არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით ყურადღებიანი და კეთილი იეჰოვას მსგავსად!

იყავით ყურადღებიანი და კეთილი იეჰოვას მსგავსად!

„ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს“ (ფსალმ. 41:1).

სიმღერები: 130, 107

1. როგორ ავლენს ღვთის ხალხი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს?

ღვთის ხალხი სულიერ ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც სიყვარულით გამოირჩევა (1 იოან. 4:16, 21). ისინი ერთმანეთს სიყვარულს მხოლოდ საგმირო საქმეებით კი არ უმტკიცებენ, რისი საჭიროებაც იშვიათად იქმნება, არამედ სასიამოვნო სიტყვებითა და კეთილი საქმეებით. დიახ, როცა სხვების მიმართ სიკეთესა და ყურადღებიანობას ვიჩენთ, ღმერთს ვბაძავთ როგორც საყვარელი შვილები (ეფეს. 5:1).

2. როგორ ჰბაძავდა იესო მამას სიყვარულში?

2 იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას. მან თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ . . . რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მათ. 11:28, 29). როცა იესოსავით „ყურადღებას . . . [ვაქცევთ] საწყალს“, ჩვენი ზეციერი მამის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ და დიდ ბედნიერებას განვიცდით (ფსალმ. 41:1). ახლა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია ყურადღებიანები ვიყოთ ოჯახში, კრებასა და მსახურებაში.

ყურადღებიანობა ოჯახში

3. როგორ უნდა ავლენდნენ ქმრები ყურადღებიანობასა და გულისხმიერებას ცოლების მიმართ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

3 ქმრები ოჯახში ყურადღებიანობის საუკეთესო მაგალითს უნდა იძლეოდნენ (ეფეს. 5:25; 6:4). ბიბლია მათ მოუწოდებს, რომ „შეძენილი ცოდნის თანახმად“ განაგრძონ ცოლებთან ცხოვრება. სიტყვები „შეძენილი ცოდნის თანახმად“ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „ყურადღებიანობისა და გულისხმიერების გამოვლენა“ (1 პეტ. 3:7). ყურადღებიანობა და გულისხმიერება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. მაგალითად, გულისხმიერ და გამგებ ქმარს ესმის, რომ ის და მისი მეუღლე ბევრ რამეში განსხვავდებიან, თუმცა ამის გამო ის თავს არ ამეტებს ცოლს (დაბ. 2:18). ამგვარად, ქმარი ანგარიშს უწევს ცოლის გრძნობებს და მას ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობა. ერთი კანადელი და თავისი ქმრის შესახებ ამბობს: «ის ყოველთვის ითვალისწინებს ჩემს გრძნობებს და არასდროს მეუბნება: „ასე არ უნდა ფიქრობდე“. ამასთანავე, ის გულისყურით მისმენს და საჭიროების შემთხვევაში ძალიან რბილად მისწორებს შეხედულებას».

4. როგორ შეუძლია ქმარს ცოლის გრძნობების გათვალისწინება სხვა მანდილოსნებთან ურთიერთობის დროს?

4 გულისხმიერი ქმარი ცოლის გრძნობებს სხვა მანდილოსნებთან ურთიერთობის დროსაც ითვალისწინებს. ის არასდროს აბამს ფლირტს მათთან და არც უმართებულო ყურადღებას იჩენს. ის მაშინაც ასე იქცევა, როცა სოციალური მედიით ან ინტერნეტით სარგებლობს (იობ. 31:1). დიახ, გულისხმიერი ქმარი ცოლის ერთგული რჩება. ის მხოლოდ იმიტომ კი არ იქცევა ასე, რომ ცოლი უყვარს, არამედ იმიტომაც, რომ იეჰოვა უყვარს და ბოროტება სძულს (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:14; 97:10).

5. როგორ შეუძლია ცოლს ქმრის მიმართ გულისხმიერების გამოვლენა?

5 ცოლი ადვილად ავლენს ღრმა პატივისცემას ქმრის მიმართ, როცა ის ჰბაძავს იესო ქრისტეს, რომელიც მისი თავია (ეფეს. 5:22—25, 33). პატივისცემით განმსჭვალული ცოლი ცდილობს, გაუგოს ქმარს, როცა მას თეოკრატიული პასუხისმგებლობების შესასრულებლად უფრო მეტი დრო სჭირდება ან როცა მთლიანად პრობლემების მოგვარებაზეა გადართული. ბრიტანეთში მცხოვრები დაქორწინებული ძმა თავის ცოლზე ამბობს: „ზოგჯერ ჩემი მეუღლე ერთი შეხედვით მატყობს, რომ რაღაც მაწუხებს. ის ითვალისწინებს იგავების 20:5-ში ჩაწერილ პრინციპს და ელოდება შესაფერის დროს, რომ ამოხაპოს ჩემი გულის ზრახვები. რა თქმა უნდა, მას ისიც ესმის, რომ არის საკითხები, რაზეც მასთან ვერ ვილაპარაკებ“.

6. როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, ბავშვები ყურადღებიანობისკენ წავახალისოთ და რატომ იქნება ეს მათთვისვე კარგი?

6 როცა მშობლები ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანები და გულისხმიერები არიან, შვილებს კარგ მაგალითს აძლევენ. ცხადია, უმთავრესად მშობლების პასუხისმგებლობაა, რომ შვილებს სხვების გათვალისწინება ასწავლონ. მაგალითად, მშობლებმა შვილები უნდა დაარიგონ, რომ სამეფო დარბაზში არ ირბინონ ან მეგობრულ შეკრებებზე საჭმლის აღების დროს რიგი უფროსებს დაუთმონ. თუმცა მშობლების დახმარება კრების წევრებსაც შეუძლიათ. მაგალითად, თუ ბავშვი ყურადღებას გამოიჩენს და კარს გაგვიღებს, უნდა შევაქოთ ის. შექება დადებითად იმოქმედებს ბავშვზე და თავად დარწმუნდება, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35).

ყურადღებიანობა კრებაში

7. როგორ გამოიჩინა გულისხმიერება იესომ „ყრუ და ენაბლუ კაცის“ მიმართ და რის სწავლა შეგვიძლია მისგან?

7 ერთხელ, როცა იესო დეკაპოლისის მხარეში იყო, მას „ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიუყვანეს“ (მარ. 7:31—35). ნაცვლად იმისა, რომ ხალხის თვალწინ განეკურნა, „იესომ ცალკე გაიყვანა იგი“. რატომ მოიქცა ის ასე? შესაძლოა ეს მამაკაცი თავისი მდგომარეობის გამო ხალხში თავს უხერხულად გრძნობდა. როგორც ჩანს, იესომ შენიშნა ეს და სწორედ ამიტომ განკურნა განცალკევებით. ფაქტია, ჩვენ ვერავის განვკურნავთ, მაგრამ შეგვიძლია და გვმართებს კიდეც, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ და-ძმების საჭიროებებსა და გრძნობებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24). იესოს კარგად ესმოდა, რას გრძნობდა ეს ყრუ მამაკაცი, ამიტომ მის მიმართ გულისხმიერება გამოავლინა. ეს ჩვენთვისაც კარგი მაგალითია!

8, 9. როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა ხანდაზმული და დაუძლურებული და-ძმების მიმართ? მოიყვანეთ მაგალითი.

8 ყურადღებიანები იყავით ხანდაზმულთა და დაუძლურებულთა მიმართ. ქრისტიანული კრება სიყვარულით გამოირჩევა და არა მხოლოდ მიღწევებით (იოან. 13:34, 35). სიყვარული აღგვძრავს, უარი ვთქვათ საკუთარ კომფორტზე, რათა ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანაქრისტიანებს კრების შეხვედრებზე დასწრებასა და მსახურებაში მონაწილეობის მიღებაში დავეხმაროთ. ჩვენ ასე ვიქცევით მაშინაც, როცა მათ ბევრის გაკეთება არ შეუძლიათ (მათ. 13:23). მაიკლი, რომელიც ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული, ძალიან აფასებს ოჯახისა და იმ ძმების დახმარებას, რომლებიც მის სამქადაგებლო მსახურების ჯგუფში არიან. ის ამბობს: „მათი დახმარებით, თითქმის ყველა კრების შეხვედრას ვესწრები და რეგულარულად ვქადაგებ. განსაკუთრებით მომწონს სტენდით მსახურება“.

9 ბევრ ბეთელში ზრუნავენ ხანდაზმულ და დაუძლურებულ და-ძმებზე. მზრუნველი ზედამხედველები ამ ერთგული მსახურების მიმართ სიყვარულს ავლენენ, როცა მათ ტელეფონითა და წერილებით ქადაგებაში ეხმარებიან. 86 წლის ბილი, რომელიც დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს წერილებს სწერს, ამბობს: „ძალიან ვაფასებთ, რომ შეგვიძლია წერილებით ქადაგება“. 90 წელს მიღწეული ნენსი აღნიშნავს: „ჩემთვის წერილების წერა, მხოლოდ კონვერტების შევსება არ არის. ეს მსახურებაა. ხალხს კი სჭირდება ჭეშმარიტების მოსმენა!“. 1921 წელს დაბადებული ეთელი გვიხსნის: „ტკივილი თავს არ მანებებს. არის დღეები, როცა ჩაცმაც კი ძალიან მიჭირს“. მიუხედავად ამისა, მას სიამოვნებს ტელეფონით ქადაგება და რამდენიმე კარგი განმეორებითი მონახულებაც აქვს. 85 წლის ბარბარა ამბობს: „სუსტი ჯანმრთელობის გამო რეგულარულად ქადაგება ძალიან მიჭირს, ამიტომ ტელეფონით ვქადაგებ. მადლობა იეჰოვა!“. ამ და სხვა ხანდაზმულმა და-ძმებმა, რომლებიც იმავე ბეთელში მსახურობენ, ერთ წელზე ნაკლებ დროში 1228 საათი იქადაგეს, 6 265 წერილი დაწერეს, 2 000-ზე მეტი სატელეფონო ზარი განახორციელეს და 6315 პუბლიკაცია გაავრცელეს. ცხადია, მათმა ძალისხმევამ გაახარა იეჰოვა (იგავ. 27:11).

10. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და-ძმებს, რომ სრულად ისარგებლონ კრების შეხვედრებით?

10 ყურადღებიანები იყავით კრების შეხვედრების დროს. ჩვენ გვინდა, რომ და-ძმებმა სრულად ისარგებლონ კრების შეხვედრებით. ამ მხრივ ჩვენი ყურადღებიანობა მათ დიდ სამსახურს გაუწევს. კარგი იქნება, თუ დროულად მივალთ სამეფო დარბაზში, რათა შეხვედრის მსვლელობის დროს და-ძმებს ყურადღება არ გაეფანტოთ. გასაგებია, რომ ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეგვაფერხებს, მაგრამ თუ ჩვევაში გვაქვს კრებაზე დაგვიანება, უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია უფრო გულისხმიერები ვიყოთ თანაქრისტიანების მიმართ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი მასპინძლები იეჰოვა და იესო არიან (მათ. 18:20). ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენგან ღრმა პატივისცემას.

11. რატომ უნდა გაითვალისწინონ 1 კორინთელების 14:40-ში ჩაწერილი რჩევა ძმებმა, რომლებიც დავალებებით გამოდიან?

11 და-ძმების მიმართ გულისხმიერები და ყურადღებიანები იმ შემთხვევაშიც ვიქნებით, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რჩევას: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40). ის ძმები, რომლებიც დავალებებით გამოდიან, ამ რჩევას მიჰყვებიან და პროგრამით გათვალისწინებულ დროში ასრულებენ თავიანთ დავალებებს. ასეთი სახით ისინი არა მხოლოდ მომდევნო გამომსვლელს ითვალისწინებენ, არამედ მთელ კრებას. ზოგი სამეფო დარბაზიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს, ზოგი საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული, ზოგს კი შეიძლება სახლში გაღიზიანებული მეუღლე ელოდება, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის.

12. რატომ იმსახურებენ მძიმედ მშრომელი უხუცესები სიყვარულსა და პატივისცემას? (იხილეთ ჩარჩო „ დააფასეთ ისინი, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია“)

12 სიყვარულისა და განსაკუთრებული პატივისცემის ღირსნი არიან სულიერი მწყემსები, რომლებიც კრებასა თუ მსახურებაში ბევრს ირჯებიან (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:12, 13). დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან აფასებთ უხუცესების მიერ თქვენ საკეთილდღეოდ გაწეულ ძალისხმევას. ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, ითანამშრომლოთ ამ ძმებთან და მხარი დაუჭიროთ მათ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ „ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი“ (ებრ. 13:7, 17).

ყურადღებიანობა მსახურებაში

13. რას ვსწავლობთ ხალხისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?

13 იესოსთან დაკავშირებით ესაიამ იწინასწარმეტყველა: „გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“ (ეს. 42:3). იესოს სიყვარული აღძრავდა, რომ თანამგრძნობი ყოფილიყო. მას კარგად ესმოდა იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც გადატანითი მნიშვნელობით გადატეხილ ლერწამს და მბჟუტავ პატრუქს ჰგავდნენ. ამიტომ ის მათ მიმართ ყურადღებიანი, კეთილი და მომთმენი იყო. ბავშვებსაც კი არ უჭირდათ მასთან მისვლა (მარ. 10:14). ფაქტია, ჩვენ ვერ შევძლებთ, ისევე გავუგოთ და ვასწავლოთ ადამიანებს, როგორც ამას იესო აკეთებდა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და გვმართებს კიდეც, რომ გავითვალისწინოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, ანუ დავფიქრდეთ, რას და როგორ ვეტყვით, როდის მივაკითხავთ და რამდენ ხანს დავყოფთ მათთან.

14. რატომ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება იმას, თუ როგორ ვესაუბრებით ხალხს მსახურების დროს?

