არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კვლავაც გამოავლინეთ სიყვარული, რომელიც აღაშენებს

კვლავაც გამოავლინეთ სიყვარული, რომელიც აღაშენებს

„სიყვარული აშენებს“ (1 კორ. 8:1).

სიმღერები: 109, 121

1. რა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა იესომ სიცოცხლის უკანასკნელ საღამოს მოწაფეებთან?

სიცოცხლის უკანასკნელ საღამოს იესომ მოწაფეებთან დაახლოებით 30-ჯერ მოიხსენია სიყვარული. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ მის მოწაფეებს ერთმანეთი უნდა ჰყვარებოდათ (იოან. 15:12, 17). მათი სიყვარული იმდენად აშკარა იქნებოდა, რომ სხვები ადვილად დაინახავდნენ მათში ქრისტეს ნამდვილ მიმდევრებს (იოან. 13:34, 35). ეს არ არის მხოლოდ ემოციებით გამოწვეული სიყვარული. იესო გულისხმობდა აღმატებულ თვისებას — თავგანწირულ სიყვარულს. მან თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოან. 15:13, 14).

2. ა) რით გამოირჩევიან ღვთის მსახურები? ბ) რომელ კითხვებს გავცემთ ამ სტატიაში პასუხს?

2 დღეს იეჰოვას მსახურებს, როგორც ღვთის ხალხს, გამოარჩევს ნამდვილი, თავგანწირული სიყვარული და ურყევი ერთობა (1 იოან. 3:10, 11). რა მადლიერნი ვართ, რომ ეროვნების, ენის, ტომისა თუ წარმოშობის მიუხედავად იეჰოვას მსახურებს გვიყვარს ერთმანეთი! თუმცა შეიძლება ვიფიქროთ: „რატომ არის სიყვარული დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? როგორ გვაძლიერებენ იეჰოვა და იესო სიყვარულით? როგორ შეგვიძლია თითოეულმა გამოვავლინოთ სიყვარული, რომელიც აღაშენებს?“ (1 კორ. 8:1).

რატომ არის სიყვარული დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

3. როგორ მოქმედებს „ძნელად ასატანი დრო“ ადამიანებზე?

3 ვინაიდან ცხოვრება „გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე“, ამ „ძნელად ასატან დროში“ ბევრი სხვადასხვა სახის ემოციურ პრობლემას ებრძვის (ფსალმ. 90:10; 2 ტიმ. 3:1—5). დღეს ბევრი იმ დონემდეა მისული, რომ ლამის ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს. ვარაუდობენ, რომ წელიწადში 800 000-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ანუ თითქმის ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს. სამწუხაროდ, ზოგმა ქრისტიანმაც ვერ გაუძლო ასეთ ემოციურ კრიზისს და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

4. ღვთის რომელმა მსახურებმა ინატრეს სიკვდილი?

4 ბიბლიურ დროში ღვთის ზოგიერთი ერთგული მსახური იმდენად შთანთქა პრობლემებმა, რომ სიცოცხლეც აღარ უნდოდა. მაგალითად, ტკივილით გატანჯული იობი მოთქვამდა: „უარს ვამბობ. არ მინდა უსასრულოდ ცხოვრება“ (იობ. 7:16; 14:13). იონას იმდენად გაუცრუა იმედი სხვაგვარად განვითარებულმა მოვლენებმა, რომ აღმოხდა: „ახლა კი, გთხოვ, იეჰოვა, წაიღე ჩემგან ჩემი სული, რადგან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონ. 4:3). ერთხელ ერთგული წინასწარმეტყველი ელია იმდენად გულგატეხილი იყო, რომ სიკვდილიც კი ინატრა. მან თქვა: „აღარ შემიძლია! წაიღე ჩემი სული, იეჰოვა“ (1 მეფ. 19:4). თუმცა იეჰოვა აფასებდა თავის ერთგულ მსახურებს და სურდა, რომ მათ სიცოცხლის ხალისი არ დაეკარგათ. მას არ განუსჯია თავისი მსახურები ასეთი გრძნობებისთვის. პირიქით, დაეხმარა მათ, რომ სიკვდილზე აღარ ეფიქრათ. იეჰოვამ სიყვარული აგრძნობინა მათ და გააძლიერა, რათა კვლავაც ერთგულად განეგრძოთ მისადმი მსახურება.

5. რატომ სჭირდებათ და-ძმებს ჩვენი სიყვარული განსაკუთრებით დღეს?

