არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოვლისშემძლე, თუმცა ამავე დროს გულისხმიერი

ყოვლისშემძლე, თუმცა ამავე დროს გულისხმიერი

„[იეჰოვამ] კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:14).

სიმღერები: 30, 10

1, 2. ა) ძლევამოსილი ადამიანებისგან განსხვავებით, როგორ ეპყრობა იეჰოვა ხალხს? ბ) რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?

ძლევამოსილი და გავლენიანი ადამიანები ხშირად ბატონობენ სხვებზე და ჩაგრავენ კიდეც მათ (მათ. 20:25; ეკლ. 8:9). რამხელა განსხვავებაა მათსა და იეჰოვას შორის! მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთია, არასრულყოფილი ადამიანების მიმართ გულისხმიერებას ყველაზე მეტად ის ავლენს. იეჰოვა ყურადღებიანია ჩვენდამი და ითვალისწინებს ჩვენს გრძნობებსა და საჭიროებებს. მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“, ამიტომ არასდროს გვთხოვს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგვიძლია (ფსალმ. 103:13, 14).

2 ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა იეჰოვამ თავისი მსახურების მიმართ გულისხმიერება გამოავლინა. განვიხილოთ სამი მათგანი. პირველი, იეჰოვამ გაითვალისწინა პატარა სამუელის გრძნობები, როცა მღვდელმთავარი ელისთვის განაჩენის გაცხადება დაავალა. მეორე, იეჰოვა მოთმინებით მოეპყრო მოსეს, როცა ის უარს ამბობდა ისრაელი ერის წინამძღოლობაზე. და მესამე, მან გულისხმიერება და მზრუნველობა გამოავლინა ისრაელების მიმართ, როცა ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა. ამ შემთხვევებზე მსჯელობისას დავფიქრდეთ, რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ და ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია მისგან.

მამობრივი მზრუნველობა პატარა სამუელის მიმართ

3. რა უჩვეულო რამ მოხდა პატარა სამუელის ცხოვრებაში და რა კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

3 სამუელი ძალიან პატარა იყო, როცა კარავში იეჰოვას მსახურება დაიწყო (1 სამ. 3:1). ერთხელ ღამით, როცა სამუელი მარტო იყო, მის ცხოვრებაში უჩვეულო რამ მოხდა * (წაიკითხეთ 1 სამუელის 3:2—10). მას ხმა მოესმა, რომელიც ეძახდა. სამუელს მოხუცი მღვდელმთავარი ელი ეგონა, ამიტომ მასთან მიირბინა და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“, რაზეც ელიმ მიუგო: „არ დამიძახია, წადი, დაწექი“. როცა კიდევ ორჯერ განმეორდა მსგავსი რამ, ელი მიხვდა, რომ სამუელს ღმერთი ეძახდა. მან აუხსნა, როგორ მოქცეულიყო, რაც სამუელმა ზედმიწევნით შეასრულა. თავიდანვე რატომ არ გაუმჟღავნა იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით სამუელს თავისი თავი? ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ იეჰოვამ გაითვალისწინა პატარა სამუელის გრძნობები.

4, 5. ა) რა გრძნობა დაეუფლა სამუელს, როცა იეჰოვასგან დავალება მიიღო და როგორ განვითარდა მოვლენები? ბ) რას გვასწავლის ეს შემთხვევა იეჰოვას შესახებ?

4 წაიკითხეთ 1 სამუელის 3:11—18. იეჰოვას კანონი ბავშვებისგან მოითხოვდა, რომ პატივი ეცათ ასაკოვნებისთვის, განსაკუთრებით თავკაცებისთვის (გამ. 22:28; ლევ. 19:32). ძნელი წარმოსადგენია, რომ პატარა სამუელი დილით ამდგარიყო, ელისთან მისულიყო და გაბედულად გადაეცა იეჰოვას განაჩენი. მონათხრობიდან ვიგებთ, რომ მას ეშინოდა, „ელისთვის ეთქვა ხილვაში ნანახი“. თუმცა ღმერთმა მიახვედრა ელი, რომ ის ეძახდა სამუელს. ამიტომ ელიმ თავად აიღო ინიციატივა და სამუელს უთხრა, რომ იეჰოვას ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დაემალა მისთვის. სამუელიც დაემორჩილა და „ყველაფერს მოუყვა“.

