არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 36

მზად ხართ, გახდეთ ადამიანთა მებადური?

მზად ხართ, გახდეთ ადამიანთა მებადური?

„ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკ. 5:10).

სიმღერა 73 მოგვეცი გამბედაობა

მოკლე შინაარსი *

1. რა შესთავაზა იესომ ოთხ მებადურს და როგორ გამოეხმაურნენ ისინი?

პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე მეთევზეობით ირჩენდნენ თავს. წარმოიდგინეთ, როგორ გააკვირვებდა მათ იესოს სიტყვები: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“. * როგორ გამოეხმაურნენ ისინი იესოს მოწვევას? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“ (მათ. 4:18—22). ამ გადაწყვეტილებამ მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ამიერიდან თევზების ნაცვლად ისინი ცოცხალ ადამიანებს „დაიჭერდნენ“ (ლუკ. 5:10). იესო დღესაც იწვევს გულწრფელ და ჭეშმარიტების მოყვარულ ადამიანებს (მათ. 28:19, 20). თქვენ თუ გამოეხმაურეთ იესოს ამ მოწვევას, რომ „ადამიანთა მებადური“ გამხდარიყავით?

2. რატომ არის „ადამიანთა მებადურობა“ სერიოზული საკითხი და რა დაგეხმარებათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში?

2 თუ ბიბლიას სწავლობთ, შესაძლოა უკვე იმ ეტაპზე ხართ, როცა უნდა გადაწყვიტოთ, გახდეთ თუ არა სასიხარულო ცნობის მაუწყებელი. თუ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, გამოეხმაუროთ თუ არა იესოს მოწვევას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ნაბიჯს ვერასდროს გადადგამთ. თქვენი მერყეობა შესაძლოა იმაზე მეტყველებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზულად ეკიდებით. მართალია, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, პეტრემ და სხვა მებადურებმა მაშინვე მიატოვეს თავიანთი ბადეები, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიუღიათ. მათ ამ შეხვედრამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე აღიარეს იესო მესიად (იოან. 1:35—42). თქვენც შეიძლება უკვე ბევრი რამ გაიგეთ იეჰოვასა და იესოს შესახებ და კვლავაც აპირებთ ცოდნის გაღრმავებას. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ვიდრე რაიმეს გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. რა დაეხმარათ პეტრეს, ანდრიასა თუ სხვებს გადაწყვეტილების მიღებაში?

3. რა თვისებები გვჭირდება იმისთვის, რომ გამოვეხმაუროთ იესოს მოწვევას?

3 იესოს პირველი მოწაფეები მონდომებით, საქმის ცოდნით, გაბედულებითა და მტკიცე ნებისყოფით გამოირჩეოდნენ. ეს თვისებები უდავოდ გამოადგებოდათ, რომ „ადამიანთა მებადურობისთვის“ კარგად გაერთმიათ თავი. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა განივითაროთ ეს თვისებები საიმისოდ, რომ წარმატებული იყოთ ქრისტეს მოწაფეობის საქმეში.

რა გაგიღვიძებთ ქადაგების სურვილს

პეტრე და სხვა მეთევზეები „ადამიანთა მებადურები“ გახდნენ. ეს მნიშვნელოვანი საქმე დღესაც გრძელდება (იხილეთ აბზაცები 4, 5).

4. რატომ გახდა პეტრე მეთევზე?

4 პეტრე თევზჭერით ოჯახს არჩენდა, თუმცა ეს საქმიანობა მისთვის სამუშაოზე მეტი იყო. მას უყვარდა თევზაობა (იოან. 21:3, 9—15). პეტრემ „ადამიანთა მებადურობაც“ შეიყვარა და იეჰოვას დახმარებით წარმატებით ართმევდა თავს ამ საქმეს (საქ. 2:14, 41).

5. ლუკას 5:8—11-დან გამომდინარე, რა აფიქრებდა პეტრეს და თქვენ როგორ შეგიძლიათ დაძლიოთ ხელის შემშლელი ფაქტორები?