5 შეიძლება ჩვენს და-ძმებს პირდაპირი გაგებით სიცოცხლის სურვილი არ დაუკარგავთ, მაგრამ ბევრ მათგანს ძალიან სტრესულ გარემოში უწევს ცხოვრება, რის გამოც ჩვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას საჭიროებენ. ზოგი დევნასა თუ დაცინვას იტანს. ზოგს თანამშრომლები აკრიტიკებენ ან ჭორავენ. ზოგიც გადაღლილია იმის გამო, რომ დამატებით საათებს მუშაობს ან არარეალურ ვადაში სთხოვენ საქმის დასრულებას. არიან ისეთებიც, რომელთაც ოჯახური პრობლემები აცლის ძალას, რადგან მეუღლისგან, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას, კრიტიკული და ღვარძლიანი სიტყვების მოსმენა უწევთ. ასეთი თუ სხვა სახის წნეხის გამო კრებაში ბევრი ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტულია. ვის შეუძლია ამ და-ძმების დახმარება, რათა ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიონ?

იეჰოვას სიყვარული გვაძლიერებს

6. როგორ აძლიერებს იეჰოვა სიყვარულით თავის მსახურებს?

6 იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს არწმუნებს, რომ მარადიულად ეყვარება ისინი, რითაც ძალას მატებს მათ. როგორი გამამხნევებელი იქნებოდა ერთგული ისრაელებისთვის იეჰოვას სიტყვების მოსმენა: „ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ამიტომ პატივცემულად ითვლები და მეც შეგიყვარე . . . ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“ (ეს. 43:4, 5). როგორც იეჰოვას მსახურს, გჯეროდეთ, რომ მას უყვარხართ და სათუთი გრძნობები აქვს თქვენ მიმართ. * მათ, ვინც ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს, ღვთის სიტყვა ჰპირდება: „ძლიერია ის და გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენით“ (სოფ. 3:16, 17).

7. რა გაგებით შეგვიძლია იეჰოვას სიყვარული შევადაროთ მოსიყვარულე დედის გრძნობებს? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)

7 როგორი განსაცდელების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ, იეჰოვა ჰპირდება თავის მსახურებს, რომ გააძლიერებს და ანუგეშებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ფერდზე შესმულს გატარებენ, მუხლებზე დაგისვამენ და მოგეფერებიან. როგორც კაცს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ“ (ეს. 66:12, 13). რა თბილი სიტყვებია: მოსიყვარულე დედას თავისი პატარა ხელში ჰყავს აყვანილი ან კალთაში უზის. ამ გულში ჩამწვდომი მაგალითით იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს არწმუნებს, რომ მათდამი ძლიერი სიყვარული და სათუთი გრძნობები ამოძრავებს. ნურასდროს შეგეპარებათ ეჭვი, რომ იეჰოვას ძალიან უყვარხართ და მისთვის ძვირფასნი ხართ (იერ. 31:3).

8, 9. როგორ გვაძლიერებს იესოს სიყვარული?

8 ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღვთის სიყვარულში შემდეგი სიტყვებიც არწმუნებს: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). იესომაც უდიდესი სიყვარული დაგვიმტკიცა, როცა საკუთარი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის. რაოდენ დიდ ძალას გვმატებს ასეთი სიყვარული! ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ვერც გასაჭირი და ვერც ვერანაირი სატკივარი ვერ „ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს“ (რომ. 8:35, 38, 39).

9 როცა პრობლემები ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ ძალას გვაცლის, ქრისტეს სიყვარული ამ ყველაფრის ატანის ძალას გვაძლევს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15). იესოს სიყვარულს შეუძლია გაგვაძლიეროს და ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნოს, რათა ფარ-ხმალი არ დავყაროთ მაშინაც კი, როცა სტიქიური უბედურება გვატყდება, გვდევნიან, იმედგაცრუება გვეუფლება ან ცხოვრებისეული პრობლემები მოსვენებას გვიკარგავს.

და-ძმებს სჭირდებათ ჩვენი სიყვარული

იესოს მაგალითის გამოკვლევა სხვების აღშენების სურვილს გაგიძლიერებთ (იხილეთ აბზაცები 10, 11)

10, 11. ვისი პასუხისმგებლობაა გულგატეხილი და-ძმების გამხნევება? ახსენით.

10 იეჰოვა ქრისტიანული კრების მეშვეობითაც გვაძლიერებს და გვარწმუნებს თავის სიყვარულში. ჩვენ მის სიყვარულს იმავეთი ვუპასუხებთ, თუ თანაქრისტიანების მიმართ სიყვარულს გამოვავლენთ და მათ სულიერად და ემოციურად გავაძლიერებთ (1 იოან. 4:19—21). მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11). დიახ, კრებაში ყველას, და არა მხოლოდ უხუცესებს, შეუძლიათ იეჰოვასა და იესოს მსგავსად ანუგეშონ და აღაშენონ და-ძმები (წაიკითხეთ რომაელების 15:1, 2).

