არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გამბედაობა მოიკრიბე . . . და იმოქმედე!“

„გამბედაობა მოიკრიბე . . . და იმოქმედე!“

„გამბედაობა მოიკრიბე, გამაგრდი და იმოქმედე! ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები, რადგან იეჰოვა . . . შენთანაა!“ (1 მატ. 28:20).

სიმღერები: 60, 29

1, 2. ა) რა მნიშვნელოვანი დავალება მიიღო სოლომონმა? ბ) რა აფიქრებდა დავითს?

სოლომონს ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობის — იერუსალიმის ტაძრის აშენება დაევალა. ის „ყველაზე დიდებული და თავისი სილამაზით გამორჩეული“ უნდა ყოფილიყო მთელ ქვეყანაზე. რაც მთავარია, ტაძარი „ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას სახლი“ იქნებოდა. სწორედ იეჰოვას ნება იყო, რომ ის სოლომონს აეშენებინა (1 მატ. 22:1, 5, 9—11).

2 დავითი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი დაეხმარებოდა სოლომონს, მაგრამ მაინც აფიქრებდა, რომ ის „ახალგაზრდა და გამოუცდელი“ იყო. ეყოფოდა სოლომონს გამბედაობა, რომ ტაძრის მშენებლობა წამოეწყო? ხომ არ შეუშლიდა ხელს ახალგაზრდობა და გამოუცდელობა? წარმატების მისაღწევად სოლომონს გაბედულად უნდა ემოქმედა.

3. რის სწავლა შეეძლო სოლომონს მამისგან?

3 სოლომონმა გაბედულება, ალბათ, მამისგან ისწავლა. ახალგაზრდობაში დავითი მამამისის ფარას მწყემსავდა. მას არაერთხელ მოუგერიებია გარეული ცხოველები, რომლებიც ფარიდან ცხვრებს იტაცებდნენ (1 სამ. 17:34, 35). დავითმა წარმოუდგენელი გამბედაობა გამოავლინა, როცა ბრძოლაში გაწვრთნილ მეომარს შეებრძოლა. იეჰოვას დახმარებით მან ერთი პატარა ქვით დაამარცხა გოლიათი (1 სამ. 17:45, 49, 50).

4. რატომ სჭირდებოდა სოლომონს გაბედულება?

4 დავითს თამამად შეეძლო სოლომონისთვის ეთქვა, რომ გამბედაობა მოეკრიბა და ტაძარი აეშენებინა (წაიკითხეთ 1 მატიანის 28:20). სოლომონს სიმხდალე რომ გამოეჩინა, ვერ იმოქმედებდა, უმოქმედობა კი გაფუჭებულ საქმეზე უარესი იქნებოდა.

5. რატომ გვჭირდება გაბედულება?

5 სოლომონის მსგავსად ჩვენც ვსაჭიროებთ იეჰოვას დახმარებას, რომ გაბედულები ვიყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. განვიხილოთ იმ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები, რომლებმაც გაბედულება არ დაკარგეს და დავფიქრდეთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ გაბედულება და შევასრულოთ ღვთისგან დავალებული საქმე.

გაბედულების მაგალითები

6. რით არის თქვენთვის განსაკუთრებული იოსების მაგალითი?

6 გაიხსენეთ, რა გაბედულად მოიქცა იოსები, როცა ფოტიფარის ცოლი სექსუალური უზნეობის ჩადენას აიძულებდა. მან კარგად იცოდა, რის ფასად დაუჯდებოდა უარის თქმა. მიუხედავად ამისა, გაბედულება გამოავლინა და დაუყოვნებლივ გაერიდა იქაურობას (დაბ. 39:10, 12).

7. როგორ გამოავლინა რახაბმა გაბედულება? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე)

7 გაბედულების შესანიშნავი მაგალითი რახაბმაც დაგვიტოვა. ის შეიძლებოდა შიშს შეეპყრო და არ დახმარებოდა ისრაელ მზვერავებს, რომლებიც იერიხონის დასაზვერად იყვნენ ჩასული. მაგრამ მან იეჰოვასადმი ნდობა გამოავლინა და გაბედულად იმოქმედა — დამალა ორი მზვერავი და დაეხმარა, რომ უსაფრთხოდ დაეტოვებინათ იქაურობა (იეს. 2:4, 5, 9, 12—16). რახაბს სწამდა, რომ იეჰოვა იყო ჭეშმარიტი ღმერთი და სჯეროდა, რომ ის ხელში ჩაუგდებდა ისრაელებს იერიხონს. მას არავისი შეშინებია, თვით იერიხონის მეფისაც კი. მისმა გაბედულმა მოქმედებამ ისიც იხსნა და მისი ოჯახიც (იეს. 6:22, 23).

8. როგორ იმოქმედა მოციქულებზე იესოს გაბედულებამ?

8 გაბედულების შესანიშნავი მაგალითი იესოს ერთგულმა მოციქულებმაც მოგვცეს. ისინი იესოს გაბედულების თვითმხილველები იყვნენ (მათ. 8:28—32; იოან. 2:13—17; 18:3—5). მოციქულები იმდენად გააძლიერა იესოს მაგალითმა, რომ სადუკეველების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად არ შეწყვიტეს იესოს სახელით სწავლება (საქ. 5:17, 18, 27—29).

9. მეორე ტიმოთეს 1:7-ის თანახმად, ვინ გვხდის გაბედულს?

9 კარგი საქმეების საკეთებლად იოსებს, რახაბს, იესოსა და მოციქულებს შინაგანი სიმტკიცე აღძრავდა. ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები კი არ იყვნენ, არამედ იეჰოვას ენდობოდნენ. ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, როცა გამბედაობა დაგვჭირდება. საკუთარ თავზე დანდობის ნაცვლად, ჩვენ იეჰოვას უნდა მივენდოთ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 1:7). ქვემოთ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია გაბედულების გამოვლენა ცხოვრების ორ მხარეში — ოჯახსა და კრებაში.

როდის გვჭირდება გაბედულება

10. რატომ სჭირდებათ ქრისტიან ახალგაზრდებს გაბედულება?

10 ქრისტიანი ახალგაზრდების ერთგულება ხშირად იცდება, ამიტომ გაბედულება სჭირდებათ, რომ იეჰოვას ემსახურონ. მათ შეუძლიათ ისწავლონ სოლომონისგან და მიჰბაძონ მას, რადგან ის გაბედულად მოიქცა და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღო ტაძრის მშენებლობის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან ახალგაზრდებს შეუძლიათ და უნდა მიიღონ კიდეც რჩევები მშობლებისგან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათ პირადად უნდა მიიღონ (იგავ. 27:11). გაბედულება ახალგაზრდებს შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს დასჭირდეთ, როგორიცაა კარგი მეგობრებისა და ჯანსაღი გართობის არჩევა, ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება და მონათვლა, რადგან ამ დროს ისინი ღვთის დამცინავის, სატანის წინააღმდეგ მიდიან, რომელიც არაფრად აგდებს ღვთის ზნეობრივ ნორმებს.

11, 12. ა) გაბედულების რა მაგალითი დაგვიტოვა მოსემ? ბ) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს მიჰბაძონ მოსეს?

