არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“

„ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“

„ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“ (სოფ. 3:16).

სიმღერები: 81, 32

1, 2. ა) რა პრობლემებს ხვდება ბევრი დღეს და რა გავლენას ახდენს ეს მათზე? ბ) რა იმედს გვაძლევს ესაიას 41:10, 13?

„მიუხედავად კარგი სულიერი განრიგისა, მრავალი წელია შფოთვით აშლილობას ვებრძვი. ეს მოქმედებს ძილზე, ჯანმრთელობასა და სხვებთან ჩემს ურთიერთობაზე. ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიო და საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტო“, — ამბობს პიონერი და, რომლის ქმარიც უხუცესია.

2 თქვენთვისაც ნაცნობია ამ დის გრძნობები? სამწუხაროდ, სატანის ბოროტი ქვეყნიერება დიდ ზეწოლას ახდენს ადამიანებზე, რაც შფოთვასა და გულგატეხილობას იწვევს. ეს ჰგავს გემის ღუზას, რომელიც გემს წინსვლის საშუალებას არ აძლევს (იგავ. 12:25). რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი გრძნობები? შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგეთ, ებრძვით მძიმე დაავადებას, რთულ ეკონომიკურ პირობებში გიწევთ ოჯახზე ზრუნვა ან წინააღმდეგობას ხვდებით. შედეგად, სტრესმა შეიძლება დროთა განმავლობაში ძალები გამოგაცალოთ და სიხარული დაგაკარგვინოთ. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ღმერთი მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ (წაიკითხეთ ესაიას 41:10, 13).

3, 4. ა) რა მნიშვნელობით იყენებს ბიბლია სიტყვა „ხელს“? ბ) რამ შეიძლება ჩამოგვაშვებინოს ხელები?

3 ადამიანის სხეულის ნაწილები ხშირად არის გამოყენებული ბიბლიაში სხვადასხვა თვისებისა თუ ქმედების გამოსახატავად. მაგალითად, სიტყვა „ხელი“ ასობით ადგილას გვხვდება ბიბლიაში. ვინმესთვის ხელების გაძლიერება ატარებს გამხნევების, განმტკიცების და საქმის შესასრულებლად ხელის გამართვის მნიშვნელობას (1 სამ. 23:16; ეზრ. 1:6). ის შეიძლება დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნებასა და მომავლისთვის იმედის თვალით ყურებასაც ნიშნავდეს.

4 ზოგჯერ ხელების ჩამოშვება გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება ისეთ ადამიანთან მიმართებით, რომელიც გულგატეხილია, დათრგუნულია ან უიმედო მდგომარეობაშია (2 მატ. 15:7; ებრ. 12:12). ამ დროს ადამიანი ჩვეულებრივ ხელს იქნევს ყველაფერზე. როგორ შეგიძლიათ საჭირო დახმარების მიღება მაშინ, როცა სტრესი გაქვთ ან ფიზიკურად, ემოციურად თუ სულიერად ხართ გამოფიტული? რა შეგმატებთ სიმხნევესა და ძალას ამ ყველაფრის გადასატანად და სიხარულის შესანარჩუნებლად?

„იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას“

5. ა) რა შეიძლება დაგვემართოს პრობლემების დროს, მაგრამ რა უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

5 წაიკითხეთ სოფონიას 3:16, 17. ნაცვლად იმისა, რომ შიშმა შეგვიპყროს და გულგატეხილობას მივეცეთ, რაც ხელების ჩამოშვების ტოლფასი იქნებოდა, ჩვენი საწუხარი მზრუნველ ზეციერ მამას, იეჰოვას უნდა მივანდოთ (1 პეტ. 5:7). ჩვენ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ისრაელებისთვის ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ მისი „ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას“ თავისი ერთგული მსახურები (ეს. 59:1). ამ სტატიაში განვიხილავთ სამ შესანიშნავ მაგალითს, რომლებიც აჩვენებს, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და შეუძლია კიდეც, გააძლიეროს თავისი ხალხი, რომ ერთი შეხედვით გადაულახავი სირთულეების მიუხედავად, მისი ნება შეასრულონ. დაფიქრდით, როგორ განგამტკიცებთ ეს მაგალითები.

6, 7. რას ვსწავლობთ ამალეკელებზე ისრაელების გამარჯვებიდან?

6 მალევე მას შემდეგ, რაც ისრაელები ეგვიპტის მონობიდან სასწაულებრივად გათავისუფლდნენ, ამალეკელები თავს დაესხნენ მათ. მოსეს მითითებისამებრ იესო ნავეს ძე გაბედულად გაუძღვა ისრაელებს ბრძოლაში, მოსე, აარონი და ხური კი ახლომდებარე გორაზე ავიდნენ, საიდანაც კარგად მოჩანდა ბრძოლის ველი. შიშის გამო ხომ არ გაერიდა ეს სამი მამაკაცი ბრძოლის ველს? რა თქმა უნდა, არა!

