არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 35

იეჰოვა აფასებს თავის თავმდაბალ მსახურებს

იეჰოვა აფასებს თავის თავმდაბალ მსახურებს

„იეჰოვა . . . ხედავს თავმდაბლებს“ (ფსალმ. 138:6).

სიმღერა 48 ყოველდღე ვიაროთ იეჰოვასთან

მოკლე შინაარსი *

1. რას გრძნობს იეჰოვა თავმდაბლების მიმართ? ახსენით.

იეჰოვას უყვარს თავმდაბალი ადამიანები. მასთან ახლო და მეგობრული ურთიერთობის განვითარება მხოლოდ გულით თავმდაბლებს შეუძლიათ. რაც შეეხება მედიდურებს, ფსალმუნის 138:6-დან ვიგებთ, რომ იეჰოვა მათ „მხოლოდ შორიდან იცნობს“. ფაქტია, ყველას გვსურს, იეჰოვას მოწონება და სიყვარული დავიმსახუროთ, რაც უკვე საკმარისი მიზეზია თავმდაბლობის განსავითარებლად.

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 წინამდებარე სტატია სამ კითხვაზე გაგვცემს პასუხს: 1) რა არის თავმდაბლობა? 2) რატომ გვჭირდება ეს თვისება? და 3) რამ შეიძლება გამოსცადოს ჩვენი თავმდაბლობა? ამ სტატიიდან დავინახავთ, რომ თავმდაბლობით იეჰოვასაც გავუხარებთ გულს და საკუთარ თავსაც ვარგებთ (იგავ. 27:11; ეს. 48:17).

რა არის თავმდაბლობა?

3. რა არის თავმდაბლობა?

3 თავმდაბლობა არის სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ თავმდაბალი ადამიანი მოკრძალებულია, აღიარებს იეჰოვას აღმატებულ მდგომარეობას, არ აკნინებს სხვების როლს და აცნობიერებს, რომ ისინი მასზე რაღაცით უკეთესები არიან (ფილ. 2:3, 4).

4, 5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი თავმდაბლობა გარეგნული ფაქტორებით არ განისაზღვრება?

4 ზოგი შეიძლება თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სულაც არ იყოს ასეთი. ადამიანი შეიძლება მორცხვი და წყნარი ჩანდეს ან კულტურისა თუ აღზრდის გამო სხვების მიმართ მოწიწებასა და პატივისცემას ავლენდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ამაყი იყოს. ფაქტია, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოაშკარავდება მისი გულის მდგომარეობა (ლუკ. 6:45).

5 მეორე მხრივ, თუ ადამიანი თავდაჯერებული ჩანს და თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს, ეს მაინცდამაინც მის სიამაყეზე არ მეტყველებს (იოან. 1:46, 47). თუმცა მეგობრულ და კომუნიკაბელურ ადამიანებს სიფრთხილე მართებთ, რომ თავიანთ შესაძლებლობებზე არ გახდნენ დაიმედებულნი. არა აქვს მნიშვნელობა, ბუნებით გახსნილები ვართ თუ მორიდებულები, თავმდაბლობის განვითარება ყველას გვჭირდება.

პავლე მოციქულს დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარ თავზე (იხილეთ აბზაცი 6) *

6. პირველი კორინთელების 15:10-დან გამომდინარე, რის სწავლა შეგვიძლია პავლე მოციქულისგან?

6 დავფიქრდეთ პავლე მოციქულზე, რომელსაც იეჰოვამ ბევრი საქმე მიანდო. მან არაერთ ქალაქში ჩამოაყალიბა ქრისტიანული კრება. შეიძლება პავლემ ქრისტეს სხვა მოციქულებზე მეტიც კი იშრომა უფლის საქმეში, თუმცა არ გაამაყებულა და არ უფიქრია, რომ მათზე უკეთესი იყო. პირიქით, მან თავმდაბლად აღიარა: „მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც კი ვარ ღირსი, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი“ (1 კორ. 15:9). მას ესმოდა, რომ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ კი არ ჰქონდა, რომ განსაკუთრებული ან ღვაწლმოსილი მსახური იყო, არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა წყალობა გამოავლინა მის მიმართ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:10). პავლე მოციქული თავმდაბლობის მართლაც რომ შესანიშნავი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ კორინთის კრებაში ზოგი თავს მასზე აღმატებულად მიიჩნევდა, კორინთელებისთვის მიწერილ წერილში მას ტრაბახი და თავის ქება არ დაუწყია (2 კორ. 10:10).

