქვენში კარგს, მათ შორის თქვენს რწმენასა და სიყვარულს.

6. როგორ მოვერიოთ უღირსობის გრძნობას?

6 რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ უღირსობის გრძნობა კვლავ გეუფლებათ? წაიკითხეთ და იფიქრეთ ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, საიდანაც ჩანს, როგორ გაფასებთ იეჰოვა b (ფსალმ. 94:19). იმ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეთ ან გული გაგიტყდათ იმის გამო, რომ სხვებივით არ გამოგდით ყველაფრის კეთება? გახსოვდეთ, რომ იეჰოვას არ აქვს არარეალური მოლოდინები. ამიტომ ნუ შეადარებთ თავს სხვებს და ზედმეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს (ფსალმ. 103:13, 14). და კიდევ ერთი: რისი გაკეთება შეგიძლიათ მაშინ, თუ ემოციური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდით? გახსოვდეთ, თქვენ ბრალი არაფერში მიგიძღვით! ასეთი მოპყრობა თქვენ არ დაგიმსახურებიათ. ერთადერთი დამნაშავე მოძალადეა და იეჰოვა სწორედ მას მოსთხოვს პასუხს და არა თქვენ (1 პეტ. 3:12). აი რას ამბობს სანდრა, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო: „იეჰოვას გამუდმებით ვთხოვ, რომ მისი თვალით ვუყურო საკუთარ თავს“.

7. როგორ შეიძლება გამოგადგეთ იეჰოვას მსახურებაში ის, რაც წარსულში გადაიტანეთ?

7 იმან, რაც წარსულში გადაიტანეთ, დიდი ალბათობით, უფრო თანამგრძნობი გაგხადათ და არ გიჭირთ სხვების მდგომარეობაში შესვლა. შესაბამისად, მათ დასახმარებლად, ვინც სხვადასხვა განსაცდელშია, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვასაც სწორედ ეს უნდა. მან ხომ იმის პატივი გვარგუნა, რომ სამქადაგებლო საქმეში მისი თანამშრომლები ვიყოთ (1 კორ. 3:9). ზემოხსენებული ჰელენი იეჰოვასა და და-ძმების დახმარებით მოერია მტანჯველ გრძნობებს. ის ახლა პიონერად მსახურობს და თავად ეხმარება სხვებს. „თავი არარაობა მეგონა, მაგრამ დღეს ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ იეჰოვას. მიხარია, რომ იმის პატივსაც მარგუნებს, სხვებს დახმარების ხელი გავუწოდო“, – ამბობს ჰელენი.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛ ᲒᲕᲞᲐᲢᲘᲝᲑᲡ

8. რა დაპირებას ვკითხულობთ ესაიას 1:18-ში?

8 ზოგ იეჰოვას მსახურს მოსვენებას არ აძლევს ნათლობამდე თუ ნათლობის შემდეგ დაშვებულ შეცდომებზე ფიქრი. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გახსოვდეთ: იეჰოვა უდიდესმა სიყვარულმა აღძრა, ჩვენი ცოდვების მისატევებლად გამოსასყიდი გაეღო და მას ძალიან სურს, მივიღოთ ეს საჩუქარი. ის გვარწმუნებს, რომ მას შემდეგ, რაც მასთან „საქმეებს მოვაგვარებთ“ c, ბოლომდე დაივიწყებს ჩვენს ცოდვებს (წაიკითხეთ ესაიას 1:18). მართლაც რამხელა ბედნიერებაა, რომ ისეთ ღმერთს ვემსახურებით, რომელიც ბოლომდე ივიწყებს ჩვენს შეცდომებს, კარგი კი ყოველთვის ახსოვს (ფსალმ. 103:9, 12; ებრ. 6:10).

9. კიდევ რა უნდა გააკეთოთ, თუ მოსვენებას გიკარგავთ წარსულში დაშვებული შეცდომები?