7 მოსეს მოქმედებამ ისრაელებს გამარჯვება მოუტანა. მას ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი ეჭირა და ცისკენ ჰქონდა აწვდილი. ვიდრე ხელები აპყრობილი ჰქონდა, იეჰოვა ამარჯვებინებდა ისრაელებს, მაგრამ როგორც კი დაუმძიმდებოდა ხელები და ჩამოუშვებდა მათ, ამალეკელები სძლევდნენ ისრაელებს. მაშინ აარონმა და ხურმა დაუყოვნებლივ „აიღეს . . . ქვა, დადეს და ზედ დაჯდა [მოსე]. აარონსა და ხურს კი მისი ხელები ეჭირათ, ერთს — ერთი მხრიდან, მეორეს — მეორე მხრიდან. აწვდილი ჰქონდა მას ხელები მზის ჩასვლამდე“. ამგვარად, ისრაელებმა ღვთის ძლევამოსილი ხელის წყალობით გაიმარჯვეს (გამ. 17:8—13).

8. ა) როგორ მოიქცა ასა, როცა ეთიოპები იუდას წინააღმდეგ გამოვიდნენ? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ასას?

8 იეჰოვამ მეფე ასას დროსაც დაამტკიცა, რომ თავისი ხალხის სახსნელად მისი ხელი არ დამოკლებულა. ბიბლიაში ბევრი ბრძოლაა მოხსენიებული, თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარით ეთიოპი ზერახი გამოვიდა ისრაელთან საბრძოლველად. მას ერთი მილიონი გაწვრთნილი ჯარისკაცი ჰყავდა. მათი რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატებოდა ასას ჯარს. ძალიან ადვილად შეიძლებოდა, ასას თავზარი დასცემოდა, ხელები ჩამოეშვა და ფარ-ხმალი დაეყარა. ნაცვლად ამისა, მან დაუყოვნებლივ მიმართა იეჰოვას დახმარებისთვის. სტრატეგიული თვალსაზრისით ეთიოპების დამარცხება შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მათ. 19:26). ღმერთმა უდიდესი ძალა გამოაჩინა და დაამარცხა ეთიოპები ასას წინაშე, რომელიც „მთელი გულით იყო იეჰოვასთან მთელი სიცოცხლე“ (2 მატ. 14:8—13; 1 მეფ. 15:14).

9. ა) რამ ვერ შეუშალა ხელი ნეემიას იერუსალიმის გალავნის აღდგენაში? ბ) როგორ უპასუხა ღმერთმა ნეემიას ლოცვას?

9 წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდა იერუსალიმში ჩასულ ნეემიას. ქალაქი ფაქტობრივად დაუცველი იყო, ნეემიას თანამემამულეები კი გულგატეხილები იყვნენ. უცხოტომელთა მუქარამ იუდეველებს ხელები ჩამოაშვებინა, რის გამოც იერუსალიმის გალავანი ვერ აღადგინეს. დათრგუნა ამ სიტუაციამ ნეემია და ჩამოაშვებინა მასაც ხელები? სრულებითაც არა! მოსეს, ასას და იეჰოვას სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, ნეემია ყოველთვის ლოცვით მიმართავდა და ენდობოდა ღმერთს. ის ახლაც ასე მოიქცა. მაშინ როცა იუდეველებს ეგონათ, რომ გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე იდგნენ, იეჰოვამ შეისმინა ნეემიას გულწრფელი თხოვნა და თავისი „დიდი ძალითა და ძლიერი ხელით“ იუდეველებს ჩამოშვებული ხელები გაუმაგრა (წაიკითხეთ ნეემიას 1:10; 2:17—20; 6:9). გწამთ, რომ იეჰოვა დღესაც „დიდი ძალითა და ძლიერი ხელით“ ამაგრებს თავის მსახურებს?

იეჰოვა გაგიმაგრებთ ხელებს

10, 11. ა) როგორ ცდილობს სატანა, ჩამოგვაშვებინოს ხელები? ბ) რისი მეშვეობით გვაძლიერებს იეჰოვა? გ) რა სარგებლობა მოგიტანათ თეოკრატიულმა განათლებამ და მომზადებამ?