თავმდაბალი ძმა კარლ კლაინი ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა (იხილეთ აბზაცი 7)

7. როგორ გამოავლინა ძმა კარლ კლაინმა თავმდაბლობა?

7 ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, ძმა კარლ კლაინის ბიოგრაფიამ ბევრი ღვთის მსახური გაამხნევა. თავის ბიოგრაფიაში მან თავმდაბლად გვიამბო იმ სისუსტეებისა თუ პრობლემების შესახებ, რომლებმაც წლების განმავლობაში არაერთხელ იჩინა თავი. მაგალითად, მისი მონათხრობიდან ვიგებთ, რომ 1920-იან წლებში პირველად კარდაკარ ქადაგება იმდენად გაუჭირდა, რომ თითქმის ორი წელი მსახურების ამ სფეროში მონაწილეობა აღარ მიუღია. ძმა კარლი გვიყვება, რომ ბეთელში მსახურების დროს კარგა ხანი გულმოსული იყო ერთ ძმაზე, რომელმაც რჩევა მისცა. მას არც ის დაუმალავს, რომ რაღაც პერიოდი ნევროზული აშლილობით იტანჯებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ძმა კარლს არაერთი პასუხისმგებლობა მიენდო იეჰოვას ორგანიზაციაში. ის საკმაოდ ცნობილი ძმა იყო, თუმცა გულახდილად საუბრობდა თავის სისუსტეებზე, რაც ისევ და ისევ მის თავმდაბლობაზე მეტყველებს. ბევრი და-ძმა დღემდე სიყვარულით იხსენებს ძმა კარლს და მის გულწრფელ ბიოგრაფიას. *

რატომ გვჭირდება თავმდაბლობა?

8. როგორ ჩანს 1 პეტრეს 5:6-დან, რომ თავმდაბლობა გულს უხარებს იეჰოვას?

8 თავმდაბლობის განვითარება ყველაზე მეტად იმიტომ გვინდა, რომ იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ. სწორედ ამ აზრს ვკითხულობთ 1 პეტრეს 5:6-ში (წაიკითხეთ). პეტრე მოციქულის სიტყვებთან დაკავშირებით წიგნში „მოდი და გამომყევი“ ასეთი რამ ეწერა: „სიამაყე მომაკვდინებელ საწამლავს ჰგავს. ეს ისეთი თვისებაა, რომელმაც შეიძლება ყველაზე უნარიანი ადამიანი ღვთისთვის გამოუსადეგარ ადამიანად აქციოს, ხოლო თავმდაბლობამ შეიძლება ყველაზე უბრალო ადამიანი აქციოს ღვთისთვის გამოსადეგ ადამიანად . . . ღმერთი შენც გაკურთხებს თავმდაბლობისთვის“. * ნამდვილად, ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასთვის გულის გახარება გვანიჭებს (იგავ. 23:15).

9. რატომ იზიდავს ჩვენი თავმდაბლობა სხვებს?

9 გარდა იმისა, რომ გულს ვუხარებთ იეჰოვას, თავმდაბლობა ბევრ რამეში გვეხმარება. როცა თავმდაბლობას ვავლენთ, სხვებს ჩვენთან ურთიერთობის სურვილი უჩნდებათ. ამას უკეთ მივხვდებით, თუ საკუთარ თავს მათ ადგილას წარმოვიდგენთ (მათ. 7:12). ცხადია, არავის სიამოვნებს ჯიუტ და თავისნათქვამა ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არასდროს ითვალისწინებენ სხვის რჩევას. ამის საპირისპიროდ, ყველას მოსწონს იმ თანაქრისტიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც „გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი“ არიან (1 პეტ. 3:8). თუ ჩვენ გვიზიდავს სხვებში თავმდაბლობა, ფაქტია, მათაც მიიზიდავს ჩვენში ამ თვისების დანახვა.

10. როგორ გვიადვილებს ცხოვრებას თავმდაბლობა?

10 თავმდაბლობა ცხოვრებას გვიადვილებს. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან სხვებს ექცევიან უსამართლოდ. მაგალითად, ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „მინახავს ცხენებზე ამხედრებული მსახურები და მიწაზე მსახურებივით მოსიარულე მთავრები“ (ეკლ. 10:7). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნიჭიერი ადამიანი არ დააფასონ, ნაკლები შესაძლებლობების მქონეს კი განსაკუთრებული პატივისცემით მოეპყრონ. სოლომონი მიხვდა, რომ სჯობს ადამიანმა უარყოფითზე კი არ გაამახვილოს მეტისმეტი ყურადღება, არამედ რეალობა ისეთი მიიღოს როგორც არის (ეკლ. 6:9). თავმდაბლობა დაგვეხმარება, მაშინაც კმაყოფილი ვიყოთ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვისურვებდით.

