არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, განიმტკიცეთ რწმენა!

ახალგაზრდებო, განიმტკიცეთ რწმენა!

„რწმენა . . . აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრ. 11:1).

სიმღერები: 41, 69

1, 2. რა ზეწოლას შეიძლება განიცდიდნენ ახალგაზრდები და რის გაკეთება შეუძლიათ მასთან გასამკლავებლად?

„არ მეგონა, თუ ასეთ ჭკვიან გოგოს ღმერთი გწამდა“, — უთხრა კლასელმა ერთ ახალგაზრდა დას ბრიტანეთში. „ჩემს მასწავლებლებს შემოქმედების შესახებ ბიბლიის მონათხრობი მითი ჰგონიათ. მათი აზრით, მოსწავლეებს ევოლუციისა უნდა სწამდეთ“, — წერდა ერთი ძმა გერმანიიდან. საფრანგეთში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა დამ კი თქვა: „ჩემი სკოლის მასწავლებლებს უკვირთ, რომ კიდევ არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც ბიბლიის სწამთ“.

2 შეიძლება იეჰოვას ახალგაზრდა მსახური ხარ ან ჯერ კიდევ ეცნობი მას. ხომ არ განიცდი ზეწოლას გარშემო მყოფებისგან, რათა შემოქმედის ნაცვლად ისეთი გავრცელებული მოძღვრებისა გწამდეს, როგორიც ევოლუციაა? თუ ეს ასეა, შეგიძლია გარკვეული ნაბიჯები გადადგა რწმენის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ნაბიჯი ის არის, რომ შეგიძლია ღვთისგან ბოძებული ჭკუა, ანუ აზროვნების უნარი გამოიყენო, რომელიც დაგიცავს რწმენის დამანგრეველი ქვეყნიური ფილოსოფიებისგან (წაიკითხეთ იგავების 2:10—12).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ნამდვილი რწმენა ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნიდან მოდის (1 ტიმ. 2:4). ასე რომ, ღვთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლისას მასალას უბრალოდ ნუ გადაურბენ. გამოიყენე აზროვნების უნარი, რომ ჩასწვდე წაკითხულს (მათ. 13:23). განვიხილოთ, როგორ დაგეხმარება ეს შემოქმედისა და ბიბლიის მიმართ რწმენის განმტკიცებაში. ამ საკითხების ირგვლივ უამრავი დამაჯერებელი მტკიცება არსებობს (ებრ. 11:1).

როგორ შეგიძლია რწმენის განმტკიცება

4. რატომ არის საჭირო რწმენა ღვთის არსებობისა თუ ევოლუციის თეორიის დასაჯერებლად და რის გაკეთება იქნება გონივრული?

4 უთქვამს შენთვის ვინმეს, რომ ევოლუცია მეცნიერულ ფაქტებს ეფუძნება, ღვთის არსებობა კი — მხოლოდ რწმენას? ბევრი ფიქრობს ასე და ამიტომ სწამს ევოლუციის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ღმერთი გვწამს თუ ევოლუცია, ორივე შემთხვევაში რწმენაა საჭირო! არავის გვინახავს ღმერთი და შემოქმედების პროცესი (იოან. 1:18). ამასთან, არც ერთ ადამიანს, მეცნიერსაც კი, არ უნახავს ერთი სახეობის მეორე სახეობად გარდაქმნა. მაგალითად, არავის უნახავს ქვეწარმავლის ძუძუმწოვრად გადაქცევის პროცესი (იობ. 38:1, 4). ამიტომ ყველამ უნდა გამოვიკვლიოთ მტკიცებები და გამოვიყენოთ აზროვნების უნარი, რომ ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ. შემოქმედებაზე მოციქული პავლე წერდა: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რომ. 1:20).

სხვებთან მსჯელობის დროს გამოიყენე შენს ენაზე არსებული დამხმარე საშუალებები (იხილეთ აბზაცი 5)

5. როგორ გვეხმარება ღვთის ორგანიზაცია, რომ ჩავწვდეთ სხვადასხვა საკითხს?