11 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ახალგაზრდებს მიზნების დასახვისას სჭირდებათ. ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდებს უბიძგებენ, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ და მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშოვონ. ზოგან კი რთული ეკონომიკური პირობების გამო ახალგაზრდები თავს ვალდებულად თვლიან, რომ ოჯახს შეეშველონ. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, მოსეს მაგალითი თქვენც დაგეხმარებათ. მოსეს, რომელიც ფარაონის ქალიშვილმა გაზარდა, შეეძლო სახელის მოხვეჭისა და გამდიდრებისკენ ესწრაფა. წარმოგიდგენიათ, რამხელა წნეხის ქვეშ იქნებოდა ის ოჯახისგან, მასწავლებლებისა და სამეფო კარის მრჩევლებისგან?! მიუხედავად ამისა, მოსე მტკიცედ დადგა წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს. ის მიენდო იეჰოვას, გაბედულება გამოიჩინა და უარი თქვა ეგვიპტის სიმდიდრეზე (ებრ. 11:24—26). იეჰოვამ ის სიცოცხლეშივე აკურთხა და, ეჭვგარეშეა, მომავალში უფრო მეტად აკურთხებს.

12 იეჰოვა მსგავსად აკურთხებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულიერი მიზნების დასახვის დროს გაბედულებას ავლენენ და სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ. იეჰოვა დაეხმარება მათ, რომ იზრუნონ თავიანთი ოჯახის საჭიროებებზე. თქვენც შეგიძლიათ მიჰბაძოთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ახალგაზრდა ტიმოთეს და მის მსგავსად სულიერი მიზნები დაისახოთ * (წაიკითხეთ ფილიპელების 2:19—22).

გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოავლინოთ გაბედულება? (იხილეთ აბზაცები 13—17)

13. როგორ დაეხმარა ერთ დას გაბედულება, რომ მიზნისთვის მიეღწია?

13 ალაბამაში (აშშ) მცხოვრებ ერთ დას გაბედულება დასჭირდა, რომ სულიერი მიზნები დაესახა. ის წერს: „ძალიან მორცხვი ვიყავი. სამეფო დარბაზში და-ძმებთან ურთიერთობაც კი მიჭირდა, რომ აღარაფერი ვთქვა, სხვის კარზე დაკაკუნებასა და უცხოებთან ლაპარაკზე“. მშობლებისა და კრების წევრების დახმარებით ამ დამ დასახულ მიზანს მიაღწია და პიონერად მსახურება დაიწყო. ის განაგრძობს: „სატანის ქვეყნიერებაში ნამდვილ წარმატებად უმაღლეს განათლებას, სახელს, ფულსა და მატერიალურ ნივთებს მიიჩნევენ. თუმცა ხშირად ასეთი მიზნები მიუღწეველია და თან სდევს არასრულფასოვნების შეგრძნება, სტრესი და გულისტკივილი. უდიდესი ბედნიერება და კმაყოფილება მხოლოდ იეჰოვას მსახურებას მოაქვს და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე“.

14. როდის სჭირდებათ ქრისტიან მშობლებს გაბედულება?

14 გაბედულება ქრისტიან მშობლებსაც სჭირდებათ. მაგალითად, შეიძლება თქვენი დამსაქმებელი ხშირად გთხოვთ, საღამოობით ან შაბათ-კვირასაც იმუშაოთ, მაშინ როცა ეს დრო გამოყოფილი გაქვთ ოჯახური თაყვანისცემისთვის, მსახურებისა და კრების შეხვედრებისთვის. გამბედაობა გჭირდებათ, რომ უარი უთხრათ დამსაქმებელს და ამით კარგი მაგალითი მისცეთ შვილებს. შეიძლება ზოგიერთი კრების წევრი თავის შვილებს იმის უფლებას აძლევს, რაც არ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა გააკეთონ. ისინი შეიძლება დაინტერესდნენ, რატომ არ იღებენ თქვენი შვილები მონაწილეობას ამა თუ იმ ღონისძიებაში. იქნებით გაბედულები და აუხსნით ტაქტიანად მიზეზს?

15. როგორ ეხმარება მშობლებს ფსალმუნის 37:25 და ებრაელების 13:5?