5 ქადაგებისკენ უმთავრესად იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს. იეჰოვასადმი სიყვარული დაგვეხმარება, რომ ამ საქმისთვის თავი შეუფერებლად არ მივიჩნიოთ. როცა იესომ პეტრეს „ადამიანთა მებადურობა“ შესთავაზა, უთხრა: „ნუ გეშინია“ (წაიკითხეთ ლუკას 5:8—11). პეტრეს იესოს მოწაფედ გახდომის არ შეშინებია, ის იმან განაცვიფრა, თუ როგორ დააჭერინა იესომ სასწაულებრივად ამდენი თევზი; ის უბრალოდ იესოსთან თანამშრომლობის ღირსად არ მიიჩნევდა თავს. პეტრეს მსგავსად შეიძლება თქვენც გაფიქრებთ, რამდენად შეძლებთ, ღირსეულად გაართვათ თავი იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქრისტეს მოწაფეობა გაკისრებთ. თუ ასეა, გაიღრმავეთ იეჰოვასადმი, იესოსა და მოყვასისადმი სიყვარული. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგიჩნდებათ სურვილი, გამოეხმაუროთ იესოს მითითებას და გახდეთ „ადამიანთა მებადური“ (მათ. 22:37, 39; იოან. 14:15).

6. კიდევ რა აღგვძრავს ქადაგებისკენ?

6 დავფიქრდეთ, კიდევ რა აღგვძრავს ქადაგებისკენ. ჩვენ გვინდა, მივყვეთ იესოს მითითებას: „წადით . . . ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი“ (მათ. 28:19, 20). გარდა ამისა, ადამიანები „გასაცოდავებულ და დაფანტულ“ ცხვრებს ჰგვანან და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების მოსმენა (მათ. 9:36). იეჰოვას სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა მიიღოს ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა და გადარჩეს (1 ტიმ. 2:4).

7. როგორ უსვამს ხაზს რომაელების 10:13—15 ქადაგების აუცილებლობას?

7 როცა ვხვდებით, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, სურვილი გვიჩნდება, მონაწილეობა მივიღოთ ამ საქმეში. მეთევზისგან განსხვავებით, რომელიც თევზს გასაყიდად ან საჭმელად იჭერს, ჩვენ ადამიანებს მათ გადასარჩენად „ვიჭერთ“ (წაიკითხეთ რომაელების 10:13—15; 1 ტიმ. 4:16).

გაიღრმავეთ ცოდნა

8, 9. რა უნდა იცოდეს მეთევზემ და რატომ?

8 იესოს დროს მეთევზეს უნდა სცოდნოდა, რომელი სახეობის თევზი სად უნდა დაეჭირა (ლევ. 11:9—12). თევზი, ძირითადად, იქ ბინადრობს, სადაც მისთვის ხელსაყრელი გარემოა და საკვებიც მოიპოვება. თევზაობისთვის მნიშვნელობა დროის სწორად შერჩევასაც ენიჭება. ამასთან დაკავშირებით მოვიყვანოთ ერთი რეალური შემთხვევა. წყნარი ოკეანის კუნძულზე ერთი მისიონერი ადგილობრივმა ძმამ სათევზაოდ დაპატიჟა. როცა მისიონერმა უთხრა, ხვალ დილით 9 საათზე შეგხვდებიო, ძმამ უპასუხა: „შენ, როგორც ჩანს, ვერ მიხვდი. სათევზაოდ მაშინ უნდა წავიდეთ, როცა თევზი მოდის და არა მაშინ, როცა ჩვენ გვაწყობს“.

9 პირველ საუკუნეში „ადამიანთა მებადურებიც“ ხელსაყრელ დროსა და ადგილს არჩევდნენ „თევზჭერისთვის“. მაგალითად, იესოს მიმდევრები ქადაგებდნენ ტაძარში, სინაგოგებში, კარდაკარ და მოედნებზე (საქ. 5:42; 17:17; 18:4). ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა კატეგორიის ხალხი ცხოვრობს ჩვენს სამქადაგებლო ტერიტორიაზე. უნდა მოვერგოთ სიტუაციას და ისეთ დროს და ადგილას ვიქადაგოთ, როცა ხალხთან შეხვედრისა და მათთან საუბრის ალბათობა დიდია (1 კორ. 9:19—23).