5 შეცნობა ნიშნავს იმაში წვდომას, რაც აშკარად შესამჩნევი ან ცხადი არ არის (ებრ. 11:3). წვდომისუნარიანი ადამიანი მხოლოდ თვალით დანახულსა და ყურით მოსმენილს არ სჯერდება და ცდილობს, გონებით ჩასწვდეს საკითხს. ჩვენ დასახმარებლად იეჰოვას ორგანიზაციამ გამოსცა უამრავი პუბლიკაცია, რომლებიც კარგად გამოკვლეულ ინფორმაციას შეიცავს. ისინი გვეხმარება, რომ ჩვენი შემოქმედი რწმენის თვალებით დავინახოთ (ებრ. 11:27). ამ დამხმარე საშუალებებს შორისაა ვიდეოფილმი „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება“, ბროშურები „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. შესანიშნავ მასალას შეიცავს ჩვენი ჟურნალებიც. „გამოიღვიძეთ!“-ში ხშირად იბეჭდება მეცნიერებსა თუ სხვებთან აღებული ინტერვიუები, რომლებიც გვიამბობენ, თუ რატომ ირწმუნეს ღმერთი. რუბრიკაში „ვინ შექმნა?“ განხილულია შემოქმედების საოცარი მაგალითები, რომელთა გამოყენებასაც მეცნიერები თავიანთ გამოგონებებში ცდილობენ.

6. რაში დაგეხმარება ხელთარსებული პუბლიკაციები?

6 შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 19 წლის ძმამ ზემოხსენებულ ორ ბროშურაზე თქვა: „ეს ბროშურები ძალიან დამეხმარა. ისინი სულ მცირე ათჯერ მაინც წავიკითხე“. საფრანგეთში მცხოვრები და წერდა: «მაოცებს რუბრიკაში „ვინ შექმნა?“ დაბეჭდილი სტატიები! ამ სტატიებიდან ჩანს, რომ ყველაზე ჭკვიანი ინჟინრების გამოგონებები შეიძლება გარკვეულწილად ჰგავდეს ბუნებაში არსებულს, თუმცა რთული კონსტრუქციების ზუსტი ანალოგების შექმნა მათ არ შეუძლიათ». სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 15 წლის გოგონას მშობლებმა თქვეს: «ჩვენი შვილი „გამოიღვიძეთ!“-ში ჯერ ინტერვიუებს კითხულობს, შემდეგ დანარჩენ სტატიებს». შენ როგორ იქცევი? იყენებ ყველაფერს ამ საშუალებებიდან? მათი დახმარებით შენი რწმენა ღრმად ფესვგადგმულ ხესავით ძლიერი გახდება. როცა ცრუ სწავლებების ქარი დაუბერავს, ასეთი რწმენა სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგეხმარება (იერ. 17:5—8).

ბიბლიისადმი რწმენა

7. რატომ სურს ღმერთს, რომ აღქმის უნარი გამოიყენო?

7 ცუდი არაფერია იმაში, თუ ბიბლიის შესახებ გულწრფელი კითხვები გაგიჩნდება. იეჰოვას სურს, რომ ჭეშმარიტების გასათავისებლად აღქმის უნარი გამოიყენო. მას არ სურს, მხოლოდ იმიტომ გწამდეს რამე, რომ ის სხვებს სწამთ. ამიტომ გამოიყენე აზროვნების უნარი ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად, რომელიც ნამდვილი რწმენის მტკიცე საყრდენი გახდება (წაიკითხეთ ებრაელების 5:14; 1 ტიმოთეს 2:4). სხვადასხვა საკითხის პირადად გამოკვლევა ასეთი ცოდნის მიღებაში დაგეხმარება.

8, 9. ა) რის გამოკვლევა მოსწონს ზოგს? ბ) როგორ დაეხმარა ზოგს წაკითხულზე ფიქრი?