5 სამუელის ნათქვამი მოულოდნელი არ ყოფილა ელისთვის, რადგან მანამდე „ღვთის კაცმა“ გადასცა მსგავსი ცნობა (1 სამ. 2:27—36). ეს შემთხვევა იეჰოვას სიბრძნესა და გულისხმიერებაზე მეტყველებს.

6. რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ სამუელის შემთხვევიდან?

6 ახალგაზრდებო, პატარა სამუელის შემთხვევიდან ჩანს, რომ იეჰოვას ესმის, რას გრძნობთ და რა სირთულეებს ხვდებით. შეიძლება მორცხვები ხართ და გიჭირთ უფროსებთან თქვენს მრწამსზე საუბარი. შესაძლოა გიძნელდებათ, რომ თანატოლებისგან განსხვავებულები იყოთ. გჯეროდეთ, რომ იეჰოვას სურს, დაგეხმაროთ. ამიტომ ლოცვაში გაანდეთ მას გულის ნადები (ფსალმ. 62:8). იფიქრეთ ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთის ახალგაზრდა მსახურებზე, მაგალითად სამუელზე. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები იმ ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის თანაქრისტიანებს, რომელთაც შესაძლოა თქვენნაირი სირთულეები გამოიარეს. ისინი მოგიყვებიან, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა მათ ზოგჯერ წარმოუდგენელი სახითაც კი.

მოსეს მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა

7, 8. როგორ გამოავლინა იეჰოვამ განსაკუთრებული გულისხმიერება მოსეს მიმართ?

7 მოსე 80 წლისა იყო, როცა ღმერთმა საკმაოდ რთული დავალება მისცა. მას ისრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან უნდა დაეხსნა (გამ. 3:10). მოსე მიდიანში 40 წლის მანძილზე მწყემსი იყო, ამიტომ ამ ახალმა დავალებამ მას თავზარი დასცა. მან იეჰოვას უთხრა: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელის ძეები გამოვიყვანო?!“. ღმერთმა ის შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: „მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:11, 12). მან მოსე იმაშიც დაარწმუნა, რომ ისრაელის უხუცესები მოუსმენდნენ მის ხმას. ამის მიუხედავად, მოსემ მიუგო: „დავუშვათ . . . არ მოუსმინეს ჩემს ხმას“ (გამ. 3:18; 4:1). ფაქტობრივად, მოსემ სიტყვა შეუბრუნა ღმერთს, მაგრამ იეჰოვას მოთმინება არ დაუკარგავს. უფრო მეტიც, მან მოსეს სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. ეს არის ბიბლიაში ჩაწერილი პირველი შემთხვევა, როცა ღმერთმა ადამიანს ასეთი უნარი უბოძა (გამ. 4:2—9, 21).

8 ამჯერად მოსემ ის მოიმიზეზა, რომ მჭევრმეტყველი არ იყო. ამაზე ღმერთმა უთხრა: „მე თვითონ ვიქნები შენს ბაგესთან და მე გასწავლი, რა უნდა თქვა“. ახლა მაინც დაჰყვა მოსე იეჰოვას ნებას? როგორც ჩანს, არა. მან ღმერთს მოკრძალებით სთხოვა, რომ მის მაგივრად სხვა გაეგზავნა. იეჰოვა უკვე სამართლიანად განურისხდა მას, მაგრამ შეუვალი არ გამხდარა. მან აარონი დანიშნა მოსეს წარმომადგენლად, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინა გულისხმიერება და გაითვალისწინა მოსეს გრძნობები (გამ. 4:10—16).

9. როგორ დაეხმარა იეჰოვას მოთმინება და გულისხმიერება მოსეს, რომ კარგი წინამძღოლი გამხდარიყო?

9 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან იეჰოვას შესახებ? როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს, მას შეეძლო აეძულებინა მოსე და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილებოდა. თუმცა იეჰოვამ მოთმინება და სიკეთე გამოავლინა და შეეცადა, გაემხნევებინა თავისი თავმდაბალი და მოკრძალებული მსახური. გაჭრა ასეთმა მიდგომამ? რა თქმა უნდა! მოსე კარგი წინამძღოლი გახდა, რომელიც ცდილობდა, ისევე რბილად და გულისხმიერად მოპყრობოდა სხვებს, როგორც ერთ დროს მას მოექცა იეჰოვა (რიცხ. 12:3).

