არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 43

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

მოიშორეთ ეჭვები

მოიშორეთ ეჭვები

„ყოველივე შეამოწმეთ“ (1 ᲗᲔᲡ. 5:21).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეჭვებმა ხელი არ შეგვიშალოს იეჰოვას მსახურებაში.

1, 2. ა) რაში შეიძლება დაეჭვდნენ იეჰოვას მსახურები? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

 ᲓᲠᲝᲓᲐᲓᲠᲝ შეიძლება ყველა ასაკის ადამიანს გაუჩნდეს ეჭვები. a მაგალითად, ახალგაზრდას შეიძლება აფიქრებდეს, რამდენად არის იეჰოვა მისით დაინტერესებული, რის გამოც თავს იკავებდეს ნათლობისგან. შუახნის ასაკის ქრისტიანს კი, რომელმაც ახალგაზრდობაში კარიერაზე წინ იეჰოვას მსახურება დააყენა, შეიძლება აფიქრებდეს, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან ახლა თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდეს თავი. ხანდაზმულ ქრისტიანს კი შეიძლება გული გაუტყდეს იმის გამო, რომ უწინდებურად ვეღარ იხარჯება იეჰოვასთვის. შეიძლება თქვენც გაფიქრებთ: მართლა მამჩნევს იეჰოვა? ნამდვილად ღირდა მსახურების გამო ამდენ მსხვერპლზე წასვლა? კვლავაც ვაკეთებ რაიმე ღირებულს იეჰოვასთვის?

2 თუ ასეთ ეჭვებს არ მოვიშორებთ, შეიძლება რწმენა შეგვერყეს და იეჰოვას მსახურებაც კი შევწყვიტოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, ბიბლიური პრინციპების საფუძველზე როგორ დავძლიოთ ეჭვები და დავრწმუნდეთ, რომ 1) იეჰოვა დაინტერესებულია ჩვენით, 2) წარსულში სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და 3) მის თვალში ჩვენი მსახურება კვლავაც ღირებულია.

ᲠᲐ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲔᲭᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲫᲚᲔᲕᲐᲨᲘ

3. რა გვეხმარება ეჭვების დაძლევაში?

3 ეჭვების დაძლევაში ღვთის სიტყვა გვეხმარება. თუ ჩვენს კითხვებზე პასუხებს ბიბლიაში მოვიძიებთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას და მტკიცედ ვიდგებით რწმენაში (1 კორ. 16:13).

4. როგორ შეგვიძლია 1 თესალონიკელების 5:21-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება?

4 წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:21. ბიბლია მოგვიწოდებს, ყოველივე შევამოწმოთ. რა დაგვეხმარება ამაში? თუ რაიმე გვაეჭვებს, საჭიროა, ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ღმერთი შეიძლება არ იყოს მისით დაინტერესებული, ეს არსებულ ფაქტად არ უნდა მიიჩნიოს. მან ამ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისი უნდა გაიგოს, რაშიც ბიბლია დაეხმარება.

5. როგორ გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი?

5 იეჰოვას „ხმის გაგება“ მისი სიტყვის მეშვეობით შეგვიძლია. თუმცა ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად მხოლოდ ბიბლიის წაკითხვა არ კმარა. საჭიროა, კონკრეტულად მოვიძიოთ პასუხი. ამაში ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საკვლევი საშუალებები დაგვეხმარება (იგავ. 2:3–6). ჩვენ იეჰოვასაც უნდა ვთხოვოთ, რომ კვლევის დროს საჭირო აზრები გვაპოვნინოს, შემდეგ კი დავუკვირდეთ, რა პრინციპების დანახვა შეგვიძლია და როგორ გამოვიყენოთ ისინი. კარგი იქნება, თუ ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მაგალითებსაც გამოვიკვლევთ, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში იყვნენ.

6. კიდევ როგორ შეგვიძლია იეჰოვას „ხმის გაგება“?