რამ შეიძლება გამოსცადოს ჩვენი თავმდაბლობა?

როგორ იცდება ჩვენი თავმდაბლობა მსგავს სიტუაციაში? (იხილეთ აბზაცები 11, 12) *

11. რა რეაქცია უნდა გვქონდეს რჩევაზე?

11 თავმდაბლობის გამოვლენის შესაძლებლობა ყოველდღე გვეძლევა, თანაც არაერთხელ. განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია. პირველი, როცა რჩევას გვაძლევენ. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: თუ ვინმე დროს გამოყოფს იმისთვის, რომ რჩევა მოგვცეს, ესე იგი, იმაზე სერიოზული შეცდომა დავუშვით, ვიდრე ვფიქრობთ. როცა რჩევას გვაძლევენ, თავიდან შეიძლება თავის მართლება დავიწყოთ, მრჩეველი გავაკრიტიკოთ ან რჩევის მოცემის მანერა დავიწუნოთ. სწორედ თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ მსგავს სიტუაციაში სწორი განწყობა შევინარჩუნოთ.

12. იგავების 27:5, 6-ის თანახმად, რატომ უნდა ვიყოთ მისი მადლიერი, ვინც რჩევას გვაძლევს? მოიყვანეთ მაგალითი.

12 თავმდაბალი ადამიანი მადლიერია რჩევისთვის. წარმოიდგინეთ, რომ სამეფო დარბაზში თანაქრისტიანებს ესაუბრებით. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა გვერდით გაგიყვანათ და გითხრათ, რომ კბილებში საჭმლის ნარჩენი გაქვთ. შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოთ, თუმცა მადლიერი იქნებით მისი. ალბათ, ისურვებდით, რომ ვინმეს უფრო ადრე ეთქვა ამის შესახებ. მსგავსი განწყობა უნდა გვქონდეს, როცა რჩევას გვაძლევენ. თავმდაბლად უნდა მივიღოთ რჩევა და მადლიერება გამოვავლინოთ იმ თანაქრისტიანის მიმართ, რომელსაც გაბედულება ეყო, რომ ჩვენთვის საჭირო რჩევა მოეცა. ეს ადამიანი მტრად კი არა, მეგობრად უნდა მივიჩნიოთ (წაიკითხეთ იგავების 27:5, 6; გალ. 4:16).

რატომ გვჭირდება თავმდაბლობა, როცა სხვებს მეტის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ? (იხილეთ აბზაცები 13, 14) *

13. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ თავმდაბლობა, როცა სხვებს მეტის კეთების შესაძლებლობა ეძლევათ?

13 მეორე, როცა სხვებს მეტის კეთების შესაძლებლობა ეძლევათ. «როცა ვხედავ, რომ სხვას მეტ პასუხისმგებლობებს ანდობენ, კითხვა მიჩნდება, „რატომ ის და არა მე“», — გულახდილად ამბობს ერთი უხუცესი, სახელად ჯეისონი. თქვენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა? რა ჯობია, როცა ადამიანს ღვთის საქმეში მეტის კეთების სურვილი აქვს (1 ტიმ. 3:1). მაგრამ, თუ ფიქრებს არ გავაკონტროლებთ და სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შეიძლება ჩვენს გულში სიამაყემ გაიდგას ფესვი. მაგალითად, ძმამ შეიძლება იფიქროს, რომ მასზე კარგად საქმეს ვერავინ გაართმევს თავს ან დამ დაასკვნას, რომ კონკრეტულ დავალებას მისი ქმარი სხვა ძმებზე უკეთ შეასრულებს. თუმცა, თუ გულით თავმდაბლები ვიქნებით, ასეთ აზროვნებას მოვერიდებით.

14. რას ვსწავლობთ მოსესგან?