ჰბაძავთ იეჰოვას სხვებთან ურთიერთობის დროს? (იხილეთ აბზაცი 10)

10. რატომ იქნება ჩვენთვისვე კარგი, თუ იეჰოვასავით გულისხმიერები ვიქნებით?

10 რას ვსწავლობთ აქედან? ქმრებს, მშობლებსა და უხუცესებს გარკვეული ძალაუფლება გაქვთ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მიჰბაძოთ იეჰოვას და მასავით გულისხმიერი, კეთილი და მომთმენი იყოთ მათ მიმართ, ვისზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც გაკისრიათ (კოლ. 3:19—21; 1 პეტ. 5:1—3). თუ მიჰბაძავთ იეჰოვას და იესო ქრისტეს, შეძლებთ, რომ უშუალოები და გამომაცოცხლებლები იყოთ სხვებისთვის (მათ. 11:28, 29). გარდა ამისა, ასეთი საქციელით მათ კარგ მაგალითსაც მისცემთ (ებრ. 13:7).

ძლევამოსილი, თუმცა ამავე დროს გულისხმიერი და მზრუნველი მხსნელი

11, 12. რა გააკეთა იეჰოვამ, რომ ისრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლის დროს თავი დაცულად და უსაფრთხოდ ეგრძნოთ?

11 როცა ისრაელებმა ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტე დატოვეს, მათი რიცხვი სამ მილიონს აჭარბებდა. გათავისუფლებულებს შორის სამი ან ოთხი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. ამიტომ ამდენ ხალხს, რომელთა შორის ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები და ფიზიკურად შეზღუდულები იყვნენ, გულისხმიერი და ყურადღებიანი ხელმძღვანელი სჭირდებოდა. იეჰოვამ მოსეს მეშვეობით დაამტკიცა, რომ სწორედ ასეთი წინამძღოლი იყო. შედეგად, ისრაელები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, როცა თავიანთ სახლებს ტოვებდნენ; მათ ხომ სხვაგან არასდროს უცხოვრიათ! (ფსალმ. 78:52, 53).

12 რა გააკეთა იეჰოვამ, რომ ისრაელებს თავი დაცულად და უსაფრთხოდ ეგრძნოთ? ისრაელები ეგვიპტიდან კარგად ორგანიზებულ „რაზმებად გამოვიდნენ“ (გამ. 13:18). ასეთი წესრიგი დაარწმუნებდა მათ, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებდა. გარდა ამისა, ღმერთი მათ „დღისით ღრუბლით მიუძღოდა, ღამით კი — ცეცხლის შუქით“, რაც იმის ხილული ნიშანი იყო, რომ მათ გვერდით იყო (ფსალმ. 78:14). ფაქტობრივად, იეჰოვამ თავის ხალხს უთხრა: „ნუ გეშინიათ. მე თქვენთანა ვარ, რომ გიხელმძღვანელოთ და დაგიცვათ“. ასეთი გამხნევება მათ ნამდვილად სჭირდებოდათ, რადგან წინ დიდი განსაცდელი ელოდათ.

როგორ იზრუნა იეჰოვამ ისრაელებზე წითელ ზღვასთან? (იხილეთ აბზაცი 13)

13, 14. ა) როგორ იზრუნა იეჰოვამ ისრაელზე წითელ ზღვასთან? ბ) როგორ დაამტკიცა იეჰოვამ, რომ ეგვიპტელებზე გაცილებით დიდ ძალას ფლობდა?

13 წაიკითხეთ გამოსვლის 14:19—22. წარმოიდგინეთ, რომ წითელ ზღვასა და ფარაონის ჯარს შორის ხართ მოქცეული. ღმერთი იწყებს მოქმედებას. ღრუბლის სვეტი ბანაკის უკან ინაცვლებს, ეგვიპტელთა მხარეს აბნელებს და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს; თქვენი მხარე კი სასწაულებრივად არის განათებული. შემდეგ ხედავთ, რომ მოსე ზღვისკენ ხელს იწვდის, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი აპობს ზღვას და მეორე ნაპირამდე განიერ ბილიკს აკეთებს. თქვენ, თქვენი ოჯახი და დანარჩენები შინაურ ცხოველებთან ერთად ორგანიზებულად მიუყვებით ზღვის ფსკერს. თქვენდა გასაკვირად, ფსკერი არც ლაფიანია და არც გაყინული. ის მშრალი და საკმაოდ მყარია, რაც აადვილებს სიარულს. შედეგად, ისინიც კი უსაფრთხოდ აღწევენ მეორე ნაპირს, რომელთაც უჭირთ გადაადგილება.