11 კრებაში ზოგს, რომელთაც ემოციური პრობლემები აქვთ, შეიძლება ექიმის დახმარება და მედიკამენტების მიღება დასჭირდეთ (ლუკ. 5:31). უხუცესები და კრების სხვა წევრები კარგად აცნობიერებენ, რომ ფსიქოლოგები არ არიან. თუმცა მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რომ ანუგეშონ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირონ სუსტებს და სულგრძელნი იყვნენ ყველას მიმართ (1 თეს. 5:14). თითოეულმა ქრისტიანმა სიყვარულით უნდა უთანაგრძნოს, მოუთმინოს და ანუგეშოს გულგატეხილები, რათა აღაშენოს ისინი. ხართ ნუგეშისა და გამხნევების წყარო? როცა იცით, როგორ დაეხმაროთ ასეთ და-ძმებს, თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის.

12. როგორ გააძლიერა ერთი და კრების წევრების სიყვარულმა?

12 როგორ შეიძლება ჩვენმა სიყვარულმა გააძლიეროს ემოციურად გატანჯული ადამიანები? ევროპაში მცხოვრები და ამბობს: „ზოგჯერ თვითმკვლელობაზე ფიქრი არ მასვენებს, მაგრამ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემმა კრებამ პირდაპირი გაგებით სიცოცხლე შემინარჩუნა. და-ძმები ყოველთვის მამხნევებენ და თავის სიყვარულში მარწმუნებენ. მართალია, ბევრმა არ იცის, რომ დეპრესიით ვიტანჯები, მაგრამ კრება ყოველთვის გვერდში მიდგას. ერთი დაქორწინებული წყვილი ზრუნავს ჩემზე და პირდაპირი გაგებით 24 საათის განმავლობაში მზად არის ჩემ დასახმარებლად. ისინი ჩემთვის მშობლებივით არიან“. ფაქტია, ყველას ერთნაირად არ შეუძლია დახმარება, მაგრამ ჩვენი გულწრფელი თანადგომა დიდ შვებას ჰგვრის ემოციურად გატანჯულებს. *

როგორ განვამტკიცოთ სხვები სიყვარულით

13. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა სხვების გამხნევებას ვცდილობთ?

13 იყავით კარგი მომსმენი (იაკ. 1:19). თანაგრძნობით მოსმენა სიყვარულის მაჩვენებელია. დათრგუნული თანაქრისტიანის გრძნობების უკეთ გასაგებად შეგიძლიათ ტაქტიანად დაუსვათ კითხვები. ეს საშუალებას მოგცემთ, თანაგრძნობა გამოავლინოთ და აღაშენოთ ის. ეცადეთ, თქვენს გამომეტყველებაში გულწრფელი ინტერესი და სიყვარული ჩანდეს. თუ რომელიმე თანაქრისტიანს სურს, დაწვრილებით მოგიყვეთ საკუთარ თავზე, მოთმინება გამოავლინეთ და ნუ გააწყვეტინებთ სიტყვას. თუ მოთმინებით მოუსმენთ, უკეთ გაიგებთ, რას გრძნობს ის. ეს თქვენ მიმართ ნდობას გაუძლიერებს და უფრო მეტად იქნება განწყობილი მოსასმენად, როცა მის გამხნევებას შეეცდებით. და-ძმებს დიდად ანუგეშებს, როდესაც გრძნობენ, რომ სიყვარულით ზრუნავთ მათზე.

14. რატომ უნდა მოვერიდოთ კრიტიკას?

14 მოერიდეთ კრიტიკას. დეპრესიაში მყოფი ადამიანის გაკრიტიკება ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. ასეთ შემთხვევაში მისი გამხნევების გულწრფელი მცდელობა შეიძლება ამაო აღმოჩნდეს. როგორც ბიბლია ამბობს, „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავ. 12:18). ბუნებრივია, ჩვენ შეგნებულად არასდროს „დავჭრით“ გულსატკენი სიტყვებით დეპრესიაში მყოფთ, თუმცა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებიც „ჭრის“ და დიდ ტკივილს აყენებს ადამიანს. სხვები სიყვარულით რომ აღვაშენოთ, საჭიროა თანაგრძნობა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ანუ რამდენადაც შესაძლებელია, საკუთარი თავი მათ ადგილას დავაყენოთ (მათ. 7:12).

15. რა ფასდაუდებელი საშუალება გვაქვს სხვების სიყვარულით აღსაშენებლად?