15 გაბედულებას ვავლენთ, როცა შვილებს სულიერი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში ვეხმარებით. მაგალითად, ზოგი მშობელი შეიძლება თავს იკავებს, რომ შვილს პიონერად ან ბეთელში მსახურებისკენ, დაშორებულ ტერიტორიაზე გადასვლისკენ ან თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობისკენ უბიძგოს. ისინი შესაძლოა შიშობენ, რომ მოხუცებულობაში შვილები ვერ შეძლებენ მათზე ზრუნვას. თუმცა გონიერი მშობლები გაბედულებას ავლენენ და ეჭვი არ ეპარებათ, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და იზრუნებს მათზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:25; ებრაელების 13:5). როცა მშობლები შვილებს გაბედულებისა და იეჰოვასადმი ნდობისკენ მოუწოდებენ, თავადაც ავლენენ გაბედულებასა და ნდობას (1 სამ. 1:27, 28; 2 ტიმ. 3:14, 15).

16. როგორ დაეხმარა ზოგი მშობელი შვილებს სულიერი მიზნების დასახვაში და როგორ აღმოჩნდა ეს მათთვის სასარგებლო?

16 შეერთებულ შტატებში ერთი წყვილი შვილებს სულიერი მიზნების დასახვაში დაეხმარა. ქმარი ამბობს: „ჩვენს შვილებს ჯერ სიარული და ლაპარაკი არ ჰქონდათ ნასწავლი, რომ უკვე იმაზე ველაპარაკებოდით, რამხელა სიხარული მოჰქონდა პიონერად მსახურებასა და კრების მომსახურებას. დღეს ეს მიზნები თავად აქვთ დასახული. სულიერი მიზნების დასახვა და მათი შესრულებისკენ სწრაფვა ეხმარება ჩვენს შვილებს, წინააღმდეგობა გაუწიონ სატანის ქვეყნიერების ზეწოლას და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე — იეჰოვას მსახურებაზე გადაიტანონ“. ერთი ძმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ამბობს: „ბევრი მშობელი ძალისხმევასა და სახსრებს არ იშურებს, რომ მათი შვილები წარმატებული იყვნენ სპორტში, შემოქმედებით საქმიანობასა თუ სწავლა-განათლებაში. გაცილებით გონივრულია, მშობლებმა ყველანაირად შეუწყონ ხელი შვილებს ისეთი მიზნების მიღწევაში, რომლებიც მათ იეჰოვასთან დააახლოებს. უდიდეს კმაყოფილებას გვანიჭებს არა მარტო იმის დანახვა, რომ ჩვენი შვილები სულიერ მიზნებს აღწევენ, არამედ იმის გააზრებაც, რომ ამაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი“. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა აკურთხებს იმ მშობლებს, რომლებიც შვილებს სულიერი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში ეხმარებიან.

გაბედულება კრებაში

17. როდის არის საჭირო კრებაში გაბედულების გამოვლენა?

17 გაბედულების გამოვლენა კრებაშიც გვჭირდება. მაგალითად, უხუცესებს გაბედულება სამართლებრივი საკითხების განხილვის დროს მართებთ ან მაშინ, როცა კრების წევრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. ზოგი უხუცესი ციხეებში პატიმრებთან ბიბლიის შესწავლას ან კრების შეხვედრას ატარებს. რის თქმა შეიძლება დაუქორწინებელ დებზე? მათ შეუძლიათ იმსახურონ პიონერად, გადავიდნენ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო პროგრამებში ან ისწავლონ სამეფოს მახარობელთა სკოლაში. ზოგიერთი და შეიძლება ბიბლიურ სკოლა „გალაადშიც“ მიიწვიონ.

18. როგორ შეუძლიათ ხანდაზმულ დებს გაბედულების გამოვლენა?

