არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მხოლოდ მიწიერ მმართველებს ეხება ეკლესიასტეს 5:8 თუ იეჰოვა ღმერთსაც?

ამ მუხლში ვკითხულობთ: „თუ ხედავ, რომ შენს სამთავროში ღარიბებს ჩაგრავენ და სამართლიანობასა და სიმართლეს ფეხქვეშ თელავენ, ნუ გაგაოცებს ეს, რადგან მაღლა მდგომს უფრო მაღლა მდგომი ადევნებს თვალყურს; არიან მათზე მაღლა მდგომნიც“ (ეკლ. 5:8).

ერთი შეხედვით ეს მუხლი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე საუბრობს. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, ის იეჰოვას შესახებაც გვიმჟღავნებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რაც გვანუგეშებს და სიმშვიდეს გვგვრის.

ეკლესიასტეს 5:8 საუბრობს მმართველზე, რომელიც ჩაგრავს და სამართალს უმრუდებს ღარიბებს. მაგრამ ამ მმართველს უნდა ახსოვდეს, რომ მას შეიძლება აკვირდებოდეს მასზე მაღლა მდგომი, რომელიც მეტ ძალაუფლებას ფლობს. თუმცა შეიძლება იყვნენ კიდევ უფრო მაღლა მდგომნიც. სამწუხაროდ, ძალაუფლების ყველა საფეხურზე შეიძლება იყვნენ უსამართლო ადამიანები, რის გამოც უბრალო ხალხი ადვილად იჩაგრება.

თუმცა რაოდენ უიმედოც არ უნდა ჩანდეს მდგომარეობა, გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყველაზე ძლევამოსილ მიწიერ მმართველებსაც აკვირდება. ასე რომ, შეგვიძლია დახმარებისთვის მას მივმართოთ და ჩვენი ტვირთი მივანდოთ (ფსალმ. 55:22; ფილ. 4:6, 7). ეჭვი არ გვეპარება, რომ „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება“ (2 მატ. 16:9).

მაშასადამე, ეკლესიასტეს 5:8 წარმოდგენას გვიქმნის, რა სისტემით ფუნქციონირებენ ადამიანური მთავრობები — ყველას ჰყავს მასზე მაღლა მდგომი. მაგრამ ამ მუხლში ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ არსებობს უმაღლესი ხელისუფალი, იეჰოვა ღმერთი. დღეს მისი მმართველობა წარმოდგენილია სამეფოთი, რომლის მეფეც იესო ქრისტეა. ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც ყველაფერს აკვირდება, სრულყოფილად ავლენს სამართლიანობას; იმავეს თქმა შეიძლება მის ძეზეც.