არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ განსაზღვრავდნენ დროს ბიბლიურ დროში?

როგორ განსაზღვრავდნენ დროს ბიბლიურ დროში?

რას აკეთებთ, როცა დროის გაგება გინდათ? ალბათ, საათს უყურებთ. თუ მეგობარი გკითხავთ, რომელი საათია, როგორ უპასუხებთ? ამ კითხვაზე ხშირად სხვადასხვანაირად ვპასუხობთ.

დავუშვათ დღის თორმეტ საათს საათ-ნახევარი გადასცდა. ამ დროს ვამბობთ, რომ ორის ნახევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ საათამდე ნახევარი საათია დარჩენილი. ზოგან იტყოდნენ, რომ 1:30 წუთია. იმ შემთხვევაში, თუ დროის აღრიცხვის 24-საათიან სისტემას იყენებთ, იტყოდით, რომ 13:30 წუთია.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ განსაზღვრავდნენ დროს ბიბლიურ დროში. ეს სხვადასხვა მეთოდით ხდებოდა. ებრაულ წერილებში ვხვდებით ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა „დილა“, „შუადღე“ და „საღამო“ (დაბ. 8:11; 19:27; 43:16; კან. 28:29; 1 მეფ. 18:26). მაგრამ ზოგჯერ დროს უფრო აკონკრეტებდნენ.

ბიბლიურ დროში ჰყავდათ გუშაგები, რომლებიც, ძირითადად, ღამით ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ქრისტეს შობამდე საუკუნეებით ადრე ისრაელებმა ღამე სამ გუშაგობად დაყვეს (ფსალმ. 63:6). მსაჯულების 7:19-ში მოხსენიებულია „შუაღამის გუშაგობა“. თუმცა იესოს დროს იუდეველები უკვე იყენებდნენ ღამის ოთხ გუშაგობად დაყოფის ბერძნულ და რომაულ სისტემას.

სახარებებში არაერთხელ მოიხსენიება ოთხივე გუშაგობა. მაგალითად, მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ ნავში მყოფ მოწაფეებთან იესო „ღამის მეოთხე გუშაგობისას“ მივიდა წყალდაწყალ (მათ. 14:25). თავის მაგალითში იესომ თქვა: „სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა“ (მათ. 24:43).

იესომ ოთხივე გუშაგობა მოიხსენია, როცა მოწაფეებს უთხრა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: დღის ბოლოს, შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ დილით ადრე“ (მარ. 13:35). პირველი გუშაგობა, „დღის ბოლოს“, მზის ჩასვლიდან დაახლოებით საღამოს ცხრა საათამდე პერიოდს მოიცავდა. მეორე, „შუაღამის“ გუშაგობა, დაახლოებით საღამოს ცხრა საათიდან ღამის თორმეტ საათამდე გრძელდებოდა. მესამე გუშაგობა, „მამლის ყივილზე“, ღამის თორმეტი საათიდან დაახლოებით დილის სამ საათამდე მონაკვეთს მოიცავდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ გუშაგობის დროს იყივლა მამალმა იმ ღამით, როცა იესო დააპატიმრეს (მარ. 14:72). მეოთხე გუშაგობა, „დილით ადრე“, დაახლოებით დილის სამი საათიდან მზის ამოსვლამდე გრძელდებოდა.

მართალია, ბიბლიურ დროში ხალხს არ ჰქონდა თანამედროვე საათები, მაგრამ მათ შემუშავებული ჰქონდათ დროის განსაზღვრის თავისებური სისტემა.