8 ზოგმა გადაწყვიტა, გამოეკვლია ბიბლიური წინასწარმეტყველებები და იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ბიბლია ისტორიულად, არქეოლოგიურად და მეცნიერულად ზუსტია. ერთ-ერთი საინტერესო წინასწარმეტყველება ჩაწერილია დაბადების 3:15-ში. ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ ბიბლიის ძირითადი თემაა სამეფოს მეშვეობით ღვთის უზენაესობის დამტკიცება და მისი სახელის განწმენდა. ამ ერთ მუხლში სიმბოლური ენით არის აღწერილი, როგორ გადაჭრის იეჰოვა იმ პრობლემებს, რომლებიც ედემის ბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ ტანჯავს კაცობრიობას. როგორ შეგიძლია ამ მუხლის გამოკვლევა? შეგიძლია შეადგინო დროის დიაგრამა და ჩამოწერო ის ძირითადი ბიბლიური მუხლები, რომლებიც ადასტურებს ამ წინასწარმეტყველების უტყუარობას და ცხადყოფს, როგორ მოჰფინა ღმერთმა თანდათან ნათელი მასში მოხსენიებულ პირთა ვინაობასა და თავის ჩანაფიქრს. როცა დაინახავ ამ მუხლებით შექმნილ მთლიან სურათს, დარწმუნდები, რომ წინასწარმეტყველები და ბიბლიის დამწერები „წმინდა სულით აღძრულები“ წერდნენ (2 პეტ. 1:21).

9 გერმანიაში მცხოვრები ერთი ძმა წერდა: „სამეფო მთავარ თემად გასდევს მთელ ბიბლიას იმის მიუხედავად, რომ ის დაახლოებით 40-მა მამაკაცმა დაწერა. ხშირ შემთხვევაში ისინი სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და პირადად არ იცნობდნენ ერთმანეთს“. ერთი ავსტრალიელი და აღფრთოვანებული იყო 2013 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სასწავლო სტატიით, რომელშიც პასექის მნიშვნელობა განიხილებოდა. ეს განსაკუთრებული დღესასწაული დაბადების 3:15-სა და მესიის მოსვლას უკავშირდება. „ამ სტატიიდან დავინახე, რა საოცარი პიროვნებაა იეჰოვა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ ისრაელებისთვის ასეთი რამ იყო მოფიქრებული და ის მოგვიანებით იესოზე შესრულდებოდა. პირდაპირი გაგებით გავჩერდი და დავფიქრდი, რამხელა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა პასექს!“ — წერდა ეს და. რატომ მივიდა ის ამ დასკვნამდე? ის ღრმად დაფიქრდა წაკითხულზე და ჩასწვდა მის აზრს. ამან განუმტკიცა რწმენა და დააახლოვა იეჰოვასთან (მათ. 13:23).

10. როგორ გვიმტკიცებს ბიბლიისადმი რწმენას მისი დამწერების გულწრფელობა?

10 რწმენას განგვიმტკიცებს ბიბლიის დამწერების გაბედულებასა და პატიოსნებაზე ფიქრი. ძველ მწერალთაგან ბევრი თავიანთი მმართველების ღირსებებს აზვიადებდა და მათ სამეფოებს განადიდებდა. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას წინასწარმეტყველები ყოველთვის სიმართლეს ამბობდნენ. ისინი გულახდილად აღიარებდნენ საკუთარი ხალხისა თუ მეფეების შეცდომებს (2 მატ. 16:9, 10; 24:18—22). ისინი არც საკუთარ და არც ღვთის სხვა მსახურების დანაშაულს მალავდნენ (2 სამ. 12:1—14; მარ. 14:50). ბრიტანეთში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა ძმამ თქვა: „ასეთი გულწრფელობა იშვიათია. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბიბლიის ავტორი ნამდვილად იეჰოვაა“.

11. რა დაეხმარება ახალგაზრდებს, უფრო მეტად დააფასონ ბიბლიური პრინციპები?