18 ხანდაზმული დები ძვირფასნი არიან კრებისთვის. ჩვენ ძალიან გვიყვარს ისინი! შეიძლება ზოგიერთი მათგანი უწინდელივით ბევრს ვეღარ აკეთებს იეჰოვას მსახურებაში, მაგრამ მათ შეუძლიათ გაბედულების გამოვლენა და ღვთის საქმეში თავიანთი წვლილის შეტანა (წაიკითხეთ ტიტეს 2:3—5). მაგალითად, ხანდაზმულ დას შეიძლება გაბედულება მაშინ დასჭირდეს, როცა უხუცესები სთხოვენ, რომ ახალგაზრდა დას მოკრძალებულ ჩაცმულობაზე დაელაპარაკოს. მართალია, ის არ დატუქსავს ახალგაზრდა დას, მაგრამ დაეხმარება, დაფიქრდეს, როგორ შეიძლება იმოქმედოს მისმა ჩაცმულობამ სხვებზე (1 ტიმ. 2:9, 10). როდესაც ხანდაზმული დები ასეთი სახით ავლენენ სიყვარულსა და მზრუნველობას, კრებაზე დადებით გავლენას ახდენენ.

19. ა) როგორ შეუძლიათ ძმებს, იყვნენ გაბედულები? ბ) როგორ დაეხმარებათ ძმებს ფილიპელების 2:13 და 4:13 გამბედაობის მოკრებაში?

19 მონათლულ ძმებსაც მართებთ გაბედულად მოქმედება. გაბედული მამაკაცები, რომლებიც მზად არიან მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად, კრებისთვის დიდ კურთხევას წარმოადგენენ (1 ტიმ. 3:1). მაგრამ ზოგი თავს იკავებს პასუხისმგებლობებისგან. შეიძლება ზოგი ძმა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო ფიქრობს, რომ ღირსი არ არის, კრებაში მომსახურედ ან უხუცესად იმსახუროს. სხვა შეიძლება რაიმე პასუხისმგებლობისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდეს. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, იეჰოვა გამბედაობას შეგმატებთ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:13; 4:13). გაიხსენეთ, რომ ერთ დროს მოსეც შეუფერებლად მიიჩნევდა თავს იეჰოვასგან მიღებული დავალების შესასრულებლად (გამ. 3:11). თუმცა იეჰოვას დახმარებით მოსემ გამბედაობა მოიკრიბა, რომ დავალებული საქმე შეესრულებინა. მონათლულ ძმებს ასეთ გაბედულებას შემატებს ლოცვა, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და მათ მაგალითებზე დაფიქრება, რომლებმაც გაბედულება გამოავლინეს. მათ შეუძლიათ თავმდაბლად სთხოვონ უხუცესებს, მოამზადონ ისინი პასუხისმგებლობების ასაღებად და მზადყოფნა გამოავლინონ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ძმებო, მოგიწოდებთ, გამბედაობა მოიკრიბოთ და ბევრი იშრომოთ კრებისთვის!

„იეჰოვა . . . შენთანაა“

20, 21. ა) რაში დაარწმუნა დავითმა სოლომონი? ბ) ჩვენ რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

20 მეფე დავითმა დაარწმუნა სოლომონი, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა ტაძრის მშენებლობის დასრულებაში (1 მატ. 28:20). მამის სიტყვები მას გულსა და გონებაში ღრმად ჩაებეჭდა. თუმცა ის ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ეს მისთვის დაბრკოლება არ გამხდარა. სოლომონმა გამბედაობა მოიკრიბა, იმოქმედა და იეჰოვას დახმარებით შვიდწელიწად-ნახევარში დიდებული ტაძარი ააგო.

21 იეჰოვა ჩვენც დაგვეხმარება, გაბედულები ვიყოთ და ოჯახსა და კრებაში ჩვენი საქმე შევასრულოთ (ეს. 41:10, 13). როცა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაბედულებას ვავლენთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის დღესაც უხვად გვაკურთხებს და მომავალშიც. ასე რომ, მოიკრიბეთ გამბედაობა და იმოქმედეთ!

^ აბზ. 12 2004 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „დაისახეთ სულიერი მიზნები და ამგვარად განადიდეთ შემოქმედი“ ახსნილია, რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ სულიერი მიზნები დაისახოთ.