არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 38

ბრძნულად გამოიყენეთ მშვიდობიანი პერიოდი

ბრძნულად გამოიყენეთ მშვიდობიანი პერიოდი

„მშვიდობა იყო ქვეყანაში. ომი არ ჰქონია მას ამ წლების განმავლობაში, რადგან იეჰოვამ დაასვენა ის“ (2 მატ. 14:6).

სიმღერა 60 სიცოცხლის მომტანი ცნობა

მოკლე შინაარსი *

1. როდის შეიძლება გახდეს იეჰოვას მსახურება მეორეხარისხოვანი?

თქვენი აზრით, როდის არის უფრო რთული იეჰოვას მსახურება — როცა ბევრ პრობლემას ხვდებით თუ, როცა ცხოვრება შედარებით მშვიდ რიტმში მიედინება? სირთულეების დროს იეჰოვაზე მინდობა ადვილია. მაგრამ როგორ ვიქცევით მაშინ, როცა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა? ამ დროს ჩვენთვის მეორეხარისხოვანი ხომ არ ხდება ღვთის მსახურება? სწორედ ამ საშიშროების შესახებ აფრთხილებდა იეჰოვა ისრაელებს (კან. 6:10—12).

მეფე ასამ გაბედულად გაილაშქრა ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ (იხილეთ აბზაცი 2). *

2. რა მაგალითი დაგვიტოვა ასამ?

2 მეფე ასა ბრძნულად იქცეოდა, რადგან ბოლომდე ენდობოდა იეჰოვას, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ის იეჰოვას მაშინაც ერთგულად ემსახურებოდა, როცა გასაჭირში იყო და მაშინაც, როცა მშვიდობიანი პერიოდი ედგა. „ასა იეჰოვას ერთგული იყო მთელი სიცოცხლე“ (1 მეფ. 15:14). ასამ თავისი ერთგულება იმითაც დაამტკიცა, რომ იუდაში ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა. როგორც ბიბლია გვამცნობს, „მოსპო მან სხვა ღმერთების სამსხვერპლოები და სათაყვანო მაღლობები, დაამტვრია სათაყვანო სვეტები და აჩეხა სათაყვანო ბოძები“ (2 მატ. 14:3, 5). მან ბებიამის მააქასაც კი ჩამოართვა დედოფლობა, რადგან ის კერპთაყვანისმცემლობას უჭერდა მხარს (1 მეფ. 15:11—13).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ასამ არა მხოლოდ ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა, არამედ იუდას სამეფოში იეჰოვას თაყვანისმცემლობაც აღადგინა. იეჰოვას კურთხევით მეფესაც და ხალხსაც მშვიდობის * ხანა დაუდგათ. ასას მეფობის დროს „ათი წლის მანძილზე მშვიდობა იყო ქვეყანაში“ (2 მატ. 14:1, 4, 6). ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გამოიყენა ასამ ეს მშვიდობიანი პერიოდი. აგრეთვე ვისაუბრებთ პირველი საუკუნის ქრისტიანებზე, რომლებმაც ასას მსგავსად გონივრულად გამოიყენეს მშვიდობიანი დრო. ბოლოს კი ვიმსჯელებთ, როგორ შეგიძლიათ გონივრულად გამოიყენოთ თქვენს ქვეყანაში არსებული რელიგიის თავისუფლება.

როგორ გამოიყენა ასამ მშვიდობიანი პერიოდი

4. როგორც 2 მატიანის 14:2, 6, 7-დან ჩანს, როგორ გამოიყენა ასამ მშვიდობიანი დრო?

4 წაიკითხეთ 2 მატიანის 14:2, 6, 7. ასამ ხალხს უთხრა, რომ იეჰოვა მათ მშვიდობას აძლევდა ყოველი მხრიდან. თუმცა მას კარგად ესმოდა, რომ ქვეყანაში არსებულ მშვიდობას არ უნდა მოედუნებინა. ის ქალაქების, გალავნების, კოშკების და კარიბჭეების მშენებლობას შეუდგა. მეფემ ხალხს ასე მიმართა: „ჩვენია ეს მიწა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხს შეეძლო ისე გადაადგილებულიყო და ისე ეშენებინა ღვთისგან ბოძებულ ამ მიწაზე, რომ მტრების შიში არ ჰქონოდა. მან მოუწოდა ხალხს, გონივრულად გამოეყენებინათ ეს მშვიდობიანი დრო.

