არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 40

„გაუფრთხილდი იმას, რაც მოგენდო“

„გაუფრთხილდი იმას, რაც მოგენდო“

„ტიმოთე, გაუფრთხილდი იმას, რაც მოგენდო“ (1 ტიმ. 6:20).

სიმღერა 29 გვსურს, გავამართლოთ ჩვენი წოდება

მოკლე შინაარსი *

1, 2. პირველი ტიმოთეს 6:20-ის თანახმად, რა შეახსენა პავლემ ტიმოთეს?

ალბათ, არაერთხელ მიგვინდია ჩვენთვის ძვირფასი რამ სხვებისთვის. მაგალითად, თანხა შესანახად ბანკში შეგვიტანია. როცა ასე მოვქცეულვართ, იმის მოლოდინიც გვქონია, რომ ჩვენი თანხა დაცული იქნებოდა და არ დაგვეკარგებოდა. ასე რომ, თუ ვინმეს რაიმე ძვირფასს ვანდობთ, ეს იგი ვენდობით კიდეც მას.

2 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:20. მოციქულმა პავლემ შეახსენა ტიმოთეს, რა ძვირფასი ძღვენი მიიღო, ანუ მან გაიგო, რა განიზრახა ღმერთმა კაცობრიობისთვის. ტიმოთეს „მახარობლის საქმის“ შესრულებაც მიენდო (2 ტიმ. 4:2, 5). პავლემ მას მოუწოდა, გაფრთხილებოდა მისთვის მინდობილს. ტიმოთეს მსგავსად ჩვენც მივიღეთ ძვირფასი ძღვენი იეჰოვასგან. რა არის ეს ძღვენი და როგორ გავუფრთხილდეთ მას?

ჩვენთვის მონდობილი ძვირფასი ჭეშმარიტება

3, 4. რატომ არის ბიბლიური ჭეშმარიტება ძვირფასი?

3 იეჰოვას წყალობით ჩვენ ვიცით ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი ძვირფასი ჭეშმარიტება. ის ძვირფასია, რადგან გვეხმარება იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში და გვანახვებს, რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. როცა ვითავისებთ ამ ჭეშმარიტებას და მისით ვხელმძღვანელობთ, ვთავისუფლდებით ცრუ სწავლებების მონობისგან და თავს ვაღწევთ უზნეობის მახეს (1 კორ. 6:9—11).

4 ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება იმიტომაც არის ძვირფასი, რომ იეჰოვა მას „მარადიული სიცოცხლის მისაღებად . . . განწყობილ“ თავმდაბალ ადამიანებს უმჟღავნებს (საქ. 13:48). თავმდაბალი ადამიანები აღიარებენ, რომ იეჰოვა „ერთგულ და გონიერ მონას“ იყენებს ჭეშმარიტების გასაცხადებლად (მათ. 11:25; 24:45). ჩვენი ძალებით ვერ შევძლებდით ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებას, არადა ამ ჭეშმარიტებაზე ძვირფასი არაფერია (იგავ. 3:13, 15).

5. კიდევ რისი პატივი გვარგუნა იეჰოვამ?

5 ჩვენ გვაქვს პატივი, რომ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ სხვებსაც ვასწავლოთ ჭეშმარიტება (მათ. 24:14). ეს კიდევ ერთი რამ არის, რაც იეჰოვამ მოგვანდო. ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ, ფასდაუდებელია, რადგან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, შეუერთდნენ იეჰოვას სულიერ ოჯახს და მიიღონ მარადიული სიცოცხლე (1 ტიმ. 4:16). ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ბევრს ვაკეთებთ თუ ცოტას, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანეს საქმეს ვუჭერთ მხარს (1 ტიმ. 2:3, 4). განა არ უნდა დავაფასოთ, რომ ღმერთმა მასთან თანამშრომლობის პატივი დაგვდო?! (1 კორ. 3:9).

გაუფრთხილდით მონდობილს

ტიმოთეს სიმტკიცე უნდა გამოეჩინა, როცა სხვებმა ზურგი აქციეს ჭეშმარიტებას (იხილეთ აბზაცი 6).

6. რა დაემართათ მათ, ვინც მიბარებულს არ გაუფრთხილდა?

6 ტიმოთეს დროს ზოგმა ქრისტიანმა ვერ დააფასა ღმერთთან თანამშრომლობის პატივი. მაგალითად, დემასმა ქვეყნიერება შეიყვარა და უარი თქვა პავლესთან ერთად მსახურებაზე (2 ტიმ. 4:10). ფიგელესა და ჰერმოგენეს, როგორ ჩანს, შეეშინდათ, რომ თუ ქადაგებას გააგრძელებდნენ, პავლესავით მათაც არ ასცდებოდათ დევნა (2 ტიმ. 1:15). ჰიმენეოსი, ალექსანდრე და ფილეტე განდგომილების მახეში გაებნენ და ჭეშმარიტებას განუდგნენ (1 ტიმ. 1:19, 20; 2 ტიმ. 2:16—18). ალბათ, ყველა ზემოხსენებული მამაკაცი ერთ დროს სულიერად ძლიერი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მათ თვალში გაუფასურდა ის, რაც ნამდვილად ფასეული იყო.

7. რა მეთოდებს მიმართავს სატანა ჩვენ წინააღმდეგ?

7 როგორ ცდილობს სატანა, ჩვენს თვალში ფასი დაუკარგოს იმ საგანძურს, რაც იეჰოვამ მოგვანდო? მოდი ვიმსჯელოთ სატანის მეთოდებზე. ის გასართობი საშუალებებისა და მასმედიის მეშვეობით ცდილობს, ქვეყნიური ფასეულობები, აზროვნება და ქცევები ჩამოგვიყალიბოს და თანდათანობით ჩამოგვაშოროს ჭეშმარიტებას. საზოგადოებრივი აზრის ან დევნის შიში სატანის ხელში კიდევ ერთი იარაღია, რომ ქადაგება შეგვაწყვეტინოს. ის იმასაც ცდილობს, რომ განდგომილთა „ეგრეთ წოდებული ცოდნით“ შეცდომაში შეგვიყვანოს და ჭეშმარიტების გზას აგვაცდინოს (1 ტიმ. 6:20, 21).

8. რას გვასწავლის დანიელის მაგალითი?

8 თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ნელ-ნელა ჩამოვშორდეთ ჭეშმარიტებას. განვიხილოთ დანიელის * მაგალითი. მას ძალიან უყვარდა ვიდეოთამაშები. ის გვიყვება: „დაახლოებით ათი წლისა ვიყავი, ვიდეოთამაშებმა რომ გამიტაცა. თავიდან შედარებით უწყინარი თამაშებით ვერთობოდი, მაგრამ ნელ-ნელა ძალადობრივ და მისტიკურ თამაშებზე გადავერთე“. ბოლოს დანიელი იქამდე მივიდა, რომ ყოველდღიურად ლამის 15 საათს უთმობდა ვიდეოთამაშებს. „გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ასეთი თამაშები, თანაც ასეთი ხანგრძლივობით, სულ უფრო მაშორებდა იეჰოვას. მაგრამ სინდისი ისე მქონდა გაუხეშებული, რომ თავს ვაჯერებდი, ეს ბიბლიური პრინციპების დარღვევა არ არის-მეთქი“, — ამბობს დანიელი. გართობას შეუძლია შეუმჩნევლად, თანდათანობით დაგვათმობინოს ჭეშმარიტება და იქამდეც კი მიგვიყვანოს, რომ ხელიდან გამოგვაცალოს იეჰოვას მიერ მონდობილი საუნჯე.