11 ბევრი დარწმუნდა, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა, რადგან კარგ სახელმძღვანელო პრინციპებს შეიცავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7—11). იაპონიაში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა დამ დაწერა: „როცა ოჯახის წევრები ბიბლიის სწავლებებს ვითვალისწინებთ, ნამდვილად ბედნიერები ვართ და ოჯახში მშვიდობა, ერთიანობა და სიყვარული სუფევს“. ბიბლიური პრინციპები გვეხმარება, მოვერიდოთ ცრუთაყვანისმცემლობისა და ცრურწმენის მახეს, რომელშიც ბევრი გაება (ფსალმ. 115:3—8). ახდენს ადამიანებზე გავლენას ღვთის უარმყოფელი ფილოსოფიები? ევოლუციის თეორიის მსგავსი მოძღვრებები ბუნებას აღმერთებს და მას მიაწერს იმას, რაც მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის. ვინც უარყოფს ღვთის არსებობას, ამტკიცებს, რომ ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა. თუმცა უკეთესი მომავლის გარანტიას ისინი არ იძლევიან (ფსალმ. 146:3, 4).

სხვებთან მსჯელობა

12, 13. როგორი მიდგომა იქნება ეფექტური, როცა თანაკლასელებთან, მასწავლებლებსა თუ სხვებთან შემოქმედებაზე ან ბიბლიაზე მსჯელობ?

12 როგორ შეგიძლია ეფექტურად იმსჯელო სხვებთან შემოქმედებასა და ბიბლიაზე? უპირველესად, არ უნდა დაასკვნა, რომ უკვე იცი, რა სწამთ სხვებს. ზოგი შეიძლება ამბობს, რომ სწამს ევოლუციის, თუმცა არც ღვთის არსებობას უარყოფს. მათი აზრით, ღმერთმა სიცოცხლის სხვადასხვა სახეობის შესაქმნელად ევოლუცია გამოიყენა. სხვები ამბობენ, რომ სწამთ ევოლუციის მოძღვრება, რადგან, თუ ის სიმართლე არ იქნებოდა, სკოლაში არ ასწავლიდნენ. ზოგს კი აღარ სწამს ღმერთი, რადგან რელიგიაზე გული აუცრუვდა. ამიტომ სიცოცხლის წარმოშობაზე სხვასთან საუბრის დროს გონივრულია, ჯერ კითხვები დაუსვა და გაიგო, რა სწამს. თუ გონიერებას გამოიჩენ და მზად იქნები მოსასმენად, ალბათ, ისიც მოგისმენს (ტიტ. 3:2).

13 თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს შემოქმედებისადმი შენს რწმენას, შეგიძლია ტაქტიანად სთხოვო, თვითონ აგიხსნას, როგორ შეიძლებოდა წარმოშობილიყო სიცოცხლე შემოქმედის გარეშე. სიცოცხლის საწყის ფორმას რომ ეარსება, მას გამრავლების უნარი უნდა ჰქონოდა. ქიმიის ერთმა პროფესორმა თქვა, რომ ამისთვის საჭირო იქნებოდა: 1) დამცავი მემბრანა, 2) ენერგიის წყარო და მისი დამუშავების უნარი, 3) გენეტიკური ინფორმაცია და 4) ამ ინფორმაციის გადაწერის უნარი. პროფესორმა აღნიშნა: „საოცარია, რომ სიცოცხლის უმარტივეს ფორმასაც კი რთული აგებულება აქვს“.

14. რის გაკეთება შეგიძლია, თუ გრძნობ, რომ მზად არა ხარ ევოლუციასა და შემოქმედებაზე სასაუბროდ?