14 მოსესგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ის ძალიან აფასებდა ისრაელი ერის წინამძღოლობას. თუმცა არ შეშურებია, როცა იეჰოვამ სხვებსაც მისცა მის მხარდამხარ მსახურების შესაძლებლობა (რიცხ. 11:24—29). მან თავმდაბლად გაუნაწილა სხვებს თავისი პასუხისმგებლობა, რომ მათაც გაეჩინათ ხალხისთვის სამართალი და, ამგვარად, მძიმე ტვირთის ტარებაში შეხიდებოდნენ (გამ. 18:13—24). ეს ისრაელ ერზე სასიკეთოდ აისახა, რადგან საქმის განსასჯელად ხალხს დიდხანს აღარ უწევდა ლოდინი. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ მოსესთვის პასუხისმგებლობებზე მნიშვნელოვანი ხალხზე ზრუნვა იყო. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის. გახსოვდეთ: იეჰოვას მსახურებისთვის გამოსადეგს თავმდაბლობა გვხდის და არა განსაკუთრებული ნიჭი თუ უნარი. ფსალმუნის 138:6-ში ვკითხულობთ: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს“.

15. როგორ შეიცვალა ზოგის მდგომარეობა?

15 მესამე, როცა მდგომარეობა გვეცვლება. ბოლო დროს ბევრმა და-ძმამ, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს სრული დროით მსახურებაში, სხვა დავალებები მიიღო. მაგალითად, 2014 წელს საოლქო ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებს სრული დროით მსახურების სხვა სფეროში მონაწილეობა დაევალათ. იმავე წელს ძალაში შევიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სარაიონო ზედამხედველები მხოლოდ 70 წლამდე შეასრულებდნენ თავიანთ დავალებას, უხუცესთა საბჭოს კოორდინატორები კი — 80 წლამდე. ამასთანავე, ბოლო წლებში ბევრი ბეთელელი პიონერად დაინიშნა. ზოგ და-ძმას გაუარესებული ჯანმრთელობის, ოჯახური ვალდებულებებისა თუ სხვა მიზეზების გამო სრული დროით მსახურების შეწყვეტა მოუწია.

16. როგორ გამოავლინა ბევრმა და-ძმამ თავმდაბლობა ცვლილებების დროს?

16 ზემოთ მოხსენიებული და-ძმებისთვის ადვილი არ ყოფილა ცვლილებებთან შეგუება, რადგან წლების განმავლობაში ასრულებდნენ საყვარელ საქმეს. ზოგს ძალიან გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში შეეგუა ახალ მდგომარეობას. ამაში მათ ყველაზე მეტად იეჰოვას სიყვარული დაეხმარა. ამ და-ძმებმა გააცნობიერეს, რომ იეჰოვას მიუძღვნეს თავი და არა რაიმე საქმეს, სტატუსს ან დავალებას (კოლ. 3:23). ისინი სიხარულით განაგრძობენ იეჰოვას მსახურებას და თავმდაბლად ასრულებენ ნებისმიერ დავალებას. მათ თავიანთი საწუხარი იეჰოვას მიანდეს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ის ზრუნავს მათზე (1 პეტ. 5:6, 7).

17. რატომ ვართ მადლიერები, რომ ღვთის სიტყვა თავმდაბლობას გვასწავლის?

17 განა მადლიერები არა ვართ, რომ ღვთის სიტყვა თავმდაბლობას გვასწავლის?! ეს უძვირფასესი თვისება გვეხმარება, უკეთესი ქრისტიანები ვიყოთ, გადავლახოთ ცხოვრებისეული პრობლემები და სხვებსაც გავუადვილოთ ჩვენთან ურთიერთობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავმდაბლობა ზეციერ მამასთან გვაახლოებს. გვახარებს იმის ცოდნა, რომ „ამაღლებული და აღმატებული“ მდგომარეობის მიუხედავად, იეჰოვა აფასებს თავის თავმდაბალ მსახურებს და სიყვარულით ეპყრობა მათ (ეს. 57:15).

სიმღერა 45 ჩემი გულის ზრახვები

^ აბზ. 5 თავმდაბლობა უძვირფასესი თვისებაა, რომელიც თითოეულმა ქრისტიანმა უნდა განივითაროს. რა არის თავმდაბლობა? რატომ გვჭირდება ეს თვისება? როგორ ცდის ცვლილებები ჩვენს თავმდაბლობას? წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი.

^ აბზ. 7 ძმა კარლ კლაინის ბიოგრაფია იხილეთ 1984 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.].

^ აბზ. 53 სურათის აღწერა: თანაქრისტიანთან სტუმრობის დროს პავლე მოციქული თავმდაბლობას ავლენს და სიამოვნებით ურთიერთობს სხვებთან, მათ შორის პატარებთან.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: ძმა თავმდაბლად იღებს ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას ახალგაზრდა ძმისგან.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: ხანდაზმულ ძმას არ შურს ახალგაზრდა ძმის, რომელსაც კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია.