არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“

„ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“

„ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოან. 4:34).

სიმღერები: 80, 35

1. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს თავმდაბლობაზე ქვეყნიერების ეგოისტურმა სულმა?

რატომ არის რთული ბიბლიიდან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სწორად მოქცევას თავმდაბლობა სჭირდება. ხშირად იქმნება ისეთი სიტუაციები, რომლებიც ხელს გვიშლის ამ თვისების შენარჩუნებაში. ამ „ბოლო დღეებში“ ისეთი ადამიანების გვერდით გვიწევს ცხოვრება, რომლებიც „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები“ და თავშეუკავებლები არიან (2 ტიმ. 3:1—3). როცა ეგოისტ ადამიანებს დადებითად წარმოაჩენენ და მიესალმებიან კიდეც მათ საქციელს, შეიძლება ღვთის მსახურს ზიზღი გაუჩნდეს მათი ქმედებების მიმართ, მაგრამ შეშურდეს ეგოისტი ადამიანების წარმატების (ფსალმ. 37:1; 73:3). ვინმემ შეიძლება იფიქროს: „საერთოდ ღირს, რომ სხვები საკუთარ თავზე წინ დავაყენო? ხომ არ დაკარგავს ხალხი ჩემდამი პატივისცემას, თუ უმცირესივით მოვიქცევი?“ (ლუკ. 9:48). თუ ქვეყნიერების ეგოისტურ სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მივცემთ, შეიძლება და-ძმებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს და სხვებს ჩვენში ქრისტიანული თვისებების დანახვა გაუჭირდეთ. მაგრამ კარგ შედეგებს ვიმკით, როცა ვიკვლევთ ბიბლიაში მოცემულ მაგალითებს და ვცდილობთ მათ მიბაძვას.

2. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებმა?

2 ღვთის ერთგული მსახურები ჩვენთვის მისაბაძი მაგალითები იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ გამოვიკვლევთ, რამ მიიყვანა ისინი კარგ შედეგებამდე. რა დაეხმარა მათ, რომ ღვთის მეგობრები გამხდარიყვნენ, მისი მოწონება დაემსახურებინათ და ძალა მიეღოთ ღვთის ნების შესასრულებლად? ასეთი გამოკვლევა სულიერად კვების მნიშვნელოვანი ნაწილია.

სულიერად კვება ინფორმაციის მიღებაზე მეტს ნიშნავს

3, 4. ა) რა საშუალებებით ვიღებთ სულიერ საზრდოს? ბ) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სულიერად კვება ცოდნის მიღებაზე მეტს ნიშნავს?

3 ბევრ კარგ რჩევასა და დარიგებას ვიღებთ ბიბლიის, ჩვენი პუბლიკაციების, ვებგვერდის, JW მაუწყებლობის, კრების შეხვედრებისა და კონგრესების მეშვეობით. მაგრამ იესოს სიტყვების თანახმად, რომლებიც ჩაწერილია იოანეს 4:34-ში, სულიერად კვება ცოდნის მიღებაზე მეტს ნიშნავს. კიდევ რა შედის ამაში? იესომ თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“.

4 იესოსთვის ღვთის მითითების თანახმად მოქმედება საჭმელივით იყო. რა გაგებით არის ღვთის ნების შესრულება საჭმელივით? როგორც ჯანსაღი საკვების მიღების შემდეგ ვკმაყოფილდებით და ვნაყრდებით, ისე ღვთის ნების შესრულების შედეგად გვიძლიერდება რწმენა. გაიხსენეთ, რამდენჯერ წასულხართ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე დაღლილები, მაგრამ უკან კმაყოფილები და გამხნევებულები დაბრუნებულხართ.

5. რა კურთხევები მოჰყვება ბრძნულად მოქმედებას?

5 სიბრძნის გამოსავლენად აუცილებელია, რომ ღვთის მითითებების თანახმად ვიცხოვროთ (იაკ. 3:13). ნამდვილად ღირს, ვიშრომოთ სიბრძნის შესაძენად, რადგან მას კარგი შედეგები მოჰყვება. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ვერ შეედრება ვერაფერი . . . [ის] სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“ (იგავ. 3:13—18). იესომ თქვა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოან. 13:17). ქრისტეს მოწაფეების ბედნიერება იმ შემთხვევაში გასტანდა დიდხანს, თუ არ შეწყვეტდნენ იესოს მითითებების მიყოლას. იესოს სწავლებებმა და საქმეებმა მოწაფეები დროებით კი არ აღაფრთოვანა, არამედ მთელ მათ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

6. რატომ უნდა განვაგრძოთ სიბრძნის გამოვლენა?