კარგი მეთევზე . . . 1) თევზჭერისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილს არჩევს (იხილეთ აბზაცები 8, 9).

10. რით უზრუნველგვყოფს იეჰოვას ორგანიზაცია?

10 მეთევზეს სათევზაო ინვენტარიც უნდა ჰქონდეს და მისი გამოყენებაც უნდა შეეძლოს. ჩვენც სათანადოდ უნდა ვიყოთ აღჭურვილი ჩვენი საქმის შესასრულებლად და ვიცოდეთ ამ აღჭურვილობის გამოყენება. იესომ ნათლად აუხსნა მოწაფეებს, როგორ ექადაგათ სასიხარულო ცნობა, რა უნდა წაეღოთ თან, სად უნდა ექადაგათ და რა უნდა ელაპარაკათ (მათ. 10:5—7; ლუკ. 10:1—11). იეჰოვას ორგანიზაცია გვთავაზობს „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“, რომლებიც ამ საქმისთვის არის ზედგამოჭრილი, და მათ გამოყენებასაც გვასწავლის. * სწავლის შედეგად თვითრწმენა გვემატება და საქმესაც უკეთ ვართმევთ თავს (2 ტიმ. 2:15).

კარგი მეთევზე . . . 2) კარგად იყენებს სათევზაო ინვენტარს (იხილეთ აბზაცი 10).

იყავით გაბედული

11. რატომ სჭირდებათ გაბედულება „ადამიანთა მებადურებს“?

11 მეთევზე გაბედული უნდა იყოს. ზღვაში ყოფნის დროს შეიძლება ამინდი მოულოდნელად შეიცვალოს. მეთევზეებს ხშირად ღამით უწევთ თევზაობა, თანაც იმ წყლებში, სადაც შტორმი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. გამბედაობა „ადამიანთა მებადურებსაც“ სჭირდებათ. როცა იეჰოვას მოწმეები ვხდებით და ქადაგებას ვიწყებთ, შეიძლება შტორმივით თავს დაგვატყდეს ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა და ნაცნობებისგან დამცინავი რეპლიკები. ამასთანავე, შეიძლება გულგრილ დამოკიდებულებას შევხვდეთ სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს. თუმცა ეს ყველაფერი არ გვაკვირვებს. იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ ხალხი მათ მიმართ მტრულად იქნებოდა განწყობილი (მათ. 10:16).

12. იესო ნავეს ძის 1:7—9-დან გამომდინარე, რა შეგვმატებს გაბედულებას?

12 რა შეგმატებთ გაბედულებას? პირველი, უნდა გჯეროდეთ, რომ იესო სამქადაგებლო საქმეს ზეციდან ხელმძღვანელობს (იოან. 16:33; გამოცხ. 14:14—16). ამასთანავე, გაიძლიერეთ იმის რწმენა, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და იზრუნებს თქვენზე (მათ. 6:32—34). რწმენის ზრდასთან ერთად გაბედულებაც შეგემატებათ. პეტრემ და სხვა მეთევზეებმა დიდი რწმენა გამოავლინეს, როდესაც მიატოვეს თავიანთი საქმიანობა და იესოს გაჰყვნენ. მათ მსგავსად თქვენც უდიდესი რწმენა გამოავლინეთ, როცა უთხარით თქვენს ნაცნობებსა თუ ოჯახის წევრებს, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობთ და მათ შეხვედრებს ესწრებით. ეჭვგარეშეა, დიდი ცვლილებები მოახდინეთ, რათა იეჰოვას ნორმებით გეცხოვრათ. ამას კი რწმენისა და გამბედაობის გარეშე ვერ შეძლებდით. რაც უფრო მეტ გამბედაობას შეიძენთ, მით უფრო შეგემატებათ ამ სიტყვების რწმენა: „სადაც წახვალ, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი!“ (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 1:7—9).