9 კიდევ რა უნდა გააკეთოთ, თუ მოსვენებას გიკარგავთ წარსულში დაშვებული შეცდომები? ეცადეთ, მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რასაც ახლა აკეთებთ იეჰოვასთვის და რის გაკეთებასაც მომავალში შეძლებთ. ამ მხრივ კარგ მაგალითს გვაძლევს მოციქული პავლე. ფაქტია, ის ნანობდა, სასტიკად რომ დევნიდა ქრისტიანებს, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვამ აპატია წარსულში ჩადენილი ცოდვები (1 ტიმ. 1:12–15). ამიტომ გამუდმებით იმაზე არ ფიქრობდა, რაც წარსულში დარჩა. ის ცდილობდა, ისევე დაევიწყებინა თავისი შეცდომები, როგორც იმას ივიწყებდა, რასაც ფარისევლობაში მიაღწია (ფილ. 3:4–8, 13–15). მას მთელი ყურადღება მსახურებაზე ჰქონდა გადატანილი და მზერას მომავლისკენ აპყრობდა. წარსულის შეცვლა არც ჩვენ შეგვიძლია. ამიტომ მთელი ყურადღება იეჰოვას განდიდებაზე უნდა გადავიტანოთ და იმ კურთხევებზე ვიფიქროთ, რომლებიც წინ გველის.

10. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ წარსულში თქვენ მიერ დაშვებული შეცდომის გამო სხვებსაც მიადგათ ზიანი?

10 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ წარსულში თქვენ მიერ დაშვებული შეცდომის გამო სხვებსაც მიადგათ ზიანი? გულწრფელად მოიბოდიშეთ და, რაც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად (2 კორ. 7:11). იეჰოვასაც სთხოვეთ, დაეხმაროს მას. გჯეროდეთ, ის ერთსაც და მეორესაც მოგცემთ მსახურების გასაგრძელებლად საჭირო ძალას და დაგეხმარებათ, დაიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე.

11. რას სწავლობთ წინასწარმეტყველი იონას შემთხვევიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 განვიხილოთ წინასწარმეტყველი იონას მაგალითი. როცა იეჰოვამ ნინევეში წასვლა დაავალა, ის არ დაემორჩილა მას და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. თუმცა იეჰოვამ შეაგონა და მანაც ისწავლა თავის შეცდომაზე (იონ. 1:1–4, 15–17; 2:7–10). ამის შემდეგ იეჰოვამ კიდევ ერთხელ მისცა მას ნინევეში წასვლის შესაძლებლობა. ამჯერად იონა უყოყმანოდ დაემორჩილა მას. მართალია, მან ინანა წარსულში დაშვებული შეცდომა, მაგრამ ამის გამო უარი არ უთქვამს დავალების შესრულებაზე. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, ვისწავლოთ შეცდომებზე და ნებისმიერი დავალება შევასრულოთ, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს (იონ. 3:1–3).

მას შემდეგ, რაც იონა თევზმა ამოანთხია, იეჰოვამ ის კვლავ გაგზავნა ნინევეში თავისი ცნობის გასაცხადებლად (იხილეთ აბზაცი 11).


ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲡᲣᲚᲘᲗ ᲒᲕᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑს

12. როგორ გვეხმარება იეჰოვა განსაცდელების დროს? (ფილიპელები 4:6, 7).

12 როცა ჩვენს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია ტრიალდება, იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვანუგეშებს. აი რას აღნიშნავენ რონი და კაროლი, რომელთა ვაჟმაც თავი მოიკლა: „ცხოვრებაში არაერთ განსაცდელს შევხვედრივართ, მაგრამ ეს ისეთი ტკივილი იყო, რომ სიტყვებით შეუძლებელია მისი გადმოცემა. უძილო ღამეების დროს იეჰოვას ვთხოვდით დახმარებას და ვხედავდით, როგორ სრულდებოდა ჩვენზე ფილიპელების 4:6, 7-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი სიტყვები“. თუ თქვენც აღმოჩნდებით ურთულესი განსაცდელის პირისპირ, გული გადმოუღვარეთ იეჰოვას. გახსოვდეთ, ის მზადაა, იმდენჯერ და იმდენ ხანს მოგისმინოთ, რამდენჯერაც და რამდენ ხანსაც თქვენ გექნებათ მასთან საუბრის სურვილი (ფსალმ. 86:3; 88:1). გამუდმებით სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული და ისიც არასდროს დატოვებს უყურადღებოდ თქვენს თხოვნას (ლუკ. 11:9–13).

