არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 37

სიხარულით დაემორჩილეთ იეჰოვას

სიხარულით დაემორჩილეთ იეჰოვას

„განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ . . . მამას“ (ებრ. 12:9).

სიმღერა 9 იეჰოვა ჩვენი მეფეა!

მოკლე შინაარსი *

1. რატომ უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას?

იეჰოვა ჩვენი შემოქმედია, რაც მისადმი მორჩილების * ვალდებულებას გვაკისრებს. მას სრული უფლება აქვს, განსაზღვროს, რა არის სწორი და რა არასწორი (გამოცხ. 4:11). იეჰოვასადმი მორჩილების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ის საუკეთესო მმართველია. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არაერთ ადამიანს ჰქონია ხალხზე ძალაუფლება, თუმცა ისინი ვერც კი შეედრებიან იეჰოვას, რადგან ის ყველაზე ბრძენი, მოსიყვარულე, გულმოწყალე და თანამგრძნობი მმართველია (გამ. 34:6; რომ. 16:27; 1 იოან. 4:8).

2. ებრაელების 12:9—11-ის თანახმად, რატომ ვემორჩილებით იეჰოვას?

2 იეჰოვას სურს, რომ მოსიყვარულე მამად მივიჩნევდეთ და მისადმი მორჩილებისკენ შიში კი არა სიყვარული გვიბიძგებდეს. ებრაელებისადმი მიწერილ წერილში პავლე მოციქულის სიტყვებიდან ვიგებთ, რომ სიხარულით უნდა დავემორჩილოთ ზეციერ მამას, რადგან ის „ჩვენ სასარგებლოდ“ გვასწავლის (წაიკითხეთ ებრაელების 12:9—11).

3. ა) რით ცხადვყოფთ, რომ ვემორჩილებით იეჰოვას? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ?

3 იეჰოვას რომ დავემორჩილოთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ყველაფერში მის მოსაწონად მოვიქცეთ და შევეწინააღმდეგოთ არასწორ მიდრეკილებას, რომელიც საკუთარ გონებაზე დაყრდნობისკენ გვიბიძგებს (იგავ. 3:5). ღმერთის უკეთ გაცნობა მისადმი მორჩილებას გვიადვილებს, რადგან მისი მიმზიდველი თვისებები „ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9). რაც უფრო მეტს ვიგებთ ღვთის შესახებ, მით უფრო გვიყვარდება ის. იეჰოვას მოყვარულ ადამიანს კი არ სჭირდება წესების გრძელი ჩამონათვალი, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი, რა უნდა გააკეთოს და რა არა. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ იეჰოვას მსგავსად შევიყვაროთ კარგი და შევიძულოთ ცუდი (ფსალმ. 97:10). თუმცა დროდადრო მაინც გვიჭირს იეჰოვასადმი მორჩილება. რა არის ამის მიზეზი? რის სწავლა შეუძლიათ უხუცესებსა და მშობლებს გამგებელი ნეემიასგან, მეფე დავითისა და მარიამისგან? ეს სტატია სწორედ ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.

რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს იეჰოვასადმი მორჩილება

4, 5. რომაელების 7:21—23-დან გამომდინარე, რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს იეჰოვასადმი მორჩილება?

4 იეჰოვასადმი მორჩილებაში ხელს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და არასრულყოფილება გვიშლის. ცოდვილი ბუნების გამო ურჩობისკენ ვართ მიდრეკილნი. როცა ადამმა და ევამ ღვთისადმი ურჩობა გამოავლინეს და აკრძალული ნაყოფი იგემეს, ფაქტობრივად, კარგისა და ცუდის განსაზღვრის უფლება საკუთარ თავს მიანიჭეს (დაბ. 3:22). მათ მსგავსად, დღესაც ბევრი უგულებელყოფს ღვთის ნორმებს და თავად წყვეტს, რა არის კარგი და რა ცუდი.

5 იეჰოვასადმი სრული მორჩილება შეიძლება მის მოყვარულ მსახურებსაც კი გაუჭირდეთ, რომლებიც კარგად იცნობენ მას. მოციქულმა პავლემ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა (წაიკითხეთ რომაელების 7:21—23). პავლეს მსგავსად ჩვენც გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ ცოდვილ მიდრეკილებებს, რათა იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ.

6, 7. კიდევ რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი იეჰოვასადმი მორჩილებაში? მოიყვანეთ მაგალითი.

6 ღვთისადმი მორჩილებაში შეიძლება ხელი ჩვენს კულტურაში გავრცელებულმა შეხედულებებმა და წეს-ჩვეულებებმაც შეგვიშალოს. ადამიანური აზროვნება ხშირად უპირისპირდება იეჰოვას ნებას. სწორედ ამიტომ გვიწევს გამუდმებული ბრძოლა, რომ გავთავისუფლდეთ მისი გავლენისგან. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

7 ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდებს უბიძგებენ, რომ თავიანთი ცხოვრება ფულის შოვნას შეალიონ. ერთი და, სახელად მერი, * მსგავსი რეალობის წინაშე იდგა. ის ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში სწავლობდა. მერის თავადაც სურდა და მშობლებიც უკიჟინებდნენ, რომ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია აერჩია. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიცნო და შეიყვარა იეჰოვა, სულ სხვა მიზნები დაისახა. ამ გადაწყვეტილების მიღება მერისთვის ადვილი არ ყოფილა. ის ამბობს: „ზოგჯერ საკმაოდ სარფიან წინადადებას მთავაზობენ, მაგრამ ვიცი, რომ ამ შემოთავაზების მიღება ჩემს სულიერ განრიგზე ცუდად აისახება. დღემდე მიჭირს მსგავს შემოთავაზებებზე უარის თქმა, რადგან მთელი ცხოვრება ფულის შოვნისა და კარიერის შექმნისკენ მომიწოდებდნენ. იეჰოვას ვთხოვ ძალას, გავუძლო ცდუნებას და არ დავთანხმდე ისეთ სამსახურს, რომელიც მის მსახურებას ჩამომაშორებს“ (მათ. 6:24).

8. რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო აბზაცებში?

8 იეჰოვასადმი მორჩილება ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. მაგალითად, უხუცესები და მშობლები, რომელთაც გარკვეული ძალაუფლება აქვთ, იეჰოვასადმი მორჩილებას იმითაც ავლენენ, რომ თავიანთ ძალაუფლებას სხვების დასახმარებლად იყენებენ. დავფიქრდეთ რამდენიმე ბიბლიურ მაგალითზე და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ძალაუფლების ღვთისმოსაწონად გამოყენება.

რის სწავლა შეუძლიათ უხუცესებს ნეემიასგან

უხუცესებიც ისევე მონაწილეობენ სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში, როგორც ნეემია მონაწილეობდა იერუსალიმის გალავნის მშენებლობაში (იხილეთ აბზაცები 9—11) *

9. რა სირთულეებს შეხვდა ნეემია?

9 იეჰოვამ უხუცესებს თავის სამწყსოზე ზრუნვა მიანდო, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა (1 პეტ. 5:2). იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ეპყრობოდა ნეემია ღვთის ხალხს, უხუცესებს ბევრ რამეს ასწავლის. ნეემია იუდას გამგებელი იყო და საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობდა (ნეემ. 1:11; 2:7, 8; 5:14). ის არაერთ სირთულეს შეხვდა. ნეემიამ შეიტყო, რომ იეჰოვას ტაძარი გაუწმინდურებული იყო. ხალხი აღარც შაბათს იცავდა და აღარც ლევიანებს უჭერდა მხარს მატერიალურად. ზოგი უცხოელ ქალებზეც კი ქორწინდებოდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად გამგებელ ნეემიას გარკვეული ზომების მიღება მოუწია (ნეემ. 13:4—30).

10. როგორ მოიქცა ნეემია?

10 ნეემიამ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენა და ხალხს საკუთარი შეხედულებები თავს არ მოახვია. პირიქით, მან გულწრფელ ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობა სთხოვა და ისრაელებს ღვთის კანონი შეახსენა (ნეემ. 1:4—10; 13:1—3). გარდა ამისა, ნეემია თანამემამულეების მხარდამხარ თავმდაბლად შრომობდა. ის გალავნის აღდგენით სამუშაოებშიც კი იღებდა მონაწილეობას (ნეემ. 4:15).

11. პირველი თესალონიკელების 2:7, 8-ის თანახმად, როგორ უნდა მოეპყრონ უხუცესები თანაქრისტიანებს?

11 შეიძლება უხუცესები არასდროს აღმოჩნდნენ ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორშიც ნეემია იყო, თუმცა ისინი ბევრ რამეს სწავლობენ ამ თავმდაბალი მამაკაცისგან. მაგალითად, უხუცესები ძალ-ღონეს არ იშურებენ და-ძმების დასახმარებლად. ისინი მინიჭებული ძალაუფლების გამო თავს კრების წევრებზე აღმატებულად კი არ მიიჩნევენ, არამედ მათ მიმართ სათუთ გრძნობებს ავლენენ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8). მათ საუბარში სიყვარული და თავმდაბლობა იგრძნობა. ერთი გამოცდილი უხუცესი, სახელად ენდრიუ, ამბობს: „შევნიშნე, რომ უხუცესების მხრიდან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება და-ძმებს გულს უთბობს და მათთან თანამშრომლობას უადვილებს“. კიდევ ერთი ძმა, ტონი, რომელიც დიდი ხანია უხუცესად მსახურობს, აღნიშნავს: „ყოველთვის ვცდილობ, ფილიპელების 2:3-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად მოვიქცე და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად მივიჩნიო. ეს მეხმარება, რომ და-ძმებს დიქტატორივით არ მოვექცე“.

12. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესები თავმდაბლები იყვნენ?

12 უხუცესები უნდა ჰბაძავდნენ ღმერთს თავმდაბლობის გამოვლენაში. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს უზენაესი მმართველია, იეჰოვა „დაბლა იხრება და . . . საწყალს მტვრიდან აყენებს“ (ფსალმ. 18:35; 113:6, 7). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სძულს ამაყი და ქედმაღალი ადამიანები (იგავ. 16:5).

13. რატომ უნდა აკონტროლოს უხუცესმა თავისი სიტყვები?

13 ღვთის მორჩილი უხუცესი უნდა აკონტროლებდეს თავის სიტყვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უხეშად დაელაპარაკოს თანაქრისტიანს, თუ მისგან უპატივცემულობას იგრძნობს (იაკ. 1:26; გალ. 5:14, 15). ზემოთ მოხსენიებული ენდრიუ ამბობს: „ზოგჯერ ცდუნება მქონდა, უხეშად დავლაპარაკებოდი იმ თანაქრისტიანს, რომელზეც ვფიქრობდი, რომ უპატივცემულოდ მექცეოდა. მაგრამ ბიბლიურ მაგალითებზე დაფიქრებამ თავმდაბლობა და თვინიერება მასწავლა“. უხუცესები იეჰოვას ემორჩილებიან, როცა და-ძმებთან თუ სხვა უხუცესებთან საუბრის დროს სიყვარულსა და თავაზიანობას ავლენენ (კოლ. 4:6).

რის სწავლა შეუძლიათ მამებს დავითისგან

14. რა როლი დააკისრა იეჰოვამ მამებს და რას მოელის მათგან?

14 იეჰოვამ მამაკაცი ოჯახის თავად დანიშნა და მოელის, რომ, როგორც მამა, შვილების აღზრდაზე იზრუნებს (1 კორ. 11:3; ეფეს. 6:4). თუმცა მამის ძალაუფლება შეზღუდულია, რადგან პასუხს აგებს ღვთის წინაშე, „ვისაც ყოველი ოჯახი . . . უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფეს. 3:14, 15). ღვთის მორჩილი მამა ძალაუფლებას იეჰოვას მოსაწონად იყენებს. მეფე დავითი ამ მხრივ მათ კარგ მაგალითს აძლევს.

ქრისტიანი მამის ლოცვა მის თავმდაბლობაზე უნდა მეტყველებდეს (იხილეთ აბზაცები 15, 16) *

15. რა მხრივ არის მეფე დავითი კარგი მაგალითი მამებისთვის?

15 იეჰოვამ დავითი არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ერის მეთაურად დანიშნა. როგორც მეფე, ის დიდ ძალაუფლებას ფლობდა. იყო შემთხვევები, როცა მან გადააჭარბა უფლებამოსილებას და სერიოზული შეცდომებიც დაუშვა (2 სამ. 11:14, 15). მიუხედავად ამისა, დავითი ემორჩილებოდა იეჰოვას და მისგან დასჯასა და შეგონებას იღებდა. ის გულს უღვრიდა ღმერთს ლოცვაში და ყველანაირად ცდილობდა იეჰოვას რჩევის გათვალისწინებას (ფსალმ. 51:1—4). დავითი იმდენად თავმდაბალი იყო, რომ რჩევის მიღებას ქალებისგანაც კი არ თაკილობდა (1 სამ. 19:11, 12; 25:32, 33). ის საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა და იეჰოვას მსახურებას უმთავრეს ადგილს უთმობდა.

16. რის სწავლა შეუძლიათ მამებს დავითისგან?

16 დავფიქრდეთ, რის სწავლა შეუძლიათ მამებს მეფე დავითისგან. მამებო, ბოროტად ნუ გამოიყენებთ იეჰოვასგან ბოძებულ ძალაუფლებას. აღიარეთ თქვენი შეცდომები და გაითვალისწინეთ სხვების მიერ მოცემული ბიბლიური რჩევები. ასეთი სახით თავმდაბლობას გამოავლენთ, რასაც თქვენი ოჯახის წევრები აუცილებლად შენიშნავენ და დააფასებენ. როცა მათთან ერთად ლოცულობთ, გულწრფელები იყავით იეჰოვასთან. დაანახვეთ ოჯახის წევრებს, რომ ღვთის ხელმძღვანელობას საჭიროებთ. რაც ყველაზე მთავარია, ღვთისმსახურებას თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაუთმეთ (კან. 6:6—9). თქვენი კარგი მაგალითი სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ოჯახზე.

რის სწავლა შეუძლიათ დედებს მარიამისგან

17. რა როლი მიანიჭა იეჰოვამ დედებს?

17 იეჰოვამ დედებს ოჯახში საპატიო როლი და შვილებზე გარკვეული ძალაუფლება მიანიჭა (იგავ. 6:20). დედის გავლენა შვილზე ღრმა კვალს ტოვებს, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება (იგავ. 22:6). დავფიქრდეთ, რა მხრივ აძლევს დედებს კარგ მაგალითს იესოს დედა, მარიამი?

18, 19. რის სწავლა შეუძლიათ დედებს მარიამისგან?

18 მარიამმა კარგად იცოდა წმინდა წერილები. ის მოწიწებით იყო გამსჭვალული იეჰოვას მიმართ და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მარიამი სიხარულით დაემორჩილა იეჰოვას მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა (ლუკ. 1:35—38, 46—55).

გადაღლილობისა თუ გაღიზიანების მიუხედავად დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულის გამოვლენას (იხილეთ აბზაცი 19) *

19 დედებო, თქვენ ბევრ რამეში შეგიძლიათ მიჰბაძოთ მარიამს. რა დაგეხმარებათ ამაში? პირველი, ბიბლიის პირადი შესწავლისა და ლოცვის მეშვეობით შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. და მეორე, მზად იყავით ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად, რათა იეჰოვას მოსაწონად მოიქცეთ. მაგალითად, შეიძლება ისეთ ოჯახში აღიზარდეთ, სადაც თქვენი მშობლები ადვილად გამოდიოდნენ მდგომარეობიდან და შვილებს უხეშად გელაპარაკებოდნენ. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა თქვენთვისაც მისაღები გახდა და იმდენად გაგიჯდათ ძვალ-რბილში, რომ იეჰოვას ნორმების გაგების შემდეგაც კი გიჭირთ შვილებთან სიმშვიდისა და მოთმინების გამოვლენა. მათმა დაუმორჩილებლობამ შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გაგაღიზიანოთ, როცა გადაღლილები ხართ (ეფეს. 4:31). ამ დროს ყველაზე მეტად გჭირდებათ ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა. ლიდია, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს, ამბობს: „როცა ჩემი ვაჟი მაბრაზებს, მხურვალედ ვლოცულობ, რომ ბრაზი არ გადმოვანთხიო. ხანდახან წინადადებასაც კი ვწყვეტ, რომ იეჰოვას დახმარება ვთხოვო. ლოცვა სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება“ (ფსალმ. 37:5).

20. კიდევ რა შეიძლება უჭირდეთ დედებს და რა დაეხმარებათ ამ სირთულის გადალახვაში?

20 არიან ისეთი დედებიც, რომელთაც უჭირთ შვილების მიმართ სიყვარულის გამოხატვა (ტიტ. 2:3, 4). ზოგს მშობლებისგან სითბო არასდროს უგრძნია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ გაიმეორებთ მშობლების შეცდომებს. როცა დედა შვილების მიმართ სიყვარულის გამოვლენას სწავლობს, იეჰოვას ნორმებს ემორჩილება. აზროვნების შეცვლა, თბილი გრძნობების გამოხატვა და განსხვავებულად მოქცევა ხანდახან რთულია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. თუ დედა მსგავს ცვლილებებს მოახდენს, თვითონაც ბედნიერი იქნება და მისი ოჯახიც.

ყოველთვის დაემორჩილეთ იეჰოვას

21, 22. ესაიას 65:13, 14-ის თანახმად, რატომ არის კარგი იეჰოვასადმი მორჩილება?

21 მეფე დავითმა საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვასადმი მორჩილების სასიკეთო შედეგები. მან დაწერა: „იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს. ისინი აფრთხილებენ შენს მსახურს; დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის“ (ფსალმ. 19:8, 11). დღესაც თვალნათლივ ვხედავთ განსხვავებას იეჰოვას მორჩილ ხალხსა და მათ შორის, ვინც არაფრად აგდებს მის რჩევებს. ღვთის ნორმების დამცველნი „სიხარულით . . . [შესძახიან] მხიარული გულის გამო“ (წაიკითხეთ ესაიას 65:13, 14).

22 როცა უხუცესები და მშობლები სიხარულით ემორჩილებიან იეჰოვას, თვითონაც კარგად გრძნობენ თავს, მათი ოჯახებიც უფრო ბედნიერები არიან და კრებაშიც მეტი ერთობა სუფევს. რაც ყველაზე მთავარია, ისინი იეჰოვას უხარებენ გულს (იგავ. 27:11). რა უნდა ინატროს ღვთის მსახურმა ამაზე მეტი?!

სიმღერა 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

^ აბზ. 5 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას. აგრეთვე გავიგებთ, რის სწავლა შეუძლიათ ნეემიასგან, დავითისა და მარიამისგან უხუცესებსა და მშობლებს, რომელთაც გარკვეული ძალაუფლება აქვთ.

^ აბზ. 1 განმარტება: სიტყვა მორჩილებას უარყოფითი დატვირთვა აქვს მათთვის, ვინც იძულებით ემორჩილება სხვის ნება-სურვილს. ღვთის მსახურები ნებაყოფლობით ემორჩილებიან იეჰოვას, ამიტომ ეს სიტყვა მათში უარყოფით გრძნობებს არ იწვევს.

^ აბზ. 7 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: უხუცესი თავის ვაჟთან ერთად სამეფო დარბაზში მუშაობს. ნეემია იერუსალიმის გალავნის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.

^ აბზ. 64 სურათის აღწერა: მამა ოჯახთან ერთად ლოცულობს.

^ აბზ. 66 სურათის აღწერა: ბავშვმა მთელი დრო ვიდეოთამაშებს დაუთმო, რის გამოც საშინაო თუ სხვა დავალებები შეუსრულებელი დარჩა. დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს დედა შენიშვნას აძლევს შვილს, ისე რომ არც უბრაზდება და არც უხეშად ელაპარაკება.