5. რატომ გააძლიერა ასამ ჯარი?

5 ასამ მშვიდობიანი პერიოდი ჯარის გასაძლიერებლადაც გამოიყენა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ ენდობოდა იეჰოვას (2 მატ. 14:8). ასას კარგად ესმოდა, რომ მას, როგორც მეფეს, ხალხი შესაძლო თავდასხმისთვის უნდა მოემზადებინა. მან იცოდა, რომ იუდას სამეფოში მშვიდობა დიდხანს არ გასტანდა. ის ამაში ნამდვილად არ ცდებოდა.

როგორ გამოიყენეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა მშვიდობიანი პერიოდი

6. როგორ გამოიყენეს პირველ საუკუნეში ქრისტიანებმა მშვიდობიანი პერიოდი?

6 მართალია, პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ხშირად დევნიდნენ, მაგრამ მათ შიგადაშიგ მშვიდობიანი პერიოდიც ჰქონდათ. როგორ იყენებდნენ ისინი ამ შესაძლებლობას? ეს ერთგული მამაკაცები და ქალები არ მოდუნებულან და გულანთებულები ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ ისინი ღვთისმოშიშებით განაგრძობდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას, რის შედეგადაც კრება „რიცხობრივად იზრდებოდა“. აშკარაა, იეჰოვამ აკურთხა მათი გულმოდგინება (საქ. 9:26—31).

7, 8. როგორ გამოიყენეს პავლემ და სხვა ქრისტიანებმა ქადაგების შესაძლებლობა?

7 პირველი საუკუნის ქრისტიანები სასიხარულო ცნობის ქადაგების ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ. მაგალითად, როცა პავლემ გააცნობიერა, რომ მსახურებისთვის ფართოდ გაეხსნა კარი, ის ეფესოში დარჩა და ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე გააგრძელა (1 კორ. 16:8, 9).

8 პავლესა თუ სხვა ქრისტიანებს ქადაგების შესაძლებლობა მაშინაც მიეცათ, როცა ახ. წ. 49 წელს წინადაცვეთის საკითხი გადაიჭრა (საქ. 15:23—29). მას შემდეგ, რაც მიღებული გადაწყვეტილება კრებებს გააცნეს, ისინი მთელი შემართებით აცხადებდნენ „სასიხარულო ცნობას, იეჰოვას სიტყვას“ (საქ. 15:30—35). რა მოჰყვა ამას შედეგად? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:4, 5).

დღეს როგორ იყენებთ მშვიდობიან პერიოდს

9. რა მდგომარეობაა ბევრ ქვეყანაში და რაზე უნდა დავფიქრდეთ?

9 დღეს ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მსახურები დაუბრკოლებლად ქადაგებენ. თუ თქვენს ქვეყანაშიც ასეთი მდგომარეობაა, დაფიქრდით, როგორ იყენებთ ამ თავისუფლებას. ამ ბოლო დღეებში იეჰოვას ორგანიზაცია ხელმძღვანელობას უწევს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს (მარ. 13:10). დღეს იეჰოვას ხალხს ამ საქმეში მონაწილეობისთვის უამრავი საშუალება ეძლევა.

ბევრმა გამოცადა სიხარული, რომელიც უცხო ქვეყანაში ან უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ქადაგებას მოაქვს (იხილეთ აბზაცები 10—12). *

10. რისკენ მოგვიწოდებს 2 ტიმოთეს 4:2-ში ჩაწერილი სიტყვები?

10 სარგებლობთ თქვენს ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი მდგომარეობით? (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:2). დაფიქრდით, ხომ არ გაძლევთ არსებული ვითარება თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი დრო გამოყოთ ქადაგებისთვის, მაგალითად პიონერად მსახურებისთვის? ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის, რომ ფულის შოვნასა და ქონების დაგროვებას გადავყვეთ, რადგან ამ ყველაფერს „დიდ გასაჭირში“ ჩალის ფასი ექნება (იგავ. 11:4; მათ. 6:31—33; 1 იოან. 2:15—17).

11. რა მიზანი დაისახა ზოგმა და რატომ?

11 ბევრი მაუწყებელი უცხო ენას იმ მიზნით სწავლობს, რომ სხვებს იეჰოვას შესახებ უქადაგოს. ამაში მათ დიდ დახმარებას უწევს ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული მასალა, რომელიც სულ უფრო მეტ ენაზე მოგვეწოდება. მაგალითად, 2010 წელს ჩვენი ლიტერატურა ხელმისაწვდომი იყო 500-მდე ენაზე, დღეს კი ეს რიცხვი 1 000-ს აჭარბებს.

12. როგორ მოქმედებს ხალხზე ღვთის სიტყვის მშობლიურ ენაზე მოსმენა? მოიყვანეთ მაგალითი.

12 როგორ მოქმედებს ხალხზე ღვთის სიტყვის მშობლიურ ენაზე მოსმენა? მაგალითად, დავფიქრდეთ ერთი დის შემთხვევაზე, რომელმაც მემფისში (ტენესი, აშშ) ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე თავის მშობლიურ ენაზე, კინიარუანდაზე მოისმინა პროგრამა. ამ ენაზე, ძირითადად, რუანდაში, კონგოსა (კინშასა) და უგანდაში ლაპარაკობენ. კონგრესის დასრულების შემდეგ ამ დამ თქვა: „შეერთებულ შტატებში 17 წლის წინ გადმოვედი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონგრესის პროგრამა ბოლომდე გავიგე“. ცხადია, ამ დაზე სულიერი პროგრამის მშობლიურ ენაზე მოსმენამ დიდად იმოქმედა. გაძლევთ მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ახალი ენა ისწავლოთ და იმ უცხოელებს უქადაგოთ, რომლებსაც თქვენს ტერიტორიაზე შეხვდებით? დარწმუნებული იყავით, რომ შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.

13. როგორ გამოიყენეს რუსმა და-ძმებმა მშვიდობიანი პერიოდი?

13 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ზოგ ქვეყანაში და-ძმებს თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობა არ ეძლევათ. მაგალითად, ასეთი სიტუაციაა დღეს რუსეთში. ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები ათწლეულების განმავლობაში იდევნებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ 1991 წლის მარტში მათი საქმიანობა კანონიერად ცნო. იმ დროს რუსეთში დაახლოებით 16 000 იეჰოვას მოწმე იყო. მომდევნო 20 წლის განმავლობაში კი მაუწყებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 160 000-ს გადააჭარბა. აშკარაა, და-ძმებმა გონივრულად გამოიყენეს თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობა. თუმცა ეს მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. მართალია, რუსეთში დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, მაგრამ რუს და-ძმებს წმინდა თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა არ დაუკარგავთ. ისინი კვლავაც ემსახურებიან იეჰოვას და ამისთვის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებენ.

მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გასტანს

გულმხურვალე ლოცვის შემდეგ იეჰოვამ მეფე ასას მრავალრიცხოვან მტერზე გაამარჯვებინა (იხილეთ აბზაცები 14, 15).

14, 15. როგორ აჩვენა იეჰოვამ ასას თავისი ძალა?

14 ასას მმართველობის დროს მშვიდობიანი პერიოდი მაშინ დასრულდა, როცა ეთიოპთა მილიონიანი ჯარი იუდას სამეფოს მიადგა. მათ მეთაურს, ზერახს ეგონა, რომ იუდას ჯარს მარტივად დაამარცხებდა. მისგან განსხვავებით, მეფე ასა თავისი მეომრების სიმრავლეზე კი არა, თავის ღმერთზე, იეჰოვაზე იყო დაიმედებული. ეს მისი ლოცვიდანაც გამოჩნდა: „დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ!“ (2 მატ. 14:11).

15 მიუხედავად იმისა, რომ ეთიოპთა ჯარი რიცხობრივად თითქმის ორჯერ აღემატებოდა ისრაელების ჯარს, ასა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას შესწევდა ძალა თავისი ხალხის სახსნელად. იეჰოვამ ასა არ დააღალატა და ეთიოპთა ჯარს სამარცხვინო მარცხი აგემა (2 მატ. 14:8—13).

16. საიდან ვიცით, რომ მშვიდობიანი დრო ერთ დღესაც დასრულდება?

16 შეიძლება ზუსტად არ ვიცით, რას გვიმზადებს მომავალი, მაგრამ ის კი ვიცით, რომ მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ახლა გვიდგას, დიდხანს არ გასტანს. იესომაც ხომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მის მოწაფეებს ყველა შეიძულებდა მისი სახელის გამო (მათ. 24:9). მოციქული პავლეც წერდა: „ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12). სატანა დიდად არის განრისხებული, ამიტომ თავს მოვიტყუებთ, თუ ვიფიქრებთ, რომ მის რისხვას გადავურჩებით (გამოცხ. 12:12).

17. როგორ შეიძლება გამოიცადოს ჩვენი რწმენა?

17 უახლოეს მომავალში ყველას რწმენა გამოიცდება. მალე კაცობრიობას თავს დაატყდება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე“ (მათ. 24:21). მაშინ შეიძლება ჩვენი საქმიანობა აიკრძალოს და ოჯახის წევრებიც კი მტრებად გვექცნენ (მათ. 10:35, 36). გვეყოფა ასასავით იმის რწმენა, რომ მივენდოთ იეჰოვას და მისი მფარველობის იმედი გვქონდეს?

18. ებრაელების 10:38, 39-ის თანახმად, რა დაგვეხმარება, მზადყოფნით შევხვდეთ მშვიდობიანი პერიოდის დასასრულს?

18 იეჰოვა დღესვე გვიძლიერებს რწმენას, რომ მომავალ მოვლენებს მზადყოფნით შევხვდეთ. ის ხელმძღვანელობს „ერთგულ და გონიერ მონას“, რომ დროულად მოგვაწოდოს მრავალფეროვანი სულიერი საზრდო, რომელიც რწმენის განმტკიცებისთვის გვჭირდება (მათ. 24:45). თუმცა ჩვენი მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იეჰოვასადმი ურყევი რწმენა განვივითაროთ (წაიკითხეთ ებრაელების 10:38, 39).

19, 20. პირველი მატიანის 28:9-დან გამომდინარე, რაზე უნდა დავფიქრდეთ და რატომ?

19 ასას მსგავსად ჩვენც უნდა ვეძებოთ იეჰოვა (2 მატ. 14:4; 15:1, 2). ამისთვის კი პირველი ნაბიჯი იეჰოვას გაცნობა და მონათვლაა. გარდა ამისა, მუდმივად უნდა გავიძლიეროთ იეჰოვასადმი სიყვარული. ამიტომ კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: ყოველთვის ვესწრები კრების შეხვედრებს? იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მომზადებული შეხვედრები და და-ძმებთან ურთიერთობა ჩვენს სულიერ გამოცოცხლებას ემსახურება (მათ. 11:28). ამაზეც დაფიქრდით: სისტემატურად იკვლევთ ბიბლიას? მაგალითად, ყოველ კვირა ატარებთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემას? თუ მარტო ცხოვრობთ, ყოველკვირეულად გამოყოფთ დროს ბიბლიის კვლევისთვის? მაქსიმალურად ცდილობთ, მონაწილეობა მიიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში?

20 რატომ ღირს ამ კითხვებზე დაფიქრება? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ კარგად იცის ჩვენი აზრები და გულის ზრახვები. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გულსა და გონებაში (წაიკითხეთ 1 მატიანის 28:9). თუ მივხვდებით, რომ რაღაც გვაქვს შესაცვლელი, იქნება ეს ჩვენი მიზნები, დამოკიდებულებები თუ აზროვნება, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ რწმენის გამოცდებისთვის მოვემზადოთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას და ბრძნულად გამოიყენეთ მშვიდობიანი პერიოდი.

სიმღერა 62 ახალი სიმღერა

^ აბზ. 5 თუ თქვენს ქვეყანაში არავინ გიზღუდავთ იეჰოვას თაყვანისცემას, როგორ იყენებთ ამ მშვიდობიან პერიოდს? წინამდებარე სტატიიდან გაიგებთ, როგორ მიჰბაძოთ იუდას მეფე ასას და პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებმაც ბრძნულად გამოიყენეს მშვიდობიანი პერიოდი.

^ აბზ. 3 განმარტება: მშვიდობად ნათარგმნი ებრაული სიტყვა მხოლოდ ომის არარსებობას არ გულისხმობს. ამ სიტყვაში აგრეთვე მოიაზრება ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: მეფე ასამ ბებიამისს დედოფლობა ჩამოართვა, რადგან ის მხარს უჭერდა კერპთაყვანისმცემლობას. ასას ერთგული ქვეშევრდომები მისი მითითებით ანადგურებენ კერპებს.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: ცოლ-ქმარმა ცხოვრება გაიმარტივა და იმ ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.