13. როგორ გვეხმარება წმინდა სული? (ეფესოელები 3:16).

13 თუ განსაცდელმა ძალა გამოგაცალათ, იეჰოვას წმინდა სულს შეუძლია მსახურების გასაგრძელებლად საჭირო ძალა შეგმატოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 3:16). მოვიყვანოთ ერთი დის, ფლორას, მაგალითი. ის და მისი ქმარი მისიონერებად მსახურობდნენ, თუმცა მოგვიანებით ქმარმა უღალატა და ოჯახი დაენგრათ. ფლორა ამბობს: „უზომოდ ვიტანჯებოდი და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. იეჰოვას წმინდა სულს ვთხოვდი, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მანაც მანუგეშა და ძალა შემმატა. მისი წყალობით შევძელი ფეხზე დადგომა, არადა ეს თავიდან წარმოუდგენელი მეჩვენებოდა“. ამ ამბის შემდეგ ფლორას კიდევ უფრო განუმტკიცდა იეჰოვასადმი ნდობა და მეტად დარწმუნდა, რომ ის სხვა განსაცდელების დროსაც ამოუდგებოდა მხარში. ის დასძენს: „ფსალმუნის 119:32-ში ვკითხულობთ: „მთელი გულით მივყვები შენს მცნებებს, რადგან შენ მმატებ ცოდნას“. ეს სიტყვები ზუსტად აღწერს იმას, რაც იეჰოვამ ჩემთვის გააკეთა“.

14. რა შემთხვევაში მივცემთ წმინდა სულს ჩვენზე ზემოქმედების საშუალებას?

14 წმინდა სულმა თქვენზე რომ იმოქმედოს, აუცილებელია, ლოცვების თანახმად მოიქცეთ. ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად დაკავდეთ სულიერი საქმეებით, მაგალითად, დაესწროთ კრების შეხვედრებს და იქადაგოთ. გარდა ამისა, ყოველდღე იკითხოთ ბიბლია და გონება იეჰოვას აზრებით აივსოთ (ფილ. 4:8, 9). შეგიძლიათ ისეთი ისტორიებიც წაიკითხოთ, რომლებიც თქვენს სიტუაციას მიესადაგება და იფიქროთ, როგორ აძლევდა იეჰოვა თავის მსახურებს მოთმინების ძალას. ზემოხსენებული სანდრა, რომელსაც არაერთი პრობლემის გადალახვა მოუწია, ამბობს: „განსაკუთრებით გამამხნევა იოსების შემთხვევამ. მართალია, ის ბევრ განსაცდელს და უსამართლობას შეხვდა, მაგრამ იეჰოვასთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა“ (დაბ. 39:21–23).

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲝᲠᲬᲛᲣᲜᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ ᲒᲕᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑᲡ

15. ვინ შეიძლება გვანუგეშოს და როგორ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 იეჰოვა ხშირად სწორედ და-ძმების მეშვეობით გვაგრძნობინებს თავის სიყვარულს. ამიტომ სირთულეების დროს თანამორწმუნეები შეიძლება ჩვენთვის ნუგეშის წყარო აღმოჩნდნენ (კოლ. 4:11). მათ შეიძლება უბრალოდ დრო დაგვითმონ, მოგვისმინონ და თანაგვიგრძნონ ან კიდევ ჩვენთან ერთად ილოცონ და რომელიმე ბიბლიური მუხლით გვანუგეშონ d (რომ. 15:4). თანაქრისტიანებმა შეიძლება ზოგჯერ იეჰოვას თვალსაზრისი დაგვანახვონ სხვადასხვა საკითხზე და ამგვარად დაგვეხმარონ წონასწორობის აღდგენაში, ზოგჯერ კი პრაქტიკულადაც აღმოგვიჩინონ დახმარება. მაგალითად, სადილი მოგვიმზადონ, როცა არაფრის გაკეთების თავი არ გვაქვს.