როგორ გავუფრთხილდეთ ჭეშმარიტებას

9. პირველი ტიმოთეს 1:18, 19-დან გამომდინარე, რისკენ მოუწოდა პავლემ ტიმოთეს?

9 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:18, 19. პავლემ ტიმოთე მეომარს შეადარა და მოუწოდა, კვლავაც ღირსეულად ებრძოლა. მოციქული ამ შემთხვევაში სულიერ ბრძოლას გულისხმობდა. რით ჰგვანან ქრისტიანები ბრძოლაში ჩაბმულ მეომრებს? რა თვისებები გვჭირდება ქრისტეს მეომრებს? განვიხილოთ ის ხუთი მხარე, რომელსაც პავლეს მიერ გამოყენებული შედარებიდან ვსწავლობთ. ნასწავლი დაგვეხმარება, გავუფრთხილდეთ ჭეშმარიტებას.

10. რატომ არის აუცილებელი ღვთისადმი ერთგულება?

10 უერთგულეთ ღმერთს. კარგი მეომარი ერთგულია. ის თავს არ ზოგავს ბრძოლაში მისთვის, ვინც უყვარს ან იმისთვის, რასაც აფასებს. პავლემ მოუწოდა ტიმოთეს, რომ ღვთისადმი ერთგულებისკენ ესწრაფა (1 ტიმ. 4:7). რაც უფრო მეტად გვეყვარება იეჰოვა და ვუერთგულებთ მას, მით უფრო გაგვიძლიერდება იმის სურვილი, რომ გავუფრთხილდეთ ჭეშმარიტებას (1 ტიმ. 4:8—10; 6:6).

დამღლელი დღის ბოლოს შეიძლება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს კრების შეხვედრაზე დასწრება, თუმცა ჩვენი მცდელობა დაჯილდოვდება (იხილეთ აბზაცი 11).

11. რატომ გვჭირდება თვითდისციპლინა?

11 გამოიმუშავეთ თვითდისციპლინა. მეომარს თვითდისციპლინა სჭირდება, რომ ღირსეულად შეასრულოს თავისი მოვალეობა. ტიმოთე კარგ სულიერ ფორმაში იყო, რადგან ითვალისწინებდა პავლეს ღვთივშთაგონებულ რჩევას, არ აჰყოლოდა მაცდურ სურვილებს, განევითარებინა ღვთისმოსაწონი თვისებები და თანამორწმუნეებთან ჰქონოდა ურთიერთობა (2 ტიმ. 2:22). ამ რჩევებს ტიმოთე თვითდისციპლინის გარეშე ვერ გაითვალისწინებდა. ჩვენს ხორციელ სურვილებზე გასამარჯვებლად ჩვენც გვჭირდება ეს თვისება (რომ. 7:21—25). გარდა ამისა, თვითდისციპლინის გარეშე ვერ მოვიშორებთ ძველ პიროვნებას და ახლით ვერ შევიმოსებით (ეფეს. 4:22, 24). მაგალითად, დამღლელი დღის ბოლოს კრების შეხვედრაზე წასვლა შეიძლება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს (ებრ. 10:24, 25).

12. რა დაგვეხმარება უკეთ გამოვიყენოთ ბიბლია?

12 მეომარმა ხელი უნდა გაიწაფოს იარაღის გამოყენებაში, რისთვისაც რეგულარული წვრთნაა საჭირო. ჩვენც გვინდა, რომ მარჯვედ ვიყენებდეთ ღვთის სიტყვას (2 ტიმ. 2:15). ამაში ჩვენი შეხვედრები დაგვეხმარება. თუმცა სხვებსაც რომ დავანახვოთ ბიბლიური ჭეშმარიტების ფასი, თავად უნდა გვქონდეს ჩვევაში ბიბლიის კვლევა. ღვთის სიტყვა რწმენის განმტკიცებაში გვეხმარება, რასაც მხოლოდ ბიბლიის კითხვით ვერ შევძლებთ. ამისათვის საჭიროა, ვიფიქროთ წაკითხულზე და პუბლიკაციების მეშვეობით გავიღრმაოთ ცოდნა, რათა სწორად გვესმოდეს წმინდა წერილები და შეგვეძლოს მათი ახსნა (1 ტიმ. 4:13—15). ასეთ შემთხვევაში მზად ვიქნებით, რომ სხვებსაც ვასწავლოთ ღვთის სიტყვა. სწავლებაში მხოლოდ ბიბლიური მუხლის ამოკითხვა არ იგულისხმება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს მსმენელისთვის მუხლის ახსნა და იმის ჩვენება, თუ როგორ ეხება მას. თუ რეგულარულად ვიკვლევთ ბიბლიას, უკეთესად შევძლებთ სხვებისთვის ღვთის შთაგონებული სიტყვის სწავლებას (2 ტიმ. 3:16, 17).

13. ებრაელების 5:14-დან გამომდინარე, რატომ გვმართებს გამჭრიახობა?

13 იყავით გამჭრიახი. მეომარი ყოველთვის მზად უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხისგან თავდასაცავად. ჩვენც უნდა შეგვეძლოს პოტენციური საფრთხის შემცველი სიტუაციების ამოცნობა, რათა თავი ავარიდოთ მათ (იგავ. 22:3; წაიკითხეთ ებრაელების 5:14). გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, როცა საქმე დასვენებასა და გართობას ეხება. ტელეშოუები, სერიალები და ფილმები უზნეობას უწევს პროპაგანდას. რაკი გვესმის, რომ უზნეობის ჩამდენი ღმერთსაც შეურაცხყოფს და საკუთარ თავსაც აზიანებს, ვერიდებით ისეთ გართობას, რომელსაც შეუძლია თანდათანობით გაგვინელოს იეჰოვასადმი სიყვარული (ეფეს. 5:5, 6).

14. როგორ დაეხმარა დანიელს გამჭრიახობა?

14 ზემოხსენებულ დანიელს საბოლოოდ ეყო იმის გამჭრიახობა, რომ ძალადობრივ და მისტიკურ თამაშებში რეალური პრობლემა დაენახა. მან „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკაში მოიძია მასალა, რომელიც ამ ცუდი ჩვევის დაძლევაში დაეხმარებოდა. შედეგად, მან უარი თქვა ქრისტიანისთვის მიუღებელ ვიდეოთამაშებზე, გააუქმა ონლაინთამაშების გამოწერა და ურთიერთობა გაწყვიტა მათთან, ვისაც ინტერნეტის მეშვეობით ეთამაშებოდა. დანიელი ამბობს: „კომპიუტერთან ჯდომის ნაცვლად, უფრო მეტ დროს უკვე გარეთ ვატარებდი და თანაქრისტიანებთან ვურთიერთობდი“. დღეს დანიელი უხუცესია და პიონერადაც მსახურობს.

15. რა საფრთხე იმალება ცრუ ინფორმაციის მიღმა?

15 ტიმოთეს მსგავსად გამჭრიახობა გვმართებს, რომ განდგომილების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მიღმა საფრთხე დავინახოთ (1 ტიმ. 4:1, 7; 2 ტიმ. 2:16). ისინი ცდილობენ, ჩვენს ძმებზე ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ და იეჰოვას ორგანიზაციისადმი ნდობა დაგვიკარგონ. ამ დეზინფორმაციას შეუძლია რწმენა შეგვირყიოს. ასეთ ინფორმაციას ისინი ავრცელებენ, „ვისაც გახრწნილი აქვს გონება [და] ვეღარ სწვდება ჭეშმარიტებას“. ამიტომ ნუ წამოვეგებით მათ ანკესზე. ისინი კამათის სურვილით არიან შეპყრობილი და სიტყვებს ეკიდებიან (1 ტიმ. 6:4, 5). მათ სურთ, თავიანთი სიცრუე დაგვაჯერონ და ჩვენი ძმების მიმართ უნდობლობა გაგვიჩინონ.

16. რას უნდა მოვერიდოთ?

16 სხვა რამეზე ნუ გადაიტანთ ყურადღებას. როგორც „ქრისტე იესოს ღირსეულ მეომარს“, ტიმოთეს მთელი ყურადღება მსახურებაზე უნდა გადაეტანა და არა ცხოვრებისეულ საზრუნავსა თუ მატერიალურ კეთილდღეობაზე (2 ტიმ. 2:3, 4). ტიმოთესთვის მიცემული რჩევისამებრ, არც ჩვენ უნდა ავყვეთ მეტის შეძენის დაუოკებელ სურვილს, რადგან ეს ყურადღებას სხვა რამეზე გადაგვატანინებს. „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას“ შეუძლია გაგვინელოს იეჰოვასადმი სიყვარული, დაგვიკარგოს ღვთის სიტყვისადმი მადლიერება და ჩაგვიკლას ქადაგების სურვილი (მათ. 13:22). მოდი უბრალო ცხოვრებას დავჯერდეთ და ჩვენი დრო და ენერგია უპირველესად ღვთის სამეფოს ძიებას მოვახმაროთ (მათ. 6:22—25, 33).

17, 18. როგორ ავირიდოთ თავიდან სულიერი ზიანი?

17 მზად იყავით, მყისიერად იმოქმედოთ. მეომარმა სამოქმედო გეგმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს. თუ გვსურს, იეჰოვასგან მონდობილს გავუფრთხილდეთ, მყისიერი რეაგირება უნდა მოვახდინოთ საფრთხეზე. რა დაგვეხმარება ამაში? წინასწარ უნდა გვქონდეს ნაფიქრი, როგორ ვიმოქმედებთ საფრთხის შემთხვევაში.

18 როგორც წესი, შენობებს აქვთ საევაკუაციო გეგმა და საავარიო გასასვლელები, რათა შენობაში მყოფმა პირებმა საავარიო სიტუაციის დროს სწრაფად დატოვონ იქაურობა. ჩვენც გონებაში უნდა გვქონდეს „საავარიო სიტუაციაში“ მოქმედების გეგმა. მაგალითად, როგორ მოვიქცევით, როდესაც უზნეობის კადრებს, ძალადობის სცენებს ან განდგომილთა მასალას გადავეყრებით ინტერნეტში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ ფილმებში? თუ წინასწარ მოვემზადებით მოსალოდნელი საფრთხისთვის, სწრაფად დავაღწევთ თავს ჩვენი სულიერი მდგომარეობისთვის საზიანო სიტუაციებს და იეჰოვას თვალში სუფთა სინდისს შევინარჩუნებთ (ფსალმ. 101:3; 1 ტიმ. 4:12).

19. რას მივიღებთ შედეგად, თუ გავუფრთხილდებით იეჰოვასგან მონდობილს?

19 ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ საგანძურს, რომელიც იეჰოვამ მოგვანდო — ძვირფას ბიბლიურ ჭეშმარიტებას და სხვებისთვის მისი სწავლების პატივს. შედეგად გვექნება სუფთა სინდისი, აზრიანი ცხოვრება და სიხარული, რომელიც სხვებისთვის იეჰოვას გაცნობას მოაქვს. იეჰოვას დახმარებით ნამდვილად შევძლებთ, გავუფრთხილდეთ ჩვენთვის მონდობილს (1 ტიმ. 6:12, 19).

სიმღერა 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო

^ აბზ. 5 ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვიცით ჭეშმარიტება და შეგვიძლია სხვებსაც ვასწავლოთ ის. წინამდებარე სტატია დაგვეხმარება, დავაფასოთ ეს პატივი და არასდროს გავაუფასუროთ.

^ აბზ. 8 სახელი შეცვლილია.