14 როგორ უნდა ვესაუბროთ ხალხს მსახურების დროს? დღეს მილიონობით ადამიანი გახრწნილი და უგულო პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა თუ რელიგიური ლიდერების ხელში „გასავათებული და დაფანტულია“ (მათ. 9:36). სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ აღარც ნდობა აქვთ და აღარც იმედი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვებსა თუ ხმის ტონში სიკეთე და თანაგრძნობა ჩანდეს. ბევრი ჩვენს ცნობას მხოლოდ იმიტომ კი არ ეხმაურება, რომ ბიბლიური ცოდნა გვაქვს და საღად ვმსჯელობთ, არამედ იმიტომაც, რომ მათ მიმართ გულწრფელ ინტერესსა და ყურადღებას ვიჩენთ.

15. როგორ შეგვიძლია მსახურების დროს ხალხის მიმართ გულისხმიერების გამოვლენა?

15 მსახურების დროს ხალხის მიმართ გულისხმიერების გამოვლენა სხვადასხვა გზით შეგვიძლია. მართალია, კითხვების დასმა სწავლების კარგი საშუალებაა, მაგრამ ამ დროს თავაზიანობა და პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. ერთი პიონერი ძმა, რომლის სამქადაგებლო ტერიტორიაზე ბევრი თავშეკავებული და მორიდებული ადამიანი ცხოვრობს, მიხვდა, რომ ისეთი კითხვები არ უნდა დაესვა, რომელთა გამოც მობინადრეები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ამაში აგრეთვე შედიოდა ისეთი კითხვები, რომლებზეც გაუჭირდებოდათ პასუხის გაცემა ან შეიძლებოდა არასწორად ეპასუხათ. მაგალითად, ის ერიდებოდა შემდეგი კითხვების დასმას: „იცით ღვთის სახელი? ან იცით, რა არის ღვთის სამეფო?“. ნაცვლად ამისა, ის მათ ეუბნებოდა: „ბიბლიიდან გავიგე, რომ ღმერთს სახელი აქვს. გინდათ გაჩვენოთ ის?“. ცხადია, წესებს ვერ დავადგენთ, რადგან ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამასთანავე, გასათვალისწინებელია კულტურაც. თუმცა ჩვენ ყოველთვის გულისხმიერები და თავაზიანები უნდა ვიყოთ, რაშიც ადგილობრივი ხალხის კარგად გაცნობა დაგვეხმარება.

16, 17. როგორ შეგვიძლია სხვების გათვალისწინება, როცა ა) მათ სახლში ვაკითხავთ? ბ) ვსაზღვრავთ, რამდენ ხანს ვესაუბროთ?

16 როდის უნდა მივაკითხოთ ხალხს? შეიძლება ითქვას, რომ კარდაკარ მსახურების დროს დაუპატიჟებელი სტუმრები ვართ. ამიტომ აუცილებელია, ისეთი დრო შევარჩიოთ, როცა მობინადრეები უფრო მეტად არიან სასაუბროდ განწყობილები (მათ. 7:12). თქვენს ტერიტორიაზე გვიანობამდე ხომ არ სძინავს ხალხს უქმეებზე? თუ ასეა, შეგიძლიათ ისე დაგეგმოთ, რომ ჯერ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმსახუროთ. აგრეთვე შეგიძლიათ განმეორებით მოინახულოთ ისინი, ვისზეც ფიქრობთ, რომ ეღვიძება და ეცლება.

17 რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ მათთან? დღეს ბევრი ძალიან დაკავებულია, ამიტომ გონივრული იქნება, თუ დიდ დროს არ წავართმევთ მათ, განსაკუთრებით თავიდან მაინც. ჯობს მალევე დავამთავროთ საუბარი და დიდხანს არ დავრჩეთ (1 კორ. 9:20—23). როცა დაინახავენ, რომ ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და გადატვირთულ გრაფიკს, შემდეგშიც ექნებათ ჩვენთან საუბრის სურვილი. თუ მსახურების დროს ღვთის სულის ნაყოფს ვავლენთ, „ღვთის თანამშრომელნი“ ვხდებით. შეიძლება სწორედ ჩვენ აღმოვჩნდეთ ის ადამიანები, ვისი მეშვეობითაც იეჰოვა მათ ჭეშმარიტებისკენ მიიზიდავს (1 კორ. 3:6, 7, 9).

18. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ ყურადღებიანები ვიქნებით სხვების მიმართ?

18 მოდი ძალისხმევა არ დავიშუროთ, რომ ყურადღებიანები ვიყოთ ოჯახში, კრებასა და მსახურებაში. თუ ასე მოვიქცევით ბევრ კურთხევას მივიღებთ დღესაც და მომავალშიც. ფსალმუნის 41:1, 2-ში ნათქვამია: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს; უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას . . . ბედნიერი დაერქმევა მას დედამიწაზე“.