10 შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეშმაკი არასდროს შეწყვეტს ჩვენთვის ქრისტიანულ საქმიანობაში ხელის შეშლას. ის ჩვენ წინააღმდეგ იყენებს ხელისუფლებისა და რელიგიური წინამძღოლების მიერ გავრცელებულ სიცრუესა და მუქარას, აგრეთვე განდგომილებს. მისი მიზანია, ჩამოგვაშვებინოს ხელები და შეგვაწყვეტინოს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. მაგრამ იეჰოვას ძალაც აქვს და სურვილიც, რომ წმინდა სულით გაგვაძლიეროს (1 მატ. 29:12). ამიტომ მნიშვნელოვანია, ვთხოვოთ მას წმინდა სული, რათა გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რომელთაც სატანა თავის ბოროტ ქვეყნიერებასთან ერთად გვიქმნის (ფსალმ. 18:39; 1 კორ. 10:13). ამასთან, მადლიერები უნდა ვიყოთ ღვთის სიტყვისთვის, რომელიც წმინდა სულის დახმარებით დაიწერა, და ბიბლიაზე დაფუძნებული სულიერი საზრდოსთვის, რომელიც ყოველთვე უხვად გვაქვს. ზაქარიას 8:9-სა და 13-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი სიტყვები იერუსალიმის ტაძრის აღდგენის დროს წარმოითქვა, თუმცა ისინი ჩვენთვისაც საყურადღებოა.

11 ჩვენ აგრეთვე გვაძლიერებს კრების შეხვედრებზე, კონგრესებზე და თეოკრატიულ სკოლებში მიღებული ღვთიური განათლება. ასეთი მომზადება გვეხმარება, გვქონდეს სათანადო აღძვრები, დავისახოთ სულიერი მიზნები და შევასრულოთ ქრისტიანული პასუხისმგებლობები (ფსალმ. 119:32). აკეთებთ ყველაფერს, რომ ღვთიურმა განათლებამ ძალა შეგმატოთ?

12. რის გაკეთება გვმართებს, რომ სულიერად ძლიერები ვიყოთ?

12 იეჰოვა დაეხმარა ისრაელებს, დაემარცხებინათ ამალეკელები და ეთიოპები. მან ძალა მისცა ნეემიასა და მის თანამემამულეებს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაესრულებინათ. ღმერთი ჩვენც მოგვცემს ძალას, რომ წინააღმდეგობის, გულგრილობისა და საწუხარის მიუხედავად მტკიცენი ვიყოთ და სამქადაგებლო საქმე შევასრულოთ (1 პეტ. 5:10). ჩვენ არ ველით, რომ იეჰოვა სასწაულებს მოახდენს ჩვენთვის. გვესმის, რომ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ: ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, ყოველთვის მოვემზადოთ შეხვედრებისთვის და დავესწროთ მათ, ვკვებოთ ჩვენი გული და გონება პირადი შესწავლისა თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის მეშვეობით და ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას ლოცვით. ჩვენ არ უნდა მივცეთ სხვა მიზნებსა თუ საქმეებს ამ ყოველივეში ხელის შეშლის საშუალება, რადგან იეჰოვა სწორედ მათი მეშვეობით გვაძლიერებს და გვამხნევებს. თუ გრძნობთ, რომ ამ საკითხებიდან რომელიმეში გაუმჯობესება გჭირდებათ, ღმერთს მიმართეთ დახმარებისთვის. მაშინ დაინახავთ, როგორ იმოქმედებს ღვთის სული თქვენზე, რათა „სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13). რის გაკეთება შეგიძლიათ სხვებისთვის ხელების გასამაგრებლად?

გამართეთ ჩამოშვებული ხელები!

13, 14. ა) რამ გააძლიერა ერთი ძმა მეუღლის სიკვდილის შემდეგ? ბ) როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ სხვები?

13 იეჰოვამ გაგვაერთიანა მსოფლიო საძმოში, სადაც მისი თაყვანისმცემლები ზრუნავენ ერთმანეთზე და ამხნევებენ ერთმანეთს. გაიხსენეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „გამართეთ ჩამოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები და გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი“ (ებრ. 12:12, 13). პირველ საუკუნეში ბევრმა მიიღო სულიერი დახმარება. იგივე ხდება ჩვენს დროშიც. ერთმა ძმამ ცოლის სიკვდილისა და სხვა მტკივნეული სიტუაციების შემდეგ თქვა: „მივხვდი, რომ ჩვენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული, რა განსაცდელებს შევხვდებით, როდის ან რა სიხშირით. ლოცვა და პირადი შესწავლა ჩემთვის მაშველი რგოლივითაა, რომელიც ჩაძირვის საშუალებას არ მაძლევს. ჩემი სულიერი და-ძმების მხარდაჭერაც დიდად მანუგეშებს. რაც ყველაზე მთავარია, მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის განვითარება რთული სიტუაციის წამოჭრამდე“.