სანდო და სულიერად მოწიფულ ქრისტიანებს თქვენი ნუგეში და მხარდაჭერა შეუძლიათ (იხილეთ აბზაცი 15).


16. რა უნდა გავაკეთოთ და-ძმებისგან დახმარების მისაღებად?

16 და-ძმებს ძალიან ვუყვარვართ და ჩვენი დახმარების სურვილიც აქვთ (იგავ. 17:17). თუმცა ისინი შეიძლება ვერ მიხვდნენ, რას განვიცდით ან რა გვჭირდება (იგავ. 14:10). ამიტომ საჭიროა, თავად ვითხოვოთ დახმარება. მაგალითად, თუ ემოციურ ტკივილს განიცდით, კარგი იქნება, რომელიმე მოწიფულ ქრისტიანს გაუზიაროთ თქვენი გრძნობები და კონკრეტულად უთხრათ, რა მხრივ გჭირდებათ დახმარება. შეგიძლიათ ერთ ან ორ ისეთ უხუცესს გაესაუბროთ, რომლებთანაც თავისუფლად ხართ. ზოგი და თავს კომფორტულად უფრო სხვა მოწიფულ დებთან გრძნობს, ამიტომ შეუძლიათ მათ გაესაუბრონ.

17. რატომ შეიძლება ვერ მივიღოთ სხვებისგან დახმარება?

17 ძლიერი ემოციური ტკივილის დროს შეიძლება არავისთან ურთიერთობა არ გსურდეთ და ყველას გაერიყოთ. ამას შეიძლება ისიც დაემატოს, რომ რომელიმე თანაქრისტიანმა ვერ გაგიგოთ ან გულსატკენი რამ გითხრათ (იაკ. 3:2). როგორც არ უნდა იყოს, ნუ ჩამოშორდებით და-ძმებს. იეჰოვა ხომ სწორედ მათი მეშვეობით გვამხნევებს. ერთი უხუცესი, გავინი, რომელიც დეპრესიით იტანჯება, ამბობს, რომ ხშირად არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს. ამის მიუხედავად გავინი მაინც ცდილობს და-ძმებთან ურთიერთობას, რის შემდეგაც თავს აშკარად უკეთ გრძნობს ხოლმე. ერთი და ამი ამბობს: „ჩემი წარსულის გამო მიჭირს ხალხის ნდობა. თუმცა ვცდილობ, იეჰოვას მივბაძო და ვისწავლო და-ძმების სიყვარული და ნდობა. ვიცი, რომ ასე იეჰოვასაც ვახარებ და მეც კარგად ვგრძნობ თავს“.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲐᲞᲘᲠᲔᲑᲔᲑᲘ ᲒᲕᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑᲡ

18. რას უნდა მივაპყროთ მზერა და დღეს რისი გაკეთება შეგვიძლია?

18 ძალიან მალე იეჰოვა ყველანაირი ტკივილის მიზეზს აღმოფხვრის. ამიტომ მზერა მომავალს უნდა მივაპყროთ (გამოცხ. 21:3, 4). იმ დროს მტკივნეული მოგონებები გულს აღარავის დაუმძიმებს (ეს. 65:17). თუმცა როგორც დავინახეთ, იეჰოვა დღესვე გვიხვევს ჭრილობებს. ამიტომ მიიღეთ მოსიყვარულე მამის დახმარება და არასდროს შეგეპაროთ ეჭვი, რომ ის ზრუნავს თქვენზე (1 პეტ. 5:7).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!

a სახელები შეცვლილია.

c იმისთვის, რომ იეჰოვასთან „საქმეები მოვაგვაროთ“, მას პატიება უნდა ვთხოვოთ და შევწყვიტოთ არასწორად მოქცევა. ეს იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ვინანიებთ. თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, დახმარებისთვის კრების უხუცესებსაც უნდა მივმართოთ (იაკ. 5:14, 15).

d შეგიძლიათ შესაბამისი ბიბლიური მუხლები მოიძიოთ წიგნში „ბიბლია – ცხოვრების გზამკვლევი“, საკითხები „ნერვიულობა“ და „ნუგეში“.