15 ღვთის სიტყვით ანუგეშეთ სხვები (წაიკითხეთ რომაელების 15:4, 5). წმინდა წერილები საგანძურია, რომელშიც უამრავ მანუგეშებელ და გამამხნევებელ აზრს ვპოულობთ. ეს წიგნი გვიბოძა „ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს“. ბიბლიის გარდა, შესწავლაში დამხმარე უამრავი საშუალება გვაქვს, მაგალითად „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“. ეს საშუალებები დაგვეხმარება, ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით ბიბლიური აზრები მოვიძიოთ. შედეგად, მომზადებულები ვიქნებით, რომ გამამხნევებელი აზრები გავუზიაროთ სხვებს და ჩვენი გულწრფელი მცდელობა აუცილებლად დაჯილდოვდება.

16. რომელი თვისებები გვჭირდება დეპრესიაში მყოფი თანაქრისტიანის გამხნევების დროს?

16 იყავით თავაზიანი და გულისხმიერი. სხვების მიმართ უანგარო სიყვარულს ვავლენთ, როცა მათი გამხნევებისა და აღშენების დროს თავაზიანები და გულისხმიერები ვართ. იეჰოვა არის „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“, რომელიც თავისი მსახურების მიმართ უდიდეს თანაგრძნობას ავლენს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3—6; ლუკ. 1:78; რომ. 15:13). პავლემ ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. ის წერდა: „გეალერსებოდით, როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს. სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თეს. 2:7, 8). როდესაც ღვთის მსგავსად თავაზიანები და გულისხმიერები ვართ, შეიძლება იეჰოვამ სწორედ ჩვენი მეშვეობით უპასუხოს დეპრესიაში მყოფი ადამიანის ლოცვებს.

17. როგორ დაგვეხმარება გაწონასწორებული თვალსაზრისი და-ძმების გამხნევების დროს?

17 სრულყოფილებას ნუ მოსთხოვთ და-ძმებს. შეინარჩუნეთ გაწონასწორებული თვალსაზრისი თანაქრისტიანების მიმართ. არარეალურია იმის მოლოდინი, რომ და-ძმები შეცდომას არ დაუშვებენ. თუ ასეთი მოლოდინი გვექნება, გულგატეხილობა გარდაუვალია (ეკლ. 7:21, 22). გახსოვდეთ, იეჰოვა რეალურად აფასებს თავის მსახურებს და იმაზე მეტს არ სთხოვს, ვიდრე შეუძლიათ. თუ მის მაგალითს მივბაძავთ, სხვების არასრულყოფილებაზე მძაფრი რეაქცია აღარ გვექნება (ეფეს. 4:2, 32). ისეთ შთაბეჭდილებას კი ნუ შეუქმნით და-ძმებს, რომ ღვთის მსახურებაში რაღაცას ვერ აკეთებენ, არამედ შეაქეთ იმის გამო, რაც კარგად გამოსდით. ეს მათ გაამხნევებს. გულწრფელი შექება ძალებს შემატებს და დაეხმარება, იეჰოვასადმი მსახურებაში „სიხარულის მიზეზი“ იპოვონ. კარგი იქნება, თუ ასე მოიქცევით და მათ სხვებს არ შეადარებთ (გალ. 6:4).

18. რა გვაძლევს ერთმანეთის სიყვარულით აღშენების სტიმულს?

18 თითოეული მსახური იეჰოვასთვის და იესოსთვის ძალიან ძვირფასია, რასაც გამოსასყიდი ადასტურებს (გალ. 2:20). ჩვენ გვიყვარს სულიერი და-ძმები და გვინდა, რომ თანაგრძნობითა და სიყვარულით ვიზრუნოთ მათზე. გამხნევების წყარო ვიქნებით, თუ იმისკენ ვისწრაფებთ, „რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:19). მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა სამოთხეში აღარასდროს გვექნება გულის გატეხის მიზეზი! აღარ იქნება ავადმყოფობა, მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი, დევნა, ოჯახური პრობლემები და იმედგაცრუება. ათასი წლის შემდეგ კაცობრიობა სრულყოფილებას მიაღწევს. ისინი, ვინც საბოლოო გამოცდას გაუძლებენ, იეჰოვას მიწიერი შვილები გახდებიან და მიიღებენ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21). დაე ყველამ გამოვავლინოთ სიყვარული, რომელიც აღაშენებს და დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ყველამ ერთად დავიმკვიდროთ ახალი ქვეყნიერება!

^ აბზ. 6 იხილეთ წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ 24-ე თავი.

^ აბზ. 12 პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, იხილეთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის შემდეგ სტატიებში: „რატომ ღირს სიცოცხლე“ (2014 წლის აპრილი), „როცა სიცოცხლე აღარ გინდა“ (2012 წლის იანვარი) და „სიცოცხლეს აქვს აზრი“ (2001 წლის 22 ოქტომბერი [ინგლ.]).