14 წაიკითხეთ გამოსვლის 14:23, 26—30. ამასობაში ამაყი და უგუნური ფარაონი ედევნება ისრაელს. მოსე ისევ იშვერს ხელს ზღვისკენ, თუმცა ამჯერად კედლებად აღმართული წყალი ფსკერისკენ ეშვება, თითქოს ორი ცუნამი ეხეთქება ერთმანეთს. ფარაონისა და მისი ჯარის გადარჩენის არანაირი შანსი აღარ არსებობს (გამ. 15:8—10).

15. რას გვასწავლის ეს შემთხვევა იეჰოვას შესახებ?

15 ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ იეჰოვა წესრიგის ღმერთია. სწორედ მისი ეს თვისება გვეხმარება, თავი უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძნოთ (1 კორ. 14:33). ამასთანავე, იეჰოვა გვიმტკიცებს, რომ მოსიყვარულე მწყემსია და ზრუნავს თავის ხალხზე. ის სათუთად გვიკრავს გულში და გვიცავს მტრებისგან. რაოდენ გამამხნევებელია ამის ცოდნა ჩვენთვის, რადგან სადაცაა ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება (იგავ. 1:33).

16. რატომ გვამხნევებს იმის ცოდნა, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ ისრაელი?

16 სულიერად და ფიზიკურად იეჰოვა დღესაც ზრუნავს თავის ხალხზე, როგორც ჯგუფზე. ის იმავეს გააკეთებს დიდ გასაჭირში, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება (გამოცხ. 7:9, 10). არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, ჯანმრთელები თუ დაუძლურებულები, დიდი გასაჭირის დროს ღვთის ხალხს არც პანიკა მოიცავს და არც შიში. * პირიქით, ისინი ისე მოიქცევიან, როგორც იესომ თქვა: „გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკ. 21:28). იეჰოვას მსახურებს მაშინაც არ შეეპარებათ ეჭვი ღვთის მხარდაჭერაში, როცა მათზე იერიშს მიიტანს გოგი — ერთა კოალიცია, რომელსაც ფარაონზე გაცილებით დიდი ძალა ექნება (ეზეკ. 38:2, 14—16). რატომ იქნება ღვთის ხალხი გულდაჯერებული? იმიტომ რომ იეჰოვა არ იცვლება. ის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ გულისხმიერი და მზრუნველი მხსნელია (ეს. 26:3, 20).

17. ა) რას გვასწავლის ბიბლიური შემთხვევები, რომლებშიც თავისი ხალხის მიმართ იეჰოვას მზრუნველობა ჩანს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 ამ სტატიაში განხილული შემთხვევებიდან დავინახეთ, რომ იეჰოვა სიკეთესა და გულისხმიერებას ავლენს, როცა ზრუნავს, ხელმძღვანელობს და იცავს თავის ხალხს. მსგავს ისტორიებზე ფიქრისას შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ ისეთ ნიუანსებს, რაც იეჰოვას თვისებების შესახებ რაღაც ახალს გასწავლით. შედეგად, მისი მიმზიდველი თვისებები ღრმა კვალს დატოვებს თქვენს გულსა და გონებაზე, რაც თავის მხრივ ღვთისადმი სიყვარულსა და რწმენას გაგიძლიერებთ. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და გულისხმიერნი ვიყოთ სხვების მიმართ, იქნება ეს ოჯახში, კრებასა თუ მსახურებაში.

^ აბზ. 3 ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის აზრით, იმ დროს სამუელი 12 წლისა იქნებოდა.

^ აბზ. 16 გონივრულია დავასკვნათ, რომ არმაგედონგადატანილებს შორის ფიზიკურად დაუძლურებულებიც იქნებიან. დედამიწაზე მსახურების დროს იესო „ნებისმიერ . . . უძლურებას“ კურნავდა, რითაც ცხადყო, თუ რას გააკეთებდა არმაგედონგადატანილებისთვის და არა აღდგენილებისთვის (მათ. 9:35). ცხადია, მკვდრეთით აღდგენილებს ჯანმრთელი სხეული ექნებათ.