კრების თითოეულ წევრს შეუძლია სხვების გამხნევება (იხილეთ აბზაცი 14)

14 ამალეკელებთან ბრძოლის დროს აარონი და ხური პირდაპირი გაგებით უმაგრებდნენ მოსეს ხელებს. ჩვენც შეგვიძლია ვეძებოთ შესაძლებლობები სხვების მხარდასაჭერად და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად. მაგალითად, შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, ვინც ებრძვის ასაკით გამოწვეულ სირთულეებს, შერყეულ ჯანმრთელობას, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას, მარტოობის გრძნობასა და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს. ამასთან, შეგვიძლია გავაძლიეროთ ახალგაზრდები, რომლებსაც ცუდი საქციელისკენ ან ქვეყნიური მიზნებისკენ უბიძგებენ, იქნება ეს უმაღლესი განათლება, ფინანსური თუ პროფესიული წარმატება (1 თეს. 3:1—3; 5:11, 14). დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიჩინოთ გულწრფელი ინტერესი სხვების მიმართ კრების შეხვედრებზე, მსახურებაში, ერთად სადილობისა თუ მათთან ტელეფონით საუბრის დროს.

15. როგორ შეიძლება იმოქმედოს თანაქრისტიანებზე ჩვენმა დადებითმა საუბარმა?

15 ეთიოპებზე ასას შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ წინასწარმეტყველმა აზარიამ ასა და მთელი ხალხი გაამხნევა: „გამბედაობა მოიკრიბეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, რადგან დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა!“ (2 მატ. 15:7). ამან აღძრა ასა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად ბევრი რამ გაეკეთებინა. მსგავსად, თქვენმა დადებითმა საუბარმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სხვებზე და დაეხმაროს მათ, რომ სრულად ემსახურონ იეჰოვას (იგავ. 15:23). ნუ გაუშვებთ ხელიდან კრების შეხვედრებზე ხელის აწევისა და გამამხნევებელი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას, რადგან ამას დიდი ძალა აქვს.

16. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მიჰბაძონ ნეემიას და თავიანთი კრების წევრებს ხელები გაუმაგრონ? ბ) როგორ დაგეხმარნენ თანაქრისტიანები პირადად თქვენ?

16 იეჰოვას მხარდაჭერით ნეემიამ და მისმა ხალხმა საქმის შესასრულებლად ხელები გაიმაგრეს. შედეგად, მათ იერუსალიმის გალავანი სულ რაღაც 52 დღეში აღადგინეს! (ნეემ. 2:18; 6:15, 16). ნეემია უბრალოდ კი არ ზედამხედველობდა საქმეს, ის პირადად იყო ჩართული იერუსალიმის გალავნის აღდგენაში (ნეემ. 5:16). ბევრი მზრუნველი უხუცესი ჰბაძავს ნეემიას, მონაწილეობს თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებსა თუ ადგილობრივი სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და შეკეთებაში. თანაქრისტიანებთან მსახურებისას და სამწყემსო მონახულებებზე ისინი გულდამწუხრებულთა სუსტ ხელებს აძლიერებენ (წაიკითხეთ ესაიას 35:3, 4).

„ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“

17, 18. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული პრობლემების დროს?

17 სულიერ და-ძმებთან მხარდამხარ მსახურება ხელს უწყობს ერთიანობას. ამ დროს ვივითარებთ ურყევ მეგობრობას და მეტად ვრწმუნდებით, რომ ღვთის სამეფო კურთხევებს მოგვიტანს. როცა სხვებს ხელებს ვუმაგრებთ, ვეხმარებით, რომ არ შეეპუონ პრობლემებს, შეინარჩუნონ დადებითი განწყობა და იმედის თვალით უყურონ მომავალს. უფრო მეტიც, ეს ჩვენც გვეხმარება, შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის დანაპირები რეალობად იქცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარად საკუთარ ხელებსაც ვამაგრებთ.

18 იმაზე ფიქრმა, თუ როგორ ედგა ადრე იეჰოვა მხარში თავის ერთგულ მსახურებს და როგორ დაიცვა ისინი, მისადმი რწმენა და ნდობა უნდა განგვიმტკიცოს. ამიტომ ნუ ჩამოუშვებთ ხელებს პრობლემების დროს! პირიქით, ლოცვით მიმართეთ იეჰოვას და საშუალება მიეცით მის ძლიერ მარჯვენას, გაგაძლიეროთ და ღვთის სამეფოს კურთხევებისკენ წაგიძღვეთ (ფსალმ. 73:23, 24).