6 ბიბლიიდან ნასწავლის თანახმად ცხოვრება დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მექანიკოსს შეიძლება ცოდნაც ჰქონდეს, ხელსაწყოებიც და მასალაც, მაგრამ კარგი ხელოსანი იმ შემთხვევაში იქნება, თუ სათანადოდ გამოიყენებს მათ. მან შეიძლება თავისი პროფესიით არაერთი წელი იმუშავა და საკმარისი გამოცდილებაც დააგროვა, მაგრამ თავის საქმეში დახელოვნებული რომ იყოს, ნასწავლის გამოყენება არასდროს უნდა შეწყვიტოს. მსგავსად, შეიძლება ჩვენც მივაღწიეთ წარმატებას, როცა ბიბლიიდან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დავიწყეთ, მაგრამ ჩვენი ბედნიერება უფრო დიდხანს გასტანს, თუ ყოველდღე მივყვებით იეჰოვას მითითებებს.

7. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი მაგალითებიდან სიბრძნე შევიძინოთ?

7 განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია, რომლებმაც შეიძლება ჩვენი თავმდაბლობა გამოსცადოს, და გავიგოთ, როგორ გაუმკლავდნენ მსგავს სირთულეებს წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები. ვინაიდან რწმენის განსამტკიცებლად მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ კმარა, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ამ სტატიაში მოყვანილი მაგალითებისა თუ აზრების პირადად გამოყენება, შემდეგ კი დაუყოვნებლივ იმოქმედეთ ნასწავლის თანახმად.

ნუ გადაამეტებთ სხვებს თავს

8, 9. როგორ გამოჩნდა პავლეს თავმდაბლობა საქმეების 14:8—15-ში ჩაწერილი შემთხვევიდან? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

8 ღვთის ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). როგორ უყურებთ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებს, რომელთაც ჯერ არ მოუსმენიათ ჭეშმარიტება? მიუხედავად იმისა, რომ მოციქული პავლე სინაგოგებში იუდეველებთან საუბრობდა, რომლებსაც ღვთის შესახებ გარკვეული ცოდნა ჰქონდათ, ის მხოლოდ მათთან ქადაგებით არ შემოიფარგლებოდა. თუმცა ის გამოხმაურება, რაც უცხოტომელებთან ქადაგებას მოჰყვა, პავლეს თავმდაბლობას გამოცდიდა.

9 მაგალითად, პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს ლიკაონიელმა ხალხმა არასწორად დაასკვნა, რომ პავლე და ბარნაბა ზებუნებრივი შესაძლებლობის მქონე ხორცშესხმული ღვთაებები — ზევსი და ჰერმესი იყვნენ. იმოქმედა ამან პავლესა და ბარნაბას თავმდაბლობაზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ორი ქალაქიდან ისინი განდევნეს, ესიამოვნებოდათ მათ ასეთი მოპყრობა? ფიქრობდნენ ისინი, რომ პოპულარობა მათ სასიხარულო ცნობის გავრცელებას გაუადვილებდა? სრულებითაც არა! მათ მაშინვე «ტანსაცმელი შემოიხიეს და ხალხში შეცვივდნენ ყვირილით: „ამას რას აკეთებთ, ხალხო? ჩვენც თქვენი მსგავსი უძლური ადამიანები ვართ“» (საქ. 14:8—15).

10. რა გაგებით მიიჩნევდნენ ლიკაონიელი ხალხის თანასწორად თავს პავლე და ბარნაბა?

10 როცა პავლემ და ბარნაბამ თქვეს, რომ ლიკაონიელების მსგავსი ადამიანები იყვნენ, მათ ის იგულისხმეს, რომ მათსავით არასრულყოფილები იყვნენ და არა ის, რომ ცრუ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ. ორივე მათგანი ღვთის მიერ იყო წარგზავნილი მისიონერად (საქ. 13:2). განა ღმერთმა წმინდა სულით არ სცხო ისინი და დიდებული იმედი არ მისცა?! რა თქმა უნდა, თუმცა პავლესა და ბარნაბას ესმოდათ, რომ ლიკაონიელებსაც ექნებოდათ ზეციური იმედი, თუ დადებითად გამოეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას.

11. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს თავმდაბლობაში ქადაგების დროს?

11 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს თავმდაბლობას? ჩვენ არც უნდა მოველოდეთ და არც უნდა მივიღოთ ქება იმ საქმისთვის, რომელსაც იეჰოვას ძალით ვასრულებთ. თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორი დამოკიდებულება მაქვს იმ ხალხის მიმართ, ვისთანაც ვქადაგებ? ხომ არ მაქვს გულის სიღრმეში სხვების მსგავსად კონკრეტულ ხალხზე წინასწარ შექმნილი აზრი?“. სასიხარულოა, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, დაადგინონ, რომელ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს მათ ტერიტორიაზე. მათ სურთ, რაც შეიძლება მეტმა მოისმინოს სასიხარულო ცნობა. ზოგი იმ ხალხის ენასა და კულტურას სწავლობს, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილი არაფრად აგდებს. მოწმეები, რომლებიც ასეთ ადამიანებთან ქადაგებენ, არასდროს ამეტებენ მათ თავს. პირიქით, ისინი ცდილობენ, რომ გაუგონ თითოეულ ადამიანს, რათა სამეფოს ცნობა მათ გულამდე მიიტანონ.