კარგი მეთევზე . . . 3) არ უშინდება ცუდ ამინდს (იხილეთ აბზაცები 11, 12).

13. როგორ შეგმატებთ გამბედაობას ფიქრი და ლოცვა?

13 კიდევ რა შეგმატებთ გაბედულებას? ლოცვა. სთხოვეთ ღმერთს გაბედულება (საქ. 4:29, 31). ის შეისმენს თქვენს სათხოვარს და არასდროს მიგატოვებთ. იეჰოვა ყოველთვის მხარში ამოგიდგებათ. აგრეთვე დაფიქრდით, როგორ იხსნა იეჰოვამ წარსულში თავისი ხალხი. დაფიქრდით იმაზეც, თქვენ როგორ დაგეხმარათ ის პრობლემებთან გამკლავებაში და ცხოვრების წესის შეცვლაში. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის, ვინც წითელ ზღვაში გაატარა თავისი ხალხი, თქვენც დაგეხმარებათ ქრისტეს მოწაფედ გახდომაში (გამ. 14:13). ისეთივე რწმენა შეინარჩუნეთ, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა, რომელმაც თქვა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ფსალმ. 118:6).

14. რას ვსწავლობთ მასაესა და ტომოიოს შემთხვევებიდან?

14 გაბედულებას მათი ისტორიების კითხვაც შეგვმატებს, ვინც იეჰოვას დახმარებით სიმორცხვე დაძლია და გაბედული გახდა. განვიხილოთ ერთი დის, მასაეს შემთხვევა. ის იმდენად მორცხვი იყო, რომ ეგონა, უცხოებთან თავისი რწმენის შესახებ ვერასდროს იქადაგებდა. უცნობებთან საუბარი უშველებელი მთის გადალახვასავით რთული ეჩვენებოდა. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული გაეძლიერებინა. ის იმაზეც ფიქრობდა, რაოდენ გადაუდებელია დღეს ქადაგების საქმე და ლოცულობდა, რომ ქადაგების სურვილი გაეძლიერებინა. საბოლოოდ, მან დაძლია შიში და პიონერადაც კი მსახურობდა. იეჰოვა ახალ მაუწყებლებსაც ეხმარება გაბედულების მოკრებაში. დავფიქრდეთ კიდევ ერთი დის, ტომოიოს მაგალითზე. როცა ის პირველად გავიდა კარდაკარ მსახურებაში, პირველივე მობინადრემ დაუყვირა: „რა გამიწყალეთ გული ამ იეჰოვას მოწმეებმა!“ და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. ტომოიო არ დამფრთხალა და თავის პარტნიორს უთხრა: „გაიგე, რა გვითხრა? სიტყვაც არ მქონდა ნათქვამი, მაშინვე მიცნო, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. რა კარგია, არა!“. ტომოიო დღეს პიონერად მსახურობს.

გამოიმუშავეთ ნებისყოფა

15. რა არის ნებისყოფა და რატომ გვჭირდება ეს თვისება ქრისტიანებს?

15 კარგი მებადური უნებისყოფო ვერ იქნება. ნებისყოფა შეიძლება ასე განიმარტოს: „გადაწყვეტილების, სურვილის ან დასახული მიზნის განხორციელების უნარი“. მეთევზეს ნებისყოფა სჭირდება, რომ დილაადრიან ადგეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს მაშინაც კი, თუ ამინდი გაფუჭდება. ნებისყოფა ჩვენც გვჭირდება, რომ მოთმინებით მივიყვანოთ საქმე ბოლომდე (მათ. 10:22).

16. როგორ განვივითაროთ ნებისყოფა?