6 იეჰოვას „ხმის გაგება“ კრების შეხვედრებზეც შეგვიძლია. ამიტომ თუ რეგულარულად ვესწრებით კრების შეხვედრებს, ჩვენს კითხვაზე პასუხი შეიძლება ვინმეს კომენტარში ან მოხსენებაში მოვისმინოთ (იგავ. 27:17). მოდი ვნახოთ, კონკრეტულ საკითხებზე როგორ შეგვიძლია ბიბლიაში პასუხების მოძიება.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲓᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲩᲕᲔᲜᲘᲗ

7. რა კითხვა შეიძლება დაებადოს ადამიანს?

7 ზოგს შეიძლება აფიქრებს, საერთოდ ამჩნევს თუ არა იეჰოვა მას. თუ ადამიანს ასეთი ფიქრები უჩნდება, შეიძლება წარმოუდგენელიც კი ეგონოს სამყაროს შემოქმედთან დამეგობრება. შესაძლოა ასეთი ფიქრები აწუხებდა მეფე დავითსაც, როცა დაწერა: „იეჰოვა, ვინ არის კაცი, რომ ამჩნევ, უბრალო მოკვდავი, ყურადღებას რომ აქცევ?!“ (ფსალმ. 144:3). ვნახოთ, როგორ გავიქარწყლოთ ეჭვები.

8. რას ამჩნევს იეჰოვა ადამიანებში? (1 სამუელი 16:6, 7, 10–12).

8 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას არ რჩება მხედველობიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი არიან. გავიხსენოთ ერთი შემთხვევა. ერთხელ იეჰოვამ სამუელს დაავალა, რომ იესესთან წასულიყო და მისი ვაჟებიდან ერთ-ერთი ისრაელის მომავალ მეფედ ეცხო. როცა სამუელი იესესთან მივიდა, მან თავის შვიდ ვაჟს მოუხმო, მაგრამ უმცროსი b ვაჟი, დავითი, მასთან არ მიუყვანია. არადა იეჰოვას სწორედ დავითი ჰყავდა არჩეული (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:6, 7, 10–12). და ეს იმიტომ, რომ ხედავდა, როგორი იყო ის სინამდვილეში – ეს ახალგაზრდა აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას.

9. რატომ არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი, რომ იეჰოვა პირადად არის თქვენით დაინტერესებული? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

9 დაფიქრდით, დღემდე როგორ დაგარწმუნათ იეჰოვამ, რომ დაინტერესებულია თქვენით. ის გაძლევთ რჩევებს, რომლებიც კონკრეტულად თქვენს სიტუაციას მიესადაგება (ფსალმ. 32:8). განა ეს იმის დასტური არაა, რომ ის ძალიან კარგად გიცნობთ?! (ფსალმ. 139:1). თუ გამოიყენებთ მის რჩევებს, დაინახავთ, როგორ ამართლებს ისინი. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ იეჰოვას აღელვებს თქვენი მდგომარეობა (1 მატ. 28:9; საქ. 17:26, 27). ისიც გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ამჩნევს, რა ძალისხმევის ფასად გიჯდებათ მისი მსახურება. ის ხედავს, როგორი პიროვნება ხართ და მეგობრობის ხელს გიწვდით (იერ. 17:10). მას ძალიან უნდა, თქვენც დაუმეგობრდეთ (1 იოან. 4:19).

„თუ ეძიებ [იეჰოვას], . . თავს გაპოვნინებს“ (1 მატ. 28:9) (იხილეთ აბზაცი 9). c


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲬᲐᲠᲡᲣᲚᲨᲘ ᲡᲬᲝᲠᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ

10. რა კითხვები შეიძლება გაგვიჩნდეს?

10 წლების მატებასთან ერთად ვინმე შეიძლება დაეჭვდეს, რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო წარსულში. მაგალითად, იეჰოვას მსახურებაში მეტად რომ დახარჯულიყო, ზოგმა შეიძლება უარი თქვა კარიერაზე ან აწყობილ საქმეზე. ახლა კი, წლების გასვლის შემდეგ, ხედავს, რომ, ვინც საპირისპირო არჩევანი გააკეთა, ფინანსურად უზრუნველყოფილია. ამის ფონზე შეიძლება იფიქროს, ნამდვილად ღირდა თუ არა მსახურების გამო ასეთ მსხვერპლზე წასვლა.