სახელებით მოიხსენიეთ სხვები თქვენს ლოცვებში

12. როგორ ზრუნავდა ეპაფრა სხვებზე უანგაროდ?

12 კიდევ ერთი მხარე, რითაც შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ თავმდაბლად მივყვებით ღვთიურ ხელმძღვანელობას, არის მათთვის ლოცვა, ვისაც „წილად ხვდათ პატივი . . . მიეღოთ იგივე რწმენა, რაც ჩვენ გვაქვს“ (2 პეტ. 1:1). სწორედ ასე იქცეოდა ეპაფრა. ბიბლიაში ის მხოლოდ სამჯერ არის მოხსენიებული და სამივეჯერ პავლეს ღვთივშთაგონებულ წერილებში. რომში შინაპატიმრობაში მყოფი პავლე კოლოსელ ქრისტიანებს სწერდა, რომ ეპაფრა დაუღალავად იხსენიებდა მათ ლოცვებში (კოლ. 4:12). ის კარგად იცნობდა ძმებს და ზრუნავდა მათზე. ეპაფრაც პავლეს მსგავსად პატიმარი იყო, მაგრამ თავისი მდგომარეობის მიუხედავად, სხვების სულიერი საჭიროებები არ დავიწყებია (ფლმ. 23). ის ლოცულობდა მათზე. განა ეს სხვებზე უანგაროდ ზრუნვა არ იყო?! თანაქრისტიანებზე ლოცვას დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით, როცა მათ სახელებით მოვიხსენიებთ (2 კორ. 1:11; იაკ. 5:16).

13. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ეპაფრას, როცა ლოცულობთ?

13 იფიქრეთ მათზე, ვისი მოხსენიებაც ლოცვებში შეგიძლიათ. ეპაფრას მსგავსად, ჩვენი და-ძმებიდან ბევრი ლოცულობს კრების იმ წევრებისა თუ ოჯახებისთვის, რომელთაც ბევრი საზრუნავი აქვთ ან სერიოზული გადაწყვეტილებებისა თუ ცდუნებების წინაშე დგანან. ზოგი იმ და-ძმებზე ლოცულობს, რომელთა სახელებიც მოხსენიებულია ჩვენს ვებგვერდზე jw.org განთავსებულ სტატიათა სერიაში „რწმენის გამო დაპატიმრებულები“ (იხილეთ ახალი ამბები / იურიდიული საქმეები). გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება ისინი, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა, სტიქიური უბედურებისა თუ ომის მსხვერპლი გახდა ან სიდუხჭირეში ცხოვრობს. ცხადია, ჩვენ გარშემო ბევრი და-ძმაა, ვისაც სჭირდება ჩვენი ლოცვები. როცა მათზე ვლოცულობთ, ცხადვყოფთ, რომ მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი არ ვზრუნავთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც (ფილ. 2:4). იეჰოვა ისმენს ასეთ ლოცვებს.

მზად იყავით სხვების მოსასმენად

14. როგორ გვაძლევს იეჰოვა სხვების მოსმენის საუკეთესო მაგალითს?

14 ჩვენი თავმდაბლობა მაშინაც ჩანს, როცა სხვებს გულისყურით ვუსმენთ. იაკობის 1:19-ში ნათქვამია: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში“. ამ მხრივ იეჰოვა უბადლო მაგალითს გვაძლევს (დაბ. 18:32; იეს. 10:14). დავფიქრდეთ, რის სწავლა შეგვიძლია გამოსვლის 32:11—14 (წაიკითხეთ) მუხლებში ჩაწერილი მონაკვეთიდან, სადაც მოსესა და იეჰოვას დიალოგს ვკითხულობთ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მოსეს ჩარევა სულაც არ იყო საჭირო, იეჰოვამ მას საკუთარი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა მისცა. ვინ მოუსმენდა ამდენ ხანს ადამიანს, რომელიც არასწორად აზროვნებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი აზრის გათვალისწინებაზე?! თუმცა იეჰოვა მოთმინებით უსმენს ყველას, ვინც რწმენით მოუხმობს მას.

15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და დავაფასოთ სხვები?