16 ნებისყოფა თანდაყოლილი უნარი არ არის. ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ იოლი გზები გამოვნახოთ მიზნის მისაღწევად. ნებისყოფის განსავითარებლად თვითდისციპლინა გვჭირდება. ამიტომ თავი უნდა მივაჩვიოთ იმის კეთებას, რაც რთული გვეჩვენება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვაც გვეხმარება თავისი წმინდა სულით (გალ. 5:22, 23).

17. როგორც 1 კორინთელების 9:25—27-დან ვიგებთ, როგორ ცდილობდა პავლე ნებისყოფის გამომუშავებას?

17 მართალია, პავლე მოციქულს ნებისყოფა არ აკლდა, მაგრამ, როგორც თავად აღიარა, ასე ვთქვათ, სცემდა საკუთარ სხეულს, რომ სწორად მოქცეულიყო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:25—27). ის სხვებსაც მოუწოდებდა, ნებისყოფა გამოევლინათ და ყველაფერი „წესისა და რიგისამებრ“ გაეკეთებინათ (1 კორ. 14:40). ნებისყოფა საიმისოდაც გვჭირდება, რომ არ ჩამოვრჩეთ სულიერ განრიგს და რეგულარული მონაწილეობა მივიღოთ სამქადაგებლო საქმიანობაში (საქ. 2:46).

ნუ დააყოვნებთ

18. რას გვითვლის იეჰოვა წარმატებად?

18 ჩვეულებრივ, მეთევზის წარმატება დაჭერილი თევზის რაოდენობით განისაზღვრება. თუმცა ჩვენს წარმატებას იმით არ ვსაზღვრავთ, თუ რამდენ ადამიანს დავეხმარეთ ქრისტეს მოწაფედ გახდომაში (ლუკ. 8:11—15). იეჰოვა წარმატებად იმას გვითვლის, თუ ვაგრძელებთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და მოწაფეების მომზადებას, რადგან ასე ვემორჩილებით მას და მის ძეს (მარ. 13:10; საქ. 5:28, 29).

19, 20. რა დამატებითი სტიმული გვაქვს ქადაგებისთვის?

19 ზოგ ქვეყანაში თევზაობა მხოლოდ კონკრეტულ თვეებშია ნებადართული. ასეთ ქვეყნებში მეთევზეები სეზონის დასრულებისკენ უფრო აქტიურად ებმებიან ამ საქმეში. ჩვენ, როგორც „ადამიანთა მებადურებს“, ქადაგებისთვის დამატებით სტიმულს ის გვაძლევს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმისთვის ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ნუ დააყოვნებთ და იდეალურ დროს ნუ დაელოდებით, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში ჩაებათ (ეკლ. 11:4).

20 გაიძლიერეთ ქადაგების სურვილი, გაიღრმავეთ ბიბლიური ცოდნა, შეიძინეთ გაბედულება და გამოიმუშავეთ ნებისყოფა. თქვენც შეუერთდით რვა მილიონზე მეტ „მებადურს“ და თავად გამოცადეთ იეჰოვასგან მომდინარე სიხარული (ნეემ. 8:10). მიზნად დაისახეთ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ქადაგების საქმეში, ვიდრე ეს საქმე არ დასრულდება. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ იმ სამ მხარეს, რომელიც დაგვეხმარება, რომ, როგორც „ადამიანთა მებადურებმა“, შემართებით გავაგრძელოთ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე.

სიმღერა 66 ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა

^ აბზ. 5 იესომ თავმდაბალი და შრომისმოყვარე მებადურები აირჩია თავის მოწაფეებად. დღეს იესო ამ თვისებების მქონე ადამიანებს იწვევს, გახდნენ „ადამიანთა მებადურები“. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა უნდა გააკეთონ ბიბლიის შემსწავლელებმა, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, გამოეხმაურონ თუ არა იესოს მოწვევას და გახდნენ „ადამიანთა მებადურები“.

^ აბზ. 1 განმარტება: ადამიანთა მებადურში ვგულისხმობთ ყველას, ვინც სასიხარულო ცნობას ქადაგებს და სხვებს ქრისტეს მოწაფედ გახდომაში ეხმარება.