11. რა ფიქრები უკარგავდა მოსვენებას 73-ე ფსალმუნის დამწერს?

11 მოდი დავფიქრდეთ 73-ე ფსალმუნის დამწერზე. ის ხედავდა ხალხს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იეჰოვას, მაგრამ არც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდათ და არც არაფერი აკლდათ (ფსალმ. 73:3–5, 12). მათი მოჩვენებითი წარმატების ფონზე მას ისეთი განცდა დაეუფლა, რომ იეჰოვას მსახურება არ ღირდა. ასეთი ფიქრების გამო მას მთელი დღე მოსვენება ჰქონდა დაკარგული (ფსალმ. 73:13, 14). თუმცა ის მოერია საკუთარ თავს. ვნახოთ, როგორ.

12. როგორ მოერია ფსალმუნმომღერალი თავს? (ფსალმუნი 73:16–18).

12 წაიკითხეთ ფსალმუნის 73:16–18. ფსალმუნმომღერალი წმინდა ადგილას წავიდა, სადაც მშვიდ გარემოში შეძლო თავის კითხვებზე დაფიქრება. მან გაიაზრა, რომ, ერთი შეხედვით, დალხენილი ცხოვრების მიუხედავად ამ ადამიანებს მომავლის იმედი არ ჰქონდათ. ის მიხვდა, რომ იეჰოვას მსახურება საუკეთესო არჩევანი იყო და კვლავ დაიბრუნა მისი მსახურების სურვილი (ფსალმ. 73:23–28).

13. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ნანობთ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში ღვთის სიტყვა დიდ დახმარებას გაგიწევთ. დაფიქრდით იმაზე, რასაც პირადად თქვენ ფლობთ. მაგალითად, რა უნდა იყოს იმის ფასი, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია თქვენდამი და მხარს გიჭერთ?! ქვეყნიერებაში ადამიანებს შეიძლება, ერთი შეხედვით, ყველაფერი აწყობილი ჰქონდეთ, მაგრამ მათ მომავლის იმედი არ გააჩნიათ. თქვენ კი იეჰოვა ისეთ მომავალს გპირდებათ, რომლის წარმოდგენაც ადამიანის გონებას გაუჭირდება (ფსალმ. 145:16). დაფიქრდით იმაზეც, რომ სინამდვილეში ვერავინ ვიტყვით, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება, განსხვავებული არჩევანი რომ გაგვეკეთებინა. თუმცა ერთი რამ უცვლელია: ვინც იეჰოვასა და მოყვასის სიყვარულით დგამს რაიმე ნაბიჯს, არასდროს აგებს!

ხშირად იფიქრეთ, როგორ მომავალს გპირდებათ იეჰოვა (იხილეთ აბზაცი 13). d


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲕᲐᲚᲨᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ

14. რა მდგომარეობაშია ზოგი და რა აფიქრებთ?

14 ზოგი იეჰოვას მსახური ასაკის, შერყეული ჯანმრთელობის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო ვერ აკეთებს იმდენს, რამდენის სურვილიც აქვს. ამის გამო შეიძლება იფიქროს, რომ მის მსახურებას იეჰოვას თვალში ფასი არ აქვს და აღარ არის მისთვის გამოსადეგი.

15. რაში იყო დარწმუნებული 71-ე ფსალმუნის დამწერი?

15 71-ე ფსალმუნის დამწერსაც მსგავსი გრძნობები ჰქონდა. მან იეჰოვას სთხოვა: „ნუ მიმატოვებ დაუძლურებულს“ (ფსალმ. 71:9, 18). თუმცა ასეთი გრძნობების მიუხედავად მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ერთგულების შემთხვევაში იეჰოვა უხელმძღვანელებდა და მხარს დაუჭერდა. ფსალმუნმომღერალი მიხვდა, რომ როგორი შეზღუდული მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ იმას აკეთებს, რაც შეუძლია, ეს იეჰოვას უზომოდ ახარებს (ფსალმ. 37:23–25).

16. რისი გაკეთება შეუძლიათ ხანდაზმულებს? (ფსალმ. 92:12–15).

16 ხანდაზმულებო, იეჰოვას თვალით შეხედეთ საკუთარ თავს. დარწმუნებული იყავით, რომ ფიზიკური უძლურების მიუხედავად ის დაგეხმარებათ, კვლავაც უერთგულოთ მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 92:12–15). მთავარია, მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ და ნაკლები იფიქროთ იმაზე, რასაც ვეღარ აკეთებთ. თქვენი მაგალითი ან პირადი ინტერესი შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს და-ძმებისთვის. ამიტომ მოუყევით მათ, როგორ გედგათ მხარში იეჰოვა წლების განმავლობაში და ესაუბრეთ, როგორ ელით მისი დაპირებების შესრულებას ახალ ქვეყნიერებაში. არც ის დაგავიწყდეთ, რომ მათთვის წარმოთქმულ თქვენს ლოცვებს ძალიან დიდი ძალა აქვს (1 პეტ. 3:12). ასე რომ, რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყოთ, ყველას შეგვიძლია იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის რაღაც ღირებულის გაკეთება.

17. რატომ არ უნდა შევადაროთ თავი სხვებს?

17 შესაძლოა დროდადრო სხვებს შევადაროთ თავი. მაგრამ ნუ მოიქცევით ასე! გახსოვდეთ, იეჰოვა არავის გადარებთ (გალ. 6:4). მაგალითად, მარიამმა იესოს ძვირფასი ნელსაცხებელი სცხო, გაჭირვებულმა ქვრივმა კი მხოლოდ ორი ლეპტის გაღება შეძლო (ლუკ. 21:1–4; იოან. 12:3–5). მაგრამ იესოს ისინი არ შეუდარებია ერთმანეთისთვის და ორივეში ძლიერი რწმენა დაინახა. იეჰოვასაც ზუსტად ასეთივე ხედვა აქვს. ასე რომ, როგორი მცირედიც არ უნდა გეჩვენებოდეთ, რასაც იეჰოვასთვის იღებთ, გახსოვდეთ, ის ძალიან აფასებს ამას. ის ხედავს თქვენს რწმენასა და სიყვარულს!

18. როგორ მოვიშოროთ ეჭვები? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „იეჰოვას სიტყვა გვეხმარება, მოვიშოროთ ეჭვები“).

18 როგორც დავინახეთ, დროდადრო ყველას გვიჩნდება ეჭვები. თუმცა ბიბლიის დახმარებით შევძლებთ მათ მოშორებას. ასე რომ, თუ რამე გაეჭვებთ, მოიძიეთ პასუხები. ეს დაგეხმარებათ, გაფანტოთ ეჭვები. გახსოვდეთ, იეჰოვა პირადად არის თქვენით დაინტერესებული. ის აფასებს ყველაფერს, რაც მისთვის გაგიღიათ, და აუცილებლად დაგაჯილდოვებთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, იეჰოვას უყვარს თავისი ყველა მსახური და ზრუნავს მათზე.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ამ სტატიაში მოხსენიებულ ეჭვებში ის არ იგულისხმება, რომ ადამიანს რწმენა აკლია ან იეჰოვას დაპირებებში ეპარება ეჭვი. აქ საუბარი იქნება ისეთ ეჭვებზე, რომლებიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ იეჰოვა არ აფასებს ან წარსულში მთლად სწორი გადაწყვეტილებები ვერ მიიღო.

b ბიბლიაში კონკრეტულად არ წერია, რამდენი წლის იყო დავითი, როცა ის იეჰოვამ აირჩია. თუმცა, სავარაუდოდ, ის მოზარდი უნდა ყოფილიყო (იხილეთ 2011 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 29, აბზ. 3).

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ერთი ახალგაზრდა და იეჰოვას თვალსაზრისის გასაგებად ბიბლიაში ეძებს რჩევებს.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ერთ ძმას ოჯახის სარჩენად ფიზიკურად შრომა უწევს. მუშაობის დროს ის თავს სამოთხეში წარმოიდგენს.