15 ურიგო არ იქნება, ვკითხოთ საკუთარ თავს: „თუ იეჰოვა ყურადღებას აქცევს და უსმენს ადამიანებს, როგორც ეს აბრაამის, რახელის, მოსეს, იესო ნავეს ძის, მანოახის, ელიასა და ხიზკიას შემთხვევაში მოხდა, განა მე არ უნდა დავაფასო და-ძმები, მოვუსმინო მათ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინო კიდეც მათი აზრები?! მეტი ყურადღება ხომ არ სჭირდება ჩემი კრების ან ოჯახის წევრს? რის გაკეთება შემიძლია მათთვის? რის გაკეთებას ვაპირებ?“ (დაბ. 30:6; მსაჯ. 13:9; 1 მეფ. 17:22; 2 მატ. 30:20).

იეჰოვასთვის სულერთი არ არის ჩვენი გასაჭირი

დავითმა თქვა: „თავი დაანებეთ“! თქვენ როგორ მოიქცეოდით? (იხილეთ აბზაცები 16, 17)

16. რა რეაქცია ჰქონდა მეფე დავითს შიმეის პროვოკაციაზე?

16 თავმდაბლობა გვეხმარება, თავშეკავება გამოვავლინოთ, როცა ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ (ეფეს. 4:2). ამის შესანიშნავი მაგალითი ჩაწერილია 2 სამუელის 16:5—13-ში (წაიკითხეთ). დავითს და მის მსახურებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა შიმეი, რომელიც მეფე საულის ნათესავი იყო. დავითს წონასწორობა არ დაუკარგავს მიუხედავად იმისა, რომ მისი შეჩერების ძალა შესწევდა. როგორ შეძლო დავითმა თავშეკავების გამოვლენა? ამ კითხვაზე პასუხს მე-3 ფსალმუნიდან ვიგებთ.

17. როგორ შეძლო დავითმა თავშეკავების გამოვლენა და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

17 მე-3 ფსალმუნის ეპიგრაფიდან ვიგებთ, რომ დავითმა ეს ფსალმუნი მაშინ დაწერა, „როცა თავის ვაჟს, აბესალომს, გაურბოდა“. პირველ და მეორე მუხლებში ის მოვლენებია აღწერილი, რომელთა შესახებაც მეორე სამუელის მე-16 თავში ვკითხულობთ. ფსალმუნის 3:4-ში კი დავითი დარწმუნებით ამბობს: „ხმამაღლა დავუძახებ იეჰოვას და თავისი წმინდა მთიდან მიპასუხებს“. ჩვენც შეგვიძლია ვილოცოთ, როცა უსამართლოდ გვეპყრობიან. პასუხად იეჰოვა თავის წმინდა სულს მოგვცემს, რაც მოთმინებაში დაგვეხმარება. დაფიქრდით, უსამართლო მოპყრობის გამო, როდის შეიძლება დაგჭირდეთ თავშეკავებისა და მიმტევებლობის გამოვლენა. გჯერათ, რომ იეჰოვა დაინახავს თქვენს გასაჭირს და კურთხევებს არ მოგაკლებთ?

„სიბრძნე უმთავრესია“

18. რა სიკეთეს მოგვიტანს ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა?

18 როცა იმას ვაკეთებთ, რაც სწორია, უხვ კურთხევებს ვიმკით. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი იგავების 4:7-ში, რომ „სიბრძნე უმთავრესია“. მართალია, სიბრძნე ცოდნას ემყარება, მაგრამ ის მხოლოდ ფაქტების ცოდნას არ მოიცავს. სიბრძნე ჩვენს გადაწყვეტილებებში ვლინდება. ჭიანჭველებსაც კი აქვთ სიბრძნე. ეს პაწაწინა მწერები ინსტინქტურ სიბრძნეს ავლენენ, როცა საკვებს ზაფხულში იმარაგებენ (იგავ. 30:24, 25). ქრისტე, რომელიც „ღვთის სიბრძნეა“, ყოველთვის მამის მოსაწონად იქცევა (1 კორ. 1:24; იოან. 8:29). ღმერთს კარგად ესმის, რამხელა განსხვავებაა სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და მის თანახმად მოქმედებას შორის. ამიტომ ის აჯილდოებს მათ, რომლებიც თავმდაბლობას ინარჩუნებენ და ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც სწორია (წაიკითხეთ მათეს 7:21—23). ასე რომ, ყველანაირად ეცადეთ თავმდაბლობის გამოვლენას. ამით კრების წევრებსაც წაახალისებთ, თავმდაბლად ემსახურონ იეჰოვას. სწორის კეთებას დრო და მოთმინება სჭირდება, თუმცა, როცა ასე ვიქცევით, თავმდაბლობას ვავლენთ. ეს თვისება კი ჩვენს ბედნიერებას შეუწყობს ხელს როგორც დღეს, ისე მომავალში.