14 თუ გრძნობ, რომ მზად არა ხარ ევოლუციასა თუ შემოქმედებაზე სასაუბროდ, შეგიძლია პავლეს მიერ გამოყენებული მარტივი მაგალითი მოიყვანო. ის წერდა: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4). ასეთი მსჯელობა საკმაოდ ლოგიკური და ეფექტურია, რადგან ნებისმიერი რთული კონსტრუქცია ინტელექტის გარეშე ვერ გაჩნდებოდა. ამასთან, შეგიძლია შესაფერისი პუბლიკაციის მოშველიებაც. ერთმა დამ ზემოთ მოხსენიებული ორი ბროშურა გამოიყენა ერთ ახალგაზრდა მამაკაცთან სასაუბროდ, რომელსაც არ სწამდა ღვთის არსებობის და ფიქრობდა, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ამ ახალგაზრდამ აღიარა: „ახლა მწამს, რომ ღმერთი არსებობს“. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ჩვენი ძმაც გახდა.

15, 16. რის გაკეთება შეგიძლია ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობისთვის და რა უნდა იყოს შენი მიზანი?

15 იგივე მიდგომა შეგიძლია გამოიყენო, როცა ვინმე ბიბლიის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. უპირველესად გაიგე, რა სწამს სინამდვილეში და რა საკითხები აინტერესებს (იგავ. 18:13). თუ მას მეცნიერული საკითხები აინტერესებს, შეიძლება წამოგყვეს საუბარში, თუ იმის დამამტკიცებელ ფაქტებს მოიყვან, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია. სხვებზე შეიძლება დადებითად იმოქმედოს მაგალითებმა, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და ისტორიული ცნობები სანდოა. ან შეგიძლია მოიხსენიო ბიბლიაში ჩაწერილი სახელმძღვანელო პრინციპები, მაგალითად, მთაზე ქადაგების დროს იესოს მიერ მოყვანილი პრინციპები.

16 გახსოვდეს, შენი მიზანი გულის მოგება უნდა იყოს და არა კამათში გამარჯვება. ამიტომ იყავი კარგი მსმენელი. დაუსვი გულწრფელი კითხვები და რბილად და პატივისცემით ილაპარაკე, განსაკუთრებით უფროსებთან. ასეთ შემთხვევაში ისინიც ალბათ პატივისცემით მოეკიდებიან შენს შეხედულებებს. ამასთან, ისინი მიხვდებიან, რომ ბევრი გაქვს ნაფიქრი იმ ძირითად საკითხებზე, რომლებზეც შენი რწმენაა აგებული. ბევრ ახალგაზრდას მსგავსი რამ არ გაუკეთებია. თუმცა ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ვალდებული არა ხარ, უპასუხო მას, ვისაც კამათი ან შენი მრწამსის მასხრად აგდება სურს (იგავ. 26:4).

გაითავისე ჭეშმარიტება

17, 18. ა) რა დაგეხმარება, გაითავისო ჭეშმარიტება? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 ძლიერი რწმენისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ძირითადი ბიბლიური საკითხების ცოდნა. ამიტომ ისე გამოიკვლიე ღვთის სიტყვა, თითქოს დამალულ განძს ეძებდე (იგავ. 2:3—6). კარგად გამოიყენე შენს ენაზე არსებული სხვა საშუალებებიც, მაგალითად საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა, ონლაინ ბიბლიოთეკა, პუბლიკაციების საძიებელი და საკვლევი სახელმძღვანელო. ამასთან, მიზნად დაისახე ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა და შეეცადე, ეს ერთ წელიწადში გააკეთო. ყველაზე მეტად ჩვენს რწმენას სწორედ ღვთის სიტყვის კითხვა აძლიერებს. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა საკუთარ თავზე თქვა: „ახალგაზრდობაში ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა დამეხმარა, დავრწმუნებულიყავი, რომ ის ღვთის სიტყვა იყო. საბოლოოდ ჩავწვდი ბავშვობაში ნასწავლი ბიბლიური ისტორიების მნიშვნელობას. ჩემი სულიერობისთვის ეს გარდამტეხი აღმოჩნდა“.

18 მშობლებო, თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ შვილების სულიერ ზრდაში. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, განივითარონ ძლიერი რწმენა? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.